დიმიტრი ლორთქიფანიძემ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების აკრძალვის მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების აკრძალვის მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, განცხადების საფუძველი, რომელიც შსს-ში შეიტანა, ქართულ სამართლებრივ სივრცეში უკვე მომხდარი პრეცედენტია. კერძოდ, საქმე ეხება ფრანგი რეჟისორის, გასპარ ნოეს 2016 წლის ფილმს – love, რომელიც ფილმის სიუჟეტში პორნოგრაფიული ელემენტების არსებობის გამო ცენზურის ქვეშ მოექცა.

ლორთქიფანიძის თქმით, მეორე მიზეზი, რატომაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, არის ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების დროს ასაკობრივი ზღვარის არარსებობა, რადგან 17 წლამდე ბავშვები დაიშვებიან კინოჩვენებაზე მშობლების თანხლებით, რაც ლორთქიფანიძის აზრით, ბავშვებს ვერ დაიცავს ფილმის მავნე ზეგავლენისგან.

„ამ ფილმის ჩვენების წინააღმდეგ ლეგიტიმურ პროტესტს გააჩნია ორი ასპექტი – ერთი მორალური, მეორე წმინდა სამართლებრივი. მორალური თვალსაზრისით, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ქართული ფოლკროლის ფლაგმანი, ცეკვა არის ხელშეუხებელი ისეთი ბილწი ხელყოფისგან, რომელიც დაკავშირებულია გეი დრამის შესრულებასთან, რასაც აქვს ადგილი ამ შემთხვევაში ლევან აკინის ფილმში. ეს იწვევს ღირებულებათა მსხვრევას განსაკუთრებით მომავალ თაობებში, ქართულ ცეკვაზე მოსიარულე ბავშვებისთვის ეს არის დიდი ტრავმა.

მაგრამ არსებობს სამართლებრივი მხარეც, რომელსაც პრეცედენტულ დონეზე ქართულ სამართლებრივ სივრცეში ადგილი ჰქონდა 2016 წელს, როდესაც ერთ-ერთი ფრანგი რეჟისორის, გასპარ ნოეს ფილმი – love იქნა ცენზურის ქვეშ მოქცეული იმის გამო, რომ მასში აღმოჩნდა რამდენიმე ფრაგმენტი პორნოგრაფიული ელემენტების.

ანალოგიურად, ჩემი განცხადების საფუძველზე, რომელიც დღეს შევიდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, მოვითხოვთ ერთი მხრივ, 255-ე მუხლთან შესაბამისობაში მოხდეს ლევან აკინის ფილმის შესწავლა, ისევე, როგორც ეს გასპარ ნოეს ფილმთან დაკავშირებით მოხდა და მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს ბავშვთა უფლებების დარღვევის თავიდან აცილება“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

გაზიარება: