ჩვენ შესახებ

წესდება: მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1.1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული იდეა“ (შემდგომში – პარტია) არის საერთო ეროვნულ მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც თავისი საქმიანობით ხელს შეუწყობს ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას.
1.2. პარტიის სრული სახელწოდებაა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული იდეა“. პარტიის შემოკლებული დასახელებაა: მპგ „ქართული იდეა“.

მუხლი 2. მიზნები (ამოცანები) 
2.1. პარტიის მიზანები და ამოცანები: 
ა) დამოუკიდებელი, სამართლებრივი და ჭეშმარიტად ეროვნული ქართული სახელმწიფოს მშენებლობა და კანონის წინაშე ნებისმიერი მოქალაქის თანასწორობა;

ბ) სამართლიანობის აღდგენა: დაწყებული 1991 წლის სამხედრო-შეიარაღებული გადატრიალებიდან, გაგრძელებული სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმით და ივანიშვილის ავტოკრატული სისტემით.
ამ წლების მანძილზე რეპრესირებულთა (დახოცილი, უკანონოდ დაპატიმრებული, ქონებაწართმეული და ა.შ.) სრული რეაბილიტაცია;

გ) დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფა;

დ) თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნა სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. პოლიტიკურ ველზე ახალი, ჯანსაღი ძალების გამოჩენის მიზნით საარჩევნო სისტემის ძირეული რეფორმირება;

ე) სახელმწიფო სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე ურთიერთობა ევროკავშირთან, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ვ) ქვეყნის დეოკუპაციის მიზნით რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება;

ზ) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდა. შეიარაღებულ ძალებში საყოველთაო გაწვევის სისტემის დადგენა. სამოქალაქო თავდაცვისუნარიანობის სისტემის დანერგვა;

თ) განათლების მაღალ სტანდარტებზე გადასაყვანად განათლების სისტემის ძირეული რეფორმირება. თანამედროვე და ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო სტრატეგიულ პრიორიტეტად დასახვა;

ი) ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის ფორმირება.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, სოციალურად დაუცველებზე და მსჯავრდებულებზე ზრუნვა;

კ) სტაჟისა და დამსახურების მიხედვით მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფა;

ლ) ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრა. მიწის, წყლის, ტყისა და სახელმწიფო სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების გასხვისებაზე უარის თქმა.
უკანონოდ გასხვისებული წიაღისეულის და ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაცია;

მ) მცირე მეწარმეობის განვითარების უზრუნველყოფა;

ნ) სოფლის შენარჩუნების (განსაკუთრებით სასაზღვრო რეგიონებში) და სოფლის აღორძინების სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო სუფსიდირება, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა, მისი რეკლამირებისა და ქვეყნის გარეთ რეალიზაციის მხარდაჭერა. შიდა სამომხმარებლო ბაზარზე უცხოეთიდან იმპორტირებული (ხშირად მდარე ხარისხის) პროდუქციის ჩანაცვლება ადგილობრივი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით;

ო) კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფოს მხრიდან ახალდაქორწინებულებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სოციალური შეღავათებისა და დახმარების განსაზღვრა.

პ) ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობისა და სულიერ-კულტურული ფასეულობების დაცვა და მოვლა-პატრონობა.

გაზიარება: