,,ნუ იქნებით მონა კაცთა“. (კორ1.7,23)

ქართული საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი და ამომრჩეველი დაყოფილია ორ ნაწილად, დასავლეთის და რუსეთის მომხრეებად. სანთლით საძებნია ისეთი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც ქართული იდეის გამტარებლები არიან. საიდან მოვიდა ეს უცხოთმოყვარეობა, რომელმაც ასეთი დამანგრეველი შედეგები მოგვიტანა? ვინ დანერგა საქართველოში ის აზრი, თითქოს ყოველივე უცხოური მართლაც საუცხოოა? ასეთი აზროვნება ხომ სათავეს მონური ფსიქოლოგიიდან იღებს?

მთელი საბჭოთა პერიოდის მანძილზე ქართველის ცნობიერებას სისტემატურად ამუშავებდნენ. საქართველო ბედნიერი უნდა ყოფილიყო, თუ მას საბჭოეთის რომელიღაც პლენუმზე ახსენებდნენ. ამჟამად ამგვარი დამოკიდებულება დასავლეთზე გადავიდა… სხვისი შეფასება-აღიარება აუცილებლობას იმ საზოგადოებისთვის წარმოადგენს, რომელსაც ღირსების განცდა არ აქვს. მაგრამ რა ვუყოთ ამ მაგიურ სიტყვებს: ერთმა ამერიკელმა სენატორმა, ან ნატოს ერთმა მაღალჩინოსანმა მოგვიწოდა… და მერე აღარავინ კითხულობს ვინ არიან ეს მაღალჩინოსნები, არიან თუ არა ისინი სანდო რეპუტაციის მქონე ავტორიტეტული ადამიანები? ან, თუ არიან, არის თუ არა მათი რეკომენდაცია საქართველოსათვის უპირობოდ მისაღები და შესასრულებელი? დღევანდელ საქართველოში სიტყვები: ამერიკელი, ინგლისელი, ფრანგი, გერმანელი… უკვე საკმარისია იმისათვის, რომ ყველაფერი დაუჯერონ. ამ მონური ფსიქოლოგიის ხალხისათვის მისაღებია არა ის, რაც სასარგებლოა საქართველოსათვის, არამედ ის, რასაც საქართველოსათვის “სასარგებლოდ” უცხოეთში მიიჩნევენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ არც ამერიკას და არც რუსეთს ბევრი ოფლის დაღვრა არ სჭირდებათ ჩვენი პოლიტიკოსების გადაბირებაზე. პირიქით, ქართველი პოლიტიკანები თავად დარბიან ვაშინგტონსა თუ მოსკოვში და აქეთ ეხვეწებიან უცხოელებს თქვენს ერთგულ კაცებად გვიგულეთო. ზოგიერთ მათგანს უკვე მერამდენედ უთხრეს უარი და განუცხადეს აღარ გვჭირდებითო, მაგრამ ხელისუფლებას დახარბებული ეს პოლიტიკანები ლობისტურ კომპანიებს ქირაობენ და ათას გზას ეძებენ მათ “საჭიროებაში” დიდი მეგობრების დასარწმუნებლად.
აი, ასეთი სულმოკლე ხალხითაა გაჯერებული ჩვენი პოლიტიკური ველი. ხოლო იმ ღირსეულ ერთეულებს, რომლებიც ქრისტიანულად აზროვნებენ და არავის მონობას აზრადაც არ გაივლებენ, თავად საქართველოს მოსახლეობა და მისი ამომრჩეველი არ აძლევს გასაქანს ერში მყარად ფესვგადგმული მონური მიდგომის გამო: – „დიდი სახელმწიფოებისათვის მისაღები გვირჩევნია ქართულად მოაზროვნეს!“…

ჩავიხედოთ ჩვენს გულებში და დავაკვირდეთ „კოლექტიური აზროვნების“ შედეგად მიღებულ ფრაზებს: – “ეს ამერიკის კონგრესში მიღებული კაცია, თეთრ სახლშიც იცნობენ და გადაგვარჩენს…
ამას, კრემლში მაგარი კონტაქტები აქვს და ეს თუ გვიხსნის“… რა სენითაც არის შეპყრობილი საზოგადოების დიდი ნაწილი, იგივე ავადმყოფობით არის დასნებოვნებული პოლიტიკაც.
არავინ ამბობს, მსოფლიოში რეალურად არსებულ გავლენიან ძალებს ანგარიში არ გავუწიოთ. პირიქით, უნდა გავუწიოთ, ეს ბუნებრივი და აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი პოლიტიკა ავანტიურისტულ ხასიათს შეიძენს. საუბარია იმაზე, რომ ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს და შესაბამისად პოლიტიკოსთა უმრავლესობასაც, არა აქვს მყარი მსოფლმხედველობა, ეროვნული ღირსების განცდა და მუდამ სხვისი იდეოლოგიური ნასუფრალის შემყურედ რჩება. ვიდრე ამგვარი ცნობიერება იბატონებს ჩვენს ხალხს და ქართულ ეროვნულ ინტერესებს არავინ გაითვალისწინებს!

ლევან ჩაჩუა

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
გაზიარება: