ლევან ჩაჩუა: ქართველი ერი ფესვებმოწყვეტილ, მდაბალ ვნებებს დამონებულ აღვირახსნილ მასად უნდათ, რომ აქციონ

საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება “ქართული იდეის” თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა.

– ბატონო ლევან, 1 ივნისიდან „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ოფიციალურად ამოქმედდა, თუმცა მედიაში ამაზე ყურადღება არ მახვილდება. როგორ ფიქრობთ, რას მოიტანს რეალობაში ეს კანონი?
– მარტივად და მოკლედ ვიტყვი იმას, რაც ადრეც არაერთხელ მითქვამს, ეს არის თავის დროზე პირდაპირ, გააზრებულად და მიზანმიმართულად შემუშავებული ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი, რომელსაც პოლიტიკურმა მოძალადეებმა კანონი დაარქვეს. მთავარი ირონია და ტრაგი-კომიზმი ამ პროცესში ის იყო, რომ კანონი მიიღეს დემოკრატიის სახელით მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ. გახსოვთ ალბათ, მაშინ, როცა პარლამენტში კენჭისყრა მიდიოდა, გარეთ იმართებოდა მრავალათასიანი მიტინგი, თუმცა ხელისუფლებისთვის ამას ხელი არ შეუშლია, იმიტომ რომ მათთვის გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიში უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ხალხის აზრი. შეგახსენებთ, რომ კანონის მიღებას წინ უსწრებდა გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF-ის მიერ გამოქვეყნებული ვრცელი კვლევა, სადაც ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ მშობლები გაგებით უნდა მოეკიდონ შვილების ნებისმიერ ქცევას, თუ გატაცებას მოზარდობის ასაკში; მათ შორის, გარეგნობის უჩვეულოდ შეცვლას, სასიყვარულო ურთიერთობებს, თამბაქოს, ალკოჰოლის, ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას და ა.შ…
ამ კანონით ხდება ბავშვების დაპირისპირება უფროს თაობასთან. გარდატეხის და მოზარდობის ასაკში მყოფ შვილებს უპირისპირებენ მშობლებს და კანონით წახალისებულებს “ათავისუფლებენ” ისეთი ტრადიციულ-კულტურული ზეგავლენისგან, რაც ახალგაზრდობის ლიბერალური ზომბირების მთავარ შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენს. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის პირდაპირ, შავით თეთრზე გაწერილი გეგმა, როგორ და რა ფორმით უნდა მიეცნენ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მშობლები, რომლებიც გაბედავენ და შეეცდებიან შვილებზე თავსმოხვეული ლიბერასტული იდეოლოგიური ზეგავლენის შეწინააღმდეგებას. ხელისუფლებამ და მართულმა მედიამ წარმატებით მოახერხეს საზოგადოებისთვის დაევიწყებინათ მსგავსი თემები ე.წ. გავრილოვის პროვოკაციით და შემდეგ კი – კორონავირუსით, რითაც საერთოდ გადაფარეს ყველა ძირითადი პრობლემატური საკითხები. ხელისუფლების და კოჰაბიტირებული ოპოზიციის „ლიბერალური“ მედია ყველანაირად ცდილობს საზოგადოებას ეპიდემიის გარდა სხვა საკითხზე ფიქრის საშუალება არ მისცეს. მუდმივად ვხედავთ პოლიტიკური კინკლაობის სპექტაკლს ორ ძალას შორის, რომელსაც ყველამ ვიცით, რომ ერთი რეჟისორი ჰყავს. ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ ადამიანებმა რეალური პრობლემების გააზრება და დანახვა ვეღარ მოახერხონ. არადა ძალიან მალე სავალალო რეალობის წინაშე დავდგებით, რომელსაც თითოეული ოჯახი და მშობელი საკუთარ თავზე იგრძნობს…
– მოდი, უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ, რა ფორმით შეეხება ეს კანონი ოჯახებს? რა იქნება მისი ყველაზე ხილული და თვალშისაცემი უარყოფითი მხარე, რომელსაც ჩვეულებრივი ქართული, ტრადიციული ოჯახი პირისპირ შეეჯახება?
– თვითონ დასავლური, განსაკუთრებით ევროპული პრაქტიკაა ამის ნათელი დასტური. დღევანდელ გერმანიაში, ჰოლანდიაში, შვედეთში (უკვე რუსეთშიც დაიწყეს) ყოველწლიურად სოციალურ მუშაკებს ათასობით ბავშვი გამოყავთ ოჯახებიდან იმის გამო, რომ თურმე მათზე მშობლები ძალადობენ; და იცით, რა შეიძლება ჩაითვალოს ძალადობად? მაგალითად ის, რომ მშობელმა მოზარდ შვილს ალკოჰოლის, ან თამბაქოს მოხმარება აუკრძალოს, არ გაუშვას ღამის ბარში, შენიშვნა მისცეს უმსგავსო გარეგნული იერის გამო (ჩაცმულობა, ვარცხნილობა, ტატუები…) გააკონტროლოს მისი პირადი სივრცე და ა.შ. აი, ამ პრაქტიკას ნერგავენ აქაც და ამაზეა ეს ყველაფერი გათვლილი.
ჩვენ მივიღებთ თანამედროვე ,,პავლიკ მოროზოვების”თაობას! სახელმწიფოსგან სრული ,,თავისუფლებით” (სინამდვილეში აღვირახსნილობით) წახალისებული ასობით ბავშვი ელემენტარული შეზღუდვის გამოც კი დაასმენს და „სამართლებრივ“ პასუხისგებაში მიაცემინებს საკუთარ მშობლებს. ეს არ არის ვინმეს ფანტაზიის ნაყოფი და თქვენ ნახავთ ამ კანონის ამოქმედებიდან სულ რამდენიმე თვეში უმძიმესი სტატისტიკა გვექნება, ისეთივე, როგორიც ქვეყანამ ე.წ. ოჯახური ძალადობის შესახებ კანონის ამოქმედებიდან უმოკლეს დროში მიიღო, როცა აბსურდული მიზეზებით ციხეები გადავსებულია ცოლების მიერ დასმენილი მეუღლეებით. სტატისტიკურად, ყველაზე მეტი გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლო მართულ სისტემას სწორედ ე.წ. ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულების მიმართ გამოაქვს. ცოლთან, ან ოჯახის სხვა წევრთან ელემენტარული შელაპარაკების, ან ხმის აწევის გამოც კი უკვე მრავალი ადამიანი გამოკეტეს ციხეში. აქ არ არის საუბარი ცალკეულ შემთხვევებზე, როცა ლოთმა, ან ნარკომანმა ცოლი სცემა, დაასახიჩრა, ან მოკლა. ასეთი ქმედება კანონით ისედაც დასჯადია და სულაც არ არის საჭირო ოჯახის დამანგრეველი კანონის გამოყენება. ოჯახის გარეთ რომ ჩაიდინოს ვინმემ ძალადობა, პასუხს არ აგებს?! მაგრამ აშკარაა, რომ ყველანაირად ხელშეწყობილი და წახალისებულია ცოლის მიერ ქმარის, დის მიერ ძმის, შვილის მიერ მშობლის დასმენა ელემენტარული ოჯახური უთანხმოებისას. როგორ ფიქრობთ, ციხიდან დაბრუნებული ქმარი (მამა) დაუბრკოლებლად შეძლებს იმ ოჯახში დაბრუნებას და ჩვეულებრივ ცხოვრებას, საიდანაც ციხეში გაამწესეს?! ეს კანონი და მისი მთელი სიმძლავრით ამოქმედება ხომ პირდაპირ ოჯახების ნგრევაზე და განადგურებაზეა მიმართული?!
ან, რა ფსიქიკა ჩამოუყალიბდება და როგორ შეძლებს სრულფასოვან განვითარებას მოზარდი, რომელმაც საკუთარ მამას, დედას, ან დედმამიშვილს პოლიციაში უჩივლა და ციხეში გაამწესებინა?! ხვდებით რა საზოგადოებას აშენებს ჩვენი დემოკრატიული ხელისუფლება?!
ოჯახების დანგრევის ხელშეწყობით და მოზარდების გათავხედებით ქართველი ერი ფესვებსმოწყვეტილ, ამორფულ, ვნებებს დამონებულ აღვირახსნილ ამორფულ მასად უნდათ აქციონ. ასეთი საზოგადოების მართვას მერე რაღა შეუშლის ხელს?! სწორედ ამიტომ მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა ეკლესიის და ოჯახის, როგორც ძლიერი საზოგადოების ქვაკუთხედის წინააღმდეგ.
– ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი სოფო კილაძე და სხვები დემაგოგიას უწოდებენ კონსერვატული ფლანგიდან გაკეტებულ განცხადებებს, რომ ეს კანონი ოჯახების დანგრევისკენ, ტრადიციული ქართული ღირებულებების მოშლისკენ მიმართული ნაბიჯია. რას უპასუხებთ მათ?
– პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ეს კანონი ე.წ. სოციალურ მუშაკს უფლებას აძლევს, ბავშვი ოჯახიდან გამოიყვანოს არა მხოლოდ „ძალადობის“ შემთხვევაში, არამედ „არადამაკმაყოფილებელი სოციალური“ მდგომარეობის მოტივითაც. ვთქვათ, რომელიმე ოჯახის შემთხვევაში „სოცმუშაკი“ ჩათვლის, რომ მშობლებს არ აქვთ ბავშვის გასაზრდელად სრულფასოვანი პირობები, მას უბრალოდ შვილს წაართმევენ. ახლა წარმოიდგინეთ, რა ხდება: მოდის დატრენინგებული სოცაგენტი, რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენს, ათვალიერებს სახლს და გეუბნებათ, რომ თქვენ არ გაქვთ სათანადო სოციალური პირობები ბავშვი ნორმალურად გასაზრდელად… ამის შემდეგ საქმეში ერთვება სახელწიფო ძალადობრივი მანქანა, ბავშვს (ბავშვებს) იძულებით ჩამოართმევენ ოჯახს და გადასცემენ სპეციალურ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ რომელიმე ოჯახს, რომელსაც ბავშვისთვის აუცილებელი თანხები ჩაერიცხება. ჩვენ ადრეც ვამბობდით და ახლაც ვიმეორებ: თუ სახელმწიფოს აქვს საშუალება და აფინანსებს ამ პროგრამაში ჩართულ ოჯახებს, მაშინ პირდაპირ მშობლებს დაეხმაროს, რომ შვილებს საკუთარ ოჯახურ გარემოში, მშობლებთან და და-ძმებთან ერთად ჰქონდეთ უზრუნველყოფილი სოციალური გარემო, რაღა პოლიცია-მილიციის ძალით უნდა დააცალკეონ შვილები დედ-მამას და მისცენ სხვას?! ოჯახები, რომლებიც დაფინანსების გამო არიან ჩართულნი ასეთ პროგრამაში, განა მშობლებზე უკეთ შეძლებენ ბავშვების აღზრდას და შეუქმნიან იმ მზრუნველ და სიყვარულით სავსე აუცილებელ გარემოს, რასაც ასე საჭიროებს ბავშვის ფაქიზი ფსიქიკა?! რა თქმა უნდა – არა!
– ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ გამოსავალს რაში ხედავთ? როგორ ფიქრობთ, როგორ და რა ფორმით შეიძლება, საზოგადოებამ დაიცვას ამ შემთხვევაში საკუთარი ინტერსები?
– არსებობს ერთადერთი გამოსავალი: ვისთვისაც ეკლესია და ოჯახი ძვირფასია – უნდა გაერთიანდეს! მხოლოდ ქრისტეში ერთობით შეკავშირებული ერი შეძლებს ბავშვთა გამრყვნელი კოდექსის გაუქმებას; ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონის, მიწების უცხოელებზე გასხვისების, ნარკოტიკების ლეგალიზაციის და სხვა მრავალი თავსმოხვეული ლიბერალური დღის წესრიგის შეცვლას. როცა ერთიანობაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ რეალურ, ქმედით ერთობას და არა იმას, რომ იდეოლოგიურად ყველა ერთ აზრზე ვიყოთ და მხოლოდ ფეისბუკში ვამტკიცოთ ეკლესიის ერთგულება და სამშობლოს სიყვარული.
სულ ხშირად გაისმის გაცვეთილ ფრაზა: ლიდერი გვინდა, ლიდერი, რომელიც გამოგვიხსნის!..
მონას და მხოლოდ მონას ეჩვენება, რომ სხვა გააკეთეს მის გასაკეთებელს და თავადაც ეშველება…
როცა ყველა ვილოცებთ, ვიშრომებთ და ვიბრძოლებთ, როცა გააზრებულად გაჩნდება მოთხოვნა პოლიტიკურ ლიდერებზე და არა ერთ რომელიმე ბელადზე, მაშინ ლიდერებიც გამოჩნდებიან და საქმეც გაკეთდება! მადლობა უფალს. ჯერ კიდევ არის საქართველოში ინტელექტუალური, სამეცნიერო და ადამიანური რესურსი, რომ ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ. აქ თუ ვერ ვნახავთ რომელიმე დარგის სპეციალისტს, ემიგრაციიდან გამოვიხმობთ, ბევრი კომპეტენტური მამულიშვილი დაბრუნდება და საკუთარ სახელმწიფოს მოახმარს უცხოეთში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.
ასე, რომ ყველაფერი ჩვენს ძალისხმევაზე და შემართებაზეა დამოკიდებული.
პავლე მოციქული მოგვიწოდებს: “ნუ მცონარე ხართ; სულითა მდუღარე იყვენით” – რომ.(12,11)

ესაუბრა ჯაბა ჟვანია
Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
გაზიარება: