ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა მოძრაობა „ქართული იდეის“ ლიდერ – ლევან ჩაჩუას

– ბოლო დროს ხელისუფლების ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ მალე ბიძინა ივანიშვილს გასაქცევად ექნება საქმე. მას ადარებენ დიქტატორებს, რომლებსაც ქუჩებში გამოჰყავდათ მხარდამჭერები.

– ბიძინა ივანიშვილმა არ შეასრულა თავისი უმთავრესი დაპირება, ვერ მოაგვარა პრობლემები. ამის მიუხედავად, დღეს არ ჩანს ძალა, რომელიც მას ქვეყნიდან გაქცევას აიძულებს. ავიღოთ ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია. მასში 30-ზე მეტი პარტია შევიდა. ეს პოლიტიკოსები თითქმის ორი თვის განმავლობაში აწყობდნენ საპროტესტო აქციებს. თითო პარტიამ 500 კაციც ვერ გამოიყვანა და ესენი გააქცევენ ივანიშვილს?! ეს პოლიტიკოსები 30 წელიწადია ტივტივებენ საქართველოს პოლიტიკურ ჭაობზე. მათ ხელში ქვეყანა გაპარტახდა, დაიშალა, მოსახლეობისაგან დაიცალა. ამ ადამიანებს რესურსი არ ეყოფათ, ივანიშვილი გააქციონ. მას მშვიდობიანად დაამარცხებს სხვა, გაუსვრელი ადამიანებით დაკომპლექტებული ძალა, რომელიც არ ყოფილა არც ნაციონალურ მოძრაობასთან და არც „ქართულ ოცნებასთან“. სამწუხაროდ, ეს ძალა ჯერ არ შექმნილა, მაგრამ იმედს ვიტოვებ ჩამოყალიბდება.

– არჩევნებამდე ბევრი რამე მოხდება.

– რასაკვირველია. ასეთი ძალა აუცილებლად უნდა შეიქმნას. ხალხს ოდიოზური, გასვლილი პოლიტიკოსები ყელში ამოუვიდა და ქვეყნის ღირსეული განვითარება უნდა.

– ახალი პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დაახლოებით მაგ ლოზუნგით გამოდის -„არც ნაცები, არც ქოცები“. ექსპერტები მას წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

– პოლიტიკური ექსგუმაცია მიმდინარეობს. ხაზარაძემ საფლავიდან ამოთხარა „ახალი მემარჯვენეები“, ასევე დავით უსუფაშვილი, რომელიც თითქოს რესპუბლიკელებს გამოეყო. თვითონ ხაზარაძე ყველა ხელისუფლებასთან ახლოს იყო, თვითონ ქმნიდა და აფინანსებდა კონიუნქტურას. უსუფაშვილი ნაციონალებთანაც იყო და „ოცნებასთანაც“. „ახალი მემარჯვენეები“ მოქალაქეთა კავშირიდან მოდიან. საერთოდ, საქართველოს პოლიტიკური ელიტა ძირითადად “მოქალაქეთა კავშირის” ბოროტ თესლზე აღმოცენებული ხენეში ნაყოფია. მევახშე ხაზარაძეს გამწარებული ჰყავს ათასობით ოჯახი. ოპოზიციის ერთ-ერთ მიტინგზე დაზარალებულმა ახალგაზრდამ მას ალიყური უთავაზა. ამ ადამიანმა, რომლის ოჯახი უბინაოდ დარჩა, ხაზარაძეს სილა გააწნა და უთხრა, ხალხის სახელით ლაპარაკის უფლება არ გაქვსო. თუ ვინმემ ღვთის საგმობი რამე შეთხზა, ინცესტით დაწყებული, სხვა პათოლოგიებით დამთავრებული, ხაზარაძემ ყველა დააჯილდოვა მისი სპონსორობით გამართულ ე.წ. ლიტერატურულ კონკურს „საბას“ ცერემონიალზე. ვხვდები, რისთვის მოდის ის პოლიტიკაში.

– რისთვის?

– პოლიტიკური იმუნიტეტისთვის. დღევანდელ საქართველოში პოლიტიკოსები იშვიათ შემთხვევებშ აგებენ პასუხს დანაშაულებებზე, უმეტესწილად კი დაუსჯელები რჩებიან! მაგალითად, გიგა ბოკერიას აქვს უამრავი სისხლიანი დანაშაული, მათ შორის ფინანასურიც. ამავე რიგში არიან სხვა სააკაშვილის რეჟიმის შემოქმედნი და „ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნებიც. მათ პოლიტიკური იმუნიტეტი იცავს. ფულის გათეთრების გარდა, ხაზარაძე მონაწილეობდა უამრავი თანამემამულის ბინებიდან გამოსახლებაში. ამაში მას ეხმარებოდა სააკაშვილის კანონმდებლობა, რომელშიც დღევანდელმა ხელისუფლებამ მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები შეიტანა. „ქართულმა იდეამ“ 5 წლის წინ მოვახერხეთ იპოთეკური სესხის მქონე ოჯახების პოლიციური გამოსახლების შეჩერება. გვქონდა სპეციალური პროგრამა. პარლამენტმა ის არ განიხილა. ამიტომ მივმართეთ მის უწმინდესობას. კათოლიკოს-პატრიარქმა წირვის დროს პირდაპირ მოუწოდა ეკლესიაში მისულ ხელისუფლებას და სთხოვა, შეეჩერებინა ადამიანების პოლიციის ძალით ზამთრის სიცივეში ქუჩაში გაყრა. მანამდე ასეთი ოჯახები დახმარებას ყოველდღიურ რეჟიმში გვთხოვდნენ. ადგილზე მივდიოდით ციხიდან ახლადგამოსული პოლიტპატიმრები და პოლიციელებს ვთხოვდით, არ გამოეყარათ ადამიანები სახლებიდან. პოლიციელებიც უხერხულ დღეში იყვნენ. მათაც არ ეხალისებოდათ მოხუცების საწოლებიდან აყრა და გამოსახლება. პარლამენტის გადაწყვეტილებით გამოსახლების ეს წესი შეიცვალა. თუმცა, ახლაც ხდება სასამართლოს განაჩენის საფუძველზე ხალხის გამოსახლება, ამაში მონაწილეობენ აღმასრულებლები.

– ხალხი ამით დროს მაინც ხომ იგებს?

– რასაკვირველია. ბევრი მათგანი ახერხებს ფულის შოვნას და ბინის შენარჩუნებას. მაგრამ ეს საკმარისი არ არის ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მევახშეებმა მილიარდობით დოლარის ქონება ჩაიგდეს ხელში კაპიკებად…

– ხელისუფლება აპირებს კანონის მიღებას დეზინფორმაციასთან და ცილიწამებასთან ბრძოლის საბაბით. ამაზე რას იტყვით?

– ნორმალურ ქვეყანაში ცილისწამება უნდა ისჯებოდეს. ჩვენთან ეს კანონი შეიძლება პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენონ.

– ადმინიტრაციული წესით ჩვენთანაც დასჯადია.

– თავისი სიმსუბუქით და უმოქმედობით მაგ ადმინისტრაციულ წესს არავინ იცავს. ამიტომ ხდება ამდენი ტალახის სროლა და ცილისწამება. მათ შორის, ეკლესიაზე და კათილიკოს-პატრიარქზეც კი. თუმცა, პოლიტიკური ცენზურა ისედაც მოქმედებს.

– რა გაქვთ მხედველობაში?

– “ქართულ იდეას” არ გვეძლევა ტელე-ეთერით გამოჩენის და საკუთარი პროგრამის მოსახლეობაზე გაცნობის საშუალება. ტელევიზიები იწერენ ჩემს კომენტარებს, ინტერვიუებს, შემდეგ კი ისინი იბლოკება. თოქ-შოუებში წარმოდგენილია მხოლოდ 2 მხარე – ნაცმოძრაობა თავისი განშტოებებით და „ქართული ოცნება“. ერთი მხარე მუდმივად იმ ავადსახსენებელი 9 წლის წამოძახებით შემოიფარგლება, მეორე კი 7-ით. ხალხს მობეზრდა ამ ტელესპექტაკლების ყურება და დაიღალა პარლამენტთან მიმდინარე კლოუნადის ყოველდღე ყურებით. ჩვენ რომ დაგვსვან დებატებში, ორივეს ერთად აღებულს16 წლიან დანაშაულობებზეც მოვთხოვთ პასუხს და კიდევ უფრო შორს, მათ პოლიტიკურ ფესვებზეც, “მოქალაქეთა კავშირიდან” რომ აღმოცენდნენ. ამასთანავე, მხოლოდ წარსულის გახსენებით არ შემოვიფარგლებით და მომავალში განსახორციელებელ პროექტებსაც გავაცნობთ მოსახლეობას – სწორედ ამიტომ ვართ დაბლოკილები. ხალხს ჯანსაღი, გაუსვრელი ახალი ძალა სურს იხილოს პოლიტიკაში. „ოცნებამ“ კი ახალ სახეებად საზოგადოებას ნორჩი სოროსელები – კობახიძე და თალაკვაძე შეაჩეჩა.

ცენზურა მარტო ტელევიზიებში არ მოქმედებს. რამოდენიმე თვის წინ „ქართულ იდეას“ 80 ათასამდე გამომწერის მქონე ფეისბუკ გვერდი გაგვიუქმეს. ამ დღეებში კი გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილებს პირადი გვერდებიც კი დაუბლოკეს.

გაზიარება: