ქრისტე და საქართველო

რა პოლიტიკურ გზას უნდა დაადგეს ქართველი ხალხი?

იმისთვის რომ შევძლოთ ეროვნული სახელმწიფოს აშენება, უნდა გავიზაროთ რა არის ქართული ეროვნული იდეის არსი და საფუძველი, მიზანი და იდეა. რა მართებს ქართველ ადამიანს და მთელ ერს იმისათვის, რომ სათნოეყოს უფალს და სამყაროში სწორი ადგილი დაიმკვიდროს.

დღეს, როდესაც ვსაუბრობთ ქართული სახელმწიფოებრიობის, ეროვნული განვითარების მომავალზე მართლმადიდებლურ სულიერ ჭრილში, ანუ ვუპირსიპირდებით ვთქვათ ცოდვის დაკანონებას, ლიბერალი ოპონენტებისგან გვესმის: „თქვენ გსურთ თეოკრატია“.

ისტორიკოს იოსებ ფლავიუსის განმარტებით, თეოკრატია არის მმართველობის ისეთი ფორმა, როცა ერი იმართება იმ კანონებით, რომელიც მისცა მათ ღმერთმა. საღვთო კანონების მორჩილება, სახელმწიფოს აგება ქრისტიანულ საფუძველზე, მისი განვითარების და კეთილდღეობის უმთავრესი წინაპირობაა ხოლო ანტიქრისტეს წინაპირობაა ყველაფერი რაც ქრისტეს რაიმეთი ანაცვლებს, ვინც ამბობს რომ ქრისტე არ არის ქრისტე, ვინც ამბობს რომ ქრისტე არაა მეფე და არაფერი ესაქმება პოლიტიკაში, ვინც ამბობს რომ ქრისტეს არაფერი ესაქმება სკოლაში, ვინც ქადაგებს სეკულარიზმს და დევნის ერის ცხოვრებიდან ქრისტეს, ვინც ამბობს რომ კანონონები რომელსაც ღებულობს სახელმწიფო არაფერ კავშირში არაა ქრისტესთან და თუნდაც უბილწესი ცოდვა იყოს (კანონი) ქრისტე და ეკელსია არაფერ შუაშია და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის ანტიქირსტეს წინაპირობა და ამ ყველაფერში მოქმედებს ანტიქრისტეს სული.

უძველესი წესია მართლმადიდებელ ეკლესიაში, მოსანათლეს ეკითხებიან: “გწამს ქრისტე როგორც მეფე და ღმერთი?” მოსანათლი კი ადასტურებს: “მწამს ქრისტე როგორც მეფე და ღმერთი”. აღდგომის შემდგომ უფალი მოწაფეებს დიდებით მოევლინა და ამცნო: „მომეცა ძე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა“ (მთ 18,18). ამაღლების მერე ღმერთკაცი ქრისტე არს მთავარი ცის, ქვეყნისა და ჯოჯოხეთის მკვიდრთა.

საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ ერთ-ერთ ქადაგებაში აღნიშნა: „ხანდახან გვესმის ასეთი სიტყვები ჩვენ არ გვინდა თეოკრატია, ამას ვინც ლაპარაკობს, ამას ვინც ამბობს ისიც არ იცის რა არის თეოკრატია. თეოკრატია ეს არის ღვთის ძალა, ღვთის მმართველობა. ეს იყო წინასწარმეტველების დროს, როცა უფალი თვითონ კარნახობდა ეუბნებოდა წინასწარმეტყველებს, რომ გადაეცით ერს, გააკეთოს ესა და ეს. არის თეოკრატია–ღვთის მმართველობა და არის კლერიკალური მმართველობა, კლერიკალური მმართველობა არავის უნდა, რომ სასულიერო პირი საერო პირი იყოს“.

უფალი იესუ ქრისტე ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, არის ღმრთი და არის მეფე, შესაბამისად არის პოლიტიკური ლიდერიც და ჩვენი პოლიტიკაც უნდა იყოს ქრისტიანული, ღვთის სათნო და მის (ქრისტეს) მორჩილებაში მყოფი.

საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ ღვთისა და ერისთვის თავგანწირვა ურთერთს ენაცვლება და მთელი ჩვენი ისტორია სულიერ ჭრილში აღსრულებაა ორი უმთავრესი მცნებისა: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან” (მათ. 22,35-40)

ქართველი ერი ისტორიულად მსახურებდა ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტების მსახურება იყო და არის ქართული იდეა. სულის უკვდავების რწმენით ღვთისა და მოყვასისთვის არნახული თავგანწირვა საქართველოს სულიერი ისტორიის განსაკუთრებული მახასიათებელია მსოფლიო ერთა შორის, ანუ ჯვარცმა ქრისტესათვის, სულიერი გოლგოთის გავლა ჭეშმარიტებისათვის, რომელსაც მოსდევს აღდგომა და გაბრწყინება.

“ეჰეი მეომარნო ქრისტიანენო, თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ”… – წმიდა დავით აღმაშენებლის ეს ბრძოლისწინა სიტყვები, სწორედ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ბრძოლა, ჯვარცმა ქრისტესთვის, ქრისტესთვის სიკვდილის ძიება იყო ქართველთა ეროვნულ – სარწმუნოებრივი საზრისი.

მღვდელმონოზონი სერაფიმე როუზი ამბობს: “ვინც ყოველი დღის ყოველ ჟამს, ყოველ ცხოვრებისეულ სიტუაციაში მართლმადიდებელი არ არის, იგი საერთოდ არ არის მართლმადიდებელი”.
ქართველი ერის ცხოვრება მართლმადიდებლობაა, რომელიც უნდა განხორციელდეს როგორც კონკრეტულ ინდივიდებში ანუ ქართველ ადამიანებში, ისე მთელი ერის ცხოვრებაში, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, სოციალურ, კულტურულ და ასე შემდეგ ცხოვრებაში რა გზასაც გადის ქართველი ერი…

არქიმანდრიტ რაფაელ კარელინს მოვუსმინოთ: „ქრისტეს კვართი საქართველოს ეკლესიის ყველაზე დიდი სიწმიდეა. საკრალური გაგებით სვეტიცხოვლის ტაძარში, როგორც სამეუფო კიდობანში დაბრძანებული საუფლო კვართი შეიძლება ვამსგავსოთ სულიერ მზეს, მიწის წიაღიდან უხილავ ნათელს რომ აფრქვევს, ან შევადაროთ თვალით უხილავ მიწისქვეშა წყაროს, რომელიც ყვავილებისა და მცენარეების ფესვებს კვებავს. უფლის კვართი ყოვლადწმინდა ქალწულმა მარიამმა თავისი ხელით მოქსოვა და მაცხოვრის სისხლმა განამეწამულა ჯვარცმის გზაზე: გეთსამანიიდან გოლგოთამდე. ამ სიწმიდის გამო მცხეთას “მეორე იერუსალიმად” სახელსდებდნენ.

სვეტიცხოვლის ტაძრის ინტერიერში აგებულია სამლოცველო, მსგავსი კუბუკლიისა, იმპერატორმა კონსტანტინემ რომ ააშენა უფლის საფლავზე, იერუსალიმის აღდგომის ტაძარში. იერუსალიმიდან მცხეთაში ჩამოტანილმა საუფლო კვართმა სულიერი კავშირით შეაერთა პალესტინა და საქართველო, უფლის აღდგომის ტაძარი და სვეტიცხოველი. საკრალურ სიბრტყეზე საუფლო კვართი სულიერი ცეცხლის სვეტია, ცამდე აზიდული, უფრო საკვირველი, ვიდრე ის სვეტი, მოსეს და ისრაელს რომ მიუძღოდა აღთქმული მიწისკენ სინას უდაბნოში. ეს არის ადგილი, სადაც ანგელოზები გარდამოდიან მიწაზე, ხოლო ადამიანთა სულები ზეცად მაღლდებიან ლოცვაში. სახარებაში წერია, რომ უკურნებელი სენით შეპყრობილი ქალი მიეახლა მაცხოვარს, საიდუმლოდ შეეხო მის კვართს და მყისვე განიკურნა ავადმყოფობისაგან (ლუკა, 8, 43-48). საუფლო კვართისგან ახლაც იკურნებიან ისინი, ვინც მას სარწმუნოებით და კრძალულებით მიეახლება”.

მამა რაფაელი (კარელინი), „საქართველოს ეკლესიის დიდების“ ხატის განხილვისას ასევე აღნიშნავს: „საქართველოს ეკლესიის დიდების ხატზე ცენტრალურ კომპოზიციას უფლის კვართი და სვეტიცხოველი წარმოადგენს. უფლის კვართს გარს საქართველოს წმინდანები ახვევია, ვითარცა მზისგან გამომავალი სხივები. ეს სიწმინდე საქართველოს ყველაზე დიდი კურთხევაა და იმედი იმისა, რომ ის დაიცავს მართლმადიდებლობას ქრისტეს მეორედ მოსვლამდე მთელ დედამიწაზე“.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვერანაირი იდეოლოგია, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფორმაცია, ვერანაირი იდეა ვერ შეცვლის და ვერ ჩაანაცვლებს ქართველი ერის ერთადერთ სავალ გზას – მართლმადიდებლობას, რომელმაც აუცილებლად რაც შეიძლება მალე უნდა შეიძინოს პოლიტიკური ხასიათი! ეს ერთადერთი გზაა საქართველოს გადარჩენისა და განვითარების, მისი სამყაროში სწორი ადგილის დამკვიდრებისთვის!

ვინც ამბობს, რომ ეს ასე არ არის და ქართველმა ერმა რამე სხვა გზა უნდა ეძებოს გადარჩენისათვის ის ქრისტეს ჩამნაცვლებელია, ანუ ანტიქრისტეს მსახურია!

ამ საკითხის გააზრება და თვითგამორკვევა ეგზისტენციალური მნიშვნელობის გამწოვევა ქართული ეროვნული მოძრაობისათვის და უამისოდ ქართველი ერის, ქართველი პოლიტიკოსების და სხვათა შრომა ერის უკეთესი მომავლისათვის წააგავს მითიური სიზიფეს ლოდს. მას (სიზიფეს) ლოდის მთის მწვერვალზე ატანისას, ყოველ ჯერზე კვლავ უკან უგორდება ეს ლოდი დაუსრულებლად. ერთ დღესაც თავად სიზიფე შეიძლება გადასრისოს ამ ლოდმა და ის უნაყოფო შრომის დასასრულის სიმბოლოდაც იქცეს…

ქართველი ერი სანამ მხსნელს, ორიენტირს, გზას – ქრისტეში არ განსაზღვრავს, არჩევანს სულიერზე და გააკეთებს, ორიენტირად უპირველესად ცათა სასუფეველს არ დაისახავს და შესაბამისად – მიწიერ (სახელმწიფოებრივ) სიბრტყეში არ გაატარებს ქრისტიანულ, ზნეობრივ, მართალ პოლიტიკას – ამ სიტყვის ფართო გაგებით, როგორც მთელი ერის ცხოვრებისა და მუშაკობას – ერთობის, განვითარების, გაძლერებისა და გაბრწყინებისთვის – იქნება დაცემული და მისი ყოფნა არ ყოფნის დილემაც დადგება.

დრო ცოტაა და საჭიროა ყველა განსაცდელის გათვალისწინებით [რომელთა დაშვება ღვთისგან სწორედ ერის განსასწავლად ხდება “მე რომელნიცა მიყუარდენ, ვამხილებ და ვასწავებ. ეშურებოდე უკუე და შეინანე”. (გამოცხ. 3,19)] ერმა სწორი, მართებული დასკვნები გააკეთოს.

“გაიხსენე, საიდან დაეცი, მოინანიე და უწინდელ საქმეებს მიჰყავი ხელი”. (გამოცხადება 2,5)

გეგა ხვედელიძე

გაზიარება: