თორნიკე კივილაძის მიმართვა საქართველოს მოქალაქეებს (2020 წელი)

პატივცემულო თანამემამულენო, სახარებისეული სიბრძნე გვასწავლის, რომ ღვთის ნების გარეშე თმის ღერი არავის ჩამოუვარდება. აღნიშნულ იდეას ეფუძნება ვეფხისტყაოსნის სწავლება: ,,რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არრა საქმე არ იქნების’’. უფალს შევთხოვ რწმენით აღგვავსოს, გაგვაერთიანოს და დაუღალავად გვაღვაწოს სიმართლის, ღირსებისა და სამშობლოს დაცვისათვის.

ჩვენი სამშობლო თავისი მრავალათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში, როგორც წინარექრისტიანულ, ასევე, ქრისტეს შობისშემდგომ პერიოდში უამრავჯერ იყო ჯვარზე გაკრული, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენი ღირსეული წინაპრების დამსახურებით ერი ახერხებდა გაერთიანებას, საერთო მიზნის გარშემო დარაზმვას, სამშობლოს გადარჩენას. წმინდა ილია მართალი მიგვითითებდა შეგვეყვარებინა და შეგვემეცნებინა ისტორია, რადგან ერი, რომელიც თავის ისტორიას დაივიწყებს, დაემხობა და გათახსირდება. განვლილმა გზამ ახალი ორიენტირი უნდა გვიჩვენოს, რათა სწორად წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება, შევიტანოთ წვლილი ჩვენი სამშობლოს განვითარებაში.

საბჭოთა რეჟიმის დასრულების შემდეგ, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ეროვნული მოძრაობის სულისჩამდგმელები – ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ძალ-ღონეს არ იშურებდნენ ეროვნული ცნობიერების ამაღლების, გონივრული ეროვნული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისთვის. საქართველოს მტრებს არ სურდათ ქართული სახელმწიფო პატრიოტებს, ჭეშმარიტ მამულიშვილებს ემართათ, ციხის შიგნიდან გატეხვა დაისახეს მიზნად, რასაც ეროვნული მთავრობის დამხობა მოჰყვა. ჩემი ღრმა რწმენით, მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია მოგვიკლეს, მსგავსად ილია ჭავჭავაძისა, რათა საქართველო კვლავაც დამორჩილებულ კოლონიად ექციათ. მას შემდეგ საუკუნის მეოთხედმა განვლო და დღეს ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა შექმნილი. მართვის სადავეებთან არაერთხელ მივიდნენ ეროვნული ხელისუფლების დამამხობელი ფიგურები და ცხადია, მათ მმართველობას სახელმწიფოს ნგრევის მეტი არაფერი მოუტანია.

საქართველოს მოქალაქენო, შვილებო ამ მრავალტანჯული ერისა, ქვეყნის მტრები გამუდმებით ცდილობენ დაანგრიონ ნდობის ხიდი ხალხში, რათა ერმა ვერ შეძლოს გაერთიანება. უნდობლობა ერის დაქსაქსულობის საფუძველია. სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალამ გადაჭარბებული მოლოდინები შექმნა, მოდით თამამად განვაცხადოთ, ხალხი მოატყუა, სახელმწიფოს ხელიდან გამოგლიჯა ძვირფასი რესურსი – დრო, რომელიც განსაკუთრებით დინამიკურია ჩვენს ეპოქაში. ხალხის ნდობით ბოროტად მრავალჯერ ისარგებლეს, რის გამოც დღეს მოქალაქეებს ყოველგვარი ნდობა და პატივისცემა გაუქრათ პოლიტიკური აქტორებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ. ხალხის ამგვარ დამოკიდებულებას უმძიმესი ისტორია უძღვის წინ.

პოლიტიკაში შემოსულ ყოველ ახალ ფიგურასა თუ პოლიტიკურ გაერთიანებას ხალხი უნდობლობით ეგებება, ეჭვით უყურებს. პატივცემულო თანამემამულენო, ჩვენი მიზანია ათას ფლიდში ერთი მართალი გამოვარჩიოთ, რაც დამერწმუნეთ, მეტად რთული ამოცანაა, თუმცაღა, ისევდაისევ სახარება, ვეფხისტყაოსანი, ქართული ლიტერატურა თუ მშობლიური მატიანე გვასწავლის, რომ როცა კაცის სიტყვა და საქმე ერთია, როცა ერთმანეთს ემთხვევა ღვთისა და ადამიანის ნება, აუცილებლად უნდა ამოვიცნოთ მართალი კაცი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში არათუ იბრძოლებს, არამედ თავს გასწირავს, რათა მაგალითი და სავალი გზა უჩვენოს მთელ ერს.

გავიხსენებ ერთ ისტორიას. სამეგრელოში ერთმა კაცმა მეორეს სთხოვა ცხენი მათხოვეო. ცხენის პატრონმა დაღლილ კაცს ცხენი მართლაც ათხოვა. სამწუხაროდ, მას გულში ბოროტი განზრახვა ჰქონდა, ცხენის დაბრუნებას არ აპირებდა, გადაიხვეწებოდა და დაიმალებოდა. გავიდა რამდენიმე დღე. კაცს შერცხვა, არავინ მოიკითხა ცხენი, მე კი ასე უღირსად მოვიქეცი, ცხენი აუცილებლად უნდა დავაბრუნოო. ცხენი დაუბრუნა პატრონს და ჰკითხა: რატომ არ მოიკითხე შენი ულაყი? ცხენის პატრონმა უპასუხა: ვინმეს რომ გაეგო კაცს ცხენი ათხოვეს და მან ეს ნათხოვარი ცხენი მოიპარა, ერთმანეთის მიმართ ნდობა დაეკარგებოდათო. აი, ასე უფრთხილდებოდნენ ძმებო და დებო ნდობას და ზოგადად, ერთმანეთს ჩვენი წინაპრები, რადგან უნდობლობა მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. მაშასადამე, ჩვენი უპირველესი ამოცანა ჩატეხილი ხიდის აღდგენა, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის დაბადებაა.

სახარებისეული მორალი გვასწავლის: ამყოფეთ თავი მარადიულ ტანჯვაში და იმედი არ დაკარგოთ, რათა ცხონდეთო. უნდობლობის მსგავსად ერის დაქსაქსვისა და დაჩოქების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უიმედობა, სასოწარკვეთილებაა. იმედის დაკარგვა, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა, როგორც ქრისტიანული, ასევე, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, არაჯანსაღი მდგომარეობაა, რომელმაც შესაძლოა უმძიმეს ცოდვამდე, თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანოს ადამიანი. ათასი კაცის სასოწარკვეთა ერის თვითმკვლელობის საფუძვლად შეიძლება იქცეს. ძმებო და დებო, საქართველოს შვილებო, უნდა დავძლიოთ სასოწარკვეთილება და გამოვიდეთ ამ არაჯანსაღი მდგომარეობიდან, მით უმეტეს, კარგად მოგვეხსენება თუ როგორი რთული გზა გაიარეს ჩვენმა წინაპრებმა, მაგრამ მუხლი არ მოიდრიკეს, წელში გაიმართნენ და დაგვიტოვეს, შემოგვინახეს ეს მართლაც საოცარი ქვეყანა.

მე ახალგაზრდა პოლიტიკოსი თორნიკე კივილაძე ვარ. სანამ სამომავლო გეგმებზე, ზოგად საყრდენ ფილოსოფიასა და კონკრეტულ ამოცანებსა თუ პოლიტიკურ პროგრამებზე გაგესაუბრებოდეთ, მსურს გითხრათ ვინ ვარ, საიდან მოვდივარ, რა მიკეთებია. პროფესიით ბრიტანეთმცოდნე და განათლების პოლიტიკის ანალიტიკოსი ვარ. 6 წელი ვსწავლობდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დავამთავრე 63-ე საჯარო სკოლა, ყოფილი მე-7 გიმნაზია. გახლდით აღნიშნული სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე. 2013 წლიდან, 19 წლისამ თანამოაზრეებთან ერთად დავიწყე ბრძოლა საქართველოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიყიდვის წინააღმდეგ. ვიბრძოდი უკანონო მიგრაციისა და ფიქტიური ქორწინებების წინააღმდეგ. ვაპროტესტებდი ბუნებისთვის საზიანო ჰესების მშენებლობას, მონაწილეობას ვიღებდი ბანკების მიერ მოქალაქეთა უსამართლო გამოსახლების წინააღმდეგ მიმართულ პროცესში, ვაპროტესტებდი ბანკების აღვირახსნილ საქმიანობას. პროტესტის პარალელურად მეგობრებთან ერთად ვეწეოდი საგანმანათლებლო საქმიანობას, რომელიც მოიცავდა ლექცია-სემინარებისა და კონფერენციების ჩატარებას მნიშვნელოვან საკითხებზე. უანგაროდ ვემსახურებოდი და ვიდექი ყველგან სადაც ეროვნული ინტერესები იყო დასაცავი. 2016 წელს პოლიტიკური მოძრაობა ,,ქართული იდეის’’ სახელით კენჭს ვიყრიდი საპარლამენტო არჩევნებზე ჩუღურეთის მე-14 მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, ხოლო პარტიულ სიაში რიგით მე-6 გახლდით. მწირი რესურსების, არასაკმარისი დროის და იმჟამად არსებული ვითარების გამო, მხოლოდ 67 ხმა ავიღე. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო, ამჟამად ვაპირებ დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლო და გამარჯვება მოვიპოვო. გადავწყვიტე პერსონალურად კენჭი ვიყარო გლდანში, რადგან მიმაჩნია რომ გლდანში ცხოვრობს პატრიოტი, საშუალო და ოდნავ დაბალი ფენის წარმომადგენლები, რომელთაც წრფელად უყვართ ქვეყანა. თუმცაღა ცხადია ჩემი პოლიტიკური აქტივობა არ შემოიფარგლება მხოლოდ გლდანში კენჭისყრით, ხმების მოგროვებით. ვაპირებ მოვიარო მთელი საქართველო, პირადად შევხვდე ხალხს და დავარწმუნო ისინი იმაში, რომ ეროვნულ, ქრისტიანული მსოფლმხედველობის მქონე პოლიტიკურ ძალას დაუჭირონ მხარი.
დავიბადე და გავიზარდე თბილისში, ჩუღურეთის რაიონში. კივილაძეები აფხაზეთში მცხოვრები რაჭველები ვართ, მამა, ბიძები და ბაბუა გუდაუთიდან, სოფელ ახალსოფლიდან იყვნენ, დედა და დედის მშობლები კი, თბილისელები გახლდნენ. სამწუხაროდ, მამაჩემი და ჩემი ბიძები იმქვეყნად ისე წავიდნენ, აფხაზეთის კურთხეულ მიწაზე დაბრუნება არ ღირსებიათ. მათ დანატოვარ ანდერძს თვალისჩინივით ვუფრთხილდები და ვეცდები ძალ-ღონე არ დავიშურო დაკარგული მიწა-წყლის დაბრუნებისთვის.

ახლა კი ბატონებო და ქალბატონებო, მოგახსენებთ იმ ზოგადი პოლიტიკური ფილოსოფიის შესახებ, რასაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი პოლიტიკური ძალის მოღვაწეობა.

ჩვენი გზა წმინდა ილია მართლის გზაა, სახელდობრ: ეროვნულ-დემოკრატიული პრინციპების დანერგვა, აღნიშნულ ფასეულობებზე სახელმწიფოს დაფუძნება. ღრმად გვწამს, ეროვნული იდეოლოგიისა და ქრისტიანული ფასეულობების გარეშე ქართული სახელმწიფო ვერ შედგება, რადგან ეს არის მყარი საყრდენი, რომელიც ჩვენი სამომავლო გამარჯვებების მთავარი გარანტია.

ეროვნულ-დემოკრატიული გზა არ არის ლიბერალ-დემოკრატიული გზა. ჩვენ ვუპირისპირდებით ნეოლიბერალურ იდეოლოგიას, რომელსაც ღრმად გვწამს დაუპირისპირდებოდა ყოველი ღირსეული ქართველი, მათ შორის ილია ჭავჭავაძე, დღეს რომ ცოცხალი იყოს. უღმერთო, დესტრუქციული ძალები არიან ნეოლიბერალური პარტიები, რომლებიც ყოველგვარი სიწმინდისგან არიან დაცლილნი, უარყოფენ სახარებისეულ მორალს, ზნეობას, უკვდავ ფასეულობებსა და პრინციპებს, მხარს უჭერენ სოდომურ ცოდვას, ერების ასიმილაციას, საერთო, ეკუმენისტური რელიგიის შექმნას და ა.შ

ჩვენი მიზანია დავიცვათ მამული, ენა, სარწმუნოება. დავიცავთ მოქალაქის უფლებები, უზრუნველვყოთ ჯანსაღი გარემოს შექმნა ადამიანის თვითრეალიზაციისთვის. მაშასადამე, როგორც გრიგოლ რობაქიძე იტყოდა, ჩვენ ნამდვილი ხალხური ხალხოკრატიის დამყარებისთვის ვიბრძვით, ეს კი ცხადია, განუხორციელებელი იქნება სოციალური სამართლიანობის პრინციპების დანერგვის გარეშე. ერი უნდა იყოს დაცული, დაპურებული, განათლებული და რაც მთავარია, კონსოლიდირებული, ამრიგად, ეკონომიკური კონცეფცია, რომელსაც სამომავლოდ შემოგთავაზებთ, სწორედ, სოციალური სამართლიანობის იდეას დაემყარება.

უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის. მომდევნო მიმართვები მიეძღვნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის, სოფლის მეურნეობის საკითხებს.

მოგიწოდებთ საქართველოს მოქალაქენო გავერთიანდეთ ამ ბრძოლაში, მხარი ავუბათ ერთმანეთს. უფალი აუცილებლად შეგვეწევა და გაგვამარჯვებინებს.

,,ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ’’.

ერთობით გავიმარჯვებთ!

პატივისცემით,
თორნიკე კივილაძე
2020 წელი.

გაზიარება: