შეწყალების აქტს როგორც კი ხელს მოაწერ, შენი პოლიტპატიმრობა იქვე დამთავრებულია!

“ახლი თაობა” ესაუბრა მოძრაობა “ქართული იდეის” ლიდერ ლევან ჩაჩუას

– ხელისუფლების ინიციატივით, კანონმდებლობაში შედის დამატებები, რომლის თანახმად, მთავრობას პარლამენტის თანხმობის გარეშე ექნება უფლება გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის სხვადასხვა ლოკაციაზე. რისთვის სჭირდება ხელისუფლებას ასეთი წესები?
– თავის გადასარჩენად და პროტესტის ჩასახშობად.
ხელისუფლებას ხალხის აბუნტების ეშინია, რადგან იცის, რომ მის მიმართ უკმაყოფილება ძალიან გაიზარდა.
2012 წლიდან გაცემულ შეუსრულებელ დაპირებებს და ნაცმოძრაობასთან კოჰაბიტაციას, ბოლო დროს დაემატა ხალხის უდიდესი ნაწილის უმძიმესი სოციალური მდგომარეობა და ადამიანების შინ გამოკეტვა. “ქართულმა ოცნებამ” ეს არ გვაკმარა და ციხიდან გამოუშვა ადამიანები, რომლებზეც ახლაც ამბობს, რომ დამნაშავეები არიან. ადამიანები მშივრები არიან. შესაძლებელია ზაფხულში, ან შემოდგომაზე უკმაყოფილებამ პიკს მიაღწიოს და ჩვენ გავხდეთ სოციალური აფეთქების შემსწრე. ალბათ, ეს სპონტანური პროტესტი იქნება. დესტაბილიზაცია არ მახარებს, მაგრამ შეიძლება უკმაყოფილო ხალხმა მეტი ვეღარ მოითმინოს.
– თუ შეკრება აკრძალული იქნება?
– სტიქიურ პროტესტს აკრძალვები და რეგულაციები ვერ გააჩერებს. შეზღუდვები ამ პოლიტ-ელიტას ვერ უშველის. პოლიტელიტაში მარტო “ქართულ ოცნებას” არ ვგულისხმობ. ვსაუბრობ ასევე ნაციონალურ მოძრაობაზე, რომელიც ფაქტობრივად შეზრდილია “ოცნებასთან”, განსაკუთრებით ხელისუფლების სოროსულ-ლიბერალურ ფრთასთან, რომელიც ივანიშვილმა დასავლეთის ზეწოლით ისე აღაზევა, რომ არათუ ოცნების ერთგულ მომხრეებში, უკვე პარტიის შიგნითაც კი დიდ უკმაყოფილებას იწვევს .
როცა ადამიანი თან მშიერია, თან უსამართლობას ხედავს და უკვე სულშიც აფურთხებენ, ის ვერ მოითმენს, აბუნტდება და ეს იქნება ბოლო აკორდი ერთმანეთთან გარიგებული “ქართული ოცნებისა” და ყველა ფლანგის ნაციონალური მოძრაობისათვის.
– მმართველი პარტია იმედოვნებს, რომ მას არჩევნებზე ექნება მხარდაჭერა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების, ასევე იმ მოქალაქეებისაგან, რომლებსაც დაურიგდებათ თვეში 200 ლარი (ჯამში 1 200 ლარი) და ერთჯერადად 300 ლარი.
– ვისაც ვიცნობ, ვისთანაც რაიმე შეხება მაქვს, არავინ ამ კომპენსაციას არ იღებს. ყველა მათგანი დააზარალა საგანგებო მდგომარეობამ და უსაშველოდ გაზრდილმა ფასებმა. შეზღუდვებმა, მათ შორის, კომენდანტის საათმა დიდი დარტყმა მიაყენა სოფლის მეურნეობას. ხელისუფლებამ არც თვითონ იფიქრა აგრარულ სექტორზე და მომავალში სურსათით მომარაგებაზე და ცალკეულ ადამიანებსაც მოუსპო იმის საშუალება, თვითონ მოეპოვებინათ სარჩო-საბადებელი საკუთარ მიწაზე.
– მთავრობა ფერმერებსაც დაეხმარა.
– დიახ, მაგრამ რაღა დროს?! მაისის ბოლოს ფერემერებისთვის გაცემული დახმარებით საკოლმეურნეო ბაზრები ვერ შეივსება. მსოფლიოში მოსალოდნელია შიმშილი. ამაზე უცხოელი სპეციალისტებიც ლაპარაკობენ. ყველა ქვეყანა საკუთარ თავზე ზრუნავს. მათ შორის, ჩვენთვის მარცვლეულის მომწოდებლები – რუსეთი და ყაზახეთი. შეიძლება ფერმერებს საოფლო-სამეურნეო 200-ლარიანი ბარათი კარგ გუნებაზე აყენებს, მაგრამ ხელისუფლებას ხვნა-თესვაზე და მოსავლის მიღებაზე დროულად უნდა ეფიქრა. საერთოდ, ეს ერთჯერადი დახმარებები პიარ-აქციების სახეს უფრო ატარებს, ვიდრე შედეგზე ორიენტირებულ ნაბიჯებს.
– რომელი ერთჯერადი დახმარებები?
– ყველა – კომპენსაციებით დაწყებული, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სეგმენტების მცირე დაფინანსებით დამთავრებული. ტურიზმი საქართველოში საერთოდ არასწორად ესმით.
– ტურიზმს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია
– რასაკვირველია, ესეც არ არის სწორი. მე ქართული ტურიზმის მანკიერებაზე უფრო ვსაუბრობ. სხვა ქვეყნებში ტურიზმი და დასასვენებელი ინდუსტრია ჯანსაღ მიმართულებებს ეყრდნობა. საქართველოში ტურიზმი ფაქტობრივად არის ბორდელის ტიპის სასტუმროების, ღამის ბარების, გეი-კლუბების, საუნებისა და კაზინოების ქსელი. ის, რაც ჩვენი რეგიონის ქვეყნებში აკრძალულია. საქართველო იქცა სათამაშო ბიზნესის, ნარკო და სექს ტურიზმის რეგიონალურ დერეფნად. არადა, საქართველო ყოველთვის იყო რეგიონის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი.
ტურიზმი იტალიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში უმაღლეს დონეზეა განვითარებული და მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებს ყოველწლიურად ათობით მილიონი ტურისტი სტუმრობს, მათი ეკონომიკა მაინც დაბალ დონეზეა ევროპაში. ჩვენს შემთხვევაში კი ტურიზმზე აქცენტის გაკეთება პირდაპირ კავშირშია ზემოხსენებულ ნარკო და სექსტურიზმიდან მიღებულ იმ შავ და ბინძურ ფულთან, რომელსაც მშვენივრად ინაწილებს ნაც-ქოცებით დაკომპლექტებული პოლიტიკური ელიტა.
– ხელისუფლების ბოლოდროინდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს დავუბრუნდეთ. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, “ქართული ოცნების” აქტივმა ხელი მიჰყო სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას. შემდეგ აღიარეს, რომ საქმის კურსში იყვნენ.
– ფაქტია, რომ ეს გადაწყვეტილება გარედან იყო ნაკარნახევი, რაც, სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დაბალ ხარისხზე მეტყველებს. ამ აქტმა უდიდესი აღშფოთება გამოიწვია თავად ქართული ოცნების მომხრეებშიც. სოციალური ქსელი ხელისუფლების მიმართ ნეგატივით გაივსო. ამ ხალხზე ტერმინი “პოლიტპატიმარი” კი საკმაოდ ცინიკურად ჟღერს.
– რატომ? ეს პოლიტიკოსები მათი აქტიურობის პერიოდში დააკავეს.
– მერე რა? ისინი პოლიტპატიმრები არ არიან. მათ ხელი მოაწერეს შეწყალების აქტს. ამას ვაცხადებ, როგორც პარლამენტის მიერ აღიარებული პოლიტპატიმარი.
– ამ ადამიანებს პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავთ.
– ამას მნიშვნელობა არა აქვს. გამოშვების წინ მათ ხელი მოაწერეს აქტს შეწყალების შესახებ. ეს ნიშნავს დანაშაულის აღიარებას. 2012 წელს სააკაშვილის პროკურატურამ ორჯერ შემომთავაზა პრეზიდენტის შეწყალების აქტზე ხელის მოწერა. რა თქმა უნდა, არ დავთანხმდი. მეორედ უკვე აღიარების გარეშე მპირდებოდნენ გათავისუფლებას, ოღონდ კი შეწყალების აქტზე მომეწერა ხელი – რა თქმა უნდა იტყუებოდნენ, მათი მიზანი იყო როგორმე დავეყოლიებინე, რომ შემდგომში წამოეძახებინათ, ნაპატიები ხარ და ბევრს ნუ ლაპარაკობო!
შეწყალების აქტს როგორც კი ხელს მოაწერ, შენი პოლიტპატიმრობა იქვე დამთავრებულია!
ასე რომ, ძალიან ნუ იჯგიმებიან და თავს გმირებად ნუ წარმოგვიჩენენ.
– ყველა მხრივ მძიმე სიტუაციაა ქვეყანაში?
– ვითარება ძალიან მძიმეა, განსაკუთრებით სულიერ-ზნეობრივი და სოციალური თვალსაზრისით. გამოსავალი ერთადერთია -ეროვნულად მოაზროვნე ძალების გაერთიანება. სხვანაირად, ამ მანკიერ სისტემას ვერ მოვერევით. ამას ვერ მოახერეხებს ცალკე აღებული ვერცერთი პარტია, ბიზნესმენი, თუ საზოგადოებრივად აქტიური რომელიმე ჯგუფი. იმ დროს, როდესაც ქვეყანა ასეთ განსაცდელშია, 1%-ნი ბარიერის გადალახვის და პარლამენტში მოხვედრისთვის “ჩალიჩი” ყოვლად უღირს და მეშჩანურ საქციელად მიმაჩნია. თუ პარლამენტში ბრძოლაა საჭირო, მაშინ იქ უნდა შევიდეს ეროვნულად, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებისგან დაკომპლექტებული ანგარიშგასაწევი ძალა, რომელიც, ნაც-ქოცური კლანივით არ იქნება გარე ძალების დირექტივების ბრმა შემსრულებელი და თავს არ დაზოგავს ქართველი ერის ინტერესების გასატარებლად.
გაზიარება: