არის თუ არა დღეს შექმნილი სიტუაცია რევოლუციური?

მიმდინარე მოვლენებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა „ქართული იდეის“ ლიდერ – ლევან ჩაჩუას.

– გაზვიადებული ტელე-ხმაურისა და შეხლა-შემოხლის მიუხედავად, სიტუაცია რევოლუციურად ნამდვილად ვერ ჩაითვლება. ე.წ. გაერთიანებულმა ოპოზიციამ, სადაც დაახლოებით 30-მა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ მოიყარა თავი, თითომ 500 კაცის გამოყვანაც ვერ შეძლო. არადა მთელი პარტიული და ფინანსური რესურსები იქნა გამოყენებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პარტიებს საკუტარი წევრებიც აღარ ჰყავთ საკმარისი. პარტიების რეგისტრაციის შესახებ კანონით, პარტია ვალდებულია სულ ცოტა, ათასი წევრი ჰყავდეს.

– იქნებ, ჰყავთ საკმარისი წევრები?

– რომ ჰყავდეთ, საკუთარ წევრებს ხომ მაინც მოაგროვებდნენ?! ამ აქციებში უამრავი ფული და საორგანიზაციო რესურსი დაიხარჯა, მაგრამ ხალხი მათ დაძახილზე არ მივიდა. აუცილებელია პარტიების ხელახალი რეგისტრაცია, რომ ასეთმა ოდიოზურმა დაჯგუფებებმა, რომლებსაც კანონით გათვალისწინებული 1000 წევრიც კი აღარ შემორჩათ, ხალხის სახელით მონაწილეობა ვეღარ მიიღონ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში.

– ეს პარტიები გარეთ გამოიყვანა ხელისუფლების ცრუ დაპირებამ. „ქართულმა ოცნებამ“ დანაპირები გადათქვა და შემდეგ გამომწვევი და გროტესკული განცხადებები აკეთა.

– „ქართული ოცნება“ რომ არასწორად იქცევა ეს უდაოა. პრინციპში, გასაკვირიც არაფერია. რომელი დაპირება შეასრულა ივანიშვილის ხელისუფლებამ, ეს რომ შეესრულებინა? თვითონ უყვარს ივანიშვილს თქმა, ტრიუკი ჩავატარეო. ახლაც ჩვეული ოსტატობით გამოიყენა საკუთარი ხელოვნება. მთავარია, ეს ოპოზიცია რას მოითხოვს?! აშკარად ჩანს, ამ ე.წ. ოპოზიციას საარჩევნო სისტემის ძირფესვიანად შეცვლა არ უნდა.

– ისინი პროპორციულ სისტემას, ან-უკიდურეს შემთხვევაში, ე. წ. გერმანულ მოდელს მოითხოვენ, რაც სამართლიან არჩევნებს და მრავალპარტიულობას მოიტანს.

– საქმეც ესაა, რომ ეს პოლიტიკოსები მთავარ აქცენტს „ფეოდალ“ მაჟორიტარებზე აკეთებენ. ბევრი მაჟორიტარი მართლაც უსინდისო და მომხვეჭელია, მაგრამ ეს არის მანკიერი სისტემის შედეგი და არა – მიზეზი.

– რას გულისხმობთ?

– მანკიერ საარჩევნო სისტემას. არაერთხელ მითქვამს, რომ შესაცვლელია მთელი საარჩევნო სისტემა, დაწყებული საარჩევნო კოდექსით და გაბერილი (კაციტაძის) სიებით, დამთავრებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებით. ცესკო უნდა დაკომპლექტდეს განსაკუთრებული ნდობის მქონე პიროვნებებით. არჩევნები ყალბდება როგორც საუბნო კომისიებში, ისე „ზევით“. ამიტომ, ხმის დათვლის პროცედურა უნდა მოხდეს ყველას დასანახად, „ლაივში“. სათვალთვალო კამერები ლამის ყოველ ნაბიჯზე დაგვიყენეს და რა გახდა მათი მოწყობა საარჩევნო უბნებზე?! მაჟორიტარული სისტემა კი არ არის მტერი სამართლიანი არჩევნების, არამედ არსებული სისტემა! ნორმალურ საარჩევნო სისტემაში აუცილებელია მაჟორიტარებიც იყვნენ. ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს, თუ რაიონს, აუცილებლად უნდა ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში. „ქართული იდეა“ რეგიონებში რომ დავდივართ, ჩვენს კადრებს არავის ვახვევთ თავს. პირიქით, ადგილობრივებს ვთავაზობთ წარმოადგინონ საკუთარი ღირსეული კანდიდატები, ვისაც ადილობრივები ენდობიან და პატივს სცემენ. ახლა რა გამოდის? თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ერთად შეყრილი ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია მაჟორიტარული, ან პროპორციული არჩევნებისთვის კინკლაობს „ქართულ ოცნებასთან“?! მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის..

– რატომ?

– თვითონ „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან და მის განშტოებებთან სისტემური თვალსაზრისით გასაყოფი არაფერი აქვს. ლაშა ნაცვლიშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის წლებში გენპროკურატურას ხელმძღვანელობდა საჯაროდ აღიარა, რომ სისტემის შენარჩუნების გამო სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავე ჩინოსნები არ დაიჭირეს. პროკურატურა ივანიშვილმა მაშინვე ნაცვლიშვილს ჩააბარა. დღეს, ეს კაცი აღიარებს, რომ კრიმინალური დანაშაულებების პატიება გაიცვალა კოაბიტაციაში. როცა „ქართული ოცნება“ საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენას პირდებოდა, უკვე მაშინვე იყო კულუარულად ამ გარიგებით დაკავებული. ივანიშვილმა ხალხი მას მერეც ბევრჯერ მოატყუა. მკვეთრად გაუარესდა მდგომარეობა როგორც სულიერ-ზნეობრივი თვალსაზრისით, ასევე სოციალურ-ეკონომიკურადაც.
ეკლესიაზე შეტევამ არნახული ხასიათი შეიძინა. თუმცა ერთი დადებითი რამ ივანიშვილმა მაინც გააკეთა.

– რა გააკეთა?

– თავისი ხრიკებით მოახდინა დამყაყებული და შენიღბული პოლიტიკური სპექტრის სრული ლუსტრირება.

– რას გულისხმობთ?

– იმათ რიგებში, ვინც აშკარად ებრძვის ეკლესიას და ეროვნულ-ტრადიციულ ღირებულებებს, ჩადგნენ ის პოლიტიკოსებიც, რომლებსაც მეტ ნაკლებად კონსერვატული იმიჯი ჰქონდათ საზოგადოებაში.

– ისინი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებებმა გააერთიანა?

– ეგ უსუსური თავის მართლებაა! ამ პოლიტიკოსებს უკვე მათი წევრებიც ღიად აკრიტიკებენ. ძალიან ბევრი ადამიანი მძაფრად და არაკორექტულად საყვედურობს მათ იმის გამო, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან, ბოკერია-უგულავებთან, ძმებ ბერძენიშვილებთან და „გირჩთან“ ერთად დგანან.
ხალხის უმრავლესობა ალტერნატივის ძებნაშია. ალტერნატიული ჯანსაღი ძალა აუცილებლად უნდა შეიქმნას. აქამდე, პოლიტიკური ძალები სიძულვილის ნიადაგზე ერთიანდებოდნენ – შევარდნაძის ზიზღმა ხალხი სააკაშვილის გარშემო შეკრიბა, სააკაშვილის სიძულვილმა – ივანიშვილის გარშემო გააერთიანა. დღეს კი, ოპოზიცია ხალხს ივანიშვილის ზიზღით აერთიანებს. ეს “ოპოზიციონერები” ისე იქცევიან, რომ ჩვეულებრივი ადამიანი მათ ისევ „ქართულ ოცნებას“ ამჯობინებს და არჩევანის გაკეთება ხალხს ისევ ცუდსა და უარესს შორის მოუწევს. ბევრჯერ ვნახეთ სიძულვილით გაერთიანებამ როგორი ბოროტი ნაყოფი გამოიღო. ხოლო, თუ სიყვარულით გავერთიანდებით, ნაყოფი აუცილებლად კეთილი იქნება. გაერთიანება უნდა მოხდეს არა სიძულვილით, არამედ სამშობლოს სიყვარულით და ერთმანეთზე ზრუნვის საფუძველზე, რაც აუცილებლად გამოიღებს კეთილ ნაყოფს. დღეს, ტელეეთერებში, ქუჩაში, პარლამენტში და საზოგადოებაში დიდ წილად მეფობს სიძულვილი. ხელმძღვანელობენ პრინციპით – “დაყავი და იბატონე!”. მიმდინარეობს სამარცხვინო კლოუნადა ფულის, გავლენისა და ძალაუფლების განაწილებისათვის. ასეთ პოლიტიკურ პროცესში, არც სახელმწიფოებრივი აზროვნება იგრძნობა, არც ხალხზე ზრუნვა, არც „ქართული ოცნების“ დამარცხების რეალური სურვილი და არც დაჭაობებული პოლიტიკური სისტემის შეცვლის ნება.

გაზიარება: