თორნიკე კივილაძე: ფსევდოლიბერალური, თუ ეროვნული სახელმწიფო? (ნაწ. II)

პირველი ნაწილი იხ.

ქვეყნის ამჟამინდელმა არაფორმალურმა მმართველმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვერ ხერხდება სამუშაო ადგილების შექმნა და ამრიგად, აჯობებს საქართველოს მოქალაქეებმა დატოვონ ქვეყანა და საზღვარგარეთ მოიძიონ სამსახური. ქართული სახელმწიფო ნეოლიბერალური ძალების დომინაციის პერიოდში, დაემსგავსა მიტოვებულ ტაძარს, რომელსაც ეშმაკები დაეპატრონენ.
აღნიშნული მსჯელობის საფუძველზე, თუ საკითხს სულიერ ჭრილში გავიაზრებთ, დავასკვნით, რომ ეშმაკების განდევნასა და ტაძრის აღდგენას მხოლოდ სულიერებაში ღრმად განსწავლული, ღვთისმოშიში, ზნეობრივი, კეთილგონიერი, მცოდნე ადამიანები შეძლებენ ღვთის დიდი წყალობითა და შემწეობით. აუცილებლად უნდა მოხდეს სამომავლოდ სინერგია, რაც გულისხმობს ღვთისა და ადამიანის ნების დამთხვევას. ღმერთს ჩვენთვის მხოლოდ კარგი სურს, მაგრამ თავად ვართ უღირსნი, არ ვიცავთ მარადიულ, წმინდა მცნებებს. საუბედუროდ, ჩვენში მძლავრად აქვს ფეხი მოკიდებული ე.წ ,,სუფრულ პატრიოტიზმს’’ და ბრძენი, ღირსეული, მამაცი წინაპრები მხოლოდ ალკოჰოლით გალეშილებს გვახსენდება. ქართული ,,პურღვინოს’’ ტრადიცია, უდავოდ უდიდესია და მას ქრისტიანული საფუძვლები აქვს, ბუნებრივია. ის არასდროს მოიშლება და ღმერთმა ნურასდროს მოგვიშალოს, მაგრამ მანკიერება არ უნდა შეერიოს სარეველასავით, ზომა-წონა უნდა იცოდეს კაცმა. არ კმარა მხოლოდ ანბანური ჭეშმარიტების ცოდნა, მისი აღსრულებაა მთავარი, მაშასადამე, სიტყვა მკვდარია საქმის გარეშე. ჩვენ არამხოლოდ ბაგით უნდა ვადიდოთ უფალი, არამედ საკუთარი ცხოვრების წესი, მოქმედებები, აზროვნება დავუქვემდებაროთ ღვთის მარადიულ სწავლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფსკრულში გადავიჩეხებით, ბრმები ვიქნებით და ბრმათა წინამძღოლნი, გუშაგნი, რომლებიც იმ სახლს იცავენ, რომელსაც თავად ღმერთი არ იცავს. ამრიგად, უაღრესად მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის სათავეში მოვიდეს არამხოლოდ პატრიოტი, არამედ ღვთისმოშიში პოლიტიკური ძალა. ნებისმიერი რამ შეიძლება კერპად იქცეს, მათ შორის სამშობლო და ამის არაერთი მაგალითი უნახავს კაცობრიობას. სამშობლო ვერ დაიკავებს უფრო მაღალ ადგილს, ვიდრე ღმერთი იკავებს, სიბრძნის დასაბამი კი, ღვთის შიშია, მაშასადამე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს მართვის სადავეები თავმდაბალმა, კეთილგონიერმა, ღვთისმოშიშმა პიროვნებებმა აიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მორიგ ,,მოჯადოებულ წრეზე’’ (როგორც გვჩევია თქმა) წავალთ და ვიხილავთ უზარმაზარი კელაპტრებით მდგარ მსახიობ პოლიტიკანებს, რომლებიც ერთი ხელით ძარცვავენ, ჰყიდიან, კლავენ და რას აღარ სჩადიან, მეორეთი კი, სხვის დასანახად პირჯვარს იწერენ. რთული არ არის იმის გააზრება თუ რა მოელის ხალხსა და ქვეყანას, როცა მას უღმერთო ფარისევლები მართავენ ან მეტიც, გამოცხადებული დაუძინებელი მტრები სარწმუნოებისა და დედაეკლესიისა.

მახსოვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლისას, როცა გავდიოდი საგანს ,,შესავალი საქართველოს ისტორიაში’’, ისტორიკოსმა, პროფესორმა ვაჟა კიკნაძემ ერთ-ერთ სემინარზე მკითხა, რამ განაპირობა დავით აღმაშენებლის დიდი გამარჯვება. დიდხანს არ დავფიქრებულვარ და ვუპასუხე, სინერგიამ-მეთქი. პროფესორმა დაკონკრეტება მთხოვა, რათა დაენახა ვფლობდი თუ არა დასამუშავებელ მასალას კარგად. დიდხანს რომ არ გამიგრძელდეს თხრობა, ვიტყვი, რომ სიღრმისეული პასუხი გავეცი, ჩამოვთვალე დავითის დამსახურებანი, მაგრამ ისევდაისევ, ხაზგასმით ვამბობდი, რომ წმინდანი მეფის გამარჯვება ღვთისა და ადამიანის ნების დამთხვევამ განაპირობა, ვინაიდან უფლის ნების გარეშე არაფერი მოხდება, თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდება ადამიანს. პროფესორს თბილად გაეღიმა და შესაბამისი შეფასება დამიწერა. ამრიგად, რაკიღა როგორც ლათინები იტყოდნენ, ,,გამოცდილება საუკეთესო მასწავლებელია’’, ისტორია და დიდი ისტორიული ფიგურების მოქმედებანი და განსჯანი ჩვენს მთავარ ორიენტირებად უნდა იქცნენ. დავით აღმაშენებელი იმიტომ არ იყო წმინდანი და დიდი მეფე, რომ გოლიათის აღნაგობა და მარჯვე მკლავი ჰქონდა, ხმალს კარგად იქნევდა ანდაც რეგულარული არმია შექმნა. მეფე წმინდანი გახდა უწინარეს ყოვლისა იმიტომ, რომ ეძიებდა ცათა სასუფეველს, იღწვოდა სულის ცხონებისათვის, იყო უკიდურესად თავმდაბალი, ღრმად განსწავლული სულიერებაში, მოწყალე და ა.შ ხოლო ის ვინც უპირველეს ყოვლისა სასუფეველს ეძიებს და ცდილობს მარადიული, წმინდა მცნებები აღასრულოს, ყოველივე კეთილს შეიძენს უფლის დაშვებით ამქვეყნად, დიდ გამარჯვებებს მოიპოვებს. მაშასადამე, რომ არა ღვთისადმი ერთგულება, სწორი, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ღრმად ვარ დარწმუნებული, დიდგორი და სხვა დიდი გამარჯვებები არ იქნებოდა.
ჩასაფრებულ სკეპტიკოსებს რა გამოლევს. ყველა ეპოქაში იყვნენ ეჭვისშემტანი, შფოთისშემომტანი ორგულნი და ფარისევლები. ბევრი უღმერთო და უღირსი ადამიანი იტყვის სხვათა გონის ასარევად და დასაბნევად, რომ რაციონალიზმისა და პრაგმატიზმის გარეშე შეუძლებელია მიზნის მიღწევა. არავინ დავობს, რომ პური მეპურემ უნდა აცხოს, პროფესიონალიზმი განსაკუთრებით აუცილებელია ქვეყნის მართვისას, მაგრამ ერთი შეხედვით ირაციონალური და არაპრაგმატული რამ, ეჭქვეშ აყენებს ამ თავმომწონე რაციონალიზმსა და პრაგმატიზმს. ის რაც შეუცნობელია ადამიანის გონისთვის და შეუძლებელი, ღმერთისთვის შესაძლებელია. ადამიანმა უნდა აღასრულოს ღვთის ნება, უნდა გაისარჯოს. არავინ ამბობს, რომ დაუმსახურებლად, შრომის გარეშე ყველაფერს ღმერთი მოგვცემს, მაგრამ ისიც იცოდეთ, წყალობა, რაც ჩვენზე მოვიდა, ნამდვილად არ ვიმსახურებდით, არასდროს ყოფილა ჩვენი შრომა, გარჯა და ღვაწლი საკმარისი და ვერც იქნება ვერასდროს, მაგრამ ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ უფალი მოწყალეა. მცონარებას, სიზარმაცეს, დაუდევრობას, დილეტანტიზმს გამართლება არ აქვს, უნდა ავიღოთ ჩვენი წილი ტვირთი და ვზიდოთ, მაგრამ საოცრად საბრალონი არიან სიზიფეს ლოდის მწეველი ე.წ ,,რაციონალისტები’’, რადგან ხშირად, სამწუხაროდ, მხოლოდ საკუთარ ძალებს ეყრდნობიან და ეს მედლის მეორე მხარეა, მეორე უკიდურესობა, რომელსაც არანაკლებ დიდ ფიასკომდე მიჰყავს ადამიანი. მაშასადამე, ისევდაისევ, სინერგიის პრინციპიდან გამომდინარე უნდა ვიაზროვნოთ და შევთანხმდეთ, რომ ღვთის მცნებების აღსრულებისა და ღვთისმოშიშების გარეშე ეროვნულ სახელმწიფოს ვერ შევქმნით.

ისევდაისევ ჩასაფრებული ექსპერტების გასაგონად ვიტყვი, რომ არავინ აპირებს კლერიკალური სახელმწიფოს შექმნას. ჩვენ, ეროვნულად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქეებს, წრფელ პატრიოტებს, გვსურს შევქმნათ ეროვნულ-სარწმუნოებრივ საწყისებზე დაფუძნებული სახელმწიფო, სადაც გამიჯნულია საერო და სასულიერო ხელისუფლება, მთავრობას გადანაწილებული აქვს ფუნქციები, სახელდობრ, ხელისუფლების სხვადასხვა შტო აკონტროლებს ერთმანეთს, რათა არ მოხდეს ძალაუფლების უზურპაცია, უფლებამოსილების ბოროტად, ეგოისტურად გამოყენება.
ბევრი მათგანი შეეცდება ამ კეთილშობილური ინიციატივის ჩანასახშივე მოსპობას, მაგრამ დაე, იცოდნენ, არაფერი გამოუვათ, რადგან კეთილ განზრახვას წინ ვერაფერი დაუდგება. ნებისმიერი დარტყმა გააძლიერებს მოძრაობას, იმუნიტეტს გამოამუშავებინებს. ააშენო სახელმწიფო ზნეობრიობისა და ღვთის ნების გარეშე, ნიშნავს აშენებდე სახლს მყარი საძირკვლის გარეშე, უფუნდამენტო ნაგებობა კი, ვერ იარსებებს. აღნიშნული ძალები იტყვიან, რომ ეროვნულ-სარწმუნოებრივი სახელმწიფო არსებულ პოლიტიკურ თეორიებს ეწინააღმდეგება, ვერც ერთ მიმართულებაში ვერ ჯდება ანდაც დაგვწამებენ, უკიდურეს მემარჯვენეობას, შეზავებულს რელიგიური ელემენტებით. ჩვენ არ გვაშინებს მსგავსი კომენატრები, რადგან კარგად გვაქვს გააზრებული საქართველოსა და კაცობრიობის ისტორია, გვამოძრავებს სურვილი შევქმნათ ქრისტიანულ ეთიკაზე დამყარებული პოლიტიკური თამაშის წესები საკუთარ ქვეყანაში, სოციალური სამართლიანობის იდეაზე მდგარი ეკონომიკური სტრატეგია, რომელიც თავისი არსით არ იქნება რადიკალური, იქნება ზომიერი და გონივრული. ჩვენთვის ჯონ ლოკზე, თომას ჯეფერსონზე, ადამ სმიტზე, კარლ მარქსზე თუ სხვა მოაზროვნეებსა და მოღვაწეებზე დიდი ავტორიტეტი ღმერთი და მის მიერ ბოძებული წმინდა სახარებაა, ასე რომ ცინიზმითა და სკეპტიციზმით შემდგარ ბუკეტს არ მივიღებთ.
ლიბერალ-დემოკრატიული თუ ნეოლიბერალური პოლუსი, ცხადია, აღშფოთდება პოლიტიკურ-საზოგადოებრივ სარბიელზე ეროვნულ-სარწმუნოებრივ საზრისებზე მდგარი ძალის გამოჩენით და მას არადემოკრატიულობას დასწამებს. მინდა მათ შევახსენო გრიგოლ რობაქიძის სიტყვები, რომ დემოკრატია ეს არის ხალხური ხალხოკრატია და მაშასადამე, ხალხი თავად წყვეტს სახელმწიფოებრივი მოწყობის პრინციპებს. ხალხი თავად აბატონებს ქვეყანაში ცალკეულ პოლიტიკურ ფილოსოფიას, რომელსაც ეფუძნება ყოველივე, ასე რომ, ცილისწამებაა იმის განცხადება, რომ ეროვნული იდეოლოგია არადემოკრატიულია. სიტყვების თამაშით გონებას ვერავის აუმღვრევთ, რამეთუ ეროვნულობისა და დემოკრატიის ტერმინებისა და არსის საფუძველი ხალხია, ხალხი კი, ძალაუფლების მინიჭების წყაროა. მე კარგად მესმის ხალხის, რომელსაც შეძულდა ტერმინი დემოკრატია და ხშირად აიგივებს მას დემონოკრატიასთან. ხალხს დემოკრატია შეაძულეს, რადგან ყველა დიდ ბოროტებას დიდი სიკეთის სახელით ჩადიოდნენ და რეალურად, დემოკრატიის სახელით არადემოკრატიულ რეჟიმებს ქმნიდნენ. იგივე შეიძლება ითქვას ეროვნულობასთან დაკავშირებით. იყენებდნენ პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის, ეროვნულობის გამომხატველ სახელწოდებებს, ნიშნებს, სიმბოლოებს, პოსტულატებს, სინამდვილეში, კი მათი მოქმედებები, ნააზრევი, განსჯანი, აბსოლუტურად დაცლილი იყო ეროვნულობისა და წრფელი პატრიოტული სულისკვეთებისგან. მაშასადამე, ორ ათწლეულზე მეტია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობდა დემოკრატიისა და ეროვნული იდეოლოგიის პროფანაციის, ჭეშმარიტად დემოკრატიული და ეროვნული ძალების მარგინალიზაციის პროცესი, სწორედ ამიტომ მივედით ხალხის დიდ გულგატეხილობამდე, რომელსაც ღრმა ფსიქოლოგიური საფუძვლები აქვს.
იმპერიები დაპყრობილ ქვეყნებში ცდილობენ გააღვივონ ნიჰილიზმი, სკეპტიციზმი ეროვნული იდეის მიმართ, რადგან კარგად იციან, რომ სწორედ ეროვნულ სულისკვეთებას შეუძლია იმპერიული ძალის დამარცხება. დაპყრობილი ქვეყნის დანაწევრების საფუძველია უიმედობა, ერთმანეთისადმი ნდობის ხიდების ჩატეხვა, ლაჩრების გმირებად გამოყვანა, ჭეშმარიტი გმირების მოღალატებაად შერაცხვა. იმპერიები ებრძვიან მაგალითს, ნამდვილ, საღ ნიშანსვეტს, რომელიც ახალ გამარჯვებებს უკვალავს გზას. ქვეყნის მტრებს კარგად მოეხსენებათ, რომ შეიძლება ერის უმრავლესი ნაწილი დააჩოქო, მაგრამ თითქმის შეუძლებელია დაამარცხო ყოველი ინდივიდი, რადგან ცხვრის ფარაში მაინც გამოჩნდებიან ვერძები, ჭეშმარიტი ლიდერები, იმპერიები კი, კრთიან ყოჩების წინაშე. შესაძლოა ფიზიკურად გაანადგურონ, მაგრამ მარადიულ ომს ვერ უგებენ, მეტიც, ერის ლიდერების ფიზიკური განადგურება სწორედ ამ მარადიული ომის წაგების ტოლფასია. შუბლში ნასროლი ტყვია, ეკლის გვირგვინი, სინამდვილეში, დაფნის გვირგვინია, გმირის ბეჭედია. საქართველოც, სხვა ქვეყნების მსგავსად, სწორედ ასეთ უშიშარ ვერძებზე, ღირსეულ გმირებზე დგას.
საქართველოს ეროვნული გმირი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერი მერაბ კოსტავა, თავის ცნობილ გამოსვლაში აღნიშნავდა, რომ საუბედუროდ, ქართველები მხოლოდ მაშინ ვერთიანდებით გარდამწყვეტ მომენტში, როცა დაღუპვის კარს ვართ მიმდგარი, ხოლო როცა საკითხი ეხება ერის აღორძინებას, გადარჩენას, პრომეთეული გულგოროზობა გადასწონის საღ აზრს და ქართველებს შორის ხიდები ტყდება. მაშასადამე, მერაბ კოსტავას აღნიშნული განცხადებიდან გამომდინარე, სათანადო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. პერიოდი, რომელიც განვითარებას, გაერთიანებას უნდა მოხმარდეს, ნიჰილიზმსა და საკუთარი ბედის დაწყევლაში კი არ უნდა გავატაროთ, არამედ ახალი ათვლის წერტილი მოვძებნოთ და მუხლჩაუხრელი შრომა დავიწყოთ. სხვაგვარად ჩვენ, ეროვნულ სახელმწიფოს ვერ შევქმნით, რადგან ეროვნული სახელმწიფოს საფუძველი საზოგადოების ერთ მუშტად შეკვრა, მისი მყარი კონსოლიდაციაა.
ეროვნული, ჭეშმარიტად სახალხო იდეა საფუძვლად უნდა დაედოს იდეოლოგიას, რომლითაც მოხდება სახელმწიფოს მართვა. ხელისუფლებაში მოსული ძალა მზად უნდა იყოს აღასრულოს ეროვნული იდეოლოგიით განსაზღვრული მიზნები. ბუნებრივია, ყველას საკუთარი ხედვა აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ეროვნული იდეოლოგია და ეროვნული სახელმწიფო. ვეცდები წარმოვადგინო ჩემი ხედვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

უპირველეს ყოვლისა, დავიწყოთ ეკონომიკით, ვინაიდან ეკონომიკა და პოლიტიკური ფილოსოფია სახელმწიფოს ბაზისია, ხოლო ყველა სხვა შტო, სფერო, სარბიელი – ზედნაშენი. ეროვნული სახელმწიფოს ეკონომიკური წყობა უნდა ეფუძნებოდეს სოციალური სამართლიანობის პრინციპს. ეს არ გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში მაინცდამაინც სოციალისტური წყობა უნდა დამკვიდრდეს, სახელდობრ: სოციალიზმისა და კაპიტალიზმის ჯანსაღი იდეების გაერთიანებით სავსებით შესაძლებელია სოციალური სამართლიანობისკენ მიმართული ეკონომიკური წყობის შემუშავება. კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანს გაუაზრებელი რადიკალური სოციალიზმი, ანდაც ველური კაპიტალიზმი. ჩვენ უნდა ვეძიოთ ურთიერთსაპირისპირო ეკონომიკური თეორიების შემრიგებლური პრინციპები, მაშასადამე, ამოვკრიბოთ ყოველი ჯანსაღი იდეა და შევქმნათ უნივერსალური ეკონომიკური მოდელი, რომელიც რეალურად იზრუნებს ხალხის კეთილდღეობაზე, რათა არ იყოს მკვეთრი კონტრასტი, კერძოდ, სახელმწიფოში ცხოვრობდნენ მხოლოდ უაღრესად მდიდრები და უკიდურესად ღატაკნი. კაცობრიობის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ სახელმწიფოები ე.წ ,,საშუალო ფენის’’ მხრებზე დგას. სწორედ საშუალო ფენაა სახელმწიფოს მამომძრავებელი ძალა, ქვეყნის ბირთვი.
ველური კაპიტალიზმის პირობებში, უაღრესად გაღატაკდა საქართველოს მოსახლეობა. წარმოიშვა მდიდართა ფენა, რომელმაც არათუ საკუთარი ინტელექტუალური რესურსებითა და სწორი ბიზნეს-კალკულაციებით მოიხვეჭა სიმდიდრე, არამედ კორუფციის, დანაშაულებრივი გზის წყალობით. ქვეყანაში მაღალჩინოსნები მოგვევლინენ მილიონრებად, მაშინ როცა, სამართლიან, დემოკრატიულ სახელმწიფოში ბიზნესი და პოლიტიკა მკვეთრად გამიჯნულია ერთმანეთისგან. აღსანიშნავია ისიც, რომ ბიზნესმენების დიდმა ნაწილმა პოლიტიკური პარტიების თავშესაფრებს მიაშურა, თავისი წილი ფინანსური რესურსები გაიღო პროტექციონიზმის სანაცვლოდ. ამრიგად, აღრეულმა, ანტისახელმწიფოებრივმა პოლიტიკური თამაშის წესებმა შექმნა მახინჯი ეკონომიკური წყობა, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ ველური კაპიტალიზმის სახელით. ხალხის მიერ მინიჭებულმა მანდატმა, პოლიტიკოსები გავეშებულ მძარცველებად აქცია. ხელისუფლებაში მოხვედრა ავტომატურად ასოცირებულია დღემდე პირადი კომფორტის შექმნასა და სიმდიდრის მოხვეჭასთან, რაც საუბედუროდ, დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს სრულად ეწინააღმდეგება.
საბანკო-სამევახშეო სისტემამ უკიდურესად გააღატაკა და მიწასთან გაასწორა მოსახლეობის დიდი ნაწილი. საუბედუროდ, უამრავმა მოქალაქემ დაკარგა სამკვიდრო სახლი, ქონება, ფინანსური აქტივები, რადგან ბანკები აწარმოებენ არაპროფილურ ბიზნესაქმიანობას და მათ მიერ გაცემული ფინანსური კრედიტების პროცენტი ძალიან მაღალია. ფაქტობრივად, ბანკთან საქმის დაჭერა საქართველოს მოქალაქეებს ძალიან ძვირი უჯდებათ და საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ქონებას კარგავს. ბუნებრივია, ბანკი უნდა არსებობდეს, მაგრამ დაუშვებელია მსგავსი კაბალური პირობების შეთავაზება მოქალაქისათვის. ამრიგად, ეროვნულ სახელმწიფოში, ბუნებრივია, მმართველი ძალა ყველანაირად უზრუნველყოფს, რომ მოქალაქე სოციალურად იყოს დაცული.
მაშასადამე, ეროვნულ სახელმწიფოში ხელისუფლება მაქსიმალურად ზრუნავს იმაზე, რომ მოსახლეობა დაპურებული იყოს, ეს კი ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი, სახელდობრ: გამართულია ეკონომიკური წყობა, სისტემა, რომელიც ეფუძნება სოციალური სამართლიანობის იდეას. გარდა მოსახლეობის დაპურებისა, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქე სრულად იყოს სოციალურად დაცული, კერძოდ: ჰქონდეს საცხოვრისი, შეეძლოს კომუნალური გადასახადების დაფარვა, ჰქონდეს ტრანსპორტირების შესაძლებლობა, შეიმოსოს და ა.შ ისევდაისევ ამოვდივართ აბრაამ მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდის პრინციპიდან, რაც გულისხმობს მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების პირველ ეტაპს: დაპურებას, შემოსვას და ა.შ ხოლო მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მეორე ეტაპი, მოქალაქის დაცვას გულისხმობს. უაღრესად მნიშვნელოვანია ეროვნულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქალაქის არამხოლოდ სოციალური, არამედ სხვა უფლებებიც დაცული იყოს.
ქვეყანაში სადაც არ ბატონობს სამართლიანობა, სამართლიანი კანონი, ამბობენ, ბალახი არ ხარობს და მას გაუდაბნოება ემუქრებაო. ბუნებრივია, კანონი და სამართალი სახელმწიფოს ფუნდამენტია. დაუშვებელია კანონს არღვევდეს და პრივილეგიებით სარგებლობდეს ერთი კონკრეტული ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი. ბუნებრივია, ამის ადრესატი არიან მაღალჩინოსნები და გავლენიანი ბიზნესმენები, საჯარო მოხელეები და ა.შ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ეროვნულ სახელმწიფოში უაღრესად დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობის საკითხს, რადგან საკუთრივ ეროვნული იდეოლოგიის ფუნდამენტური ღერძი ხალხია, ერია, რომელიც ქვეყანაში ცხოვრობს და წარმოადგენს მის მასაზრდოებელ ძალას.
ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს სამართლიანი და უსამართლო კანონი. ხშირად ანტიდემოკრატიული, უზურპაციის გზაზე მდგარი მოძალადე პოლიტიკური რეჟიმები აცხადებენ, რომ ისინი მოქმედებენ კანონის მიხედვით. საუბედუროდ, მათ მიერ მიღებული კანონები, კონსტიტუცია, უსამართლო და საკუთარ პარტიულ, მერკანტილურ ინტერესებზე მორგებულია. ლათინები ამბობდნენ: Quod non vetatlex, hoc vetatfieri pudor! იმის ჩადენას რასაც არ კრძალავს კანონი, კრძალავს სინდისი. მაშასადამე, მხოლოდ კანონის დაცვა არ კმარა. აუცილებელია სამართლიანი კანონის მიღება და შემდეგ მისი პირნათლად აღსრულება.
უაღრესად მნიშვნელოვანია ხელისუფლების დანაწილებისას შეურყეველი სტატუსი და მდგომარეობა ჰქონდეს სასამართლო ხელისუფლებას. სასამართლო არის ორგანო, რომელსაც გამოაქვს განაჩენი. ვერდიქტი უნდა იყოს სამართლიანი. იდეალური სასამართლოს იდეალი სამართლიანი, კანონიერი ვერდიქტის გამოტანაა. ქვეყანა ვერ განვითარდება, თუ სასამართლო ხელისუფლება მოექცევა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ცალკეული ბიზნეს-წრეებისა თუ გავლენების მქონე ჯგუფების ტოტალური კონტროლის ქვეშ, ამრიგად, ეროვნულ სახელმწიფოში სასამართლოს განსაკუთრებული როლი აქვს და მასზე ზეგავლენა არ აქვს ხელისუფლების სხვა შტოებს.
არადემოკრატიულ, უსამართლო ქვეყანაში შეუძლებელია განვითარდეს ეკონომიკა. არც ერთი ნორმალური ბიზნესმენი, კორპორაცია არ მოისურვებს ინვესტიციის განხორციელებას ისეთ ქვეყანაში, სადაც სასამართლოს არ გამოაქვს კანონიერი, სამართლიანი ვერდიქტი; სადაც არ არის დაცული ჯანსაღი კონკურენციის პირობები და ბატონობს მონოპოლიები. არადემოკრატიული, უსამართლო რეჟიმი დამანგრეველ დარტყმას აყენებს ბიზნესსა და ეკონომიკას, ამრიგად, უსამართლობა, არაკანონიერება არამხოლოდ მოქალაქეების უფლებებს ლახავს, არამედ ძირს უთხრის სახელმწიფოს მატერიალურ საფუძველს – ეკონომიკას.
საქართველოში მუდმივად დგას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი. მიუხედავად ცალკეული პოლიტიკური ძალების მიერ ამ საკითხების შეგნებული მიჩუმათებისა, ხალხის განწყობის მიხედვით, მიუხედავად უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობისა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი უპირველეს ამოცანად არის დასახული და მიჩნეული. შეუძლებელია აღდგეს ტერიტორიულ მთლიანობა, ჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმა მოინდომონ საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წიაღში ცხოვრება, სრულფასოვანი მოქალაქეობა, თუ ქვეყანაში იქნება ანტიდემოკრატიული, ანტიჰუმანური რეჟიმი და დამკვიდრდება უსამართლობა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არადემოკრატიულ და უსამართლო ქვეყანაში ირღვევა არამხოლოდ ადამიანის უფლებები, არამედ ჩამოშლილია ეკონომიკა. არავის სურს იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, რომელსაც არ აქვს მყარი, სტაბილური ეკონომიკა. ასეთ ქვეყანაში არათუ ჩვენი მოძმე აფხაზები და ოსები მოინდომებენ ცხოვრებას, არამედ ბევრი საქართველოს მოქალაქე დატოვებს ქვეყანას და უკეთესი ცხოვრების ძიების მიზნით საზღვარგარეთ გაემგზავრება და იქ დამკვიდრდება. ამრიგად, ეროვნული სახელმწიფოს სათავეში მოსული ძალის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს სამართლიანი სახელმწიფოს შენება, ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონის უზენაობის დამკვიდრება, ოღონდ ისევდაისევ გავიმეორებ, სამართლიანი კანონის უზენაესობის დამკვიდრებისა.
ეროვნულ სახელმწიფოში უდიდესი აქცენტი უნდა გაკეთდეს მძლავრი, თანამედროვე, პროგრესული განათლების სისტემის შექმნაზე. განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოების ყოველი ფენისთვის. ადამიანს განათლების მიღება უნდა შეეძლოს მიუხედავად დუხჭირი ცხოვრებისა. ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი განათლების პროპაგანდას, რომელიც მოიცავს როგორც პროფესიული, ასევე, უმაღლესი განათლების რეკლამირებას.
ეროვნული სახელმწიფოს განათლების კონცეფცია თანამედროვე გამოწვევებს უნდა პასუხობდეს, გარდა ამისა, ინარჩუნებდეს ქართული პედაგოგიკური სკოლის ტრადიციებს, პატივს სცემდეს მის მიღწევებს. განათლების პოლიტიკის სტრატეგია უნდა იყოს გრძელვადიანი. დაუშვებელია განათლების პოლიტიკის კონცეფციაში ხშირი ჩარევა, რადგან ეს დააზიანებს სისტემას და ის მყარი აღარ იქნება.
ბუნებრივია, ეროვნულ სახელმწიფოში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების – სკოლის მიზანი უნდა იყოს პატრიოტი მოქალაქის აღზრდა. პატრიოტიზმი არ არის დრომოჭმული ცნება, მეტიც, ის მარადიული ღირებულებაა. აუცილებლად უნდა აღიზარდონ მოსწავლეები პატრიოტული სულისკვეთებით. ყოველი მოსწავლე კარგად უნდა ფლობდეს ქართულ – მშობლიურ ენასა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიას, საქართველოს გეოგრაფიას. მოსწავლეს გააზრებული უნდა ჰქონდეს ქართველი ერისა და საქართველოს ზოგადსაკაცობრიო როლი. მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სრულყოფილად ფლობდნენ სახელმწიფოს ოფიციალურ ენას – ქართულს, ვინაიდან მათ სამომავლოდ არ შეექმნათ ინტეგრაციისა და სოციალიზაციის პრობლემა საზოგადოებაში. გარდა ამისა, ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა მათ მისცემთ ბიძგს სწავლა განაგრძონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და დაეუფლონ სასურველ პროფესიას.

ეროვნულ სახელმწიფოში განსაკუთრებულად უნდა ფასდებოდეს პედაგოგისა და მეცნიერის მოღვაწეობა. პედაგოგები და მეცნიერები, პროგრესულ სახელმწიფოებში ყოველთვის იყვნენ საშუალო ფენის თვალსაჩინო წარმომადგენლები. ფაქტობრივად, განათლებისა და მეცნიერების სფერო მათ მხრებზე იდგა. ისინი აღზრდიან მომავალ თაობებს. სკოლები, უნივერსიტეტები, პროფესიული სასწავლებლებლები განათლებული მოქალაქეების, ტალანტების სამჭედლოებია. უდავოა, რომ მასწავლებლებსა და მეცნიერებს უდიდესი ღვაწლი მიუძღვით სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში. ისიც საგულისხმოა, რომ ეროვნულ სახელმწიფოში სასურველია, პოლიტიკური ძალები და განსაკუთრებით მმართველი ძალა მჭიდროდ თანამშრომლობდეს სამეცნიერო წრეებთან, რომლებიც იდეებისა და პროექტების ჭეშმარიტი გენერატორები არიან. სახელმწიფოს მმართველმა ძალამ ეროვნულ სახელმწიფოში აუცილებლად მხედველობაში უნდა მიიღოს მაღალკვალიფიციური, გამოცდილი სპეციალისტებისა და მეცნიერების აზრი.
სოფლის მეურნეობის განვითარება ეროვნულ სახელმწიფოში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. საქართველო ყოველთვის მოიაზრებოდა აგრარულ ქვეყნად, ქართველი კაცი კი, წარმატებულ მიწათმოქმედად, შესაბამისად, აღნიშნული დარგის განვითარებას ერთგვარი ისტორიული მასტიმულირებელი ფაქტორები აქვს. ეროვნულ სახელმწიფოში უნდა შეიქმნას სოფლის მეურნეობის განვითარების სისტემური მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის გზით, ქართულ სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცემა შექმნას საკუთარი ნიშა მსოფლიო ბაზარზე, ამრიგად, აგრარულმა საქმიანობამ მნიშვნელოვანი ფუნქცია უნდა შეასრულოს სახელმწიფოს პროგრესული განვითარების გზაზე.
სოფლის მეურნეობის განვითარების პარალელურად, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ეკოსისტემის დაცვა. ბუნებრივია, უაღრესად მნიშვნელოვანია მძლავრი ეკონომიკური პროექტების განხორციელება და მდგრადი ეკონომიკური განვითარება, მაგრამ ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას: დაუშვებელია აღნიშნულ პროცესში გაიწიროს ეკოსისტემა და დამანგრეველი დარტყმა მიიღოს მან, მაშასადამე, ეროვნულ სახელმწიფოში, ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და საზოგადოებაც უნდა ცდილობდეს გარემოს დაცვას, ვინაიდან ეკოსისტემა გარსია, რომლის ცენტრშიც ჩვენ ვიმყოფებით და დაუშვებელია ამ გარსის, წიაღის განადგურება.
ეროვნული სახელმწიფოს ფორმირების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თავდაცვის სისტემას. ჩვენი ქვეყანა მუდმივად იმყოფება შეიარაღებული კონფლიქტის მოხდენის რისკის ქვეშ. ეროვნულ სახელმწიფოში აუცილებლად უნდა მოქმედებდეს სავალდებულო სამსახური ჯარში. ქვეყანას უნდა ჰყავდეს ძლიერი რეზერვი და პროფესიონალი კონტრაქტორი სამხედროებით დაკომპლექტებული არმია. სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ხვედრითი წილი უნდა მოხმარდეს შეიარაღებული ძალების გაძლიერებას, არალი სამხედრო ტექნიკის შეძენას. მიუხედავად მცირერიცხოვნობისა, საქართველო უნდა წარმოადგენდეს ანგარიშგასაწევ სამხედრო ძალას, რომელიც იოლად არ გატყდება და არ მოიდრეკს მუხლებს მტრის წინაშე. აღნიშნული მსჯელობის საფუძველზე უნდა ითქვას, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურება უნდა იყოს პრესტიჟული. გარდა ამისა, სათანადოდ უნდა მუშაობდეს პროპაგანდა, რათა საქართველოს მოქალაქეებმა სხვადასხვა გზით თავი არ აარიდონ სავალდებულო სამსახურს ჯარში. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყო მოწყობილი საომარ ყაიდაზე და ეს ტრადიცია მუდმივად უნდა შენარჩუნდეს.

ანალოგიური რამ უნდა ითქვას პოლიციელებზეც. მათ უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა აქვთ დაკისრებული ნებისმიერ სახელმწიფოში და ბუნებრივია, საქართველოს სუვერენულ, ეროვნულ სახელმწიფოში მათ არანაკლები პასუხისმგებლობა და შესაბამისი დაფასებაც ექნებათ. დაუშვებელია ისევდაისევ, მაღალჩინოსნებმა იმსხვერპლონ პოლიციელის კარიერა და დააყენონ ისინი არჩევანის წინაშე, სახელდობრ: უსამართლო ბრძანების შენარჩუნება კარიერული წინსვლის სანაცვლოდ ან დაუმორჩილებლობა და პოლიციელის კარიერასთან გამომშვიდობება. ეროვნულ სახელმწიფოში როგორც პოლიციაში, ასევე, უშიშროებაში სამსახური უნდა იყოს უაღრესად პრესტიჟული და დაუშვებელია მმართველმა პოლიტიკურმა ელიტამ ბინძური მიზნებისთვის გამოიყენონ პოლიციელები და უშიშროების მუშაკები.
ეროვნულ სახელმწიფოში დაცულია ყოველი მოქალაქის უფლება. ეროვნული სახელმწიფო არ არის მირაჟი, მისი შექმნა სავსებით შესაძლებელია, თუკი სათავეში მოვლენ ჭეშმარიტად ეროვნული იდეოლოგიის მქონე სახელმწიფო მოღვაწეები და მიზნად დაისახავენ ეროვნული კონცეფციის ხორცშესხმას. ცხადია, ერთი მცირე ნაშრომის პირობებში შეუძლებელია სრულყოფილად ჩამოაყალიბო ეროვნული სახელმწიფოს მოდელი, ამას შესაძლოა ტომებიც კი მიეძღვნას, მაგრამ ერთი რამ უდავოა, რომ დღეს საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება ეროვნული, პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული მოქალაქეები საზოგადოებასა და ხელისუფლებაში. ყოველი მოქალაქის უფლების დაცვა ნიშნავს თანასწორობის პრინციპზე თამაშის წესების დაფუძნებას. ქართული ეროვნული სახელმწიფოსთვის მიუღებელია შოვინიზმი, რელიგიური შეუწყნარებლობა, ვინმეს დევნა რაიმე ნიშნით.
დაბოლოს, ეკლესია, რომელსაც აქვს უდიდესი როლი ქართული სახელმწიფოს განმტკიცების საქმეში, ბუნებრივია, ეროვნულ ქართულ სახელმწიფოში სათანადო სიმაღლეზე იდგება და მას ვერავინ შეარყევს. ზემოთხსენებული ეროვნული იდეოლოგია, სწორედ რომ მარადიულ ეროვნულ ღირებულებებსა და ქრისტიანულ ფასეულობებს დაეფუძნება. აღნიშნული იდეოლოგია გახდება მყარი გარანტი სამომავლო გამარჯვებებისა.
მთავარია საქართველოს მოქალაქეებმა ირწმუნონ, რომ შესაძლებელია ეროვნული სახელმწიფოს შექმნა, რომლის სათავეშიც ჭეშმარიტი პატრიოტები მოვლენ. მაგრამ მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ლოდინს, აჯობებს თავად გადავდგათ ნაბიჯი და დავიწყოთ გაერთიანება. საქართველოში მრავლად მოიძებნებიან ღირსეული მამულიშვილები, რომელთაც გულწრფელად უყვართ სამშობლო და მზად არიან პირუთვნელი მსახურებისთვის.
ჩვენ დღეს ვდგავართ გამოწვევის წინაშე, სახელდობრ: შევქმნით ფიქტიურ სახელმწიფოს, დაფუძნებულს ნეოლიბერალურ ნარატივზე, თუ შევქმნით ეროვნულ, სამართლიან სახელმწიფოს, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა ილიას მარადიული პარადიგმა: მამული, ენა, სარწმუნოება ექნება. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მოქალაქეები, ქართული საზოგადოება სწორ დასკვნებს გააკეთებენ და არჩევანი ეროვნული სახელმწიფოს სასარგებლოდ დადგება!

8 მარტი, 2020 წელი

ავტორი – თორნიკე კივილაძე
წიგნი – ულუფა სიმართლისა

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
გაზიარება: