შეურიგებელი ბრძოლა ნიჰილიზმთან

პატივცემულო თანამემამულენო, თქვენმა უმრავლესობამ შესანიშნავად იცის, შეიმეცნა სასულიერო პირთაგან, რომ უფალი ადამიანზე ისეთ განსაცდელს არ დაუშვებს, რომელთან გამკლავებაც ადამიანს არ შეუძლია. გაჭირვებას, წუთიერ დაბრკოლებას, თან შეწევნა და ღვთის წყალობა მოჰყვება. ერების ცხოვრება ადამიანების სიცოცხლეს ჰგავს. ერები იბადებიან და ზოგიერთ შემთხვევაში კვდებიან სახელმწიფოთა მსგავსად, ეცემიან ან ვითარდებიან, აღმავლობის გზაზე დგებიან. ცხადია, ვისაც წმინდა წერილის არსი კარგად შეუმეცნებია და ღმერთის სწამს, მშვენივრად მოეხსენება, რომ ერისა და სახელმწიფოს ბედი დიდწილად არის დამოკიდებული ჯანსაღ სულიერ ცხოვრებაზე. ერები ისჯებიან ცოდვათა გამო და წარემატებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფხიზლდებიან და სწორ სულიერ ცხოვრების წესს უქვემდებარებენ ყოველდღიურობას.

ერთხელ ერთმა ბერმა თავის სულიერ მოძღვარს ჰკითხა როგორ ვცხონდეო. მოძღვარმა მიუგო: ,,ამყოფე თავი მარადიულ ტანჯვაში და იმედი არ დაკარგოო’’. სასოწარკვეთილება უმძიმესი ცოდვაა. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ უნდა ვეცადოთ არ ჩავვარდეთ სასოწაკვეთილებაში, არ მივეცეთ ნიჰილიზმს, რადგან არსებობს ხსნა და მთავარია დავინახოთ პრობლემასთან გამკლავების გზა, ვირწმუნოთ, რომ მაშინაც კი, როცა ძე ხორციელი არავინ გვარტყია გარს, ღმერთია ჩვენთან. და თუ ღმერთია ჩვენთან, რა მნიშვნელობა აქვს ვინ ან რა არის ჩვენ წინააღმდეგ.

იმედგაცრუებული, გაბრაზებული ქართველობა, რომლის დიდი ნაწილი საზღვარგარეთ იმკის ნოსტალგიისა და მშობლიურ ფესვებს მოწყვეტის მძიმე უღელს, ხშირად აცხადებს, რომ არაფერი შეიცვლება, ქვეყანას კიდევ დიდხანს არაფერი ეშველება. მოსემ 40 წელი ატარა ებრაელი ერი უდაბნოში აღთქმულ სამშობლომდე მისასვლელად. დიახ, 40 წელი დასჭირდა ამ პროცესს, სანამ ახალი თაობა არ იშვა. ეს მონაკვეთი ბიბლიიდან გვასწავლის, რომ თუ სწორ სულიერ ცხოვრების წესს ავირჩევთ ღმერთი დაუშვებს გამარჯვებას დროის მოკლე მონაკვეთში, მაგრამ თუ ცოდვებს არ მოვინანიებთ, მხოლოდ ღმერთმა უწყის რომელი მომდევნო თაობა მიაღწევს სანუკვარ მიზანს.

დიდი მამები შეგვაგონებენ, რომ საქართველოს გადაშენება არ მოელის, თუკი ერი ღვთის ერთგული, მისი მცნებების დამცველი და აღმასრულებელი იქნება. წინასწარმეტყველების მიხედვით, მეორედ მოსვლის ჟამს იბერია გაბრწყინდება. მეორედ მოსვლის ჟამი მხოლოდ უფალმა უწყის. უამრავი ეტაპი გვაქვს გასავლელი, ისევდაისევ, მხოლოდ უფალმა უწყის დანამდვილებით ახლა რომელ ეტაპზე ვიმყოფებით.

ბევრჯერ დავეცით ჩვენი ურწმუნოების, სიხარბის, ნიჰილისტური დამოკიდებულების გამო. თუნდაც საკუთარმა შეცდომებმა, შეცოდებებმა მაინც უნდა გვასწავლოს სად არის ნათელი, რათა მას ვესწრაფოთ. აუცილებლად გავიმარჯვებთ, თუ ღმერთს არ ვაქცევთ ზურგს. ჩვენ ვგავართ უძღებ შვილს, რომელიც ერთ დღეს მონანული აუცილებლად დაუბრუნდება მამას. იმედია დღეიდანვე ვიზრუნებთ ამ დიდ დაბრუნებაზე.

საქართველოს ისტორია აღსავსეა უამრავი თვალმარგალიტით, საგმირო ამბითა თუ დიდ ფიგურათა თანავარსკვლავედით. თითოეულ ეპოქაში მათ უწევდათ უზარმაზარ ბარიერებთან გამკლავება, შიდა თუ გარე მტრებთან გამუდმებული ბრძოლა, ნაქალაქარებისა და ნასოფლარების აღდგენა, შვიდგზის ოფლისღვრა და სისხლის ნთხევა მდინარეებად. ქედი არ მოუდრეკიათ, სინანულით აღსავსე მიდიოდნენ უფალთან და შენდობას თხოვდნენ. თუ საქართველოს ისტორიას სულიერ ჭრილში გავიაზრებთ, ასე ვთქვათ, ქრისტიანული ფილოსოფიის რაკურსიდან დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ღმერთი მაშინ გვეწეოდა, როცა სწორ, ჯანსაღ სულიერი ცხოვრების წესს ვირჩევდით, ოქროს ხანა კი მაშინ დაგვიდგა, როცა წმინდანი მეფის შთამომავლმა მორიგმა შემდგომში უკვე წმინდანმა თამარ მეფემ ღვთისთვის სათნოდ იცხოვრა და ჯანსაღი სულიერი ცხოვრების წესი იქადაგა, თესა და მოიმკო იფქლი.

როცა იმედგაცრუებაზე საუბრობენ, მახსენდება დაქსაქსული, კლანებად დაყოფილი შოტლანდიის მეფის რობერტ ბრიუსის გმირობა. ბრიუსი 6-ჯერ სასტიკად დამარცხდა ინგლისელებთან ბრძოლაში. ერთხანს თავს გამოქვაბულს აფარებდა. 6-ჯერ დაუნგრია ქსელი ობობას. ობობა არ დანებდა, მეშვიდედ დაიწყო ქსელის აგება. ბრიუსი განაცვიფრა ობობის ქმედებამ, გადაწყვიტა მეშვიდედ წარმდგარიყო პირისპირ მტრის წინაშე. მართლაც, მეშვიდე ბრძოლაში შოტლანდიელებმა ინგლისელები დაამარცხეს.

პატივცემულნო თანამემამულენო, ხშირად დანანებით გითქვამთ, რომ ლიდერი არ ჰყავს ხალხსა და ქვეყანას. ხშირად ლიდერში პოლიტიკურ ლიდერს გულისხმობთ ცხადია, რადგან როგორ შეიძლება ლიდერის არაარსებობაზე ვსაუბრობდეთ, როცა ილია მეორესნაირი დიდი პატრიარქი უდგას ჩვენს ეკლესიას სათავეში.

პოლიტიკოსები თავისით ვერ იშვებიან, მით უმეტეს ისეთ პატარა ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც პოლიტიკურ ლიდერებს იმპერიები ჩეკენ და თავისებურად კაზმავენ. ასეთი კრიზისული ვითარების ჟამს, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და ჩავერთოთ პოლიტიკურ პროცესში, შევქმნათ მძლავრი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც დააკომპლექტებს საკანონმდებლო თუ თვითმმართველობის ორგანოებს ღირსეული წევრებით.

ძვირფასო თანამემამულენო, გავთავისუფლდეთ ნიჰილიზმის ხუნდებისგან. შეურიგებელი ბრძოლა გამოვუცხადოთ უიმედობას და შევუერთდეთ ახალ ეროვნულ მოძრაობას, რომელიც უახლოეს ხანებში ჩამოყალიბდება. მისი კარი ღია იქნება პროფესიონალი, სამშობლოს მოყვარული მამულიშვილებისთვის.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

პატივისცემით,
თორნიკე კივილაძე

გაზიარება: