ღირსი მამა გაბრიელი საქართველოს მომავალზე

მამა გაბრიელის მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი წელი იყო.

გარდაცვალებამდე ორიოდე თვით ადრე მოვინახულე სამთავროს მონასტერში და ჩემი ხელით დაკრეფილი ვაშლები მივართვი. დიდად გაიხარა, არა ვაშლის გამო, რისი ჭამაც უძლურების გამო არ შეეძლო, არამედ სითბოსა და თანაგრძნობის გამოჩენისთვის. ეტყობოდა, რომ ფრიად იტანჯებოდა ტკივილებით. თავდაპირველად ტახტზე მიწოლილი მესაუბრებოდა, შემდეგ დიდი გაჭირვებით მაგიდასთან გადაჯდა და მეც მიმიხმო. მითხრა, რომ მოახლოვდა მისი ამ სოფლიდან გასვლა და დიდი დრო აღარ ქონდა.

ყურადღებით მისმინე რასაც გეტყვიო. იგი თითქმის სამი საათი საუბრობდა შეუჩერებლად. სახე ძალზე დაძაბული და მკაცრი ჰქონდა. საუბარს ზოგჯერ მცირე ხნით წყვეტდა დიდი ტკივილების გამო. ლაპარაკობდა ივერიის ეკლესიაში მოსალოდნელი განხეთქილების შესახებ, რაც მალევე ახდა, ქართველ მღვდელმთავართა ეკუმენისტური მოძრაობიდან გამოსვლაზე, ეკლესია-მონასტრებისა და მღვდელთა და მონაზონთა კრებულის გამრავლების თაობაზე, საერო ხელისუფლების შეცვლაზე, სოდომიტელთა და უსჯულოთა მომრავლებაზე, ერის ერთი ნაწილის უკიდურეს ზნედაცემულებაზე, ხალხის დიდ გაჭირვებაზე, ლაზარე-საქართველოს დაშლაზე (ვფიქრობ გაბრიელ ბერის ეს წინასწარმეტყველება ჩვენს თვალწინ ხდება), საუბრის დროს მამა გაბრიელს არაერთხელ წასკდა ცრემლი და მწარედ ატირდა… ბოლოს მოღუშული სახე დაეწმინდა, უჩვეულოდ გაუნათდა და შვებით ამოთქვა: ”… მაგრამ ქრისტე ღმერთი და დედა ღვთისა არ გასწირავენ საქართველოს და მოუვლენენ მირონცხებულ მეფეს, რომელიც ვიდრე არ გამოჩნდება, არაფერი ეშველება საქართველოს და აღდგება იგი ძველ საზღვრებში – ნიკოფსიიდან დარუბანდამდე,- ეს უკანასკნელი სიტყვები გაბრიელ ბერმა განსაკუთრებული მაღალფარდოვანებითა და მისთვის დამახასიათებელი ჟღერადი ტემბრით წარმოთქვა, – ქართველი ერი გაიმარჯვებს!”

გაბრიელ ბერმა ასევე დაახასიათა უკანასკნელი ჟამის მსოფლიო მოვლენები: საყოველთაო მარაზმი, უკანასკნელი მსოფლიო ომი, ბოროტის აღზევება, ახალი მსოფლიო სახლის შექმნა, იერუსალიმის შეგინება მასში ანტიქრისტეს დაჯდომით, ქართველი მართლმადიდებლების უკანასკნელი სარწმუნოებრივი გმირული სულისკვეთება, რუსეთის საბოლოო დამსხვრევით საყოველთაო წყვდიადის ჩამოწოლა ქვეყნიერებაზე და მალევე თავად ქვეყნიერების აღსასრული…

ზოგი რამ მამა გაბრიელმა საკუთარ სიკვდილისშემდგომ მომავალზეც მითხრა და ასევე ჩემს მომავალზე. დროდარო იგი საუბარში ჩემთვის სრულიად მიუწვდომელსა და იდუმალ საგნებზე საუბრობდა. დასასრულ დამლოცა და ტკივილებითა და ხანგრძლივი საუბრით გათანგული კვლავ ტახტზე მიწვა.

დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი

გაზიარება: