ფეისბუქის ავკარგიანობის შესახებ

ერთი ბრძენი სასულიერო პირი ამბობდა, დანით შეიძლება პური დაჭრა და მოყვასს უწილადო ან ფიზიკური ზიანი მიაყენო ვინმესო. სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავ ფეისბუქს.

ფეისბუქმა მილიონობით ადამიანი გააერთიანა ერთ სივრცეში. ხალხს მიეცა საკუთარი მოსაზრების გამოხატვის საშუალება, თუმცაღა, უნდა აღინიშნოს რომ მუშაობს ნეოლიბერალური ცენზურა, არანაკლებ მძლავრად ვიდრე ეს ტოტალიტარულ საბჭოთა კავშირში ხდებოდა.

ფეისბუქით ერთმანეთს ვიცნობთ თანამოაზრეები, რომელთაც მანამდე არც ნათესაური კავშირი, არც ნაცნობობა, არც მეგობრობა გვქონია. ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური ქსელის გამოყენება იმ ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში, რომელშიც ვიმყოფებით, სახელდობრ: აღნიშნულ სივრცეში ათასობით ადამიანს შეგვიძლია დარაზმვა საერთო ეროვნული იდეის გარშემო.

როცა სოციალური ქსელის ავკარგიანობაზე ვსაუბრობ, ცხადია, მხედველობიდან არ უნდა გამომრჩეს, რომ ფეისბუქმა ხალხი, ცოტა არ იყოს გააზარმაცა. ქუჩაში გამართულ დემონსტრაციებს ათასობით ფეისბუქ-მაყურებელი ჰყავს, ვირტუალური გულშემატკივარი. საქმე-საქმეზე როცა მიდგება მათი დიდი ნაწილი რაიმეს გასაპროტესტებლად ქუჩაში არ გამოდის. ბუნებრივია, ეს შენიშვნა ემიგრანტებს არ ეხებათ, რადგან ისინი ფიზიკურად არ იმყოფებიან საქართველოში, მათთვის კი ფეისბუქი წარმოადგენს ინფორმაციის ერთ-ერთ უმთავრეს, ალტერნატიულ წყაროს.

ჩვენ შეგვიძლია ძალიან ეფექტურად გამოვიყენოთ სოციალური ქსელი. ამისთვის არსებობს ე.წ ფეისბუქ-ჯგუფები, სადაც შეგვიძლია მოვიწვიოთ მოძრაობის პოტენციური მხარდამჭერები. აგრეთვე, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შევქმნათ ფონდი, რომელიც მოძრაობის აქტივობებს დააფინანსებს, შექმნის მყარ საფუძველს გამარჯვებისთვის.

ამჟამად ,,ქართული იდეის’’ ერთ-ერთ ჯგუფში, რომელიც წევრებსა და მხარდამჭერებს აერთიანებს 1500-მდე წევრია. ვეცადოთ რაოდენობა მინიმუმ 10 000-მდე მაინც გავზარდოთ, თითო წევრმა მოვიწვიოთ 10 ახალი წევრი, როგორც ემიგრანტები, ასევე საქართველოში მყოფი მოქალაქეები. ეს იმპულსი ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს და შესაძლოა სამომავლოდ, არც მეტი, არც ნაკლები ჯგუფში წევრების რაოდენობამ 100 000-ს, 200 000-ს მიაღწიოს. ფეისბუქის ეფექტურად გამოყენების შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, სასურველ შედეგს მივაღწევთ, მთავარია არ დავიზაროთ მოქმედება, გამოვფხიზლდეთ და ღვთისნიერ, პროფესიონალ, ხალხისა და სამშობლოს ერთგულ ადამიანებს ბოლომდე გავყვეთ ბრძოლაში.

ღმერთო მოგვეცი ძალა ვიბრძოლოთ სამშობლოსთვის. დაგვლოცე და გვაკურთხე.

პატივისცემით,

თორნიკე კივილაძე
9 თებერვალი, 2020 წელი

გაზიარება: