ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე „ახალი თაბა“ ესაუბრა მოძრაობა „ქართული იდეის“ ლიდერ ლევან ჩაჩუას

– ხალხის სოციალურ უმძიმეს მდგომარეობას სოციოლოგიური გამოპკითხვებიც ადასტურებს. ამავე დროს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი ექსპერტები გადაჭრით აცხადებენ, რომ მმართველი პარტია მომავალ საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გავა. უფრო მეტიც, შეიძლება მთავრობა თვითონ დააკომპლექტოს.

– ასეთი განცხადებები ზღაპართან უფრო ახლოსაა, ვიდრე რეალობასთან. „ქართული ოცნება“ აცდენილია რეალობას. ეს პრივილეგირებული კასტა ცხოვრებას კაბინეტებიდან და ძვირფასი ჯიპებიდან უყურებს და წარმოდგენა არა აქვს, რას ფიქრობს საზოგადოება, როგორი გაწბილებულია „ოცნების“ ამომრჩეველიც. ხალხს ეგონა, რომ მილიარდერ-მილიონერების ხელისუფლება არ იქნებოდა ფულის კეთებაზე ორიენტირებული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები უარესი მომხვეჭელები არიან, ვიდრე შევარდნაძისა და სააკაშვილის კორუმპირებული ჩინოვნიკები. ადამიანებს მძიმე ტვირთად აწევს ამათი გაუმაძღრობა და დაუკმაყოფილებელი მადა.

– ბატონო ლევან, გახარიას და ღარიბაშვილის მოყვანა მთავრობაში რისი მომასწავებელია?

– ხელისუფლება მოსახლეობაში 7 წელია აჩენს ყალბ მოლოდინებს, თითქოს გადამწყვეტ რეფორმებს იწყებს. ეს არის მორიგი ტრიუკი. გახარია ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტის ტრიბუნიდან ემუქრება, დაგასრულებთო. ესეც სასაცილოა.

– რატომ არის სასაცილო?

– გახარია წარმოადგენს იმ ხელისუფლებას, რომელიც გარიგებულია ნაციონალურ მოძრაობასთან. მათ შორის კინკლაობა ყალბია. მთავრობაში დააბრუნეს ღარიბაშვილი, რასაც საზოგადოების ერთი ნაწილი ზარ-ზეიმით შეხვდა. ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობას შეუტევს და სისტემური ცვლილებები დაიწყება. ეს სიბეცეა.

– არ შეუტევენ ნაციონალურ მოძრაობას?

– გარიგება ნაციონალებთან დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა ირაკლი ღარიბაშვილი შს მინისტრი, შემდეგ კი პრემიერმინისტრი იყო. იმის მაგივრად, რომ აღედგინათ სამართლიანობა, გამოეძიებინათ 30 000 საქმე ნაცმოძრაობის ფაქტობრივი დანაშაულობებით, დაიწყო ბინძური პროცესები.

– რა პროცესები?

– ხელისუფლებამ გაწეწა ნაციონალები (ბევრი მათგანი), რომლებზეც სისხლის სამართლის საქმეები იყო გამზადებული. გადაიბარა წილები, რომელშიც ნაცმოძრაობის ბანდა ეჯდა ბიზნესს და მოიგონა კოაბიტაცია. ხალხს კი უთხრეს, რომ კოაბიტაცია დასავლეთის დირექტივით და ზეწოლით მივიღეთო. სინამდვილეში, დიდი ფული ამოიღეს ნაციონალებისაგან, გადაიბარეს ბიზნე-წილები და ამის გასამართლებლად მოიფიქრეს კოაბიტაცია. ნაციონალების გაწეწვაში აქტიურად მონაწილეობდა ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც იმ დროს მთავარი პროკურორის მოადგილედ დაინიშნა. როცა ასეთი გარიგებაა, რა სისტემური ცვლილებების მოლოდინზე და ნაციონალების დასრულებაზეა საუბარი?

– ამ დღეებში დღის წესრიგში დადგა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხი. მსჯავრდებულების შეწყალებაში მან უმძიმესი შეცდომები დაუშვა.

– ვფიქრობ, რომ ამას კორუფციის სუნი უდის. პირდაპირ ამაში პრეზიდენტს ვერ დავადანაშაულებ. ნებისმიერ შემთხვევაში იგი პასუხიმგებელია იმაზე, რასაც ხელი მოაწერა. პრეზიდენტი არასწორია იმ შემთხვევაშიც, თუ გაუაზრებლად შეიწყალა ისინი, ვისი გვარებიც მისმა ადმინისტრაციამ მიაწოდა და განსაკუთრებით, მაშინ, თუ თავად არის გარეული კორუფციაში.
პარადოქსია, მაგრამ დღეს, სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ და გადაყენებას ითხოვენ ის პირები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს მისი გულმხურვალე მომხრეები იყვნენ და ფეისბუკზე ყოველდღე მეკამათებოდნენ, როცა ვამბობდი, რომ ხალხს არცერთი კანდიდატისთვის არ მიეცა ხმა. თუ დამნაშავეა ნაციონალური მოძრაობა, ასევე დამნაშავეა „ქართული ოცნება“. ხალხს იმ ვაი-არჩევნების ბოიკოტისკენ მოვუწოდებდი, რომ ღვთის წინაშე ერი მართალი ყოფილიყო, თუკი არ გაიყიდებოდა, დაპირებებს არ წამოეგებოდა და ორივე ოდიოზურ ძალას უარს ეტყოდა. ამას იმიტომ კი არ ვაკეთებდი, რომ ქვეყნისთვის ცუდი მინდა. ის სიყალბე და ვირეშმაკობა არჩევნები არ იყო. წარმოდგენილი ნებისმიერი კანდიდატის არჩევა ზიანის მომტანი იქნებოდა საქართველოსთვის და სამწუხაროდ მართალი აღმოჩნდა, დღეს ვიმკით რაც დავთესეთ. არჩევანი ყველაშემთხვევაში ფიქსირდება ღვთის წინაშე და როგორც ცალკეულ პიროვნებას, ასევე მთელ ერს, ისე მიეზღვება, როგორ არჩევანსაც გააკეთებს!

– მომავალ არჩევნებს ბოიკოტს, ალბათ, არავინ გამოუცხადებს.

– ალბათ. ჩვენ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ვიბრძოლებთ, სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს წინასწარგანსაზღვრულ სიყალბეში მონაწილეობას. სასურველია, შეიქმნას ერთი დიდი ეროვნული გაერთიანება, რომელზეც იმედს ამყარებს მოსახლეობის ის 70%, რომელსაც არც ნაცების დაბრუნება უნდა და აღარც ქოცების დარჩენა ხელისუფლებაში.
„ქართული იდეა“ და ჩვენი იდეური მოკავშირეები საზოგადოების სწორედ ამ ღირსეულ და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე უმრავლესობის გააქტიურებაზე გავაკეთებთ აქცენტს.
გაერთიანების შემთხვევაში პირადად მე, სიაში ლიდერობის პრეტენზიას არ ვაცხადებ, ამით სხვასაც ვაძლევ მაგალითს, რომ საკუთარი ამბიციები ყველამ მოთოკოს. კეთილი ვინებოთ, ამბიციები დავაცხროთ და ჩვენი ერის ღირსეულ ნაწილს ღირსეული საქციელით, ქრისტეში ერთობით შეკავშირებულები წარვუდგეთ.

– როგორ ფიქრობთ, არჩევნებამდე სტიქიური პროტესტიც გაჩნდება?

_ უიმედობაში ხალხის ჩაგდების მომხრე არ ვარ, მაგრამ , ვფიქრობ უმძიმესი ზამთარი მოგველის. ხალხს კიდევ უფრო გაუჭირდება მომატებული ფასების და გაზრდილი კომუნალური გადასახადების პირობებში. ამის გამო გაზაფხულზე, შესაძლოა დაიწყოს სპონტანური აქციები სოციალური მოთხოვნებით. „ქართულმა ოცნებამ“ თუ ასე გააგრძელა, ხალხი მას კაბინეტებიდან გამოყრის.

გაზიარება: