რატომ იშლება თანამედროვე ბაბილონი!

ყველასთვის ცნობილია მეფე ნაბუქოდონოსორის ამბავი. სწორედ მან ააშენა ბაბილონი უზარმაზარი სასახლეებითა და დაკიდებული ბაღებით, წყალგაყვანილობითა და არხებით, ხელოვნებისა და ტექნიკის ყოველგვარი მიღწევის საშუალებით და ისეთი სილამაზით, რომ დღემდე მსოფლიო საოცრებად არის აღიარებული. თავისი სასახლის სახურავიდან შეხედა მეფემ მის წინ განფენილ ქალაქს და თქვა:
„ეს ის დიდებული ბაბილონია, რომელიც მეფის სადიდებლად ავაშენე ჩემი ხელმწიფების ძალით, ჩემი სიდიადის საქებრად“.

მას ჯერ სიტყვა არ დაემთავრებიმა, რომ ზეციდან ხმა გაისმა: “შენ გეუბნებიან, მეფე ნაბუქოდონოსორ, ხელიდან გეცლება სამეფო!“ (დან.4,27-28)
მაშინვე, როგორც კი მან ეს მკრეხელური სიტყვები დაასრულა, უფალმა შეშლილობით დასაჯა, იგი ჭკუიდან გადავიდა, ხოლო მისი დიდებული ბაბილონი იქცა ნანგრევებად, „ტურების ბუნაგად, უდაბურ და სასტვენელ ადგილად“ (იერ.51.37) და იქ აღარავინ ცხოვრობდა, სწორედ ისე, როგორც იერემია წინასწარმეტყველმა იწინასწარმეტყველა.

ყველგან, სადაც ადამიანები ღვთის შიშს კარგავდნენ და უფლის ნაბოძები მორალური კანონების საპირისპირო ქმედებას იწყებდნენ, იქ ადამიანის ტექნიკური მიღწევის ყველა პროდუქტი იმავე მტვრად იქცეოდა, რომლისგანაც თვითონ იყო შექმნილი.

რად დაიღუპა ესოდენ ცნობილი ბრწყინვალე ცივილიზაციები და მიწაში ჩაიმარხა ბალბეკისა და ეგვიპტის ტიტანური ტაძრები, ასევე ქალაქები: ეკბატანა, პერსეპოლისი, ტირი, სიდონი?.. თანაც ჩაიმარხა იმდენად ღრმად, რომ ზოგიერთ მათგანზე მხვნელმა ყანა დათესა და აზრადაც არ მოსვლია, რომ მის ფეხქვეშ უამრავი შენობა და ჩონჩხი იყო დაფლული, ხოლო ზოგიერთი ქალაქის თავზე ახლა მშვიდად ძოვენ ძროხები და ღრუტუნებენ ღორები, მწყემსები კი მარმარილოს ნარჩენებით პირუტყვისათვის ბოსლებს აგებენ?!
რატომაა, რომ კაცობრიობის მრავალი ცივილიზაცია ვერ განვითარდა და განადგურდა?

ეს იმიტომ მოხდა, რომ ისინი უფალი ღმერთისათვის სათნო არ იყვნენ. ყველა დაკარგული ცივილიზაცია დრომ და ტექნიკურმა არასრულფასოვნებამ კი არ გაანადგურა, არამედ წმინდა სარწმუნოებისა და წმინდა ეთიკის წინააღმდეგ წასვლამ. ისინი უძირო წყვდიადში ეთიკურმა არასრულფასოვნებამ ჩამარხა და არა = ტექნიკურმა.

ქრისტეს ეს წინასწარმეტყველება (ლუკა. 10,15) იმ დღეებში წარმოითქვა, როდესაც კაპერნაუმი თავისი ტექნიკური განვითარებით და კულტურით ტიბერიის ზღვის სანაპიროზე უმეტესი დიდებით ბრწყინავდა. დღეს იქ ჩასული მოგზაური აღმოჩნდება უდაბურ ადგილას, რომელიც გახროკილი ბირკავებითა და მოსისინე გველებითაა სავსე და შეშინებული იკითხავს: „ნუთუ შესაძლებელია, რომ ეს უდაბური ადგილი ოდესმე მშვენიერი სავანეებით იყო სავსე და აქ მდიდარი და განვითარებული ქალაქი იყო გაშენებული?!“

ბიბლიური ეთიკა უცვლელი და მარადიულია. ის ქალბატონია, ტექნიკა კი – მისი მსახური. ამიტომ ტექნიკაზე ეთიკა უნდა ბატონობდეს და აკონტროლებდეს.

ის ფასეულობები, რომლებიც გადაფასებას არ ექვემდებარება, შედის ეთიკის და არა = ტექნიკის სფეროში. ძალიან უმძიმს იმ ხალხს, რომელიც ცხოვრების აზრს ხედავს მხოლოდ მიწიერ კეთილდღეობაში, ტექნოლოგიურ განვითარებაში და ოფლის დადენამდე გაირჯება მხოლოდ მისი სრულყოფისათვის. ის ისე მიათრევს ეთიკას, როგორც აქილევსი = ეტლზე მიბმულ მკვდარ ჰექტორს. ასეთმა ხალხმა იქნებ ისიც კი მოახერხოს, რომ თავისი ქალაქები ისრაელის სამეფო პალატების მსგავსად სპილოს ძვლითა და ოქროთი შეამკოს, მაგრამ ამ ქალაქებში აქაბი და იეზებელი იცხოვრებენ და ბოლო სიტყვას იქ ადამიანები კი არა = ძაღლები… დიახ, ძაღლები იტყვიან (3მეფ.22,38).

ვინც ყრუა, მას არ შეუძლია მოსმენა იმისა, თუ როგორ უხმობს ჩვენს თაობას ტექნიკურ-ფასადური მედიახმაურით ჩახშული ეთიკა:
„მაგ გზით ნუ მიდიხართ, ადამიანებო, ეგ გზა მოჩვენებით მიუღწეველ ქვეყანაში მიდის, საიდანაც დაბრუნება შეუძლებელია!

* * * უფლის უშუალო ხელმძღვანელობით ნოემ ააგო კიდობანი, რომლითაც ნაოსნობის ისტორიაში დღემდე ზღვით ყველაზე ხანგრძლივი მოგზაურობა განხორციელდა.
უფლის უშუალო შთაგონებით ბიბლიური ბესელიელი (პირველად კაცობრიობის ისტორიაში) აღივსო ტექნიკის ფლობის, გამოგონების, ხელოვნებისა და ყოველი საქმის საღვთო ცოდნის სულით (გამოსვლა.31,2-5). ამგვარად, დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთა ჭეშმარიტი სარწმუნოების, ხალხის ნიჭიერებისა და ტექნიკური ცოდნის წყარო და მიზეზი უფალი იყო…
როდესაც უკვე ღვთის თანამყოფობის განცდა დაიჩრდილა და სულიერი ხედვა დაიბინდა, მაშინ ოსტატებსა და სპეციალისტებს შორის გაჩნდა ამპარტავნება, სათავე ყოველგვარი ბოროტებისა. ახლა უკვე ისინი მათი ხელიდან გამოსულ ნაყოფს საკუთარ თავს მიაწერენ და ბოროტად იყენებენ.

უფლის თანამყოფობის სრული შეგრძნებით და ყოველგვარი ამპარტავნების გარეშე ააგო ნოემ სასწაულებრივი კიდობანი = საკუთარი თავისა და ახალი კაცობრიობის გადასარჩენად.

უფლის თანამყოფობის სრული დავიწყებით ამპარტავანმა ადამიანებმა წამოიწყეს ბაბილონის გოდოლის შენება…

როდესაც ადამიანთა შორის ყველაზე ბრძენმა, ისრაელის დიდმა მეფე სოლომონმა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდებული ტაძრის მშენებლობა დაასრულა, ხელები ზეცისკენ აღაპყრო და მორჩილებით აღმოთქვა: „ავედი ისრაელის ტახტზე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს და ისრაელის ღმერთის სახელზე ავაშენე სახლი“ (3მეფ.8,20) და ეს საოცარი ნაგებობა თერთმეტი საუკუნის განმავლობაში ამშვენებდა სამყაროს, მაგრამ განადგურდა, მტვრად და ნაცრად გადაიქცა მაშინ, როდესაც სოლომონის უღმერთო შთამომავლობამ ღვთის სახლი სავაჭრო სახლად აქცია. შესაბამისად, ამ ტაძარმა საუკუნეთა ქარტეხილს ტექნიკის საშუალებით კი არ გაუძლო, არც ტექნიკური შეცდომის გამო აღიგავა პირისაგან მიწისა. ტექნიკა ყრუ და ბრმაა და პასუხისმგებლობას ვერაფერზე აიღებს. ის მთლიანად ეთიკაზე, ეთიკა კი რწმენაზეა დამოკიდებული.

P.S. დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა. ლონდონში საზეიმო ცერემონია გაიმართა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და მოსახლეობას ისტორიულ დღეს მიულოცა.

ლევან ჩაჩუა
გაზიარება: