ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს კოჰაბიტირებულ პოლიტ-ელიტას!

იმ დროიდან, როდესაც ქართველმა ხალხმა მტკვრისა და არაგვის შესართავთან ნათელ-იღო და საკუთარ დროშაზე ჯვარი გამოსახა, ქრისტეს პიროვნებას ცოცხალ ჭეშმარიტებად აღიქვამს, ხოლო ამ ჭეშმარიტების ანარეკლს ხედავს კეთილმსახურ მეფეებში, სულიერ კეთილ მწყემსებში, სამშობლოს დამცველ და სარწმუნოებისათვის თავდადებულ გმირებში, რომლებსაც სიკვდილის შემდეგაც დღემდე, როგორც ცოცხლებსა და უკვდავებს, ისე მიაგებს პატივს.

აქედან გამომდინარე, არც მბრძანებელი, არც სწავლული, არც მდიდარი, არამედ – წმინდანია ქართველი კაცის იდეალი!

განა სამარცხვინო არ იქნება ასეთი დიდებული ისტორიის მქონე ხალხისთვის, რომ გახელილი თვალებით მისდევდეს იმ ბრმა იდეოლოგიას, რომელიც თრგუნავს სინდის-ნამუსს და განადიდებს სტომაქს?! მაგრამ ამ საკითხზე ნაკლებად ფიქრობთ, რადგან სულიერ-ზნეობრივ პრობლემატიკას ლიბერალური ფილოსოფიის და უხეში პრაგმატიზმის პოზიციიდან მიდგომას ხართ მიჩვეული.

წმინდა წერილი პირველიდან უკანასკნელ ფურცლამდე ასწავლის ხალხს, თუ როგორ უნდა გაარჩიონ ერთმანეთისაგან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტების შესახებ საკუთარი შეხედულებები?! “ჭეშმარიტება ქრისტეანობაში არ არის დისკუსიული ცნება, არც თეორია და დოქტრინაა, არამედ ცოცხალი პიროვნებაა ღერთკაცისა – ისტორიული იესო ქრისტე” – ბრძანებს წმინდა იუსტინე პოპოვიჩი. ამიტომ მან, ვინც თქვა, რომ: „მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება“ (იოან. 14,6), ასევე ყველას აუწყა, რომ ადამიანებს მის გარეშე არაფერი შეუძლიათ: ”თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიძს ყოფად არცა ერთი“ (იოან.15,5). დაბოლოს, ქრისტემ შეახსენა ადამიანებს, რომ არ დაპირისპირებოდნენ ცოცხალ ჭეშმარიტებას, ანუ თვით მას, რათა არ შეჯახებოდნენ ლოდს, რომელიც ”იქმნა თავკიდეთა”. ის მკაცრად აფრთხილებს: ”რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს, და რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი”-(ლუკ. 2, 18).
ჩვენმა წინაპრებმა ეს სიტყვები შიშითა და სიხარულით მიიღეს ისე, როგორც მშენებლებმა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ამაოდ აგებდნენ შენობას წარმართობის ქვიშაზე, უეცრად ცოცხალი ლოდი იპოვეს და სიხარულით შეუდგნენ შენებას. მაგრამ ამავდროულად აგებდნენ შიშითაც, რომ იმ ლოდზე არ დაცემულიყვნენ, ანდა თვით ლოდი არ დასცემოდათ, რადგან ეს ლოდი საშინლად დიდია, ძლიერია და ყოველგვარ მატერიალურ, თუ ამასოფლის ძალაუფლებას აღემატება. მაგრამ თქვენ უარყავით ეს ლოდი და უღმერთო ლიბერალიზმის ქვიშაზე დაიწყეთ შენება, რაც მომავალი თაობების სულიერ-ზნეობრივი გადაგვარებისკენ არის მიმართული და მხოლოდ საკუთარი ბიზნეს ინტერესების, თუ პოლიტიკური გავლენის შენარჩუნებას ემსახურება.

გაფრთხილებთ: თუ დაუყონებლივ არ შეინანებთ და ქართველი ერის გადაგვარების უშედეგო მცდელობას არ შეწყვიტავთ, ყველაზე საშინელი რამ დაგემართებათ: ეს მრისხანე ლოდი თავს დაგემხობათ და გაგსრესთ. და მაშინ ვეღარც თქვენი უცხოელი მფარველების მხარდაჭერა გიშველით, ვეღარც ძალაუფლება, ვერც სიმდიდრე და ვეღარც დასავლური ლიბერალიზმი, რომელიც ქრისტეს ჭეშმარიტებასთან შედარებით უზნეო სიცოფეა.
თქვენ თავი მოიტყუეთ და სხვებისგანაც მოტყუებული დარჩით. იმათ მოგატყუეს, ვინც ქრისტე უნიათოდ წარმოგადგენინათ; როდესაც სახარებაში ქრისტეს სიყვარულსა და მოწყალების შესახებ კითხულობდნენ, მათ სწორედ ის სიტყვები გამოტოვეს საშინელ ლოდს რომ შეეხება, ლოდს, რომელიც თავად ქრისტეა. ამ სიტყვებისგან კი შეიძლება ძარღვებში სისხლი გაეყინოს კაცს: – ვინც ქრისტეს დაეცემა, შეიმუსრება, ხოლო ის, ვისაც ქრისტე დაეცემა, გაისრისება! იგი ცეცხლია, რომელიც ათბობს, მაგრამ შეუძლია დაწვას კიდეც!..

მე კი არ ვაკერპებ საკუთარ ხალხს, რომ დავბრმავდე და მის ნაკლოვანებებს ვერ ვხედავდე, მაგრამ როდესაც ვინმე დასაღუპადაა გამეტებული, იმ წუთებში მართლაც არაადამიანური საქციელი იქნება მის სისუსტეებზე საუბარი. ქართველი ხალხი კი ამჟამად მართლაც მიზანშია ამოღებული სულიერ-ზნეობრივი და ფიზიკური გადაგვარებისათვის. სამწუხაროდ, ამ უბედურებაზე თვალს ხუჭავენ თანა მ ე დ რ ო ვ ე “საზოგადო მოღვაწეები”, რომლებსაც კონფორმიზმისკენ სწრაფვამ და მილიარდერის მოწყალების რიგში ჩადგომამ ისეთი მძიმე დაღი დაასვა, რომ სირაქლემის პოზაში ყოფნა არჩიეს ერის ღირსეული განვითარების ავანგარდში დგომას.

ჩვენი სამშობლო არ არის რუსეთივით “ბირთვული სახელმწიფო”; არც თურქეთივით ძლიერი ჯარის მქონე მაღალგანვითარებული ქვეყანაა; არც ნავთობი და გაზი გვაქვს აზერბაიჯანივით და არც სომხების მსგავსი დიასპორა და “ლობი” გვყავს აშშ-ის კონგრესში. მაგრამ ჩვენ გვაქვს შეუდარებლად უფრო ძლიერი და ფასეული იარაღი: იესუ ქრისტეს შეუცვლელი სწავლება და მისი ყოვლადწმინდა მშობელი დედის წილხვედრობა და მფარველობა – ერთადერთი და უეჭველი გარანტი ჩვენი ქვეყნის სიძლიერიდა და კეთილდღეობისა. ჩვენს დიდ წინაპრებს კარგად ესმოდათ სასიცოცხლო მნიშვნელობა დედაეკლესიისა – ერის და ბერის ქრისტეში ერთობის სიძლიერისა და მნიშვნელობისა, ამიტომაც მოვაღწიეთ აქამდე მტრებით გარეშემოჯარულებმა.

ამ ხანმოკლე წუთისოფელში მხოლოდ მარადიული ფასეულობების ერთგულებით და ზეციური სამეფოსკენ სწრაფვითაა შესაძლებელი მიწიერი სამეფოს ხანგრძლივი დროით შენარჩუნება და რაც მალე გააცნობიერებთ ამას, მით მალე გამოხვალთ უმძიმესი მდგომარეობიდან. მაგრამ, თუკი არ გაითვალისწინებთ ეკლესიასთან მებრძოლთა ისტორიულ გაკვეთილებს და გააგრძელებთ ქართველი ერის სულიერი გადაგვარების უშედეგო მცდელობას, მაშინ იმავე ხვედრს გაიზიარებთ, რაც ყველა დროის ღვთისმბრძოლებს ხვდათ წილად! – ნუ იყოფინ თქვენ ზედა!

 ლევან ჩაჩუა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა “ქართული იდეა”-ს თავმჯდომარე

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
გაზიარება: