ღირსი მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება მონარქიის აღდგენაზე

“საქართველოში საყოველთაო დევნის წინ აღდგება მირონცხებული მეფის ტახტი, რომელიც ღმრთისა და მოყვასის სიყვარულით უმთავრებს ერს”- ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი.

“ამასთან კავშირში გვახსენდება ერთი ამბავი. საქართველოში, სოლომონ მეფის ნეშტი ჩამოასვენეს და დაკრძალვამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში, სვეტიცხოველში ესვენა, სადაც ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი. ამ მოვლენამ მრავალ ქვეყანაში გაფანტული ბაგრატიონები საქართველოში შეკრიბა. ერთ-ერთი იყო ქალბატონი ლეონიდა ბაგრატიონი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა შვილიშვილ გიორგი რომანოვთან ერთად, რომელიც რუსეთის ტახტის ოფიციალურ მემკვიდრედ ითვლება.

ქალბატონმა ლეონიდამ რაღაც წყაროდან იცოდა სამთავროში მამა გაბრიელის ცხოვრების შესახებ და სვეტიცხოველში მისულმა მისი ნახვა ითხოვა. მამა გაბრიელი კელიის წინ კარში, დაბალ სკამზე იჯდა. ქალბატონი ლეონიდა და გიორგი ორი მცველის და ორი ქართველი მხლებლის თანხლებით შემოვიდნენ მონასტერში. მცველები და ქართველი მხლებლები კიბის თავში დატოვეს და მარტოდ ამოვიდნენ მამა გაბრიელთან.

ისე, რომ თავიანთი ვინაობა არ გაუმხელია, ქალბატონი ლეონიდა მამა გაბრიელთან მივიდა, მუხლი მოიყარა და შვილიშვილიც დააჩოქა, ლოცვა-კურთხევა ითხოვა. საუბარი რუსულ ენაზე შედგა. ლოცვა-კურთხევის აღების შემდგომ, ქალბატონმა ლეონიდამ, მამა გაბრიელს ჰკითხა:

– მამაო, თუ შეიძლება, გვითხარი, რუსეთში მონაქრია აღდგება? და თუ აღდგება, ჩვენ მოვესწრებით?

მამა გაბრიელმა ქალბატონ ლეონიდას ოდნავ გაუღიმა, თითქოს თავზე ხელი გადაუსვა, ხელი თავზე დაადო და უთხრა:

– შენ არა.

შემდეგ მარჯვენა გიორგი რომანოვს დაადო და უთხრა:

– ეს – კი.

ქალბატონმა ლეონიდამ კიდევ ერთხელ დაალოცვინა თავი მამა გაბრიელს, მადლობა მოახსენა გულთბილი მიღებისთვის და წავიდა. ამ დროს ქალბატონი ლეონიდა 70 წელს გადაცილებული იქნებოდა, ხოლო გიორგი რომანოვი, ალბათ 13-14 წლისა.

ჩვენ, ვინც ამ საუბარს შევესწარით, გვეუცნაურა ეს ყოველივე, მაგრამ ვერაფერი ვიეჭვეთ. მათი წასვლის შემდგომ, მამა გაბრიელთან დედები მოვიდნენ, რომელთაც უცნაური სტუმრების ვინაობა ქართველი მხლებლებისგან გაიგეს და მამა გაბრიელს გახარებულებმა უთხრეს:

– მამაო, იცით, ვინ იყვნენ თქვენთან მოსულნი?

მამა გაბრიელმა თავი დაუკრა და უთხრა:

– ვიცი – მეფე!

დედა პარასკევას მამა გაბრიელის პასუხი გაუკვირდა და ჰკითხა:

– როგორ, მამაო, რუსეთში მეფე აღდგება?

მამა გაბრიელმა უპასუხა:

– კი, ჯერ რუსეთში და მერე საქართველოში.”

“ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია”, გვ. 175-177
ZNEOBA.GE-ს რედაქცია

გაზიარება: