ლევან ჩაჩუა – მიუღწეველი ქვეყანა [ნაწყვეტი წიგნიდან]

ამ მოთხრობის დაწერის იდეა გამიჩნდა მას შემდეგ, რაც 2010 წელს, გლდანის ავადსახსენებელი ციხიდან რუსთავის მე-17 კოლონიაში ეტაპირებულს, ხელთ ჩამივარდა თანამედროვეობის დიდი მართლმადიდებელი განმანათლებლის = წმინდა ნიკოლოზ სერბის (ველიმიროვიჩი) ორი ნაწარმოები: = „მიუღწეველი ქვეყანა“ და „საპყრობილის სარკმლიდან“. აქ მოთხრობილი ამბები ეფუძნება თავად წმინდანის პირად გამოცდილებას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტების მიერ დაპატიმრებულმა მიიღო „დაჰაუს“ საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნისას.

ნაცმოძრაობის რეჟიმის მიერ შექმნილ სასჯელაღსრულების სისტემაში მოხვედრამ (რომელიც ბევრი არაფრით ჩამოუვარდება ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებს) მთელი სიმძაფრით განმაცდევინა ის ტკივილი, რომელსაც ალბათ სამშობლოზე შეყვარებული ნებისმიერი ადამიანი და მით უმეტეს = წმინდა ნიკოლოზ სერბი, განიცდიდა დაპყრობილი და წამებული საკუთარი ერის გამო.

მეუფე ნიკოლოზი თავის თხზულებაში „საპყრობილის სარკმლიდან“ ისეთ სიტყვებს წერს, რომლის წაკითხვისას შეუძლებელია კაცმა პარალელი არ გაავლოს ნაცისტური პერიოდის სერბულსა და თანამედროვე, პოსტსაბჭოთა, განსაკუთრებით ნაცმოძრაობის რეჟიმის დროინდელ ქართულ რეალობას შორის. აი, ეს სიტყვებიც: „ჩვენ შევცოდეთ და გამოვისყიდეთ ცოდვები, შეურაცხვყავით უფალი ღმერთი და დავისაჯეთ, გარყვნილებით შევიბილწენით და სისხლითა და ცრემლით განვიბანენით. ფეხქვეშ გავთელეთ ყოველივე, რაც წმინდა იყო წინაპრებისათვის და ამიტომაა, რომ თავადაც ვითელებით. ჩვენ გვქონდა სკოლა სარწმუნოების გარეშე, პოლიტიკა = პატიოსნების გარეშე, ჯარი = სამშობლოს სიყვარულის გარეშე, სახელმწიფო = ღვთის კურთხევის გარეშე. ოცი წელი გულმოდგინედ ვცდილობდით, რომ ჩვენ ჩვენ აღარ ვყოფილიყავით, ამიტომაც უცხოტომელებმა თავიანთი წყვდიადით გადაგვფარეს. მაგრამ, როდესაც სერბული მიწა საბრალო ხალხის სისხლითა და ცრემლით მოირწყა, როდესაც პატიმრების გამხდარი ხელებით დანთებული სანთლები ცრემლებმა ჩააქრო, მაშინ სერბ წამებულთა ლოცვებმა ანგელოზები და წმინდანები აღძრეს ღვთის შეწყალების გამოსათხოვად. განა ეს ღვთის წყალობა არ არის? ახლა რომელ გზას დავადგეთ? ოღონდაც არა იმას, რითაც ორი ათწლეულის განმავლობაში მივდიოდით. ახლა რა გავაკეთოთ? ნუღარ შევცოდავთ, რომ ცოდვათა გამოსყიდვა კვლავ აღარ მოგვიხდეს. ჩვენი თავქარიანობით ნუღარ შევიბილწავთ თავს, რათა საკუთარი სისხლითა და ცრემლით არ მოგვიხდეს განბანვა. ნუ გავთელავთ ჩვენს წმინდა წინაპრებს, რათა თავად არ დავრჩეთ გათელილები. დაე, ჰქონდეს სარწმუნოება ჩვენს სკოლას, პატიოსნება = პოლიტიკას, სამშობლოს სიყვარული = ჯარს, ხოლო სახელმწიფოს = ღვთის კურთხევა. დაე, თითოეული ჩვენგანი დაუბრუნდეს ღმერთს. დაე, არავინ დარჩეს ღვთისა და საკუთარი სინდისის გარეშე, რათა იგი აღარ გადაფაროს უცხოტომელთა საშინელმა წყვდიადმა, რომელსაც ლამაზ სახელს დაარქმევენ და ჭრელაჭრულა ფერებად მორთავენ. დაე, ყველა, ვინც საკუთარ თავს პატრიოტს უწოდებს, ესწრაფოდეს ზეციური სამეფოს მოპოვებას, რომელსაც ერთადერთს შეუძლია, ხანგრძლივი დროით მიწიერი სამეფოს დაცვა და შენარჩუნება. მაშინ განიშორებთ ბნელ ძალებს ჯოჯოხეთისას, რომლებიც დიდხანს ბატონობდნენ ჩვენს ქვეყანაში და რომელთა გახსენებაც კოშმარივით დიდხანს დაგვტანჯავს. და მაშინ, ბოლოს და ბოლოს თქვენ განმტკიცდებით სამშობლოს სიყვარულში და უფლებას მოიპოვებთ, რომ მართლმადიდებელ ქრისტიანებად იწოდებოდეთ. შეგეწიოთ უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, მამისა თანა და სულისა წმიდისა თანა, უკუნისამდე.“ ამინ!

მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და ეროვნული ღირებულებების დაცვისათვის მებრძოლი და ჯვარცმული ქართველი და სერბი ხალხი საოცარი შინაგანი სიახლოვით გამოირჩევა. ეს ხშირად იკვეთება არა მხოლოდ გარდასულ ჟამთა იდენტური ქრონიკებიდან, არამედ ამ ორი ერის თანამედროვე მძიმე რეალობიდანაც.

მოთხრობის თავარი მოქმედი პირი ღვთისო ღვთისიაშვილი, წმინდა ნიკოლოზ სერბის – სპას სპასოვიჩის მსგავსად, უფრო ლირიკულ გმირს ჰგავს, ვიდრე ისტორიულ პიროვნებას და სერბის ქართველ ალეგორიულ პერსონაჟს წარმოადგენს.

მოთხრობაში აღწერილი სიუჟეტების დიდი უმრავლესობა ნაცმოძრაობის დროინდელ ქართულ “გულაგებში” მომხდარ რეალურ ფაქტებს ეფუძნება – გთავაზობთ ამონარიდებს ამ ნაწარმოებიდან:
პირველი დაკითხვა
= გვარი და სახელი?
= ღვთისო ღვთისიაშვილი.
= დაბადების ადგილი?
= თბილის ქალაქი
= განათლება?
= ღვთისმეტყველი და ისტორიკოსი ვარ.
= ოჰო! ორი სპეციალობა გაქვს?!
= მივიჩნევ, რომ ეს ორი მეცნიერება განუყოფელია, ერთს მეორის გარეშე აზრი არა აქვს.
= რომელი პარტიის წევრი ხარ?
= არც ერთის.
= რატომ არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ შეუერთდი?
= იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ საქართველოში დღეს არსებული ნებისმიერი პოლიტიკური პარტია იმაზე მეტს გვპირდება, რისი მოცემაც შეუძლია, და ამიტომ, ადამიანები „მიუღწეველი ქვეყნისაკენ“ მიჰყავს.
= ეს რაღა ქვეყანაა?
= „მიუღწეველი ქვეყანა“ = ესაა ერთგვარი მიწიერი სამოთხე რჩეული ერისათვის, ესაა მოჩვენებითი ბედნიერების მიწა, რომელსაც ხალხს გამუდმებით აღუთქვამენ პოლიტიკოსები, მაგრამ სინამდვილეში მისი ხილვა სიკვდილამდე შეუძლებელია.
= მთელი ევროპის პოლიტიკურ პარტიებსა და თეორიებზეც ასეთივე აზრის ხარ?
= დიახ.
= ჩვენს ნაციონალურ მოძრაობაზეც?
= რა თქმა უნდა!
= ღვთისიაშვილო, გასაგებია ოპოზიციას რატომაც არ აგინებ; ალბათ, გულის სიღრმეში მაინც მაგათი იმედი გაქვს, მაგრამ „ძველ ბიჭებს“ რატომ არ შეაგინე, იმიტომ ხომ არა, რომ წარსულში საკმაოდ მჭიდრო მეგობრობა გაკავშირებდა მათთან, ხომ იცი, ყველასა და ყველაფერზე ამომწურავ ინფორმაციას ვფლობთ?
= მე ოპოზიციის კი არა, ღმერთის იმედი მაქვს, გინება კი დიდი ცოდვაა და ამიტომ არავის არ შევაგინებ, რაც შეეხება ჩემს წარსულს: ერთხელ ერთ კოლორიტ ქალაქელ კაცს ჰკითხეს, საიდან მოდიხარო და ბავშვობიდანო, უპასუხა… მე მართლაც მყავს ბავშვობის მეგობარი „ძველი ბიჭები“, როგორც თქვენ მათ უწოდებთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მრავალი წელია აღარ მინახავს, ხშირად მახსენდებიან და მენატრებიან. ღმერთს ვთხოვ, რომ ისინი ჭეშმარიტების გზაზე დააყენოს და ეკლესიის გზასაცდენილი ახალგაზრდებისათვის კეთილი მაგალითის მიმცემებად აქციოს. ასეთია ჩემი დამოკიდებულება წარსულთან და თქვენი ბელადისაგან განსხვავებით სულაც არ ვცდილობ ცნობიერებიდან ბავშვობის პერიოდის ამოშლას. იმ სისაძაგლეების გამო კი, რასაც ქართველი ერის წინააღმდეგ ჩადიხართ, ბრმისთვისაც კი ნათელია, რომ პასუხს აგებთ. ნორმალურ ქვეყნებში იმათაც კი მკაცრად სჯიან, ვინც ძაღლებს სცემს და აწვალებს. თქვენ კი …
გამომძიებელი (მრისხანედ): ჩვენც ვსჯით მათ, ვინც უდანაშაულო ცხოველებს აწვალებს. პარლამენტში ამის შესახებ კანონიც კი მივიღეთ. მაგრამ შენ და შენისთანა ჩასარეცხი ვაიპატრიოტები, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოს დასავლურ კურსს წინ ეღობებით, პირუტყვებსა და ძაღლებზე უარესები ხართ, გაიგე?!
= ვერ გავიგე, ბატონო გამომძიებელო.
= მაშინ ახლა გაგაგებინებ… = დაიღრიალა განრისხებულმა გამომძიებელმა და მთელი ძალით ლოყაში სილა გაარტყა. ბრალდებული წაბორძიკდა, მაგრამ უმალ გასწორდა და სახის მეორე მხარე მიუშვირა. გამომძიებელმა მეორე ლოყაშიც გაარტყა. ღვთისიაშვილმა ისევ წაიბორძიკა.
ღვთისიაშვილი (ისევ გასწორდა): ასე რომ, ახლა ჩვენ ბარი-ბარში ვართ.
მაიორი ბედკრულაძე: ფრთხილად, ღვთისიაშვილო, თქვენი თავი ისედაც ძაფზე ჰკიდია.
= არა, ბატონო მაიორო. კარგად ვხედავ, რომ ჩემი თავი ძაფზე კი არ ჰკიდია, არამედ მოკვეთილი მიჭირავს ხელში, როგორც იოანე ნათლისმცემლის ხატზეა გამოსახული.
ამ დროს ციხის უფროსი გამოჩნდა, რომელმაც იქ მყოფთ ადვოკატებთან პაემნების დაწყებისა და ბადრაგის შეცვლის დროის მოახლოვება შეახსენა.
= ეს მხოლოდ დასაწყისია, გაგრძელება მალე იქნება, = ქოფაკივით დაუღრინა გამომძიებელმა ღვთისიაშვილს.
კარანტინის დაშლა დაჩქარდა და ღვთისიაშვილი ციხის კორპუსში გადაიყვანეს, სადაც სამარისებური სიჩუმე იყო და გარეგნულად ყველაფერი ნორმალურად გამოიყურებოდა.
მასობრივი რეპრესიების გამო პატიმართა რიცხვი ყოველდღიურად მატულობდა, ამიტომ გადავსებული ციხეების საკნებში სასჯელს ერთად ახდევინებდნენ: მკვლელებს, ქურდული ტრადიციებისათვის მსჯავრდებულებს, თაღლითებს, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებს, ყაჩაღებს, ნარკომანებს, სულიერ ავადმყოფებს, ეკონომიკური დანაშაულისათვის თუ ავტოავარიისათვის მსჯავრდებულებს, სხვადასხვა ეთნო-რელიგიურ ჯგუფებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.
„აპარტეიდის“ რეჟიმის დროს უსამართლოდ და მკაცრად მსჯავრდებულ პატიმრებზე იტყოდნენ ხოლმე = „რა ზანგივით გაასამართლესო“. ჩვენი „მართლმსაჯულების“ შემთხვევაში კი, ქართულ სატუსაღოებში სხვებთან ერთად, (შეკრებითობის პრინციპით) მოხვედრილი აფრიკელებიც, ჩიოდნენ: ეს რა ქართველებივით გაგვასამართლესო.

თავი II

ღვთისიაშვილის დაპატიმრებამ ფართო საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მართლმადიდებელმა ეკლესიამ მისი განთავისუფლების თხოვნით მიმართა ხელისუფლებას. სტუდენტებმა კი ქალაქის ცენტრალურ ადგილებში დაიწყეს საყვარელი პედაგოგის მხარდამჭერი ხელმოწერების შეგროვება. ამან კიდევ უფრო გააღიზიანა რეჟიმი და სასამართლოების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ციხეში პროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი იქნა მივლინებული, რომელსაც ღვთისიაშვილი ნებისმიერი საშუალებით უნდა გაეტეხა და მისგან დანაშაულის აღიარება მოეპოვებინა.
მეორე დაკითხვა:
ღვთისიაშვილი ზედამხედველის მიერ კარანტინის „ფუქსებში“ იქნა წარდგენილი, სადაც გამომძიებელმა მისი დაკითხვა დაიწყო:
= ღვთისო ღვთისიაშვილი ხარ?
= დიახ.
= მითხარი, თუ შეძლებდი სიმართლე გეთქვა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს სიმართლე შენს სიცოცხლეს დაემუქრებოდა?
= სიმართლე არასოდეს არაა სიცოცხლისათვის სახიფათო. სახიფათო მხოლოდ სიცრუეა, ბატონო გამომძიებელო!
= ნუთუ მართლა ასე ფიქრობ?!
= სიცოცხლე და ჭეშმარიტება განუყოფელია, როგორც თვალი და მხედველობა: „მე ვარ გზა და ჭეშმარიტება, რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა“, = ბრძანებს ქრისტე, რათა ყველა გზააბნეულს ჭეშმარიტი ორიენტირი დაუსახოს და სიცრუის მამის ტყვეობისაგან გაათავისუფლოს.
= შენ მართლაც იმ უგზოუკვლო და ბნელ წარსულში ხარ ჩარჩენილი, რომელშიც მეტისმეტად დიდხანს დაეხეტებოდა ჩვენი ერი. დღეს კი ჩვენი ქვეყნის ლიდერის წინამძღოლობით მივდივართ იმ გზით, რომელიც ქართველ ხალხს მაგ საუკუნოვანი სტერეოტიპების ტყვეობისაგან გაათავისუფლებს და ნანატრ კეთილდღეობას მოუტანს. მან მოსახლეობის 90%-მდე მხარდაჭერა მიიღო. თუ შენ და შენისთანებს უტოპიად არ გეჩვენებათ ასეთი ნდობის მქონე ხელისუფლების ურჩობა, მაშინ არცთუ შესაშურ ხვედრს გაიზიარებთ: ან ციხეში დალპებით, ან გვემსახურებით ჩვენ, უფრო პროგრესულ და ძლიერ ძალას. ელიტა ყოველთვის მართავდა ფრუსტრირებულ დემოსს, ეს მსოფლიო ისტორიის ანაბანაა, რომელიც შენ, ისტორიის საცოდავ მასწავლებელს, ჯერაც ვერ გაგიგია.
= მე შეიძლება მხოლოდ თქვენმა მჭევრმეტყველებამ განმაცვიფროს, ბატონო გამომძიებელო, ანდა შემაწუხოს ჩვენი წარსულის ამგვარმა განმარტებამ. იმის თქმა ხომ არ გსურთ, რომ, თუკი რომელიმე სასტიკი ბანდა, არანაირ მორალურ კანონებს რომ არ ცნობს, მოულოდნელად თავს დაესხმის რომელიმე კულტურულ და განათლებულ ქალაქს, გაძარცვავს მას, ხოლო მოსახლეობას ან დაიმონებს, ან დახოცავს და დაატყვევებს = ეს იმას ნიშნავს, რომ რომელიღაც აღზევებული ძალა რომელიღაც ერის ან საზოგადოების სრულუფლებიანი მმართველი გახდა?!
= მაგალითად?!
= მაგალითად, როდესაც ველურმა ჰიქსოსებმა და თავაწყვეტილმა მამლუქებმა გაანადგურეს კულტურული ეგვიპტე; ანდა როდესაც მძვინვარე სელჩუკებმა და ოსმანებმა გადათელეს მცირე აზია და გააცამტვერეს ბიზანტიური კულტურა; როდესაც ღვთისმბრძოლმა ბოლშევიკებმა გადაწვეს და დაანგრიეს მამა-პაპათა მიერ ნაშენი ეკლესია-მონასტრები და მორწმუნეებს სისხლის მდინარეები ადინეს; დაბოლოს, თანამედროვე ნეობოლშევიკებმა…
სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ მკერდის არეში ფეხით ძლიერი დარტყმა მიიღო, რამაც იგი სკამიანად გადააყირავა. ის სწრაფად მოეგო გონს, მშვიდად წამოდგა და გამომძიებლის წინ გასწორდა. ყველა გააკვირვა ღვთისიაშვილის არაამქვეყნიურმა სიმტკიცემ, რომელიც მისი თავდაჭერილი მზერიდან გამოსჭვიოდა. იგი იდგა შინაგანად ამაყი, მაგრამ არა მედიდური…
გამომძიებელი (დაბნეული): შენ ჩვენი ხელისუფლება, რომლის დიდ უმრავლესობას ევროპისა და ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში აქვს მიღებული განათლება, გაუნათლებელ და უკულტურო ბანდას შეადარე, ამიტომ პასუხიც მიიღე.
= თქვენი პასუხი და მეთოდები თავადვე მეტყველებენ თქვენს განათლებაზე.
= მაშ, შენი აზრით, ვის შეიძლება ეწოდოს განათლებული?!
= განათლებული შეიძლება ეწოდოს მხოლოდ იმ ადამიანს, რომელიც ღვთის ხატებას ატარებს: ღვთის სახეს = საკუთარ სულში და სირცხვილს = თავის სახეზე. სწორედ ასეთ ადამიანზე ითქმის, რომ ის განათლებული, წესიერი კაცია. ის კი, ვინც ღვთის ხატება, ანუ ღმერთის სახე წარიხოცა საკუთარი სულიდან, ხოლო სახიდან სირცხვილის სიწითლე გაიქრო, რაგინდ ნაკითხი და მცოდნე არ უნდა იყოს, განათლებულ ადამიანად მაინც ვერ ჩაითვლება. ასეთი გახლავთ განსხვავება ნაკითხობასა და განათლებულობასთან დაკავშირებით და…
მაიორი ბედკრულაძე: საკუთარ სიტყვებს ყური დაუგდე, ღვთისიაშვილო, და შემდგომ სხვაგვარად გამოთქვი ის, რისი თქმაც გსურს!
= მე ის მინდოდა მეთქვა, რომ ნებისმიერი ნათელღებული ერის ნებისმიერი ხელისუფალი, რომელსაც სურს საკუთარი ხალხი ქრისტეს უარყოფით და სახარებისეული მცნებების გვერდის ავლით გააბედნიეროს, ამ ხალხს ბედნიერების აღთქმულ მიწაზე კი არ მიიყვანს, არამედ = მოჩვენებით მიუღწეველ ქვეყანაში, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს.
გამომძიებელი: დიდი მნიშვნელობა არ აქვს რას ფიქრობთ შენ და შენისთანა ობსკურანტები, მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენმა ლიდერმა, რომელიც მთელი დასავლური ელიტის მხარდაჭერით სარგებლობს, ჩვენი ნაციის მსოფლმხედველობაში ისტორიული გადატრიალება მოახდინა. მან გადააფასა ყოველგვარი ღირებულებები, გადაყარა ჭუჭყი და გამოარჩია ოქრო. ის საქართველოს ახალი ისტორიის დასაბამად იქცა. სისულელეს ნუ იზამ, ღვთისიაშვილო, გონიერი ადამიანები სიტუაციის მიხედვით იქცევიან. ნუ ჯიუტობ! შენგან დანაშაულის აღიარებასაც არ მოვითხოვთ, მხოლოდ მედიით განაცხადე, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ შენი ბრძოლა შეცდომა იყო და უფასო საპროცესო შეთანხმებით პირადპირ სასამართლო დარბაზიდან გაგათავისუფლებთ. მერე კი ისეთი მაღალი თანამდებობის დაკავებაში დაგეხმარებით, რომელიც შენს გონებასა და ხასიათს შეეფერება.
= სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩემგან მოითხოვთ, რომ სული დავიღუპო, და ხორცი გადავირჩინო?
= წყნარად, ღვთისიაშვილო! მორწმუნედ მოგაქვს თავი, ციხეში რამდენიმე თვის გატარების შემდეგ კი ისე გაბოროტდი, რომ ჩვენდამი სიძულვილმა დაგაბრმავა.
= ჩემი და თქვენი წინაპრების ღმერთია მოწმე, რომ არცერთი თქვენგანის მიმართ არანაირ პიროვნულ სიძულვილს არ განვიცდი. უბრალოდ, მეცოდებით. არ ვიცი, საქმით ამის დამტკიცებას როგორ შევძლებ, მაგრამ შემიძლია საკუთარი სისხლი მივცე ახლავე ნებისმიერ თქვენგანს, თუკი ეს, ღმერთმა დაიფაროს და, საჭირო გახდება.
საუბარში აქამდე ჩუმად მყოფი „ახალგაზრდა დამსწრე“ ჩაერთო და ღვთისიაშვილს ზიზღით მიმართა:
= შენ არარაობა ხარ, რომელიც ოცდაათი გროშიც არ ღირს. შენი საზიზღარი სისხლი ავადმყოფ ძაღლებს გადაუსხი, ჩვენ ეგ არ გვჭირდება.
= თქვენ მეტისმეტად ძვირად მაფასებთ, როდესაც იმავე ფასს მადებთ, რამდენადაც იუდეველებმა შეაფასეს ჩვენი უფალი.
= შენ ფანტაზიორობ და სისულელეებს ჩმახავ. თუ განზრახ ფანტაზიორობ, სულს ამოგხდით, ხოლო თუ ნამდვილად, სპეცზონაში გიჟებთან გიკრავთ თავს.
ამ დროს ფუქსის კარი შემოაღო ციხის რეჟიმის უფროსმა, რომელსაც ღვთისიაშვილის საკნის გაჩხრეკა ჰქონდა დავალებული. მან ქაღალდების შეკვრა წარმოადგინა:
= ბატონო მურთაზ, = მიმართა მან გამომძიებელს, = ხელნაწერი ღვთისიაშვილის ლეიბში ვიპოვე. დაწერილია, ძირითადად, ქართულად, ზოგან რუსულად და ინგლისურადაც, მაგრამ იმდენად ბუნდოვნად და ფრაგმენტულად, რომ შინაარსის გაგება თითქმის შეუძლებელია.
გამომძიებელი: ეს შენი დღიურია, ღვთისიაშვილო?
= დღიური არ არის, არამედ ჩემი ზოგიერთი პირადი მოსაზრებაა, ზოგადად, დაკვირვების ნაყოფი, ღამით, უძილობისას ვწერ.
= სუფთად უნდა გადაწერო, რათა მისი გაგება შევძლოთ. ორ დღეს გაძლევთ! – უთხრა გამომძიებელმა ღვთისიაშვილს და ბადრაგს მისი კარცერში ჩაყვანა უბრძანა.
მესამე დაკითხვა: დაკითხვის ღამეს ღვთისიაშვილი კარცერიდან კვლავ კარანტინის „ფუქსებში“ გადაიყვანეს. იგი კოჭლობდა და მეტისმეტად დაქანცულად გამოიყურებოდა. თმა გაჩეჩოდა, შუბლზე უწესრიგოდ ჩამოშლოდა და თვალები ძლივსღა მოუჩანდა. ლოყებიც სილურჯეებითა და სისხლჩაქცევებით ჰქონდა აჭრელებული, შუბლზე კი საპატიო რქებივით ორი წითელი კოპი ამოზრდოდა. მორიგე ბედკრულაძემ შეხედა მას, დარცხვენილმა თავი დახარა და ჰკითხა:
= ეს შენ ხარ, ღვთისიაშვილო?
= დიახ, მე ვარ ბატონო მაიორო.
= ცუდად გამოიყურები.
= არა უშავს, წმინდა წერილის სიტყვებს ვამოწმებ: სული მხნეა, ხორცი – უძლური.
გამომძიებელი: მართალია, რომ ციხის შიდა განაწესს არღვევ და სხვებსაც ზედამხედველების დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდებ? გავიგე, როდესაც სართულის კომენდანტმა პატიმრებს უბრძანა იატაკზე ხოხვით „შკონკების“ ქვეშ შემძვრალიყვნენ, შენ მასთან მიხვედი, გამომწვევად ჩახედე თვალებში და უყვირე: = „შენ მტერი ხარ არა მარტო უფალი ღმერთისა, არამედ საკუთარი ერისაც, რაკიღა ხალხს ესოდენ არაადამიანურად ეპყრობი“?!
ღვთისიაშვილი: ყველაფერი მართლაც ასე იყო, ბატონო გამომძიებელო, საყვედური მკაცრი, მაგრამ დამსახურებულია.
გამომძიებელმა ერთ-ერთ „მძიმეწონოსანს“ ნიშანი მისცა და მანაც ისე ჩასცხო სახეში ღვთისიაშვილს, რომ პატიმარი დაეცა და გახეთქილი ლოყიდან სისხლი გადმოსკდა. ის მარჯვენით იატაკს დაეყრდნო, მარცხენა ხელით კი სისხლის მოწმენდას შეეცადა. ის იყო წამოდგომას აპირებდა, რომ „მძიმეწონოსანმა“ მუცელში ფეხი ისე ძლიერად ამოარტყა, რომ ღვთისიაშვილი ჰაერში გადატრიალდა და იატაკზე გულაღმა დაეცა.
= საკმარისია! – დაიძახა გამომძიებელმა.
ბრალდებული კოჭლობით წამოდგა და „მძიმეწონოსანს“ მშვიდად უთხრა:
= „თუ ვცრუობ, დამიმტკიცე; ხოლო თუ სიმართლეს ვამბობ, რისთვის მცემ?!“ – (შედრ: იოანე 18,23)
გამომძიებელი: ალბათ ხვდები, რომ ციხეში სულის ამოხდა გელის, თუ არ მოინანიებ და ჩვენთან თანამშრომლობაზე უარს იტყვი.
ღვთისიაშვილი: სიკვდილი ყოველი ადამიანის გარდაუვალი, ბუნებრივი ხვედრია = ჩემიც და თქვენიც. სიკვდილს მაშინ ვეძახით ბუნებრივს, როდესაც ადამიანს მიკრობები კლავენ, ხოლო = არაბუნებრივს, როდესაც მიკრობების როლს თავად ადამიანები ასრულებენ.
= ყოველგვარ თავხედობას აქვს საზღვარი! სჯობს რელისტურად განსაჯო და ფანტაზიებს მოეშვა. ცარიელი სიტყვებით თავის მართლებას ვერ შეძლებ, მხოლოდ საქმითაა შესაძლებელი შენი გადარჩენა, ამიტომ…
= წმინდა წერილში ნათქვამია, რომ ადამიანი საკუთარ თავს საქმით იხსნის. რა საქმეებს ელით ჩემგან?
= ველით, რომ დაგვემორჩილები, რისთვისაც ღირსეულად დაგაჯილდოვებთ.
= მორჩილება ჯერ არს ღვთისა უფრო, ვიდრე კაცთა, = ამბობს წმინდა წერილი,. ამიტომ ყოვლადდაუშვებელია და არაფრის ფასად არ შეიძლება, რომ ქრისტიანმა ამ საკითხში რაიმე დაუთმოს რომელიმე პოლიტიკურ ძალას ან, მით უმეტეს, ეკლესიის დაუფარავ მტრებს.
რაც უფრო მეტად მაიძულებთ იუდას გზით წასვლას, ჩემს გულში მით უფრო ღრმად იბეჭდება ქრისტეს რწმენა. სიმართლისათვის დევნის დათმენა კი განწმენდა, განახლებაა. მე მკვდარი ვარ როგორც თქვენი მონა, მაგრამ ცოცხალი ვარ, როგორც ქრისტეს მსახური. მალე ალბათ სიკვდილის ზღურბლსაც გადავაბიჯებ, თხუნელის ბორცვს გადავივლი და იმ სამყაროში გადავალ, სადაც არც მონობისა და არც სიკვდილის შესახებ არაფერი იციან.
= შენ ბოდავ, ღვთისიაშვილო!
= შესაძლოა, მაგრამ ჩემი ბოდვა გაცილებით გონივრული და სასარგებლოა, ვიდრე მთელი თქვენი ბელადებისა და ქურუმებისა: ვიდრე ვოლტერის, მოპასანის, ჰაინეს, მარქსის, ჰეგელის, დარვინის, ნიცშესა და სხვათა ფილოსოფია.
საუბარში „ახალგაზრდა დამსწრე“ ჩაერთო:
= რა ანაქრონიზმად ჟღერს რელიგიური ფუნდამენტალისტისგან მსოფლიო განმანათლებელთა უარყოფა?!
= რამდენადაც თქვენ ხსენებულ „განმანათლებლებს“ ემხრობით, უკვე სულიერად მკვდრები ხართ, რომლებსაც შესაძლოა ჩემზე გვიან ჩაგმარხავენ მიწაში, მხოლოდ ესაა, რომ საფლავის ბორცვიდან ჩემი სული ამოაღწევს, ხოლო თქვენი სულები, თუ ქრისტეს წინაშე არ შეინანებთ და ჭეშმარიტების გზას არ დაადგებით, სამარიდან პირდაპირ სატანის სამეფოს სიღრმეში გადაინაცვლებენ. თქვენი განმანათლებლებისთვის ღმერთი და ტრანსცენდენტური სამყარო რაციონალური კვლევის ობიექტია. რელიგიას სული ღმერთთან აჰყავს, თქვენს ფილოსოფოსებს კი ღმერთი ჩამოჰყავთ მიწაზე და ცდილობენ მის მოთავსებას მატერიალიზებული და ლოგიზირებული გონების კატეგორიაში. ისინი უარყოფენ ღვთაებრივ გამოცხადებას და საკუთარ ინტელექტუალურ ძალებს დაყრდნობილნი ამაოდ ცდილობენ იმ ჭეშმარიტების გაგებას, რასაც ადამიანს მხოლოდ ღვთის მადლი უცხადებს. რელიგიის საწყისი კეთილკრძალულებაა, ბოლო = სიყვარული. თქვენი „ქურუმები“ კი…
გამომძიებელი (ხმამაღლა): შეწყვიტეთ ამაზე საუბარი, განა ვერ ამჩნევთ, რომ ღვთისიაშვილი ფილოსოფიის საკითხებში თქვენზე უკეთ ერკვევა?!
გამომძიებლის შენიშვნამ “ახალგაზრდა დამსწრეზე” ისე იმოქმედა, რომ მან ერთ-ერთ “მძიმეწონოსანს” ხელკეტი გამოგლიჯა და ღვთისიაშვილის უმოწყალოდ ცემა დაიწყო.
გამომძიებელი (ყვირილით): ეყოფა! თორემ ხვალინდელ სასამართლომდე შეიძლება ჩაძაღლდეს და ამ არარაობის გამო სამსახური დავკარგო.
„ახალგაზრდა დამსწრე“: ბატონო გამომძიებელო, რადგანაც ბრალდებული ჩვენ მიერ შეთავაზებულ გონივრულ წინადადებას უარყოფს, მაშინ მისი თანამოსაკნეების ჩვენებებია აუცილებელი, რათა ბრალდებას დასრულებული, კანონიერი სახე მივცეთ. გთავაზობთ, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე ყველა მოწმე დავკითხოთ, დაპირისპირების შემდეგ კი მისი ხელნაწერებიც შევაფასოთ და ამის შემდეგ გამოვუტანოთ განაჩენი. ამ დროს კარანტინის საკნების მხრიდან საშინელი ღრიალისა და გინების ხმა შემოისმა. ყველა იქითკენ გაეშურა, ციხის თანამშრომლები და მძიმეწონოსნები ფეხის წვერებზე მიჰყვებოდნენ უფროს ოფიცრებს.

ღვთისიაშვილი „ფუქსში“ დატოვეს, კარები დაუკეტეს და შუქი ჩაუქრეს. ის ბნელ საკანში მარტო დარჩა, მუცლის შიგთავსისა და თავის საშინელი ტკივილი ძლიერ აწუხებდა. სახის ახალი სისხლჩაქცევაც საგრძნობლად შეშუპებოდა და თავბრუ ეხვეოდა. ალბათ არც კი ახსოვდა რამდენმა წუთმა განვლო ამ ტკივილიან გარინდებაში, რომ მოულოდნელად ოთახის შუაგულში სინათლის მკრთალი სხივი დაეცა. ის თანდათან გაიზარდა და ბენგალიური ცეცხლის ნაპერწკლებისმფრქვეველ თაიგულად იქცა. ღვთისიაშვილი ამას გაოცებისაგან გაფართოებული თვალებით უცქერდა, თანდათანობით ნაპერწკლების კორიანტელმა ადამიანის გამოსახულება მიიღო და ფრაკითა და ქვაბურა ქუდით შემოსილ ელეგანტურ ბატონად იქცა, რომელსაც მოციმციმე ხელჯოხი ეჭირა. იგი ცალი ფეხით ძლიერ კოჭლობდა და სახეზე გაურკვეველი გამომეტყველება და სრული სიჩლუნგე აღბეჭდოდა: „აბა, მიცანი, მტერო? = ბებერი ძაღლის ჩახრეწილი ხმით დაიყეფა უცნობმა, = მე ის ვარ, ვისგანაც ზეციური საყდარი ძრწის და შენ მიბედავ შეწინააღმდეგებას?! მე ყველა ექიმთა ექიმი ვარ, მე ვკურნავ ადამიანებს ჯანმრთელობისაგან, ჭეშმარიტებისაგან, გულმოწყალებისაგან, და სხვა ეგრეთ წოდებული სათნოებებისაგან. მე ყოველგვარ არსებულ მეცნიერებათა დოქტორი ვარ და მთელ ადამიანურ ცოდნას ბოროტებისათვის ვიყენებ. ჩემს მაგიურ სარკეში ვაჩვენებ ადამიანებს „მიუღწეველ ქვეყანას“ და ისინიც შეშლილებივით მოილტვიან ჩემკენ, მაგრამ როგორც კი დარწმუნდებიან, რომ უკვე მიწიერი სამოთხის კართან დგანან, სარკეს ამოვაბრუნებ და ისინი იმედგაცრუებულნი ბრუნდებიან უკან. ამას იმისათვის ვაკეთებ, რომ ჩემი მიწიერი სამეფო გავამხიარულო და ზეციური საყდრის ავტორიტეტი დავამდაბლო. შენ კი ვინ ხარ, რომ ადამიანებს თვალი აუხილო და „მიუღწეველი ქვეყანის“ საიდუმლო გაახმაურო? განა იმის მონა არ ხარ, ძელზე რომ ეკიდა და მერე იმ ძელით მჩხვლეტდა?! ვაააი!.. = ამოიხრიალა ელეგანტურმა ბატონმა, დამფრთხალმა აქეთ-იქით ცქერა და ხელჯოხის ქნევა დაიწყო, თითქოს თავს იცავდა. = ვინ არის აქ, ვინ მცემს? შენ გიკვირს, საიდან მაქვს ამდენი სადოქტორო ცოდნა?! ეს ყველაფერი მე მუდამ მეკუთვნოდა. მე კი არ ვიძენ ამ ცოდნას, არამედ = პირიქით, ამ ცოდნით ვაჯილდოებ ყველას, ვინც დისერტაციებსა და წიგნებს წერს იმის წინააღმდეგ, ვისი მონაც შენ ხარ. იდეებს ვაწვდი და უხმაუროდ ვკარნახობ, თუ რა უნდა წერონ მის საწინააღმდეგოდ, რათა შური ვიძიო მასზე = ჩემი დასახიჩრებისა და შერცხვენისათვის. ეს ჩემი უმთავრესი მიზანია, ხოლო ჩემი მეთოდები სიცრუე და ძალადობაა. ჰეი, შენ ჭეშმარიტების მონავ, რომ იცოდე, რა ტკბილია სიცრუის თქმა, ინტრიგების ხლართვა, უდანაშაულოთა ცილისწამება და მოზარდების გარყვნა, და კიდევ უფრო ტკბილია ადამიანთა შორის ძალადობის ცქერა! შენ მოწყალების მონავ, ეს რომ იცოდე, მე მცემდი თაყვანს, როგორც ყოვლისშემძლე ღმერთს. თაყვანი მეცი, დაწვი „მიუღწეველი ქვეყნის“ ხელნაწერი და გაგაბედნიერებ! აქ ვინ არის? ეს ვინ ხმაურობს? განა არ გაინტერესებს, რატომაა, რომ ადამიანთა შორის დღეს გაცილებით იშვიათად ვჩანვარ, ვიდრე = ძველ დროში. მაშ! სწორედ ესაა ჩემი ეშმაკობა: სანამ აშკარად ვეჩვენებოდი ადამიანებს, ხალხი მცნობდა, ჩემი ეშინოდა და გამირბოდა. ახლა კი რაღაც უფრო საინტერესო მოვიფიქრე. მეტად აღარავის ვეჩვენები, რათა ადამიანებმა იფიქრონ, რომ მე არ ვარ. და მართლაც ასეა. ამ საუკუნეში ხალხი დარწმუნებულია, რომ მე არ ვარსებობ, არა ვარ! ვიდრე ადამიანებმა ჩემი არსებობა იცოდნენ, ნებისმიერ ბოროტებას მე მომაწერდნენ, ამიტომ შემცოდეთა მიმართ ყველა გულმოწყალედ იყო განწყობილი, ერთმანეთს ბევრ რამეს შეუნდობდნენ და ყველაფერს მე მაბრალებდნენ. ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა, მე ყველაფრის მოდერნიზება შევძელი, ახლა ადამიანის თვალთაგან დაფარული ვარ და ამიტომაა, რომ დღეს ყოველგვარ ბოროტებაში კაცი კაცს სდებს ბრალს. ადამიანებმა დაივიწყეს გულმოწყალება და პატიება აღარ შეუძლიათ. მას შემდეგ, რაც ადამიანებს აღარ ვეჩვენები, ისინი გახდნენ შეზღუდულები და ახლომხედველები. ისინი უკვე მე კი აღარ მიმიჩნევენ ბოროტების წყაროდ, არამედ ერთმანეთს ადანაშაულებენ, ერთმანეთში ჩხუბობენ, ბოროტების აღმოფხვრას ცდილობენ, მე კი = მეფე ბოროტებისა = ყოველივე ამას ვაკვირდები და ვტკბები. და უფრო და უფრო ღრმად ჩავდივარ მიწისქვეშეთში, რათა ადამიანებმა მთლიანად გადაივიწყონ ჩემი არსებობა. ამგვარად, ჩემი საქმე წარმატებულია და ჩემთვის დიდება მოაქვს. ჩემი ანგელოზები მთელ ქვეყანაზე მოქმედებენ, მე კი შენი ბატონის უმთავრეს დასაყრდენს = ივერიას ვუტევ. და აი, ხომ ხედავ, მისი მთავარი სიმაგრე = მისი ივერია = სიძულვილისა და ძალადობის კვამლშია გახვეული, ირღვევა და ნადგურდება. შენი ბატონის, ეგრეთ წოდებულ, გადარჩენილთა სიები უფრო და უფრო მოკლდება, ჩემი სამეფო კი გადავსებულია. ეს ვიღა იმზირება სარკმლიდან? ეს ვინ შემოდის კარში? ეს რა შეთქმულებაა ჩემ წინააღმდეგ?… შენ კი მაინც გჯერა, რომ ივერია გაუძლებს?! ამბობ, რომ უბრალო ხალხის მასები შენს ბატონს მიჰყვებიან?! ვიცი, რომ ასეა, მაგრამ მე უგუნური პირუტყვებივით შევრეკავ მათ ჩემს ფარეხში. სწორედ ამ სახელს უწოდებენ ჩემი სწავლული კაცები ხალხის მასებს, რომელთაც გამოზრდიან ან შემდეგ გარდაქმნიან ხოლმე ბოროტების სულის მეშვეობით = ჩემი რეცეპტის მიხედვით. სიმართლე რომ ვთქვათ, არის კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც დამალვას მაიძულებს. შენი ბატონის მიმდევრები ატარებენ ერთ იარაღს, რომელიც მე ადგილზე დამცემს. ეს… შენც ხომ იცი, … მისი ნიშანია! ვააი!.. = კიდევ ერთხელ ამოიხრიალა ელეგანტურმა ბატონმა, დატრიალდა და თან ხელჯოხს აქეთ-იქით იქნევდა, მაღლა და დაბლა, მარჯვნივ და მარცხნივ. ის ღვთისიაშვილს რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა და მოულოდნელად დიდი ტანის თხად იქცა, რომელსაც რქები ჭერამდე უწევდა. = ახლა კი კარგად შემომხედე, = ხრიალებდა იგი, = ახლა მე შემიძლია, თუ მოვისურვებ, იმად გადავაქციო ნებისმიერი ვინმე, რადაც მინდა. ასეთია ჩემი ძალა! დაწვი შენი ხელნაწერი, ხომ დაწვავ?! თუ არა, მაშინ!.. = და უცებ უზარმაზარი თხა უზარმაზარ გველად იქცა და დაისისინა: = „მაშინ ახლავე ჩაგყლაპავ“! = ამის თქმაზე გველი გარს შემოევლო ღვთისიაშვილს და ხახა დააღო. მაგრამ აქ ღვთისიაშვილმა ჰაერში ჯვრის გამოსახვა მოასწრო და გველი მოდუნდა, მისმა მარყუჟებმა ძალა დაკარგეს. ის ხმამაღალი ტკაცუნით გადაწყდა და ყოველივე სიბნელეში გაუჩინარდა… „ფუქსი“ სიმყრალით აივსო. ავისმომასწავებელი სიჩუმე ჩამოწვა. ღვთისიაშვილს ცივი ოფლი მოაწვა, მან პირჯვარი გადაისახა და იესოს ლოცვა დაიწყო. იგი დიდხანს ლოცულობდა…

ბოლოს მოვიდა ბადრაგი და ღონემიხდილი ღვთისიაშვილი კარცერში საკაცით წაიღეს.

– რუსთავის #17 სასჯელაღსრულების საპყრობილე
2010-13 წლები

გაზიარება: