ქრისტიანული პოლიტიკა

“როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო! … გუშინ ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო!” (ესაია 14:12-14).

ესაია წინასწარმეტყველი შეგვახსენებს, სად მიიყვანა მთიები (სატანა) ამაყმა ოცნებამ: “მაგრამ შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკრულებში” (ესაია 14:15). მაგრამ სატანა ჯოჯოხეთის ქვესკნელიდანაც იტყორცნება ბოროტების ისრებს. ქვესკნელშია კაცობრიობის წარწყმედის ნამდვილი ცენტრი. სწორედ მისი იმპულსებია დაცემული ადამიანის ქცევის მოტივატორები, როდესაც ადამიანს სულიწმიდის მადლი არ იფარავს.

სწორედ სატანური იმპულსებით არის ინსპირირებული დღევანდელი ლიბერალური, უღმერთო, ცოდვის დამაკნონებელი პოლიტიკა. ეს ის პოლიტიკაა, რომელიც პავლე მოციქულის სიტყვით უსჯულოების საიდუმლოს აღსრულებას ემსახურება.

“ამის საწინააღმდეგოდ, ჩვენს ადამიანურ სამყაროში უსჯულოების საიდუმლო (2 თესალონიკელთა, 2,7) მოქმედებს. იგი ადამიანთა გულების მიერ (საშუალებით), ადამიანთა სულების მიერ, ადამიანთა სხეულების მიერ, ადამიანური სინდისის მიერ მოქმედებს. ყოველი ქრისტესმბრძოლი აზრის, ქრისტესმბრძოლი გრძნობის, ქრისტეს-მბრძოლი სურვილის, ქრისტესმბრძოლი საქმის მიერ მოქმედებს. მხოლოდ ერთადერთი მიზნით: ხელი შეუშალოს ერთი მაცხოვრის მიერ კაცთა მოდგმის ცხონებას, რაც შეიძლება მეტი ადამიანისათვის იგი შეუძლებელი გახადოს”.- გვასწავლის ღირსი იუსტინე პოპოვიჩი.

თუმცა ვიცით, რომ უსჯულოების საიდმლოს აღსრულებას ხელს უშლის შემაკავებელი ძალა (2 თეს. 2, 7). ეს შემაკავებელი არის საღმრთო მადლი. წმიდა ნიკოლოზ სერბი ამბობს, რომ არსებობს ქრისტიანული და არაქრისტიანული პოლიტიკა. ჩვენ გვმართებს უარი ვუთხრათ უღმერთო, არაქრისტიანულ პოლიტიკას და დავადგეთ ქრისტიანული პოლიტიკის გზას, რათა დავიცვათ ქართველი ერი სულიერი გადაგვარებისგან, გარყვნისგან, მადლის გნადევნისგან, რათა დარჩეს საქართველო როგორც ბასტიონი და შუქურა ჭეშმარიტებისა!

უძველესი წესია მართლმადიდებელ ეკლესიაში, მოსანათლეს ეკითხებიან: “გწამს ქრისტე როგორც მეფე და ღმერთი?” მოსანათლი კი ადასტურებს: “მწამს ქრისტე როგორც მეფე და ღმერთი”. აღდგომის შემდგომ უფალი მოწაფეებს დიდებით მოევლინა და ამცნო: „მომეცა ძე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა“ (მთ 18,18). ამაღლების მერე ღმერთკაცი ქრისტე არს მთავარი ცის, ქვეყნისა და ჯოჯოხეთის მკვიდრთა.

უფალი იესუ ქრისტე ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, არის ღმრთი და არის მეფე, შესაბამისად არის პოლიტიკური ლიდერიც და ჩვენი პოლიტიკაც უნდა იყოს ქრისტიანული, ღვთის სათნო და მის (ქრისტეს) მორჩილებაში მყოფი.

მხოლოდ ასე შევძლებთ ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლას.

“გაიხსენე, საიდან დაეცი, მოინანიე და უწინდელ საქმეებს მიჰყავი ხელი”. (გამოცხადება 2,5)

გეგა ხვედელიძე

გაზიარება: