ცოდვის დემონიზმი – მარადიული ტანჯვის საიდუმლო

რა არის ცოდვა – ჩვენი ცხოვრების ეს საიდუმლო რეალია, უხილავი რადიაცია, რომელიც მას მსჭვალავს? ეს გაუგებარი ძალა დედამიწას (კოსმოსის სულიერ გულს) 7 ათასი წელი ტკივილის კრუნჩხვებში რყევას რომ აიძულებს? კაცობრიობის ისტორია ქრონიკული ავადმყოფობის ისტორიას ბევრი რამით მოგვაგონებს.

ჩვენი თანამედროვენი, ისევე როგორც ძველი ჰუმანისტები, ცდილობდნენ ეს პრობლემა გაემარტივებინათ, ცოდვა ადამიანის ზნეობრივ არასრულფასოვნებად აეხსნათ, გარკვეული მორალური ეტალონიდან გადახრად, გონებასა და გრძნობას შორის დისონანსად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეგოიზმის გამოვლინებად განემარტათ, ზოგჯერ კი შემთხვევითობად და შეცდომად, არასწორ გადაწყვეტილებად წარმოედგინათ. ისინი ცოდვის მიზეზებს აღზრდის ნაკლოვანებაში, არასაკმარის განათლებაში, ცუდ მაგალითში, სოციალურ უსამართლობაში ხედავენ და თვლიან, რომ სული, დაბადებით, სუფთა, გარეგანი ფაქტორების ზემოქმდებით, ლითონის მსგავსად, კოროზიას განიცდის და თანდათან ჟანგით იფარება. ამიტომ ჰუმანისტები ზნეობის გამოსწორებას საზოგადოებრივი ფორმებით, ანუ ფსიქოლოგიის – სოციოლოგიის მეშვეობით ცდილობდნენ. ყველა ასეთი მცდელობა უტოპია იყო. საბრძოლო ენთუზიაზმი იმედგაცრუებით მთავრდებოდა, რევოლუციური ძალადობა არა ზნეობრივ გმირებს, არამედ ტირანებსა და მონებს წარმოშობდა: რევოლუციებისა და „გარდაქმნების” დროს ბოროტების განსაკუთრებულად ძლიერ ამოხეთქვას ვხედავთ, თითქოს ლავის ამოფრქვევას მიწის ზედაპირზე.

თანამედროვე ლიბერალიზმს ცოდვის შესახებ საკითხის გადაჭრა რადიკალური საშუალებით სურს. მას თვით ცოდვის ცნების განადგურება უნდა, ამისათვის ზნეობის ცნება უნდა მოსპოს, ის ცრურწმენად გამოაცხადოს და ყველასათვის დასაცინი გახადოს.

ანტიკურიდან დაწყებული, ყველა ფილოსოფიური სისტემა ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ცოდვა – ეს მხოლოდ სიმწარეა სიკეთისა. თანამედროვე ლიბერალები – ცინიკოსები ცდილობენ ადამიანებს ჩააგონონ, რომ ცოდვა – ეს ყალბი ცნებაა, რომელიც იმისთვისაა მოგონილი, რომ ადამიანი შიშის ქვეშ ამყოფოს, მისი თავისუფლება შეზღუდოს, ცხოვრების ხალისი აღუკვეთოს; საერთოდ კი ცოდვა – ბნელი მოჩვენებაა, რომელიც ადამიანის გონებამ უნდა გაფანტოს და გაანადგუროს; ცოდვა – ეს ბავშვებისთვის საფრთხობელა და ძველი ცრურწმენაა, რომელსაც მხოლოდ ნევროზებისა და ფობიის გამოწვევა შეუძლია.

ლიბერალებს მინიმუმამდე უნდათ ზნეობის დაყვანა, მაგალითად, როგორიცაა სალაფავის სამართლიანი განაწილება საერთო გონებიდან და ამით ადამიანური სინდისის ნარჩენების დაკმაყოფილება. მაგრამ ჩვენ შევიგრძნობთ ცოდვას, როგორც რეალურ ძალას. ამ უჩუნმაჩინს ყველგან, უპირველეს ყოვლისა კი ჩვენს სულში ვაწყდებით.

არის ცოდვის სიღრმე, მისი ერთგვარი ონტოლოგია, თვალთაგან დაფარული – ეს არის ღვთისადმი სიძულვილი. ომებისა და რევოლუციების დროს, როცა სახელმწიფოს საფუძველი ინგრევა, როგორც მიწისძვრის დროს კოლონები, ცოდვის სატანიზმი განსაკუთრებულად იკვეთება და გვეჩვენება, რომ თვით მიწის პირი გადაიქცევა ჯოჯოხეთის ფსკერად. განა შეიძლება სადიზმი და ადამიანთა ნაირგვარი წამებანი, როცა სიკვდილი კაცს წყალობად ეჩვენება, მხოლოდ სიკეთის სიმწირით აიხსნას? განა შეიძლება სიკეთის სიმწირით აიხსნას სექსისა და გარყვნილების ნაკადი, ტლევიზორების ეკრანებიდან და ჟურნალის ფურცლებიდან რომ დაგვატყდა? განა შეიძლება ჰომოსექსუალიზმის აპოლოგია მხოლოდ უმეცრებად მივიჩნიოთ? რით ავხსნათ სიბინძურისადმი ეს მზარდი მიდრეკილება? როგორც ჩანს, სატანის რელიგიის ახალ ხვეულს გარყვნილების კულტი წარმოადგენს, მსგავსად იმისა, დეკადანსი რომ ნერგავდა ხელოვნებაში ხრწნადი გვამის კულტს. ძველად პათოლოგიური სექსი სამარცხვინოდ ითვლებოდა. ეს სასამართლო მედიცინის სფეროს განეკუთვნებოდა. ახლა კი არა მხოლოდ ითმენენ, არამედ მას, როგორც ადამიანის გრძნობათა ახალ საღებავებს, რეკლამასაც უკეთებენ. ალბათ მალე მკვდარი ზღვის ფსკერიდან სოდომი ამოვა, ამოცურდება ტრიტონივით და „ელიტის” დედაქალაქად იქცევა.

ცოდვის ახსნა არ შეიძლება მასობრივი ფსიქოზით და შეშლილობით. გიჟი შეურაცხადია, აქ კი ადამიანებმა იციან რაზე მიდიან. მაგალითად: ადამიანი, რომელიც თითქოს არანაირ ფსიქიურ გადახრას არ ამღჟავნებს, საზოგდოებაში კორექტული, სამსახურში კარგი მუშაკი, გულისხმიერი მეზობელი და მზრუნველი მეოჯახეა, იმიტომ დაიჭირეს, რომ ადამიანებს, ხშირად ქალიშვილებსა და ბავშვებს მოტყუებით იტაცებდა, აწამებდა, შემდეგ ბენზინს ასხამდა და წვავდა. ის თავისი მსხვერპლის მოტაცების გეგმებს ისე გულდასმით აწყობდა, როგორც რეჟისორი აწყობს გეგმებს სპექტაკლის დასადგმელად. როცა სასამართლოზე ჰკითხეს რატომ სჩადიოდა ამას, მან უპასუხა, რომ მსხვერპლის მოთქმით ისეთ სიამოვნებას განიცდიდა, რომელსაც ვერაფერი შეედრებოდა.

ადამიანები ეკრანებთან ძალადობას ისე გატაცებით და ინტერესით უყურებენ, თითქოს დაჰიპნოზებულნი არიან ამ ბნელი ფანტასმაგორიით. სატანისტურ სექტებში სადიზმი და გარყვნილება ღამის ორგიის რიტუალს წარმოადგენს. ეს კუდიანების შაბაში ახლა გასართობ სანახობად უნდათ რომ აქციონ.

ცოდვა – ოკულტური მოვლენაა, ეს ღვთის გამოწვევაა მოჩვენებითი თავისუფლების სახელით, ეს არის ადამიანის სურვილი, თავის სულში ღვთის ხატი შებილწოს და გაანადგუროს. ცოდვა უაზრო და მახინჯია, მაგრამ ის სწორედ თავისი ურცხვობითაა მიმზიდველი. რატომ არის დიდი მოთხოვნილება ყველაზე ცინიკურ წიგნებსა და გარყვნილ სურათებზე? იმიტომ, რომ ისინი ადამიანის ქვეცნობიერების სიღრმეებში ჩამალულ სახეებსა და ვნებებს ეხმიანებიან. ყოველგვარი ცოდვა პირველქმნილ ცოდვას ენათესავება, რომელიც თაობიდან თაობას გადაცემა, დაუშრეტელად მიედინება, მიჰყვება მსოფლიო ისტორიას მისი განთიადიდან დაისამდე. ადამიანის მიერ ჩადენილი ყოველი ცოდვა, სახელად – „ღვთისმბრძოლობა”, პირველ ცოდვასთან ისეა მიბმული, როგორც რტოზე ფოთოლი.

წმიდანები ამბობენ, რომ ცხონება თვისთა ცოდვათა ხედვით იწყება. მადლის პირველი მოქმედება – ეს სულის სიღრმისაკენ მიმართული სხივია, რომელშიც ადამიანი საკუთარ თავს, როგორც კეთროვანს, ცოდვის ქერცლის დაფარულს ხედავს. მის წინაშე ურჩხულებივით ჩნდებიან გულში ჩაბუდებული ვნებები. თუკი სული ცოდვას არ ებრძვის, არამედ თაყვანს სცემს მას, მაშინ ის თავად ხდება დემონის ხატი და მსგავსი. თუმცა სინდისის ქენჯნა ამას მიგვანიშნებს, მაგრამ ცოდვის მთელი დემონიზმი მხოლოდ სიკვდილის შემდეგ იხსნება. როცა სული ცოდვასთან, როგორც განგდებულობის დამღასთან ერთად სამარადისოდ დარჩება, მას საშინელება შეაძრწუნებს.

გავიხსენოთ გასული საუკუნის 20-იან წლებში სატანიზმის თარეში თავისი სისხლიანი დანაშაულებებითა და გაწაფული მკრეხელობით. ეს არის ცოდვის ამოფრქვევა ადამიანთა სულის სიღრმეებიდან, როგორც ჯოჯოხეთიდან. სული მიწიერი ცხოვრების წიაღიდან მარადისობაში ქრისტეს ან სატანის სახით იბადება. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ კი არა მხოლოდ სული, არამედ სხეულიც იმ სახეს მიიღებს, რასაც ადამიანი ემსახურებოდა. ამაშია სამოთხისა და ჯოჯოხეთის, საუკუნო ნეტარებისა და საუკუნო ტანჯვის საიდუმლო.

ცოდვას თავისი აპოლოგეტები ჰყავს; მათი რიცხვი ყოველ საუკუნეში იზრდება და მათი ხასიათი ყოველ ათწლეულში სულ უფრო თავხედური და ცინიკური ხდება. ლიბერალებს უნდათ ცოდვით დაცემის ტრაგედია ბედნიერი დასასრულის მქონე თავშესაქცევ რომანად აქციონ. იმისთვის, რომ ცოდვილი დაამშვიდონ, ორიგენისტები ახალ თეორიებს თხზავენ. მის სასთუმალთან დახრილები, როგორც შაჰრაზადა ალრაშიდს, მას ზღაპრებს უყვებიან, ოღონდ არა „ათას ერთი ღამიდან”, არამედ ორიგენესა და ჰიპოკრატეს გადმოცემებიდან. მათი მთავარი დოგმატია – საბოლოო საყოველთაო ცხონება.

მაგრამ უფალმა დედამიწაზე არა ცოდვასთან და სატანასთან ერთად მშვიდობა, არამედ მადლის ცეცხლოვანი მახვილი მოიტანა, რომელიც სიკეთესა და ბოროტებას საუკუნოდ გაყოფს, დასრულდება მირაჟი და დაიწყება მწარე გამოღვიძება.

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

გაზიარება: