„წმინდა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ქადაგება წმინდა ნინოს ხსენების დღესასწაულზე

„ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ნინოობას. ეს არის სასწაული. მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ერთადერთია საქართველოს ეკლესია, რომელიც მოაქცია ქალმა. განვლო ამდენმა საუკუნემ და ქართველი ადამიანი თაყვანსა სცემს წმინდა ნინოს, წმინდა ნინო არის შუამავლი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის.

არის დაწერილი დაუჯდომელი წმინდა ნინოსი, მაგრამ არ იყო დაწერილი საგალობელი დაუჯდომელისა. იყო ერთი შემთხვევა, მე მოვილოცე წმინდა მცხეთის მონასტერი, იქ ბრძანდებოდა დედა ზოილე, ჩემი ნათლია და ჩვენ ვსაუბრობდით, რომ არ იყო საგალობელი დაუჯდომელისა და წმინდა ნინომ ინება, 5 წუთში დაიწერა ეს საგალობელი: „გიხაროდენ, ფრიად მშვენიერო შორის დედათა, საღმრთოო სძალო“. სასწაული მოხდა და ეს იქნება მეორედ მოსვლამდე და მეორედ მოსვლის შემდეგაც. ამიტომ მინდა, ერთად ვიგალობოთ ეს საგალობელი:

გიხაროდენ, ფრიად მშვენიერო შორის დედათა, საღმრთოო სძალო!
გიხაროდენ, ფრიად მშვენიერო შორის დედათა, საღმრთოო სძალო!
გიხაროდენ, ფრიად მშვენიერო შორის დედათა, საღმრთოო სძალო!
ალილუია, ალილუია, ალილუია!

გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველდღე იგალობოთ ეს საგალობელი და წმინდა ნინო იქნება თქვენი მფარველი.

მინდა, მოგითხროთ ერთი სასწაული. ჩემი უფროსი ძმა ავად გახდა და ლოგინში იწვა. მე ვიყავი იმ ოთახში, სადაც ის იწვა. დამიძახა: „ირაკლი, მოდი აქ!“ (ირაკლი მერქვა) – მივუახლოვდი და მითხრა: „შეხედე, ვინ მოვიდა ჩვენთან“. ვინ არის-მეთქი და წმინდა ნინოო. აი, ასეთი სასწაული მოგვივლინა უფალმა, ის იყო სრულ გონებაზე და არ შეიძლება ითქვას, რომ მოეჩვენა, წმინდა ნინომ მოინახულა ავადმყოფი. ეს არის დიდი სასწაული და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გაგვხადა ღირსი, რომ ჩვენი მომქცეველი, ჩვენი მფარველი, ჩვენი მლოცველი არის წმინდა ნინო. შეგეწიოთ წმინდა ნინოს ლოცვა!
გაიხარეთ ორსავე სოფელსა შინა!

თქვენ იცით, დღეს ისტორიული დღეა – 125 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იკურთხა ეს ტაძარი წმინდა ნინოსი.
შეგვეწიოს მის ლოცვა!

ამ დიდ დღესასწაულთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ შემდგომი გადაწყვეტილება:

წინამძღვარი ამ წმინდა ტაძრისა, დეკანოზ კონსტანტინე ლეკიშვილი დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს!
დეკანოზი არჩილ ხაჩიძე დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით, აქსიოს!
დეკანოზი გიორგი ჩიტაძე დაჯილდოებულია გამშვენებეული ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს!
დეკანოზი გიორგი გელუტაშვილი დაჯილდოებული გამშვენებეული ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს!
ჩვენთან არს ღმერთი!“

თბილისის კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი
27 იანვარი, 2020 წელი

გაზიარება: