ინტერვიუ ლევან ჩაჩუასთან მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე

„ახალი თაობა“ ესაუბრა ლევან ჩაჩუას:

– ოპოზიციური სპექტრი მოზომილად და დიპლომატიურად გამოხმაურა მიხეილ სააკაშვილის ანონსს იმის შესახებ, რომ იგი მარტიდან დისტანციურად უფრო აქტიურად ერთვება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და თავის მიერ შექმნულ ბიბლიოთეკაში შტაბს ქმნის. გავრცელებული ინფორმაციით, ნაცმოძრაობის თავმჯდომარეობიდან მიდის გრიგოლ ვაშაძე. რა პროცესები მიმდინარეობს?

– გრიგოლ ვაშაძე ნაცმოძრაობის ფიქტიური თავმჯდომარეა. ნაციონალური მოძრაობის ნამდვილი ლიდერი ყოველთვის იყო სააკაშვილი, ხოლო „ქართული ოცნებისა“ კი – ივანიშვილი. ივანიშვილიც ფორმალურად იყო წასული, მაგრამ ისევ პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნდა. სააკაშვილი შტაბს აწყობს და ცოტა ხანში, ივანიშვლს საარჩევნოდ, რომ გაუჭირდება, კვლავ სააკაშვილის საფრთხობელად გამოყენების ნაცად ხერხს გამოიყენებს. არაა გამორიცხული წინასაარჩევნოდ პრემიერადაც დაბრუნდეს. რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, არც პარტიაში და არც საგარეო საქმეთა მინისტრობისას ხალხისთვის თავი არ დაუმახსოვრებია. საზოგადოება მას ყოველთვის იცნობდა ნინო ანანიაშვილის მეუღლედ. ბოლო ხანს კი თავი გამოიჩინა ხულიგნური გამოხტომებით და უწმაწური გამონათქვამებით.

– სააკაშვილი შტაბს თვითონ უხელმძღვანელებს. ეს რას მოიტანს?

– სააკაშვილის შორს ყოფნა აწყობთ როგორც ნაციონალებს, ისე ხელისუფლებას – ანუ, არსებულ სისტემას.
ეს საჭიროა პოლიტიკური დუღილისა და საარჩევნო აქტიურობისათვის. გახსოვთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაფითრებული ივანიშვილი როგორ ეხვეწებოდა ხალხს არჩევნებზე მისვლას. საარჩვენო კანონმდებლობით ერთი კაციც საკმარისია, რომ არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალოს, მაგრამ უცხოელი “დამკვირვებლების” თვალში ასეთ არჩევნებს პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ ექნება, სწორედ ამიტომ იხვეწებოდა ბიძინა ხალხის არჩევნებზე მისვლას და ყველაფრის გამოსწორებას პირდებოდა ერთ წელიწადში.
ივანიშვილი დღესაც იყენებს მიშას საზოგადოების დაშინებისთვის და არჩევნებზე ოცნებისთვის უარის თქმის შემთხვევაში სისხლიანი რეჟიმის დაბრუნებით იმუქრება. ნაცმოძრაობის ელექტორატისთვის კი მიშა იმედის მომტანი “ზებოა”. გახსოვთ ალბათ „დათა თუთაშხიას“ პერსონაჟი, ჭაში მჯდარი ზებო, ზომბირებული სექტისთვის იმედს რომ წარმოადგენდა. ასეა სააკაშვილიც, რომელიც თავის ფანებს ჩამოსვლას და ყველაფრის მოგვარებას პირდება.

– ნაცმოძრაობიდან ამ დღეებში გამოვიდნენ ნინო კალანდაძე, ზაზა ბიბილაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი და სხვები.

– სისტემური თვალსაზრისით არაფერი იცვლება. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ზოგი მათგანი შესაძლოა „ქართულ ოცნებასთანაც“ აღმოჩნდეს.

– კერძოდ?

– ცოტა ნაცი გახდა ქოცი? მითუმეტეს, ახლა, როცა კოაბიტირებული გემი იძირება. გარბიან ოცნებიდანაც და ნაცმოძრაობიდანაც. არ არის გამორიცხული, სისტემის შესანარჩუნებლად გაგდებულ-გაქცეულებისგან კიდევ ერთი პოლიტიკური ერთობა გამოძერწონ, რათა დემოკრატიულობის მაღალი სტანდარტის იმიტაცია მოხდეს. მაგრამ, ვფიქრობ ხალხს უკვე ასე ადვილად ვეღარ მოატყუებენ, საზოგადოებას ორივე ძალა და მათი ანასხლეტები ყელში ჰყავს ამოსული.

– სააკაშვილი მიიზიდავს ადამიანებს?

– სააკაშვილი ზენიტში როცა იყო მაშინ წააგო პოლიტიკური ბრძოლა. ეს დანაშაულებრივი რეჟიმი იყო, მაგრამ მაინც ჰყავდა მხარდამჭერები. მას შემდეგ სააკაშვილი დღითიდღე კარგავს გავლენას და ავტორიტეტს. თუგინდ ის 30-ზე მეტი პარტია რომ გაერთიანდა და დღემდე გაიძახიან, დიდი ძლიერი ერთობა ვართო. როგორ არიან ძლიერები, როცა მთელი რესურსის და დიდი ფინანსების დახარჯვის მიუხედავად ქუჩაში თითო პარტიამ საშუალოდ 200 კაცის გამოყვანაც ვერ შეძლო?!

– ამბობენ, რომ ხალხის სრული მობილიზაცია მათ გეგმებში არც შედიოდა.

– როგორ არ შედიოდა! ფულიც ბევრი იხარჯება ამ პოლიტიკური ე.წ. პერფორმანსებისთვის. ახალგაზრდების სიცივეში დგომაც საკმაოდ ძვირი უჯდებათ, ამას ემატება ათობით კარავი, მრავალათასიანი მონიტორები და ა.შ… თითო პარტიას, კანონით, მინიმუმ, 1 000 წევრი უნდა ჰყავდეს. გამოჩნდა, რომ ამ ოპოზიციურ ერთობაში მყოფ პარტიებს კანონით დადგენილი წევრების რაოდენობაც არ ჰყავთ. ხელისუფლება ძალით აცოცხლებს ასეთ მარგინალურ ოპოზიციას, რადგან მათთან ოპონირება ადვილია, სინამდვილეში კი ეს პარტიები დიდი ხანია პოლიტიკური გვამები არიან.

– აღნიშნეთ, რომ ხალხს არც ქოცები და არც ნაცები არ უნდა. არჩევნების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ეს ასე არაა.

– საპრეზიდენტო არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ და ნაცმოძრაობის კანდიდატს ორივეს დაუმატეს ხმები. არმისული ამომრჩეველი ბევრად მეტი იყო, ვიდრე აცხადებენ. მეორე ტურის წინ მიცემული დაპირებიდანაც არაფერი შესრულებულა. პირიქით, ქვეყანაში სიტუაცია გაუარესდა. პროდუქტები და კომუნალური გადასახადები (ნაცვლად დაპირებული განახევრებისა) გაძვირდა, ხალხი უფრო გაღარიბდა და გამწარდა. ქვეყნის ქართული მოსახლეობა ლუკმა-პურის საშოვნად უცხოეთშია გადახვეწილი. თითქმის ყველა სადარბაზოში იყიდება ნარკოტიკული საშუალებები, ახალგაზრდობა ირყვნება, ეძალება ნარკოტიკებს და კაზინოებს, რის გამოც მკვეთრად გაიზარდა ახალგაზრდებში კრიმინალი და სუიციდის შემთხვევები. ეკლესიაზე შეტევის მიზნით იმაზე უარესი ვითარებაა, ვიდრე სააკაშვილის დროს იყო. მოსახლეობის 70 პროცენტი ემიჯნება სააკაშვილსაც და ივანიშვილსაც. თქვენს გაზეთს ბევრი მკითხველი ჰყავს და მინდა დავამშვიდო ადამიანები, რომლებიც მოუთმენლად ელოდებიან ახალი, გაუსვრელი ძალის გამოჩენას.

– ხალხს ეჩქარება სხვა ძალების ხილვა პოლიტიკაში. ამაზე ბევრი ლაპარაკობს.

– ხალხის ინტერესების გამტარებელი გაუსვრელი ძალა ახლა რომ გამოჩნდეს – ნაცები, ქოცები, სააკაშვილი, ივანიშვილი და მათი მოკავშირეები ერთმანეთის ჭამას თავს დაანებებენ და ყველა ერთად ამ ახალ ძალას დაუწყებს ბრძოლას. რატომ? – იმიტომ, რომ სისტემას საფრთხე შეექმნება და თავსმოხვეულ, გარედან მართულ პოლიტ-ელიტას (პოზიცია-ოპოზიციას) რეალური ალტერნატივა გამოუჩნდება. ვიმედოვნებ, ღვთის მადლით ეს ძალა მოგვიანებით გამოჩნდება. შესაბამისი კონსულტაციები მიმდინარეობს, ახლა უფრო მეტს ვერ ვიტყვი. თუ ასეთი ძალის გაერთიანება მოხდა, ის აუცილებლად მოახერხებს იმ 70% ამომრჩევლის უმრავლესობის საარჩევნო ყუთებთან მიყვანას. საჭირო იქნება წინასაარჩევნოდ სისტემის საწინააღმდეგო დიდი აქციის მოწყობაც, რომ არჩევნების გაყალბება ვერ გაბედონ. ეს საკმაოდ დიდ რესურსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ქართველობამ საკუთარ თავში უნდა გამოძებნოს ეს რესურსი. ასეთი მობილიზების შემთხვევაში არჩევნები მოგებული გვექნება არჩევნებამდე. ხოლო, თუ ხელისუფლება გააყალბებს, მერე ნაცებიც და ქოცებიც ერთმანეთს გაასწრებენ ქვეყნიდან.

– ივანიშვილის მოწოდება ახსენეთ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ. ახლა რა მდგომარეობაშია ივანიშვილი?

– ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ბიძინას რეიტინგი ნულს უახლოვდება. ამიტომ გვაყურებინებს ყოველდღიურად ამ პოლიტიკურ მასკარადებს. მისგან მეოთხედ მოტყუებული ხალხი უიმედოდაა, მშიერია და დაუცველი. ერთადერთი, რაც ჯერ არ ხდება, ქუჩებში ადამიანების მასობრივი დახვრეტა და წამებაა. ივანიშვილი ჯერ ამ დონემდე არ მისულა, თუმცა, ვინ იცის?.. თავიდან, სააკაშვილიც არ იყო უზომოდ სასტიკი. მერე გაუჭირდა და სისხლიან ტირანად გადაიქცა. თუ, ძალიან გაუჭირდა, არც ივანიშვილი დაიხევს უკან, მაგრამ ეგ უკვე გავლილი გვაქვს და არ გვეშინია. მაგ შემთხვევაში კიდევ უფრო დაჩქარდება არსებული სისტემის, როგორც ყველა ბოროტების სათავის ნგრევა.

გაზიარება: