ლევან ჩაჩუა საქართველოს საგარეო ორიენტირებზე ესაუბრა “საქართველოს და მსოფლიოს”

,,საქართველო და მსოფლიო” ესაუბრა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „ქართული იდეა“-ს თავმჯდომარე – ლევან ჩაჩუას.

-ბატონო ლევან, ამასწინათ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა, რომ დღესდღეისობით ევროპულ გზას ალტერნატივა არ აქვს, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ისტოიული სწრაფვა და არჩევანი, რომელსაც, თურმე, არაერთი კვლევა ადასტურებს. გამოსვლაში მან ილია ჭავჭავაძეც ახსენა… თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატურია ეს შეფასება და რეალურად შეიძლება თუ არა ხალხის არჩევანი იყოს თანამედროვე ლიბერალური ევროპა?

– პირველ რიგში მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი გაზეთის მეშვეობით სრულიად საქართველოს მივულოცო დიდგორის ომში ბრწყინვალე გამარჯვების 900 წლისთავის იუბილე. ჩვენ ყოველ 12 აგვისტოს ვზეიმობთ ამ დიდ დღესასწაულს, რომელიც ,,ძლევაი საკვირველის” სახელით არის შესული მსოფლიო ისტორიაში. ეს დღე სახელმწიფოებრივ რანგში უნდა იყოს აყვანილი, როგორც ეროვნული დღესასწაული და ხელისუფლებაც უნდა აღნიშნავდეს, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რა სამარცხვინოდ იქცევა პოლიტ-ელიტა პოზიცია-ოპოზიციანად იმის შიშით, რომ თურქეთს რამე არ აწყენინონ, ან ევროკავშირმა არ დაგვადანაშაულოს ქსენოფობიაში, თუ თურქოფობიაში… ფაქტობრივად საუბარსაც ვერ ბედავენ ამ თემაზე. სხვათა შორის, თუ მიაქციეთ ყურადღება, იმ დღეს, 12-ში, დიდგორობაზე ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს თურქ-სელჩუკები არ უხსენებია. ყველგან ამბობდნენ სიტყვებს: ,,მტერი,“ „მოწინააღმდეგე,“ ,,დამპყრობელი”… და ვინც ისტორია არ იცის, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ, ბევრი იფიქრებდა დიდგორზე ქართველებმა სელჩუკები კი არა, რუსები დავამარცხეთო. დღეს ხომ მთელი პროპაგანდა იქითკენ არის მიმართული, თითქოს საქართველოს რუსეთის გარდა ისტორიული მტერი არ ჰყოლია. აი, ასეთი პროპაგანდის მსხვერპლია თანამედროვე სტუდენტი ახალგაზრდობა, რომელსაც არც სკოლაში და არც ინსტიტუტში საქართველოს რეალურ ისტორიას არ ასწავლიან.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, დასავლური კურსის უალტერნატივობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მარიონეტი ხელისუფლებები უკვე სამი ათწლეულია აბსოლუტურად მოწყვეტილები არიან რეალობას და საერთოდ ვერ აცნობიერებენ სად, რა გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ვიმყოფებით, ეს განცხადება ნამდვილად არ უნდა გვიკვირდეს. მით უფრო, რომ ეს არ არის არც კუჭავას და არც სხვა რომელიმე ცალკე აღებული „მეოცნების“ პოზიცია, ეს არის მთლიანად არსებული პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი ხაზი, რომელიც თავიდან ბოლომდე ლიბერალური დასავლეთის მიერ დეკლარირებული ნარატივია. თუმცა, რა თქმა უნდა, მეორეს მხრივ ყველა ხვდება იმასაც, რომ ის, რაც კუჭავამ ილაპარაკა ყვარელში, სრული ბოდვაა და რეალურად ევროპა, განსაკუთრებით დღევანდელი ნეოფაშისტურ-ლიბერასტური ევროპა არ შეიძლება იყოს და არც არის ნორმალური ქართველის არჩევანი; დღევანდელი ევროპა ჩვენთვის კი არა, თვითონ ევროპელებისთვის აღარ არის მისაღები. დღევანდელი ევროპა სრულ ქაოსში ჩავარდნილი და მომაკვდავი ცივილიზაციაა, რომელიც ისე მოწყდა საკუთარ ტრადიციულ ფესვებს და ფასეულობებს, რომ მიუხედავად ცალკეული კონსერვატორი პოლიტიკური მოღვაწეების მცდელობისა, უკვე განწირულია და ვეღარ შეძლებს საკუთარ იდენტობის შენარჩუნებას…

-ისე, თქვენ როგორ ფიქრობთ, საზოგადოების რა სეგმენტზეა გათვლილი ეს პროპაგანდა, ვინ შეიძლება, დაარწმუნონ, რომ დღევანდელი ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანია?

-ალბათ პირველ რიგში ეს პროპაგანდა გათვლილია ახალგაზრდებზე, რომლებსაც დაწყებული ლომაიას მინისტრობის პერიოდიდან, გაგრძელებული დღემდე, ტვინი გამოურეცხეს სხვადასხვა ლიბერალური სიბინძურეებით. მათ უბრალოდ შთაუნერგეს, რომ ყველაფერი კარგი და პროგრესული, ევროპულია, ხოლო ყველაფერი ქრისტიანული, ეროვნული და ტრადიციული, – სიბნელე, რომელიც ბნელი საბჭოთა წარსულიდან გადმოგვყვა. ისტორიის და ისტორიული ფაქტების ტოტალური ფალსიფიკაცია სწორედ ასეთ დემაგოგიას ემსახურება. ილია ჭავჭავაძე ლიბერალი იყოო. ილია, რა თქმა უნდა, იყო პროგრესის და წინსვლის მქადაგებელი ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს მეცნიერება, ხელოვნება, სოფლის მეურნეობა, თვითმართველობა, თუ სხვა მიმართულებები, მაგრამ იმას, რასაც ის წერს ლიბერალიზმზე, არაფერი აქვს საერთო დღევანდელი ცისფერი კომისრების მიერ ნაკარნახევ ნეოლიბერასტულ, უზნეო და მულტიკულტურულ აბიდუბიასთან…
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ არის და ვერც იქნება, თანამედროვე გლობალისტური დასავლეთი ჩვენი ისტორიული არჩევანი, დავიწყოთ იმით, რომ საქართველო ძირძველი მართლმადიდებელი ქვეყანაა და ჩვენი ეროვნული იდენტობის საფუძველი მართლმადიდბლობაა… მართლმადიდებლური მრწამსი განსაზღვრავდა ყოველთვის და განსაზღვრავს დღესაც ჩვენს კულტურას და საერთოდ ყველაფერს, რაც დაკავშირებულია ტრადიციულ ღირებულებებთან… ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა, როგორ იქნება ჩვენი არჩევანი იდეოლოგია, რომელიც არა თუ ვერ ემთხვევა, პირდაპირ წინააღმდეგოაბაშია ამ ყველაფერთან და დემოკრატიის სახელით პირდაპირ თითისქნევით ითხოვს მართლმადიდებლური სწავლების, ოჯახის სიწმინდის, მორალისა და ზნეობის უარყოფას?! უარყოფის მოთხოვნაა, აბა რა არის, როცა გეუბნებიან, რომ რუსთაველზე, ქაშუეთის ეკლესიასთან, მამათმავლებს აღლუმი უნდა ჩაატარებინო…. როგორ იქნება ჩვენი, როგორც მართლმადიდბელი ერის, არჩევანი ასეთი ნეოფაშისტური, სატანისტური იდეოლოგია?! სხვათა შორის, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქვეყნის ევროპული გზის უალტერნატივობას არაერთი კვლევა ადასტურებს, სად არის ეს კვლევები, გვანახონ; გვანახონ ერთი თუნდაც ნორმალური, ობიექტური გამოკითხვა, რომელიც დაამტკიცებს, რომ დღესდღეისობით საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროპისკენ სწრაფვის მომხრეა… აბსურდია ეს ყველაფერი, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რისი მომხრეცაა და რა აზრისაა იგივე ლიბერასტული დასავლეთიდან დაძალებულ სოდომისტურ დირექტივებზე, სულ ახლახანს ვნახეთ 5-6 ივლისს, თუმცა დარწმუნებული ვარ, მსგავს მოვლენებს მომავალშიც არაერთხელ ვნახავთ და ვნახავთ კიდევ უფრო დიდი მასშტაბების სამოქალაქო მღელვარებით. სხვათა შორის, მკითხველს მინდა გავახსენო, რომ პარლამენტის დღევანდელი თავმჯდომარე არის ადამიანი, რომელმაც ივლისის მოვლენების შემდეგ პარლამენტის წინ ხალხის მიერ ევროკავშირის დროშის მაგივრად აღმართული საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა ჩამოხსნა და ისევ ევროკავშირის დროშა აღმართა. ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, რომელიც მიანიშნებს, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე არის ჩვეუებრივი პოლიტიკური მონა, ვისთვისაც გაცილებით მნიშვნელოვანია ევროკავშირი და მისი ცისფერი კომისრების დირექტივები, ვიდრე ქართული სახელმწიფო, მისი ატრიბუტიკა და ხალხი. ასეთი მედროვე ადამიანებისგან, რა თქმა უნდა, არაფერი მიკვირს…

-დასაწყისში აღნიშნეთ, რომ ევროპის და ევროკავშირის ისტორიულ არჩევანად გამოცხადების პროპაგანდა ახალგაზრდებზეა გათვლილი. 5-6 ივლისს რუსთაველზე ძირითადად ახალგაზრდები იქდგნენ… ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი გარკვეულწილად პროპაგანდის უკუშედეგზეც მიანიშნებს?

-რა თქმა უნდა, რაც დრო გადის, ეს პროპაგანდა სულ უფრო ნაკლებ ადამიანზე მოქმედებს და სულ უფრო ნაკლებ ადამიანს აბრმავებს, იმიტომ რომ 21-ე საუკუნეში ძალიან ძნელია ხალხის სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცევა. ეს ერთი და მეორე, მადლობა ღმერთს, ქართველმა ხალხმა არ დაკარგა საკუთარი გზა და იცის, რა არის თავისი ისტორიული მისია, იცის, სად არის მისი ისტორიული ადგილი და რა მნიშვნელობა გააჩნია მის არსებობაში ქრისტიანულ სწავლებას.

ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ არავითარი ევროპა და სოდომ-გომორული დასავლეთი საქართველოს არჩევანი არ არის, საქართველოს არჩევანია ქრისტეს გზა. საქართველოს არჩევანია უფლის მცნებები და ის ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლება, რომელმაც მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე არაერთ საფრთხეს, თუ განსაცდელს გადაგვარჩინა. აი რას ამბობს ილია ჭავჭავაძე: ,,ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზე, როგორც კლდეზე, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავიწირეთ, ცოლ-შვილი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისათვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც სამართლიანი თავმოწონებით ვეძახით ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს – ცოდვა არ არის, ეს ერი მოსწყდეს… რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”

– და დღეს ალბათ დიდი მნიშვნელობა აქვს სხვა მართლმადიდებელ სახელმწიფოებთან ურთიერთობასაც, არ მეთანხმებით? ვთქვათ, იგივე რუსეთთან…

– თავისთავად ცხადია, ჩვენ არათუ მართლმადიდებელ სამყაროსთან უნდა გავაღრმავოთ და განვამტკიცოთ ურთიერთობები, არამედ ყველგან მსოფლიოში, სადაც დამოუკიდებელი ხელისუფლებებია და კონსერვატული დღის წესრიგი იკრებს ძალას. რუსეთის შემდეგ ახლახანს უნგრეთმაც მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს ლგბტ პროპაგანდას. სხვათა შორის, ამის გამო მთელი ევროკავშირი დაუპირისპირდა მას და სანქციებზეც იყო საუბარი, მაგრამ ორბანმა უკან არ დაიხია. ასევე მოიქცა ბელორუსიის ლიდერიც.
აი, ასეთ ქვეყნებთან უნდა ვითანამშრომლოთ და ვეძებოთ გზები მოკავშირეობისათვის.

სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ მართლმადიდებელი სახელმწიფოები ერთმანეთს ვაძლიერებდეთ, ერთმანეთს ვეომებით და ვასუსტებთ, რაც ჩვენი საერთო მტრების წისქვილზე ასხამს წყალს. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს ყველაფერი განპირობებულია ერთის მხრივ მოღალატეობრივი პოლიტიკით, რომელსაც წლების მანძილზე ატარებდნენ დასავლეთის მარიონეტი შევარდნაძე-სააკაშვილის რეჟიმები, მეორეს მხრივ კი კრემლის მოუქნელი და ძალისმიერი პოლიტიკით, განსაკუთრებით მართლმადიდებელი ერების მიმართ.

ყველას გვახსოვს მოსკოვის მთავარ საპატრიარქო ტაძარში ღვთისმშობლის მიმართ მკრეხელობის ჩამდენი
,,Pussy riots”-ის წევრების სამართლიანად დაპატიმრების გამო როგორი ერთსულოვნება გამოიჩინეს დასავლეთში, როგორ მოითხოვდნენ რუსეთის ხელმძღვანელობისგან სხვა და სხვა (თუნდაც ეკონომიკურ) სამიტებზე ამ მკრეხელებისთვის პატიმრობის შეწყვეტას, რის გამოც ვადაზე ადრე მოუწიათ მათი გათავისუფლება. ჩვენ კი, არასამთავრობო (თუნდაც მართლმადიდებლური არასამთავრობო) ორგანიზაციის დონეზეც კი არავინ გამოგვესარჩლა, როცა აშშ-ს ელჩის დირექტივით 8 მართლმადიდებელი გაგვამწესეს სააკაშვილის გულაგებში.

დარწმუნებული ვარ, ლიბერალური ინტერნაციონალი მალე დასრულდება და საქართველოს მოყვარე სლავი წმინდანების ლოცვებით კრემლშიც და სხვა სახელმწიფოების ხელისუფლებებშიც მოვლენ ქრისტიანულად მოაზროვნე ისეთი პოლიტიკოსები, ვისთვისაც მთავარი ამოცანა ქრისტესმიერი ურთიერთობა იქნება მართლმადიდებლობისთვის ჯვარცმულ საქართველოსთან და იმის მაგივრად, რომ ერთმანეთს ვასუსტებდეთ, ერთმანეთის გაძლიერებაზე ვიქნებით ორიენტირებულნი… სახელმწიფო დონეზე თანამშრომლობას და გაძლიერებას ვგულისხმობ თორემ, ერების დონეზე პრობლემა ისედაც არ არსებობს. რუსი, უკრაინელი, ბელორუსი თუ სერბი ჩვენთვის ისევე ძვირფასია, როგორც ქართველი… ეს ბუნებრივია და ამაში ალბათ ყველა მორწმუნე ქრისტიანი დამეთანხმება…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია
Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
გაზიარება: