წერილი ბიძინა ივანიშვილს

დიდი იმედი მაქვს ეს წერილი რაიმე გზით თქვენამდე მოაღწევს, ან დამქაშები გამცნობენ ამ წერილის შინაარსს.

2012 წელს 18 წლის ვიყავი და პირველად მომიწია საარჩევნო ყუთთან მისვლა. მიუხედავად მცირე ასაკისა, მაინც ეჭვი მეპარებოდა იმაში რომ მომავალი ხელისუფლება საქართველოს კრიზისიდან გამოიყვანდა, რადგან თქვენ გვერდში ისეთ ოდიოზურ ფიგურებს ვხედავდი, რომელთა ნდობაც ხალხში 3 პროცენტს არ აღემატებოდა. საჯაროდ ვაცხადებ ხმა ,,ქართულ ოცნებას” მივეცი მაშინ, რათა ნაციონალური მოძრაობა საბოლოოდ დამარცხებულიყო.

თქვენ არათუ ნაციონალური მოძრაობა ვერ დაამარცხეთ, მასთან სპარინგ-პარტნიორად შეთამაშდით და ნაცვლად იმისა გეწარმოებინათ ეროვნული პოლიტიკა, დამნაშავეები არ დასაჯეთ და მთავარ ოპოზიციურ ძალად ისევ ნაცები დაგვასვით.

არ შეგისრულებიათ არც ერთი დაპირება. თავს მხოლოდ იმით თუ მოიწონებთ რომ პატიმრებს აღარ ამტვრევთ ძვლებში ნაცების მსგავსად, თუმცაღა ხალხის წინააღმდეგ ძალა როგორ გამოიყენეთ, ეს უკვე არაერთგზის ვნახეთ. მაშინ როცა გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დააბრძანეთ, სათანადო პასუხი მიიღეთ ქართველი ხალხისგან. ისე გათავხედდით გახარია-თვალთხარია პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასვით. ისე მე გახარიასთან პრეტენზიები მანამდეც მქონდა, როცა საჯაროდ განაცხადა, მერე რა თუ საქართველოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაიყიდებაო. პატრიარქმა ბრძანა, რომ ქართული მიწის გაყიდვის უფლება არ აქვს არც მეფეს, არც პატრიარქს, არც არავის. მაგრამ თქვენ პატრიარქს არასდროს უსმენთ, ტაძრებში კელაპტრებით პოზიორობთ კამერებთან, ვითომდა ღრმადმორწმუნენი იყოთ.

ბოლო წვეთი ერთ-ერთ უკანსკნელ სატელევიზიო გადაცემაში წარმოთქმული უტიფარი განცხადება იყო, აქაოდა, ბოდიში მომითხოვია სამუშაო ადგილებს საქართველოში ვერ ვქმნით, წაბრძანდით საზღვარგარეთ და იქიდან შეინახეთ ოჯახებიო. ჩვენ არა ბიძინა, შენ უნდა წახვიდე აქედან და აუცილებლად გაგისტუმრებთ პოლიტიკურ მოუსავლეთში ნახევრად მშიერი, არცთუ მდიდრული გარდერობის მქონე საქართველოს მოქალაქეები.

დგება 2020 წელი. მთელი ძალებით შემოვდივარ პოლიტიკურ არენაზე ნაც-ქოცების, გირჩების, მევახშე მელელოვეების და სხვა ქვეყნის მტრული ძალების წინააღმდეგ. როგორც განრისხებული ლომი დაერევა აფთრებს ისე დაგერევით და კანონიერი მეთოდებით კუდით ქვას გასროლინებთ.

ბრძოლაში შეხვედრამდე, ბიძინა. და აქვე შეგახსენებ: ჩვენ არა, შენ უნდა წახვიდე!

თორნიკე კივილაძე 

გაზიარება: