ლევან ჩაჩუა: “მე ვამაყობ იმით, რომ ჩემი მრავალტანჯული ერის შვილი ვარ!”..

მე ვამაყობ იმით, რომ ჩემი მრავალტანჯული ერის შვილი ვარ!.. ასიათასობით უმუშევარი, ქონებაჩამორთმეული და ნახევრადმშიერი ადამიანი გამოდიოდა ქუჩებში, მაგრამ არავის მოუთხოვია პენსიის გაზრდა, დასაქმება, პურზე ფასის დაკლება, სამუშაო საათების, ან გადასახადების შემცირება… რაზეც ევროპაში გამოსული მომიტინგეები წვავენ და ანგრევენ რაც წინ შეხვდებათ… ერთადერთი მოთხოვნა ჩვენი სულგრძელი ხალხისა იყო და არის – ღირსება და სამართლიანობა!

ღმერთმა დალოცოს ქართველი ერი უკუნისამდე!..
განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება ერის, თუ ცალკეული პიროვნების ღირსეულ ცხოვრებას პირიქით, უსამართლობაში, სიდუხჭირეში, მწუხარებასა და განსაცდელებში უფრო მტკიცდება ღვთის ერთგულება და სამშობლოს სიყვარული… არ დაიღალო ქართველო, წინ უამრავი ბრძოლები გველის! ცხონებული გიორგი გაბაშვილის სიტყვები მახსენდება:
“გიხაროდეს, გაღატაკებულო ივერია! რამეთუ ქრისტემ ეს ყოველივე შენი უსაზღვრო სიყვარულისათვის დაუშვა, რომ თავის წიაღში დაგიბრუნოს! – „ვინც მიყვარს, მათ ვამხელ და ვწვრთნი. აბა, ეშურე და მოინანიე“ (გამოცხ. 3,19).

გიხაროდეს ბოროტისაგან მიმძლავრებულო ივერია! ჯოჯოხეთის ბჭეთა რჩეული ძალები ერთბაშად შენს წინააღმდეგ ამხედრებულან, რადგან კარგად უწყიან, რომ შენ კეთილი ნიადაგი ხარ ღვთის სიტყვისათვის და ამ ნიადაგზე საუკუნეების მანძილზე მოიმკებოდა სულიწმინდის ყველაზე სასურველი ნაყოფი – ერთგულება ღმერთისა და ჭეშმარიტი სარწმუნოებისადმი…
გიხაროდეს, მართლმადიდებელო ქრისტიანო ივერია! რადგან სულ ერთი, მცირე ნაგლეჯიც რომ დარჩე, მაინც საშიში და შემაძრწუნებელი იქნები ბოროტი სულისა და მისი მსახურებისთვის, რადგან შენთან არს ღმერთი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ გერეოდიან!”… – ამინ!

ლევან ჩაჩუა

გაზიარება: