უწმიდესის თხოვნა წმიდა ნიკოლოზს

მინდა შეგახსენოთ, რომ რამდენიმე წლის წინ ჩვენ ვთხოვეთ წმიდა ნიკოლოზს, ყოფილიყო მფარველი ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ერისა და ვუწოდეთ მას უწმიდესი და უნეტარესი, მთავარეპისკოპოსი მირონლუკიისა და ყოველთა ქართველთა დიდი კათოლიკოს-პატრიარქი. სამი დღის წინ ჩვენი დელეგაცია წავიდა იტალიაში. (თქვენ იცით, წმიდა ნიკოლოზი ქალაქ ბარიშია დასვენებული). ჩვენ მივმართეთ წმიდა ნიკოლოზს წერილით და იგი ამ დელეგაციას გავატანეთ და მე მინდა წაგიკითხოთ ეს ბარათი.

მის უწმიდესობასა და უნეტარესობას ნიკოლოზს, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსს, ყოველთა ქართველთა დიდსა კათოლიკოს-პატრიარქს

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, ყოველთა ქართველთა სულიერო მამავ და დიდო მოძღვარო!

ქართველი ერისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით ვეამბორები შენს წმინდა მარჯვენას და სიმდაბლით თაყვანსა გცემ შენ. გევედრები, დალოცე, გააძლიერე, გაამთლიანე და დაამშვიდე სამწყსო შენი, სრულიად საქართველო. ევედრე მაცხოვარსა ყოველთასა, რათა სახელები ყოველთა ქართველთა ჩაიწეროს წიგნსა მას შინა ცხოვრებისასა და რათა მეოხებითა შენითა და მფარველობითა ყოვლადწმიდისა დედისა ჩვენისა ღვთისმშობელისა დაცულ იქმნას ერი ჩვენი მზაკვრებისაგან ბოროტისა და ღირს გვყავ ჩვენ დამკვიდრებად სასუფეველსა ცათასა.

ქართველი ერი სიმდაბლით გიძღვნის შენ ოქროს პანაღიას წმიდისა დიდისა მეფისა დავით წინასწარმეტყველისა, რომელიც ბრძანდება წინაპარი საქართველოს ბაგრატიონთა სამეფო გვარისა.

შენი მდაბალი მორჩილი და სულიერი შვილი

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

გაზიარება: