ლევან ჩაჩუა: „პოლიტიკურ კოჰაბიტაციას რელიგიურიც დაემატა”!

„ახალი თაობა“ ესაუბრა „ქართული იდეის“ ლიდერ ლევან ჩაჩუას:

– საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება უკმაყოფილებას იწვევს. უმკლავდება თუ არა ხელისუფლება საგანგებო მდგომარებას და მასთან დაკავშირებულ ამოცანებს?
– საგანგებო მდგოამრეობის გაგრძელებისას გასათვალისწინებელი იყო საზოგადოების დიდი ნაწილის უმძიმესი სოციალური მდგომარეობა. ამ მხრივ, მართლაც არსებობს პრობლემები. პირადად მომმართავს უამრავი ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ გამოუვალ მდგოამრეობაში ჩავარდა. ზოგი მათგანი ტაქსის მძღოლი იყო, ზოგი-ხელოსანი, ზოგი-მტვირთავი და ა. შ. ვიცი, რომ მწირი ბიუჯეტი გვაქვს, მაგრამ ხელისუფლება ამ ხალხს დროულად უნდა დაეხმაროს. რას ამბობს საპარლამენტო ოპოზიცია, ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ეგ ის ხალხია, რომელიც თავისი პოლიტიკური ამბიციებისთვის ყველა ხერხს, მათ შორის, ანტისახელმწიფოებრივ მეთოდებზეც წავლენ. საზოგადოების უკმაყოფილებას ანტისახელმწიფოებრივი ძალები ბოროტად გამოიყენებენ, თუ ხელისუფლებამ სწორად არ იმოქმედა.
– თუ სოციალური მიმართულებით სწორი ნაბიჯები არ გადაიდგა, შეიძლება ვითარება აირიოს?
– ცხადია. შეიძლება გულწრფელად გამწარებული და მშიერი ხალხი ქუჩაში გამოვიდეს. ამით ის კატეგორია ისარგებლებს, ვისაც არაერთხელ ჩაუცია ზურგში დანა საკუთარი ქვეყნისათვის. ისინი არც ახლა იტყვიან უარს დესტაბილიზაციის მცდელობაზე. ხალხი თუ გამოვიდა, მისთვის ქოცი და ნაცი ერთი და იგივე იქნება. ეს რომ არ მოხდეს, მთავრობამ უნდა დადოს რეალური ანტიკრიზისული გეგმა. გეგმაში ზუსტად უნდა იყოს გაწერილი სასწრაფოდ განსახორციელებელი საკითხები და ისიც, რაც პოსტკრიზისულ დროს იქნება გასაკეთებელი. ხალხი ყველაფერს აწონ-დაწონის და გაიგებს. თორემ, ახლა რა ხდება? სახლში გამოკეტვით უამრავ მოქალაქეს ლუკმა გამოაცალეს, შვილები დაუმშიეს, ზოგიერთი პრივილეგირებული და შეძლებული პირი არც სახლში იკლებს არაფერს და მანქანის გადასაადგილებელი საშვიც უჭირავს ხელში. მთავრობამ ხალხს დროულად უნდა აღმოუჩინოს დახმარება.
– კომუნალური შეღავათები უკვე აამოქმედეს.
– 200 კილოვატ დენზე და 200 კუბამეტრ გაზზე ნაკლები უნდა დახარჯო, რომ დახმარება შეგეხოს, ეს უსამართლობაა. სახელმწიფომ ზღვრული ოდენობა ყველას უნდა დაუფაროს. ვინც ამის ზევით დახაჯავს, თავად გადაიხდის. მდიდართა რეესტრში შეყვანილებმა თავად უნდა თქვან უარი ამ დახმარებაზე. ხომ ხედავთ, როგორი ცივი ამინდებია მარტშიც და აპრილშიც, მოსახლეობა იძულებულია და დადგენილ ზღვარზე ნაკლებს ვერანაირად ვერ ხარჯავს.
– ქალაქებში ხილ-ბოსტნეულის დეფიციტია, რეგიონებში კი პროდუქცია ლპება. ამასაც უნდა მიხედვა?
– რასაკვირველია. როცა ანტიკრიზისული პროგრამა ვახსენე, ახლანდელი პერიოდიც ვიგულისხმე. მოწეული პროდუქციის გასაღება შესაძლებელია. მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ არ დარჩეს დაუმუშავებელი არც ერთი გოჯი მიწა. ფერმერებს ხვნა-თესვაშიც უნდა დაეხმარონ. ეს თუ არ გავაკეთეთ, შიმშილი გველის. უამრავი სპეციალისტი და პროფესიონალი გვყავს ამ დარგებში. მთავრობამ მათი რჩევები უნდა გაითვალისწინოს, დადოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამა! ტელეეკრანებიდან სახლში დარჩენილ ადამიანებს რჩევებს აძლევენ, ბევრი როგორ არ უნდა ჭამონ. არადა, ხალხს ცოტაც აღარ აქვს საკვებად. ასე თუ გაგრძელდა, მერე ადამიანები აღარც ინფექციონისტების დაშინებას მიაქცევენ ყურადღებას და აღარც 3 000 ლარიან ჯარიმებს! ადგებიან და ქუჩაში გამოვლენ.
– კიდევ ერთ საკითხს შევეხოთ. ყოფილი დეკანოზი ბასილ კობახიძე კათოლიკოს-პატრიარქის დაკავებას მოითხოვს. ის ამბობს, რომ საქართველოში ხდება მრევლის შეგნებულად დასნებოვნება. მისი აზრით, მღვდლები გვხოცავენ, სახელმწიფო კი არ გვიცავს.
– ამ კაცს რატომღაც სხვები დეკანოზად მოიხსენიებენ. საპატრიარქოს მიერ რამოდენიმეჯერ მიცემული გაფრთხილების შემდეგ მან თავად თქვა უარი მღვდლობაზე, გაიხადა ანაფორა და ევროპაში წავიდა. მე ვიცნობ მაგ ვასილ კობახიძეს. ის ნაციონალების ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან რამოდენიმე მოდერნისტ-ეკუმენისტ სასულიერო პირთან ერთად მოითხოვდა საპატრიარქო მმართველობის გაუქმებას, ჩვენი ღვაწლმოსილი პატრიარქის გადადგომას და საქართველოს ეკლესიის სინოდალურ მმართველობაზე გადაყვანას. სწორედ ასეთი დესტრუქციული საქმიანობისთვის იქნა ის რამოდენიმეჯერ გაფრთხილებული. სამწუხაროა, რომ მას ოცნების ზეობის პერიოდშიც ჩააცვეს ანაფორა და ეკლესიას დაუპირისპირეს.
– რას გულისხმობთ?
– პოლიტიკურ კოაბიტაციას რელიგიური დაემატა. აქამდე „ქართული ოცნება“ ნაცმოძრაობასთან პოლიტიკურად იყო კოაბიტირებული, ახლა – რელიგიურადაც აგრძელებს თანაარსებობას. ანტიეკლესიური ძალები, რომლებიც „ოცნებაშიც“ მრავლად არიან, ნაცების დროინდელ ზოდნერ-სასულიერო პირებს იყენებს. ვასილ კობახიძის გაცოცხლება ვიღაცას დასჭირდა. ხელისუფლება ეკლესიას ფარულად ებრძვის, პილატესავით ხელს იბანს პატრიარქის და სასულიერო დასის შეურაცხყოფებზე და სიტყვის თავისუფლებით იმართლებს თავს. ვასილ კობახიძე სამჯერ იწვა ფსიქიატრიულ საავადმუოფოში. მას იქ საკვებს უზიდავდნენ ჩემი ახლობელი სასულიერო პირები. სამარცხვინოა, რომ ანტიეკლესიური და ანტისახელმწიფოებრივი ჯგუფები ფსიქიკურად დაავადებულ კაცს იყენებენ. ეკლესიას ამით ვერაფერს დააკლებენ. მიუხედავად მასირებული შეტევებისა, აღდგომა მაინც ხომ ვიზეიმეთ ღირსეულად!
– თუმცა, საგანგებო მდგომარეობის პირობებში
– კი, მაგრამ ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს აღდგომის დღესასწაულის მსგავსი პრეცედენტი: დახურული იყო სამეძავო სახლები, ბორდელის ტიპის სასტუმროები, საუნები, გეი-კლუბები, ღამის ბარები, კაზინოები, ცოდვისა და გარყვნილების სხვა ობიექტები და ღია იყო მხოლოდ ტაძრები! ლიტანიობას დაესწრო მხოლოდ მორწმუნე მრევლი, რომელთა უმრავლესობამ ფეხით წვიმაში ათეულობით კილომეტრი გაიარა და გამთენიისას ისევ ფეხით დაბრუნდა სახლში. მსახურებაზე არ იდგნენ ფარისევლები, კობახიძის თანამოაზრე ეკუმენისტი ვაისასულიერო პირები და მედიის მიერ დაშინებული ხალხი. აქ არ ვგულისხმობ იმათ, ვინც ფიზიკურად, ან სხვა ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლო მსახურებაზე დასწრება.
აღდგომის მსახურება ჩვეულებრივ 3-4 საათი გრძელდება, წელს კი მორწმუნეებმა ტაძრებში 9 საათი გაატარეს – საღამოს 21-დან, დილის 6-მდე, რამაც წმ. პაისი მთაწმინდელის სიტყვები დაადასტურა – ეშმაკი თესავს, ღმერთი კი იმკისო.
ერის ასეთ ერთსულოვნებაზე, წირვა-ლოცვაზე ხშირად დასწრებაზე და სასულიერო იერარქიის სწორ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული საქართველოს მომავალი! – დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის!
მადლობა ჩვენს პატრიარქს, მადლობა მართლმკვეთელ იერარქებს, მადლობა ღირსეულ სამღვდელოებას და შეუდრეკელ მრევლს!
ქრისტე აღდგა!
გაზიარება: