დავით-გარეჯი საქართველოა!

საქართველოს დაქუცმაცება გრძელდება. ყორანი კორტნის გულ-ღვიძლს ჩვენს სამშობლოს, ამასობაში კი, მოურიდებლად ვიტყვი, გამყიდველი ხელისუფლება დუმს, ეს კი იმგვარი დუმილია, რომლითაც ღმერთი, ჭეშმარიტება, მამული იყიდება.

ნუთუ ჩვენი მოძმე აზერბაიჯანისგან იმის ღირსნი ვართ, რომ ისტორიული მიწა-წყალი წაგვართვან, აზერბაიჯანული დროშები აფრიალონ საქართველოს კურთხეულ მიწაზე, რომელიც გაპოხილია დიდმოწამე ბერების სისხლით. გვართმევენ ტერიტორიას, რომელიც წარმოადგენს საქართველოს კულტურულ-ისტორიულ სიმდიდრეს, რელიგიურ ცენტრს, სადაც ასობით წელია ლოცვა აღევლინება ღვთისადმი.

უნიათო ხელისუფლების ამაზრზენი ნაბიჯებით შეწუხებული საზოგადოება აუცილებლად უნდა იმაღლებდეს ხმას, როცა ასე უტიფრად, დაუფარავად ექცევიან სამშობლოს. მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს გაერთიანებისკენ. მასშტაბური აქციები უნდა დაიწყოს. აგრეთვე, მიმაჩნია, რომ სანამ აზერბაიჯანი ხელს არ აიღებს ამ მზაკვრობაზე, აზერბაიჯანული პროდუქციის შეძენაზე უარი უნდა ვთქვათ ყველამ. არავინ არ ჩაასხას ბენზინი ,,სოკარის’’ ბენზინგასამართ სადგურებში.

თუკი ამ ყველაფერს სულიერ ჭრილში გავიაზრებთ, გაგვახსენდება ბიბლიური სწავლება. ცოდვათა გამრავლების გამო ერები ყოველთვის ისჯებიან, მით უმეტეს, როცა სათავეში უღმერთო ხელისუფალია. ეს ჩვენი მორიგი სასჯელია და სანამ ბოლო ლურსმანი არ დაჭედებულა, დროულად უნდა გამოვფხიზლდეთ. პირდაპირ ვიტყვი, ტერიტორიების დამკარგავი ხელისუფლება სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდეს მართვის სადავეებს.

დავით-გარეჯი არ იქნება ბოლო ადგილი, რომელსაც საქართველო დაკარგავს. ასე თუ გაგრძელდება, არსებობს მრავალი საფრთხე სხვა ტერიტორიების ჩამოჭრისა. საზოგადოების სრული კონსოლიდაციაა საჭირო მოღალატე ხელისუფლების წინააღმდეგ. ფაქტობრივად, მთავარობა გულხელდაკრეფილია და მშვიდად უყურებს პროცესებს, არაფრად აგდებს გარეჯელი ბერების გულისტკივილს, ხელი აქვს აღებული ეროვნული მაჯისცემიდან.

მამა გაბრიელი თავისი წინასწარმეტყველებით გვაფრთხილებდა, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად დაქუცმაცდებოდა, აყროლდებოდა და გაიხრწნებოდა ვითარცა ლაზარე. ლაზარეს აღდგინება, ცხადია, უფლის ხელშია, მაგრამ უფალი ლაზარეს მაშინ აღადგენს, როცა ერი ამას დაიმსახურებს, ამიტომ, პატივცემულო თანამემამულენო, ძვირფასო დებო და ძმებო, დადგა ჟამი ლომთა ღრიალისა, არ გავახაროთ აფთრები.

ერთი იგავის მიხედვით დაუძლურებულ ლომს აფთრები კბენდნენ, უღრენდნენ. ლომი წამოიმართა აფთრებს დაუღრიალა და ისინი დაიფანტნენ. აი, ასე უნდა წამოდგეს ფეხზე მთელი ერი, შიდა და გარე მტრებს საკადრისი პასუხი გასცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ იმაზე უარეს სასჯელებს მოვიწევთ, ვიდრე ოდესმე გვქონია. მოქალაქეობრივი გულგრილობა უდიდესი დანაშაულია ამ შემთხვევაში, ამიტომ ყველამ ერთად, შიდა და გარე მტრების გასაგონად დავიღრიალოთ: დავით-გარეჯი საქართველოა და მას ვერავინ წაგვართმევს!

პატივისცემით,
თორნიკე კივილაძე

გაზიარება: