ლევან ჩაჩუა: „საზოგადოება არ დაუშვებს, რომ ქოცები, ნაცები და მათი განშტოებები არჩევნების დროს გარიგდნენ“

„საპატრიარქოზე ახალი შეტევა დაიწყო იმიტომ, რომ პატრიარქის რეიტინგი ვერა და ვერ დაწიეს“

მარიამ მჭედლიშვილი

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა მოძრაობა „ქართული იდეის“ ლიდერ ლევან ჩაჩუას

– პრეზიდენტმა არ შეიწყალა დეკანოზი გიორგი მამალაძე. ამას მოჰყვა მღელვარება. ხალხი თვლის, რომ ეკლესიაზე შეტევის მორიგი რაუნდი იწყება. ეკლესიაზე იერიშის ნიშნებს ხედავთ?

– საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე შეტევა დიდი ხანია მიმდინარეობს. ბოლო წლებში ეს თავდასხმები გამძაფრდა. ამჟამად ეკლესიასთან მებრძოლებმა გამოიყენეს ის, რომ პრეზიდენტმა არ შეიწყალა გიორგი მამალაძე. რატომღაც ამაში დაადანაშაულეს კათოლიკოს-პატრიარქი. ასეთი ბრალდება აბსურდულია. გასაგებია, რატომაც განახლდა ეკლესიაზე შეტევა.

– რატომ განახლდა?

– საპატრიარქოზე ახალი შეტევა დაიწყო იმიტომ, რომ პატრიარქის მაღალი რეიტინგი ვერ დაასამარეს და ხალხი ეკლესიებს ვერ მოსწყვიტეს, როგორც დაგეგმილი იყო. მრევლმა შეინახა საშობაო მარხვა და ღირსეულად აღნიშნა შობის ბრწყინვალე დღესასწაული, შობის ღამეს თითქმის ყველას, პატრიარქის მოწოდების თანახმად, სახლის ფანჯრებში სანთელი ენთო. ტაძრებში ხალხის ტევა არ იყო. 4 იანვარს მისი უწმინდესობის დაბადების დღეზე მასთან მისალოცად უამრავი ადამიანი მივიდა. რამდენიმე დღის დაგვიანებით თქვენი სახალხო გაზეთით ვულოცავ მის უწმინდწსობას დაბადების დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. ეკლესიას უტევენ ანტიეკლესიური ძალები, რომლებიც მოკალათებული არიან პოლიტიკაში, ხელისუფლებაში, არასამთავრობო სექტორში, მედიაში და ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებათ. ბოლო პერიოდში ნანახმა მათზე გამანადგურებლად იმოქმედა. ისინი მიხვდნენ, რომ დიდმა შრომამ უშედეგოდ ჩაიარა – ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ეკლესიურია, პატივს სცემს პატრიარქს და არ ეგება ულტრალიბერალების ანკესებს.

– არალიბერალებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ ეკლესიებში, მათ შორის, წმინდა სამების ტაძარში, მრევლი საგრძნობლად შემცირდა.

– ეს სრული სიცრუეა. ტაძრები სავსეა. ვიღაცას უნდა, შეარყიოს რწმენა ადამიანებში. ურწმუნო, ნარკოტიკებით გაბრუებული და გარყვნილი მასის მართვა უადვილესია. ჭეშმარიტად მორწმუნე და პატიოსანი ხალხით მანიპულირება კი შეუძლებელი. მორწმუნე ნებისყოფით და სიფხიზლით გამოირჩევა. მისი მოტყუება და მართვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომაც უტევენ ასე გაშმაგებით სარწმუნოებას და ხელს უწყობენ ნარკომანიას, ლოთობას, აზარტულ თამაშებსა და სოდომურ გარყვნილებას. ამის გამოა, რომ 87 წლის პატრიარქსაც კი აშანტაჟებდნენ.

– ახლაც ისმის მუქარები რაღაცის გამოქვეყნებაზე.

– მეუფეებმა ამას საკადრისი პასუხი გასცეს. რა უნდა ჰქონდეთ გასასაჯაროებელი! ეტყობა, რაღაც ჭორებს დაყრიან.

– მალე რელიგიურ საკითხებს პოლიტიკურიც დაერთობა. ერთ-ერთი მთავარი თემა ისევ საარჩევნო საკითხებია.

– სხვათა შორის, პოლიტიკური პროცესები მჭიდროდ არის დაკავშირებული ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ საკითხებთან. ანტირელიგიურ ძალებში არიან პოლიტიკოსებიც. მათ შორის, ისინი, რომლებიც ნოემბერ-დეკემბერში პარლამენტთან აქციებს მართავდნენ. ხომ გამოჩნდა, რომ ამ პოლიტიკოსებს ქვეყნის შიგნით დასაყრდენი არ ჰყავთ.

– გინდათ თქვათ, რომ გარეთ ჰყავთ დასაყრდენი?

– როგორც ვატყობ, ჰყავთ. ქვეყნის შიგნით ხალხს მათი დანახვა არ უნდა. ხომ ნახეთ, 30-ზე მეტი პარტია გაერთიანდა და თითომ 100 კაცი ვერ მიიყვანა. ეტყობა, პარტიის წევრებიც არ ჰყავთ. ასეთი პარტია რატომ უნდა იყოს რეგისტრირებული? ზოგიერთი ასეთი ერთკაციანი პარტია ბიუჯეტიდანაც ფინანსდება. ეს უსამართლობაა. ხალხის ფული ამაში ან უნდა იხარჯებოდეს.

– ეს პარტიები არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. მათ ლიდერებს საზოგადოება იცნობს.

– რომ იცნობს, სწორედ იმიტომ აღარ უნდა ამ ოდიოზური ფიგურების დანახვა! შეგიძლით ჩაატაროთ გამოკითხვა და ნახავთ, როგორ აღიზიანებს ხალხს ეს გაცვეთილი, პარტიებგამონაცვალი, დისკრედიტირებული სახეები. მათი დანახვა ტელევიზიებშიც აღარ შეუძლიათ. ხშირად ვისმენ, რომ პოლიტიკაში ახალი და გაუსვრელი სახეები უნდა მოვიდნენ და არა ისინი, ვინც 30 წელიწადია ტივტივებენ დაჭაობებულ პოლიტიკურ ველზე. მიმაჩნია, რომ თითო-ოროლა პატიოსანი პოლიტიკოსი ძველებშიც მოიძებნება.

– ახალი სახეები გამოჩნდებიან?

– აუცილებლად. ჩამოყალიბდება სხვა ერთობა, რომელიც დაეფუძნება სულიერებას და ქართულ ცნობიერებას, ანუ ეროვნულ იდეოლოგიას, ტრადიციებსა და კულტურას. ამ გაერთიანებაში შევალთ არადისკრედიტირებული პოლიტიკოსები და საზოგადოებრივად აქტიური პიროვნებები. არჩევნებში ერთად გამოვალთ. სამწუხაროდ, მანკიერი საარჩევნო გარემო არ შეცვლილა – არ არის დადგენილი ზუსტი სიები, ცესკოს დაკომპლექტების წესი გადასახედია, მისაღებია კანონი ხმების „ლაივში“ დათვლის შესახებ და სხვა.

– დავუშვათ, არაფერი იცვლება-არც გარემო უმჯობესდება და შერეული სისტემა რჩება. რა იქნება მაშინ?

– საარჩევნო თამაშები მაინც არ გამოუვათ: საზოგადოება არ დაუშვებს, რომ ნაცები, ქოცები და მათი განშტოებები არჩევნების დროს გარიგდნენ და მანდატები გადაინაწილონ. გარიგების საშიშროება არსებობს. ხომ ხედვავთ, ეს ოპოზიციური ერთობა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას არც კი ითხოვს. მარტო პროპორციული არჩევნები და გერმანული მოდელი აკერიათ პირზე.

– ფიქრობთ, რომ საზოგადოება თავის ხმებს დაიცავს?

– თუ ხალხმა დაინახა, რომ ქოცები და ნაცები მანდატებს ინაწილებენ, დესტაბილიზაცია სწორედ მაშინ მოხდება. სიმართლე არის ხალხში და არა მართულ პარტიულ ტელევიზიებში. საზოგადოების განწყობა სწორედ ისეთია, რასაც ვამბობ. საარჩევნო სისტემა მანკიერია, მაგრამ ქოცებს და ნაცებს ხალხი წინ აღუდგება და მათ მასშტაბური გაყალბების საშუალებას არ მისცემს.

– არჩევნების დღეს იაქტიურებს საზოგადოება?

– მანამდეა საჭირო აქტიურობა. ჩვენ ვატარებთ კონსულტაციებს აქტიურ გაუსვრელ ადამიანებთან. ვაპირებთ რეგიონების მოვლას. იქ უკვე ბევრი მომხრე გამოგვიჩნდა. არჩევნებამდე რეგიონებიდანაც გამოვიყვანთ ხალხს და შევეცდებით ხელისუფლებას დავანახოთ ქართველი ერის ძალა. ეს იქნება მშვიდობიანი აქცია არჩევნების წინ. არა მგონია, „ქართულმა ოცნებამ“ და მასთან გარიგებულმა ოდიოზურმა ოპოზიციამ მასშტაბური გაყალბება გაბედონ. გაბედავენ და იმ ყალბ დეპუტატებს ნაგვის ურნებში ჩატენვა არ ასცდებათ, როგორც უკრაინაში მოხდა.

გაზიარება: