ლევან ჩაჩუა: ჯანსაღ ძალებს რაც უფრო შეეწინააღმდეგებიან, მით მეტად გაშიშვლდებიან და გამოაჩენენ თავიანთ რეალურ სახეს

რა შანსები აქვს დღეს “ქართულ ოცნებას” ობიექტურ არჩევნებში, რა განაპირობებს ხელისუფლების ოპტიმიზმს არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე და რა განწყობებია მოსახლეობაში? – “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება პარტია “ქართული იდეის” თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა.
 
– ბატონო ლევან, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, “ოცნებას” მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობის უმრავლესობა დაუჭერს მხარს. როგორც თვითონ განაცხადა, ამის თქმის საფუძველს ხელისუფლების სწორი და წარმატებული პოლიტიკა აძლევს. როგორ ფიქრობთ, ადეკვატურია ეს შეფასება? აქვს კი დღეს მმართველ გუნდს ოპტიმიზმის მიზეზი, თუ არჩევნები ობიექტურად ჩატარდება?
 
– მოკლედ ვიტყვი: კობახიძე არის ნორჩი სოროსელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩასვა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. ხომ გსმენიათ, ფარა რომ შემობრუნდება, კოჭლი ცხვარი თავში მოექცევაო.
 
რაც შეეხება “ოცნების” “წარმატებულ” პოლიტიკასა და რეიტინგს, რეალობაში ხდება ის, რომ ქვეყანა განიცდის უკუსვლას, კრიზისია ყველა მიმართულებით და ამას ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე, უკვე კარგა ხანია, განიცდის საკუთარ თავზე. ამის კონკრეტული ფაქტია ის, რომ ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, ქვეყანა, ფაქტობრივად, არ აწარმოებს არაფერს და მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული; მოსახლეობის დიდი ნაწილი ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთშია გადახვეწილი და კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში სახელმწიფო ძლივს ახერხებს თავისი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას; რაიონებში გაუსაძლისი სიდუხჭირეა და მოსახლეობა ყოველწლიურად მცირდება, მრავალი სოფელი, ფაქტობრივად, გაუკაცრიელდა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მასობრივი უმუშევრობის ფონზე მოსახლეობის ნახევარს ბანკები ძარცვავს, მეორე ნახევარი კი სოციალურად დაუცველია და შიმშილის ზღვარზე იმყოფება. ადამიანები ექიმთან ვერ მიდიან და ამ ყველაფრის ფონზე ძალიან მაღალია ბავშვთა სიკვდილიანობაც. ხელისუფლების დანაშაულებრივი ლიბერალური ნარკოპოლიტიკის გამო ახალგაზრდობაში კატასტროფულად მატულობს ნარკომანია, გარყვნილება, განათლების დონე კი ისეა ხელოვნურად დაცემული, რომ, თუ ასე გაგრძელდა, ყველაზე გაუნათლებელ თაობას მივიღებთ. უცხოეთიდან მართული ტელემედია გამუდმებით თავს ესხმის ქართული სახელმწიფოს საფუძვლებს, რომელიც უნდა იდგეს რწმენაზე, ეროვნულ ღირსებასა და ზნეობაზე… არსებულ ხელისუფლებას კი არა მხოლოდ ძალა არ შესწევს ამ ყველაფრის შეჩერების, მას, უბრალოდ, ნება–სურვილიც არ აქვს. მათ მონახეს მარტივი გამოსავალი: რაც არის რეალობა, მიიღონ და გამოაცხადონ წარმატებად. სხვათა შორის, ამ პოლიტიკური პარადიგმის დეკლარირება თავის დროზე მოახდინა ბიძინა ივანიშვილმა, როცა ერთ-ერთ ეთერში პირდაპირ განაცხადა, რომ თურმე ყველაფერი კარგადაა და ხალხი ამას ვერ ხედავს. ამას იმეორებენ დღეს “ოცნების” ნორჩი ლიბერალები და ამაში გასაკვირიც არაფერია. მათ, უბრალოდ, სათქმელიც აღარ დარჩათ, იმიტომ, რომ ყველა ტყუილი და აფერა უკვე ნაცადია. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ – ეს პოლიტიკური მოცემულობა გამყარებულია იმით, რომ არ არსებობს რეალური ალტერნატიული ძალა. საკმარისია, ასპარეზზე გამოჩნდეს ეროვნულ–კონსერვატიული პოლიტიკური ბირთვი, რომელიც არსებული “ლიბერალური” დღის წესრიგის შეცვლას შესთავაზებს მოსახლეობას, რომ ამჟამინდელი სისტემის უსუსურობა და უპერსპექტივობა მაშინვე ცხადი შეიქნება…
 
– როგორ ფიქრობთ, ის პროპაგანდა, რომ თურმე ხელისუფლება ყველა დაპირებას ზედმიწევნით ასრულებს და წარმატებული პოლიტიკის გამო მას მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა აქვს, საზოგადოების რომელ ნაწილზე მოქმედებს?
 
– პოლიტიკური მოცემულობა დღეს ასეთია: არის საზოგადოების მცირე ნაწილი, რომელიც “ოცნების” პარტიულ აქტივს წარმოადგენს, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ხალხი, ადმინისტრაციული რესურსი და ა.შ. და არის, აგრეთვე, მეორე მცირე ნაწილი, რომელიც გარშემორტყმულია “ნაცმოძრაობის” ხელმძღვანელობით შეკოწიწებულ ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციაზე. ეს არის ზომბირებულთა სექტა, რომელიც ლიბერასტულ სისტემას სამარეში მიჰყვება… დანარჩენი 70-80% პროცენტი განზეა გამდგარი ერთადერთი მიზეზის გამო _ მათთვის მისაღები ძალა, უბრალოდ, არ არსებობს. ყველა ტყუილზე უკვე გამომუშავებული აქვს ერთგვარი იმუნიტეტი საზოგადოების დიდ ნაწილს, რომლის მოსყიდვა უფრო ადვილია, ვიდრე მოტყუება და ამას დიდი გულისტკივილით აღვნიშნავ…
 
ასე რომ, არანაირი პოლიტიკური ან სოციალური ზემოქმედების ძალა კობახიძისნაირი ფიგურების ცრუპენტელობას არ აქვს. კობახიძე, კიდევ ვიმეორებ, არის დრომოჭმული “ლიბერალური” დღის წესრიგის ნორჩი წარმომადგენელი, რომლის ოპტიმიზმის ერთადერთი საფუძველი არის ბოლომდე გამარგინალებული 30 პარტიისგან შეკოწიწებული პოლიტიკური ბალასტი და ბიძინა ივანიშვილის ფინანსური რესურსი. ეს დაჭაობებული სისტემა ხუხულასავით ჩამოიშლება, თუკი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდება გაყიდული მედიის მიერ გაპიარებული პოლიტელიტის რეალური ალტერნატივა…
 
– თუ არ ან ვერ ჩამოყალიბდება ასეთი ალტერნატივა, რა მოხდება?
 
– ასეთ შემთხვევაში მიმდინარე პოლიტიკური მასკარადი ჩვეულებრივად გაგრძელდება, “ნაცები” და “ქოცები” ისევ გაიყოფენ ხმებს, მათ შორის, არჩევნებზე არმისული ხალხის ხმებსაც და, მოგვწონს თუ არა, კიდევ ოთხი წლით მოგვიწევს ამ სამარცხვინო კლოუნადის ყურება, რომელიც ბოლომდე დაანგრევს ქვეყნის ღირსეული განვითარებისთვის აუცილებელ სახელმწიფოებრივ საფუძვლებს. მერე გამოვა კობახიძე, თალაკვაძე ან ბოკერია (გვარებს მნიშვნელობა არ აქვს) და გაბადრული, გაცისკროვნებული სახით გვეტყვის, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია. აი, ეს არის ჩვენი მომავალი, თუ ეროვნულ-პოლიტიკურ ძალთა ერთობა არ შეიქმნება. ასე რომ, გამოსავალი მარტივია: ყველამ, ვისაც ამ ქვეყანაზე გული შესტკივა, განზე უნდა გადადოს პირადი ამბიციები, დაივიწყოს წყენა და გაერთიანდეს. დღეს ერთმანეთში კინკლაობის დრო ნამდვილად არ არის, იმიტომ, რომ ახლა გვყავს ყველაზე საშიში მტერი, რომელსაც, როცა დასჭირდებათ, “ეროვნულადაც” შეფუთავენ და “ეკლესიურადაც” _ სააღდგომო წირვაზე ტელეკამერების წინ გამოჭიმავენ, ხოლო, როცა სასურველ შედეგს მიაღწევენ, ეს ყველაფერი სასაცილოდ არ ეყოფათ. რაც შეეხება ხელისუფლების რეიტინგს, ერთ რამეში ვარ დარწმუნებული: ქვეყანა, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა გულგრილად ადევნებს თვალყურს საკუთარი სახელმწიფოს ნგრევის შეუქცევად პროცესს, ხოლო ნაწილი მხარს უჭერს ლიბერასტულ სისტემას, განწირულია! განწირულია იმიტომ, რომ ეს უკვე თავისთავად ნიშნავს მწვანე შუქის ანთებას რიგი უზნეო და უღმერთო საკანონმდებლო სტანდარტების დანერგვისთვის.
 
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არჩევანის გაკეთება იმ პრინციპით, რომ, ამას თუ არ ავირჩევთ, უარესი მოვა. არ არსებობს უარესი და უფრო უარესი, არსებობს ბოროტი ან კეთილმსახური ხელისუფლება. სისტემა, რომელიც ლიბერასტული ინტერნაციონალის კარნახით იმართება, აუცილებლად უგულებელყოფს ქართველი ერის ნება–სურვილს და ყოველთვის გაატარებს ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკას.
 
– პოლიტიკური ალტერნატივა ახსენეთ და თქვით, რომ, თუ ახალი რეალური ეროვნული ძალა ჩამოყალიბდება, მოსახლეობის უმრავლესობა მას დაუჭერს მხარს. როგორ ფიქრობთ, დღევანდელ ვითარებაში არსებობს მსგავსი ძალის ჩამოყალიბების პერსპექტივა?
 
– სრულიად რეალური და შესაძლებელია. მეგობრებსა და თანამოაზრეებთან ერთად ვაწარმოებ აქტიურ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ჯგუფთან, საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანებთან, მეცნიერებთან, რათა მოხდეს დიდი პოლიტიკური ბირთვის ჩამოყალიბება. სხვა გზასა და გამოსავალს მე, უბრალოდ, ვერ ვხედავ, თუმცა ჩვენ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი მსგავსი ინიციატივა, რომელსაც არსებული “ლიბერალური” დღის წესრიგი საფრთხედ მიიღებს, ძალიან დიდ წინააღმდეგობას შეხვდება…
 
– რას გულისხმობთ?
 
– ვგულისხმობ იმას, რომ იქნება ცილისწამებები, უსაფუძვლო ბრალდებები და ათასგვარი ბინძური პროპაგანდა, რომელიც რეალურად ეროვნულ-კონსერვატიული ძალების დისკრედიტაციას დაისახავს მიზნად, მაგრამ ჩვენ ამის არ უნდა შეგვეშინდეს. ახლა მერყეობისა და განზე გადგომის უფლება არ გვაქვს _ პირიქით, რაც უფრო იმოქმედებენ ჯანსაღ ძალებზე, მით მეტად დაჭაობდებიან, გაშიშვლდებიან და დაანახვებენ საზოგადოებას რეალურ სახეს. აი, ეს იქნება ზუსტად მათი პოლიტიკური აღსასრულის დასაწყისი. ჩვენ დავინახავთ, რომ ძალიან მალე საქართველოში ძირფესვიანად შეიცვლება სისტემა და ამის შემდეგ უკვე გარედან მართული ანტიეროვნული, ანტიმართლმადიდებლური ძალები ვერასოდეს ვერ შეძლებენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. თუმცა, კვლავაც ვიმეორებ, ეს არ არის შეუქცევადი პროცესი რომელიც თავისთავად მოხდება და ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. არა, ეს ჩვენი გასაკეთებელია, ძალიან დიდი ძალისხმევისა და რისკის ფასად.
 
ესაუბრა ჯაბა ჟვანია
Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
გაზიარება: