ლევან ჩაჩუა: საქართველოს მალე ეყოლება იუვენალური ფაშისტების ქვედანაყოფები

“საქართველო და მსოფლიო” ესაუბრება პარტია “ქართული იდეის” თავმჯდომარეს – ლევან ჩაჩუას

– ბატონო ლევან, ხელისუფლებამ, “ბავშვის უფლებათა კოდექსის” ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით სოცმუშაკების მომზადება აქტიურად დაიწყო. ამჟამად ტრენინგებს 200-მდე პირი გადის. პროექტს ფინანსურად გაეროს ბავშვთა ფონდი და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს. რას ნიშნავს დღეს ეს თითოეული ოჯახისთვის და რა გველოდება ამ ყველაფრის კვალდაკვალ უახლოეს მომავალში?
– პირველი, რაც ყოველთვის თვალშისაცემია, არის ის, რომ მსგავსი ცვლილებების განხორციელებისას ყველანაირად ცდილობენ საზოგადოების ყურადღების სხვა, უმნიშვნელო თემებზე გადატანას, რათა მაქსიმალურად ფარულად, უხმაუროდ განახორციელონ თავიანთი გეგმა, რომელიც ყველამ ვიცით, რომ ნაკარნახევია გარედან. თუმცა, მადლობა ღმერთს, არსებობენ ისეთი საინფორმაციო საშუალებები, როგორიც თქვენ ხართ; არსებობენ საზოგადოებრივად აქტიური ჯგუფები და პარტიები, როლებიც მუდმივად არისხებენ განგაშის ზარებს ნებისმიერ მსგავს მოვლენაზე.
არ მინდა, ისედაც მძიმე თემის დრამატიზება, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან ცუდი პერსპექტივა ემუქრება თითოეულ ოჯახს. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, იმიტომ, რომ კარგად ვიცით, რა ნაღმებია ჩადებული ამ ე.წ. ბავშვის უფლებათა კოდექსში… სხვათა შორის, ამ “კოდექსის” მიღებისას “ლიბერალები” ერთხმად აცხადებდნენ, ცვლილება კარგია, მაგრამ ქვეყანა ჯერ კიდევ არ არის მზად პრაქტიკაში მის ეფექტიანად განსახორციელებლადო. გულისხმობდნენ იმას, რომ კადრები არ ჰყავდათ და ფიზიკურად ვერ ხერხდებოდა ოჯახებიდან ბავშვების მასობივად გამოტაცება. დღეს ზუსტად ეს პროცესი ხორციელდება და, როგორც ჩანს, არც ისე წარუმატებლად. არაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: საქართველოს მალე ეყოლება იუვენალური ფაშისტების ახალი ქვედანაყოფები. ეს იქნება ცხოვრებაში განხორციელებული ტერორი, რომელიც შიშის ზარს დასცემს თითოეულ ოჯახს და, რაც დრო გავა, ეს ტერორი კიდევ უფრო დიდ მასშტაბს შეიძენს.
– საქართველოში, უკვე ორ თვეზე მეტია, “ბავშვის უფლებათა კოდექსი” ამოქმედდა. ამ ხნის განმავლობაში თუ იყო ოჯახისთვის ბავშვის წართმევის თუნდაც ერთი კონკრეტული შემთხვევა?
– ერთ-ერთი შემთხვევა ახლახან მოხდა. მე და ბატონ გურამ ფალავანდიშვილს დაგვიკავშირდა ოჯახი, რომელიც შველას ითხოვდა. ადგილზე მისულებს დაგვხვდა უმძიმესი სურათი: აქვითინებულმა დედამ გვიამბო, ცივსისხლიანმა სოცმუშაკმა პატრულის მეშვეობით როგორ გამოსტაცა ხელიდან 3 წლის ბავშვი (ნიკოლოზი, რომელიც დედასთან ჩახუტების გარეშე ვერ იძინებდა) და როგორ გაასხვისეს ის უცხო ოჯახში ისე, რომ დედა-შვილს ერთმანეთის ნახვაც კი აუკრძალეს. საბრალო დედამ არც იცის, მისი ერთადერთი შვილი როგორ იძინებს, რას ჭამს ან რა გარემოში იმყოფება.
– მიზეზი რა იყო, რატომ წაართვეს?
– არასათანადო სოციალური პირობები. სოცმუშაკმა ჩათვალა, რომ ოჯახი ვერ უზრუნველყოფდა ბავშვს სრულფასოვანი პირობებით, გამოიძახა პატრული და, დედა-შვილის წივილ-კივილის მიუხედავად, პოლიციელებმა (რომლებიც შეძრა ამ სისასტიკემ, მაგრამ იძულებულები იყვნენ, კანონი აღესრულებინათ) ისტერიკაში მყოფი 3 წლის ნიკოლოზი ძალით გაამწესეს სპეციალურ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ერთ–ერთ ოჯახში, რომელიც ბავშვის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოსგან ყოველთვიურად მიიღებს დაფინანსებას. თუ სახელმწიფოს ამ პროგრამაში ჩართული ოჯახების დაფინანსების საშუალება აქვს, მაშინ უშუალოდ ამ ბავშვების მშობლებს დაეხმაროს, რათა საკუთარ ოჯახურ გარემოში ჰქონდეთ უზრუნველყოფილი გარემო, რაღა პოლიციის ძალით აშორებენ შვილებს მშობლებს და უნგრევენ ფაქიზ ფსიქიკას?! თუმცა, როგორც ჩანს, ეს ყოველივე სხვა მიზანს ემსახურება და ჩვენ უკვე დავრწმუნდით არაერთხელ, რომ ამ (გამორჩეულად ლამაზი და ჯანმრთელი) ბავშვების ოჯახებისთვის წართმევა არის მავანთა ინტერესში.
– ვის ინტერესში შეიძლება იყოს ეს?
– ალბათ, მათ ინტერესში, ვინც ამ ბავშვებით ვაჭრობს… სხვთა შორის, პირველი სოცმუშაკი, რომელიც მივიდა იმ ოჯახში და ნახა, როგორ ეხუტებოდა ჩვილი დედას და არ შორდებოდა, თქვა: გამორიცხულია, ამ ბავშვს ოჯახიდან ვერ წავიყვანო. ამის გამო ის სამსახურიდან მეორე დღესვე გაათავისუფლეს და მიიღეს ახალი, ცივსისხლიანი ზონდერი, რომელმაც პატრულის დახმარებით ბავშვი წივილ–კივილით გამოჰგლიჯა დედას ხელიდან. აი, ასეთი 200 ზონდერის შერჩევითა და გაწვრთნით არის დაკავებული დღეს ხელისუფლება. ეს არის ტრაგედია, ეს არის იუვენალური ფაშიზმი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როდესაც სათავეში მოვა ეროვნული ხელისუფლება, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ზონდერმა სოცმუშაკებმა კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი!
რაც შეეხება ქალბატონ სოფიო კილაძეს, რომელსაც თურმე ღამე არ სძინავს ბავშვთა მდგომარეობაზე ფიქრით, სჯობს, თავის დანგრეულ ოჯახსა და შვილებს მიხედოს, მეტის თქმისგან ამჯერად თავს შევიკავებ… ვის შვილებსა და ოჯახებზე საუბრობენ ეს გრანტებსა და თანამდებობებზე გაყიდული მონები?!
საზოგადოება ფეხზე უნდა დადგეს, რათა აუცილებლად დავუბრუნოთ პატარა ანგელოზი დედის კალთას. თუმცა, არა მხოლოდ ერთეულ შემთხვევებზეა საჭირო რეაგირება, არამედ იუვენალური ფაშიზმი სრულიად უნდა აღვგავოთ ჩვენი ქვეყნიდან. ამის დამკანონებელნი და განმახორციელებელნი _ ყველანი უნდა ვცნოთ დამნაშავედ, იქნება ეს “სოცმუშაკი”, ოფიცერი თუ პარლამენტარი, რომელმაც ამ ფაშიზმის კენჭისყრისას თვალი დახუჭა ან, მით უმეტეს, ხმა მისცა.
– “ბავშვის უფლებათა კოდექსის” კვალდაკვალ ბოლო პერიოდში გახშირდა შვილების მიერ მშობლების სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის ფაქტები. იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც შვილიშვილმა 80 წლის ბაბუას უჩივლა ელემენტარული შეინიშვნისა თუ აკრძალვის გამო; 14 წლის მოზარდმა ბაბუა და ბიძა დააჭერინა… რა არის საჭირო იმისთვის, რომ საზოგადოება დაირაზმოს ამ ტერორის წინააღმდეგ და პოლიტიკურ სპექტრს, განსაკუთრებით ხელისუფლებას აგრძნობინოს თუნდაც პოლიტიკური საფრთხე, რომელიც მას ამ ყველაფრის გამო ელოდება?
– რა გითხრათ, ვისურვებ, რომ ჩვენი საზოგადოება მოწოდების სიმაღლეზე იდგეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის. ჩვენ საზოგადოებად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ერად ვერ ჩამოვყალიბდით, რისი ნიშანიც არის ის, რომ სულ ველით და ვოცნებობთ, სხვა როდის გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს. არადა, პირიქითაა _ “სხვა” მუდმივად ჩვენ საწინააღმდეგოდ მოქმედებს. რაც შეეხება შვილების მიერ მშობლების პასუხისგებაში მიცემის ფაქტებს, ნელ–ნელა ვიღებთ თანამედროვე პავლიკ მოროზოვების თაობას. ციხეებში უკვე მომრავლდა ოჯახის წევრების მიერ დასმენილი პატიმრები. სასამართლოს ყველაზე მეტი გამამტყუნებელი განაჩენი ე.წ. ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულთა მიმართ გამოაქვს. როგორ უნდა განვითარდეს მოზარდი სრულფასოვნად, როდესაც მამა, დედა ან დედმამიშვილი დაასმინა პოლიციაში ან, მით უმეტეს, დააჭერინა?! ხვდებით ახლა, რა საზოგადოებას აშენებს ჩვენი “დემოკრატიული” ხელისუფლება?! აქვე მინდა, მოკლედ გამოვეხმაურო ნიჰილისტურად განწყობილ ადამიანებს, რომლებიც ზოგი საკუთარი უსუსურობითა და სიზარმაცით, ზოგიც შეგნებულად და სხვათა დავალებით წერენ სოციალურ ქსელებში, რომ არაფერს აღარ აქვს აზრი, რომ არჩევნები მაინც გაყალბდება, წინ უარესი გველის და ა.შ.
ჯერ ერთი ამ პესიმიზმით ისინი სხვასაც აავადებენ და ამით, პრაქტიკულად, “ლიბერალების” საქმე კეთდება; მეორე _ ჩვენც ვიცით, რომ არჩევნებში გაყალბების დიდი ალბათობაა, მაგრამ განა სხვა გზა დღევანდელ ვითარებაში არსებობს?! 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის შეგროვებული პოლიტაჯაფსანდალის მოსაყვანად რომ გადავდეთ თავი და ვიბრძოლეთ, მაშინ არ იყო გაყალბების დიდი ალბათობა? თუ მიშას დემოკრატიის იმედი ჰქონდა ზოგიერთს? როგორც უნდა სდომოდათ სააკაშვილსა და მის უცხოელ ლობისტებს არჩევნების გაყალბება, ისინი დარწმუნდნენ, რომ ამას ქართველი ხალხი არ შეეგუებოდა, ამიტომაც გაუწიეს ანგარიში ერისა და ბერის ერთობას. დღეს უფრო მეტად გვმართებს მობილიზება, რადგან ყველა მიხვდა, რომ “ოცნებაც” და “ნაცმოძრაობაც” გარედან მართული ერთი სისტემის ორი მხარე ყოფილა, რომლებისგანაც აუცილებლად უნდა გავთავისუფლდეთ. არ დავიზაროთ და თუნდაც ქართველობის 1% (30 ათასი კაცი) მაინც დავდგეთ ღირსეულად. რასაც გააყალბებენ, მაგასაც ვანახვებთ!
უიმედო და ხელჩაქნეული საზოგადოება საუკეთესო ნიადაგია ლიბერალური ფაშიზმისთვის, რაც, სამწუხაროდ, უკვე სამი ათწლეულია, ფეხს იკიდებს საქართველოში. ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია, რაც შეიძლება მეტი ეროვნულ-ეკლესიური ადამიანი შევიდეს პარლამენტში.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია
გაზიარება: