ფრთხილად, ისტორიამ გამეორება იცის – ნუ იყოფინ!

1914 წლის ივლის-აგვისტოში გლობალური წინააღმდეგობა მსოფლიო ომში გადაიზარდა. ევროპამ ყველაფერი გააკეთა, რომ თურქეთი თავის მოკავშირედ გადაექცია და ოქტომბერში ოსმალთა 500-ათასიანმა არმიამ რუსეთის წინააღმდეგ საომარი ოპერაციები გააჩაღა.

საქართველო მოულოდნელად აღმოჩნდა ფრონტისპირა ქვეყნად.

რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. ომში 200 000-მდე ქართველი გაიწვიეს.

ერზრუმის მისადგომებთან რუსეთის არმიამ ვერ გაუძლო თურქეთის გაცილებით მრავალრიცხოვანი ჯარების კონტრშეტევას და უკან დაიხია. 3 დეკემბერს ოსმალთა სარდლობამ მაშტაბური შეტევა წამოიწყო… ამ დროს, რუსეთის ბოლშევიკურმა პარტიამ (რომელიც ფინანსურ-იდეოლოგიურად დასავლეთიდან საზრდოობდა) და მის კვალზე ქართველმა ბოლშევიკებმა ომის გამჩაღებლები დაგმეს, ჯარში მყოფ მუშებსა და გლეხებს მოუწოდეს იარაღი საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ შეებრუნებინათ და იმპერიალისტური ომი სამოქალაქო ომად გადაექციათ. (დღევანდელობასთან მიმართებაში ნეობოლშევიკ ნაციონალების ქმედებებს ხომ არ გაგონებთ?)
პირველ ეტაპზე ქართველ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ „პოროჟენცული” პოზიცია დაიკავა, მაგრამ მისი ასეთი განწყობა და მიზანი განსხვავდებოდა ბოლშევიკურისგან. სოციალისტ-ფედერალისტები იმედოვნებდნენ, რომ დიდ სახელმწიფოთა ჭიდილი წყალს დაასხამდა დაპყრობილ-დაჩაგრული ერების წისქვილზე, რუსეთის დამარცხება იოლს გახდიდა იმპერიის განაპირა ერების გათავისუფლებას, მათი სახელმწიფოებრიობის აღდგენას. ასევე მსჯელობდნენ ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის ლიდერებიც, თუმცა შემდგომმა მოვლენებმა აშკარა გახადა, რომ იმპერიის ნანგრევებში ყველაზე მტკივნეულად სწორედ განაპირა ერები მოყვნენ და დაზარალდნენ!

იმდროინდელმა საზოგადოებრივ-პოლიტუკურმა ძალებმა ცარიზმის წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლის ტაქტიკას დაუჭირეს მხარი. მათი წინადადების თანახმად, ევროპაში შექმნილი „დამოუკიდებლობის კომიტეტი“ ჟენევიდან ბერლინში ჩავიდა და ეროვნული დამოუკიდებლობის პროპაგანდა დაიწყო ქართველ ტყვეთა შორის. კომიტეტმა ისიც კი მოახერხა, რომ ტყვეთა კონტინგენტის ერთი ნაწილისაგან ქართული ლეგიონი ჩამოაყალიბა, რომელშიც თავდაპირველად 1500 კაცი ირიცხებოდა, მოგვიანებით კი, გაცილებით მეტი. (მეორე მსოფლიო ომის დროსაც ჰქონდა მსგავს ფაქტს ადგილი – ფაშისტური გერმანიის მხარეზე, ე.წ. ქართულ ლეგიონში იბრძოდა დაახლოებით 30 000-მდე ქართველი, ვერმახტის გენერალ-მაიორ შალვა მაღლაკელიძის მეთაურობით).

„დამკომის“ მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით, ტრაპიზონში გადაყვანილ ამ ლეგიონს მონაწილეობა უნდა მიეღო ქართველთა საყოველთაო ანტირუსულ აჯანყებაში.

„დამოუკიდებლობის კომიტეტი“ საქართველოშიც ამოქმედდა. მისი ინიციატივით ქუთაისში ჩატარდა „ეროვნულ ძალთა წარმომადგენლობის“ თათბირი, რომლის მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა დაუყოვნებლივი ანტირუსული აჯანყების იდეას. მუშათა ტრადიციული საგაფიცვო მოძრაობა კიდევ უფრო გამწვავდა. 1915 წლის აგვისტოში ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ. 1916 წელს საქართველოს მუშათა კლასმა მოაწყო 68 გაფიცვა, რომლებშიც 22 ათასამდე კაცი იღებდა მონაწილეობას. ამ გაფიცვებს თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია შეუერთდა.
მიხაკო წერეთელი და გიორგი მაჩაბელი, რომლებიც ამ დროს ევროპაში იმყოფებოდნენ, შეხვდნენ გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებს. მათ მიმართეს გრაფ პურტალესს (გერმანიის მთავრობის სრულუფლებიან წარმომადგენელს) და მიიღეს პირობა, რომ თუ ქართველები რუსეთის წინააღმდეგ იარაღს აღმართავდნენ, გერმანია მხარს დაუჭერდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას და დაიცავდა საქართველოს ინტერესებს. თუმცა, მოგვიანებით, თბილისში განლაგებულმა გერმანიის ჯარების ნაწილებმა მე-11 არმიის შემოსვლისთანავე ბოლშევიკურ რუსეთს შეატოვეს ქართველობა და გაიქცნენ.

მიხაკო წერეთელმა აღუთქვა გრაფ პურტალესს, რომ რუსეთის წინააღმდეგ 50-ათასიანი ლაშქარი ამხედრდებოდა. გერმანულმა მხარემ ივალდებულა ამ ლაშქრის შეიარაღება და დაარწმუნა ქართული მხარე, რომ მაღალხარისხოვანი საომარი საჭურველის ნაწილი უკვე გადატანილი იყო ტრაპზონში. თუ შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდებოდა, იარაღი რუსეთის წინააღმდეგ ამხედრებულ ქართველებს გადაეცემოდა.

ანტირუსული აჯანყებისთვის მზადება ცნობილი გახდა რუსული დაზვერვისათვის და იმპერიაში გაჩაღდა ქართველთა წინააღმდეგ მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანია. აცხადებდნენ, რომ თურქთა ჯარების მოახლოებისთანავე აჭარლები ააფრიალებდნენ ანტირუსული აჯანყების დროშას, ხოლო დანარჩენი ქართველობის აჯანყება გერმანელთა დესანტის გადმოსხმისთანავე დაიწყებაო. ქართულმა პრესამ ცხადია ეს ხმები ცილისწამებად გამოაცხადა. პრესის მუშაკთა თათბირმა პროტესტი გამოთქვა ამ მითქმა-მოთქმის გავრცელების გამო და მისი ოფიციალური უარყოფა მოითხოვა.

1914 წლის ნოემბერში მცირე აზია-კავკასიის ფრონტზე რუსეთის არმიამ მარცხი განიცადა. თურქები საკმაოდ ღრმად შემოიჭრნენ ყარსისა და ბათუმის ოლქების ტერიტორიებზე. სწორედ ამ დროს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრები ბერლინიდან სტამბულში ჩავიდნენ და თურქეთის მთავრობასთან გააფორმეს ხელშეკრულება, რომელშიც ჩაიწერა: თურქეთის მთავრობა ცნობს საქართველოს დამოუკიდებლობას, ხელს შეუწყობს რუსეთის ჯარებისგან გაწმენდილ მიწაზე საქართველოს დროებითი მთავრობის შექმნას. იქვე აღნიშნული იყო, რომ თურქეთი ხელს შეუწყობდა ქართველთა შეიარაღებული რაზმების შექმნას ტყვედ ჩავარდნილი ქართველი ოფიცრებისა და ჯარისკაცებისაგან, აგრეთვე ქრისტიანი და მუსლიმი მოხალისეებისაგან. ხელშეკრულებაში ისიც ჩაიწერა, რომ ქართული ჯარი ანტირუსულ სამხედრო ოპერაციებს თურქეთის არმიის გენერალურ შტაბთან შეთანხმებით განახორციელებდა.

კავკასიის რუსულმა ადმინისტრაციამ, თურქთა წარმატების მომენტში, ქართველობას მოუწოდა დაენგრიათ შენობები, გაენადგურებინათ ბაღ-ვენახები და ყანები, რათა გამარჯვებულ მტერს მხოლოდ შიშველი მიწა შერჩენოდა. მცირე ნაწილმა მხარი აუბა რუს მოხელეებს, უფრო მეტმა კი გაბედა მათი მოწოდების დაგმობა. რეზო გაბაშვილი ახსენებდა ხალხს, რომ უკვე გაფორმებული იყო ხელშეკრულებები გერმანიასა და თურქეთთან, რომლებიც ქართველ ხალხს რეალურ დახმარებას გაუწევდა დამოუკიდებლობის მოპოვებაში, თუ იგი რუსეთის ხელისუფლებას დაუმორჩილებლობას გამოუცხადებდა.

მსოფლიო ომის წლებში კიდევ უფრო ცხადი გახდა საქართველოს ტრაგიკული მდგომარეობა, ქართველი ერის გაორებული განწყობილება და მოქმედება. იმ დროს, როცა ქართველი გენერლები, ოფიცრები და ათიათასობით ჯარისკაცი რუსების გვერდით იბრძოდა დასავლეთისა თუ მცირე აზიის ფრონტებზე, ქართველი პოლიტიკოსები და ინტელიგენცია ანტირუსულ აჯანყებას ამზადებდა. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ გლობალური ომის სიძნელეთა ვითარებაში მეფის ხელისუფლება ანგარიშს გაუწევდა ქართველ ხალხს, (რომლის 200 ათასი წარმომადგენელი რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა და გარეშე მტრების წინააღმდეგ იბრძოდა), უფრო დამთმობი გახდებოდა და თუ ქართველები კატეგორიულად მოითხოვდნენ ეროვნულ თვითმმართველობას, იმპერატორი საქართველოს ავტონომიური სახელმწიფოს სტატუსს უბოძებდა. რისთვისაც ჯერ კიდევ თერგდალეულები იბრძოდნენ ილია ჭავჭავაძის მეთაურობით.
რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების მოწინააღმდეგეთა ასეთი მსჯელობის საფუძველი თანდათან გამყარდა. მცირე აზია-კავკასიის ფრონტზე ოსმალეთის წარმატება ეპიზოდური აღმოჩნდა. რუსეთის ჯარები შეტევაზე გადავიდნენ, დაამარცხეს თურქეთი და მათი ტერიტორიის საგრძნობი ნაწილი დაიკავეს.

ასეთ პირობებში ანტირუსულმა აჯანყებამ აზრი დაკარგა. გერმანია-თურქეთზე ორიენტირებულთა რაოდენობა თანდათან მინიმუმამდე შემცირდა. პოლიტიკურმა პარტიებმა უარყვეს სრული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გეგმა. შექმნილ სიტუაციაში საქართველოს ყველა პარტია (გარდა ბოლშევიკებისა) მხარს უჭერდა იმპერიის ფარგლებში პოლიტიკური ავტონომიის იდეას. ამგვარი მიდგომის შედეგი იყო ინტერპარტიული საბჭოს ჩამოყალიბება, რომელიც 1917 წლის აპრილის დამდეგს ჩატარებული პირველი სხდომის შემდეგ ჩამოყალიბდა. ეროვნულ-დემოკრატებმა, სოციალისტ-ფედერალისტებმა და სოციალ-დემოკრატებმა თავიანთ მიზნად გამოაცხადეს ერთიანი ეროვნული პროგრამის შემუშავება.

1917 წლის სექტემბერში ინტერპარტიულმა საბჭომ დელეგაცია გაგზავნა პეტროგრადში და საერთო-სარუსეთო დემოკრატიულ თათბირზე ქართველი ხალხის სახელით გამოსვლა აკაკი ჩხენკელს დაავალა. ამ უკანასკნელმა თათბირის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ეროვნულ საკიხზე ქართველ ხალხს და მის პოლიტიკურ პარტიებს უკვე ჰქონდათ საერთო აზრი. ისინი მოითხოვდნენ საქართველოს ეროვნულ-ტერიტორიულ, პოლიტიკურ ავტონომიას.

ფედერაციისა და ავტონომიის პრინციპების შესაბამისად, ჩაგრული ერების თვითგამორკვევის უფლებაზე თათბირის მონაწილე რუს დელეგატებსაც არ უთქვამთ უარი. თუმცა იმ მომენტში ეროვნული საკითხის გადასაჭრელად არაფერი გაკეთებულა. რუსეთის დროებითმა მთავრობამ კი განაპირა ქვეყნებისთვის ავტონომიური სტატუსის მინიჭება გამოაცხადა პრეროგატივად დამფუძნებელი კრებისა, რომელიც უნდა მოწვეულიყო 1918 წლის იანვარში.

ქართველ პატრიოტთა ძალისხევა ფუჭი აღმოჩნდა. დასავლეთმა რუსეთი ამჯერად შიგნიდან ააფეთქა და რუსეთის იმპერიის ნაგრევებზე ბოლშევიკური – წითელი ტერორი დამყარდა.

ლევან ჩაჩუა
გამოყენებული მასალა – „საქართველოს ისტორია XIX-XX საუკუნეებში“, ტომი IV
გაზიარება: