წმინდა ამბროსი აღმსარებელი (ხელაია): “მეუბნებიან, რომ ჩემს უფლებებს გადავამეტე, რომ არ მქონდა უფლება გავრეოდი პოლიტიკაში და ხმა ამომეღო”…

მეუბნებიან, რომ ჩემს უფლებებს გადავამეტე, რომ არ მქონდა უფლება გავრეოდი პოლიტიკაში და ხმა ამომეღო.

არ ვიცი, მაქვს თუ არა საბჭოთა ხელისუფლების თვალსაზრისით რაიმე მოქალაქეობრივი უფლება, მაგრამ ის კი ჭეშმარიტებაა, რომ ჩვენ თვითონ ვცდილობთ ცხოვრებაში გავიყვანოთ პრინციპი: „კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა“ – ამის გამო არ ვერევით სახელმწიფო წყობილებისა და მართვა-გამგეობის საქმეში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირში წყალი ჩავიყენოთ და როდესაც ვხედავთ უსამართლობას, გარეშე ძალების მოძალებას, ხალხის შევიწროებას, ერისთვის საზიანო შეცდომებს, საზოგადოდ არ ვიტვირთოთ ხალხის სამსახური, მისი ინტერესების დაცვა და მისი მწუხარების საგანი არ ვამცნოთ ქვეყანას. ყოველივე ამას ქრისტიანული მოძღვრება არ გვიკრძალავს. ქრისტეს ებრალებოდა ერი, მას ემსახურებოდა და მასზე ზრუნავდა, ამბობდა ხშირად: „მეწყალის მე ერი ესე“(მარკ.8.2).

„ნუ დაიდუმებთ ერისთვის“- გვეუბნება ჩვენი მოძღვარი და ამის აღსრულებას პირნათლად მისდევდა სამღვდელოება.

გადაათვალიერეთ ისტორია და თქვენ დაინახავთ ამის აუარებელ მაგალითებს. მოიგონეთ ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი და მათი გამოსარჩლება ხალხის კეთილდღეობისთვის, მათი ბრძოლა, ქვეყნის ხელისუფალთან, მის უსამართლობასთან; მოიგონეთ ამბროსი მედიოლანელი, რომელმაც მრისხანე იმპერატორი თეოდოსი არ შეუშვა ეკლესიაში, მისგან თესალიაში მომხდარი სისიხლისღვრის გამო და მრავალი სხვა. გადახედეთ საქართველოს ისტორიას და აქაც დაინახავთ უამრავ მაგალითს, სამღვდელოების ბრძოლას არსებული წყობის და ერის ინტერესების დასაცავად, ამქვეყნიური ხელისუფლების მძლავრებისაგან. სამღვდელოება ყოველთვის იყო დამცველი საქართველოს თავისუფლების იდეისა…
ამრიგად, როგორც სარწმუნოებრივი, ისე ისტორიული მაგალითები მაძლევენ მე უფლებას ხმის ამოღებისა. არა, ეს უფლება არ არის, ეს არის – მოვალეობა და მისი აუსრულებლობა გამხდიდა უღირსად ჩემი თანამდებობისა – პასუხიმგებლად ღვთისა, ეკლესიისა და ერის წინაშე.

 წმინდა ამბროსი აღმსარებელი (ხელაია) – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

გაზიარება: