რატომ ,,ქართული იდეა’’?

პატივცემულო თანამემამულენო, ბევრი მეკითხებოდა და ახლაც ინტერესდება რატომ შევაჩერე არჩევანი ,,ქართული იდეის’’ გუნდზე. ამას ბევრი მიზეზი აქვს, თუმცაღა ერთ-ერთი უმთავრესი მოტივი აღნიშნული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის კონსერვატიული, ეროვნულ-ქრისტიანული იდეოლოგია და მისი ლიდერებისა თუ რიგითი წევრების სუფთა წარსული იყო. აქვე აღსანიშნავია ,,ქართული იდეის’’ გუნდის მჭიდრო თანამშრომლობა სამეცნიერო წრეებთან. შესანიშნავი მეცნიერები უდგანან გვერდში ,,ქართული იდეის’’ მოძრაობას, როგორებიც არიან ბატონი პაატა გიორგაძე, ზაურ ციხელაშვილი და სხვები.

გარდა ამისა, ,,ქართული იდეის’’ ახალგაზრდული ფრთის წევრებთან დიდხნიანი, გულითადი მეგობრობა მაკავშირებდა. ჩვენ წლების განმავლობაში ვიბრძოდით რიგი ეროვნული ინტერესების დასაცავად. ბრძოლის გაგრძელება გვწყუროდა. ვეძებდით ისეთ პლატფორმას სადაც თბილად მიგვიღებდნენ, საკუთარი აზრის გამოხატვისა და შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას მოგვცემდნენ. სწორედ ასეთი მოძრაობა აღმოჩნდა ,,ქართული იდეა’’. მისი ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარემ, ჩემმა უერთგულესმა მეგობარმა გეგა ხვედელიძემ პირადად წარმადგინა ,,ქართული იდეის’’ თავმჯდომარე, პოლიტპატიმარ ლევან ჩაჩუასთან, რომელმაც უფრო ვრცლად მიამბო მოძრაობის წარსულის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ.

ლევან ჩაჩუას ბევრი თქვენგანი მეტნაკლებად კარგად იცნობს. ის გულისხმიერი, საოცრად კეთილშობილი, განსწავლული, მოსიყვარულე ადამიანია, რომელსაც წრფელად უყვარს სამშობლო და რაც მთავარია, ღვთისმოშიში, მართლმორწმუნე ქრისტიანია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თანამედროვე პოლიტიკურ მოძრაობებს უზარმაზარი ბიუროკრატიული ხლართი აქვს. დარწმუნებული ვარ, არც ერთი პარტია იმხელა გასაქანს, ასპარეზს არ მომცემდა, როგორიც ,,ქართული იდეის’’ გუნდმა მომცა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სულ რაღაც 23 წლის ვიყავი, როცა ჩუღურეთის მე-14 მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარმადგინეს, პარტიულ პროპორციულ სიაში კი, წამყვან 6-ე პოზიციაზე განმამწესეს. ეს ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, რადგან 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში წილად დეპუტატის მანდატი მხვდებოდა, რაც დამერწმუნეთ, უდავოდ, საპასუხისმგებლო ამოცანაა. საჯაროდ მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ლევანსა და პოლიტსაბჭოს ნდობისთვის. ყოველთვის ვეცდები საქმით გავამართლო დაკისრებული მოვალეობა.

,,ქართული იდეის’’ უპირველესი ამოცანა ქრისტიანული მცნებების დაცვა, ეროვნულ-სარწმუნოებრივ პრინციპებზე დაფუძნებული კონცეფციის შემუშავება და მისი განხორციელებაა, რათა ქართულ სახელმწიფოს სწორი ორიენტირები და მყარი საფუძველი ჰქონდეს. მოძრაობა მედგრად უპირისპირდება ანტიქრისტიანულ პოლიტიკას, მამათმავლობისა თუ სხვაგვარი სექსუალური გადახრების პროპაგანდირებას, გახრწნილ დაანონსებულ განათლების რეფორმებს და სხვა. აღსანიშნავია რომ მოძრაობის პოლიტიკას, იდეოლოგიას მრავალი სასულიერო პირი იზიარებს, გვლოცავს და მხარს უჭერს. ეს ჩვენთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რადგან ერისა და ბერის ერთობა სამომავლო გამარჯვების აუცილებელი წინაპირობაა.

,,ქართული იდეა’’ უპირისპირდება ბანკების აღვირახსნილ ქმედებებს. ის იბრძვის სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებისთვის. პირადად ბატონმა ლევან ჩაჩუამ და მისმა მეგობრებმა არაერთი ოჯახი იხსნეს გამოსახლებისგან, დაიცვეს მათი ინტერესები. სოციალური სახელმწიფოსკენ სწრაფვა იკვეთება მეცნიერთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილ ,,წყლის ინდუსტრიის პროექტში’’, რომელიც სასმელი წყლის ნაციონალიზაციას და მოქალაქეთათვის აქციების დარიგებას გულისხმობს. ნორვეგიის მსგავსად, რომელმაც ნავთობის ნაციონალიზაცია მოახდინა, ,,ქართული იდეა’’ იღებს პასუხისგემლობას რომ ანალოგიური მოდელი საქართველოშიც დაინერგება, რათა ხალხი, რომელსაც კონსტიტუციით აქვს გარანტირებული ხელმწიფება ანუ ძალაუფლება, თავად იყოს ამ უძვირფასესი რესურსის ბატონ-პატრონი, განმკარგველი და ისარგებლოს ბუნების მიერ მონიჭებული უდიდესი სიმდიდრით – სასმელი წყლის რესურსით.

აღნიშნული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ახალი ქართული განათლების პოლიტიკის შემუშავება და მისი პრაქტიკაში ეფექტური განხორციელებაა. პატივი მაქვს წარმოვადგენდე მოძრაობის ,,განათლების კომიტეტს’’, რომელიც თანამშრომლობს განათლების სპეციალისტებთან, ექსპერტებთან, მათგან იღებს რჩევებს და კვლევების საფუძველზე აგებს სამოქმედო პროგრამას. ახალ თაობაზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. განათლების რეფორმირების კვალდაკვალ, გვსურს დიდი წვლილი შევიტანოთ ქართული მეცნიერების აღორძინების საქმეში, ვიზრუნოთ ქართველ მეცნიერებზე, რომელთა არცთუ მცირე ნაწილი ულუკმაპუროდაა დარჩენილი და პერსპექტივის უქონლობას უჩივის ლოკალურ დონეზე. ჩვენ მსოფლიო დონის მეცნიერები გვყავს. ,,ქართული იდეის’’ ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში აუცილებლად ჩამოყალიბდება მრავალწევრიანი, მულტიდისციპლინარული სამეცნიერო საბჭო, რომლის რჩევებიც ყურად უნდა იღოს ხელისუფლების როგორც აღმასრულებელმა, ასევე, საკანონმდებლო შტოებმა.

,,ქართული იდეა’’ აუცილებლად იზრუნებს ქართული კულტურის შენარჩუნებასა და გამდიდრებაზე, მის მოვლა-პატრონობაზე; საქართველოს მოქალაქე ხელოვანების შესაძლებლობების რეალიზებასა და მათი შემოქმედების პროპაგანდირებაზე. ის დახმარებას გაუწევს ხელოვნების ყველა სფეროს. მნიშვნელოვანია რომ შემოქმედმა ადამიანებმა თავი მარტოსულად არ იგრძნონ, მათ ზურგი სახელმწიფომ გაუმაგროს.

,,ქართული იდეა’’ იზრუნებს კონფლიქტურ რეგიონებში მშვიდობის დამყარებაზე, ცხადია, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით. რბილი, გონივრული რიტორიკით, დახვეწილი დიპლომატიით სავსებით შესაძლებლად მიგვაჩნია დეოკუპაცია, დევნილი მოსახლეობის ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი, ღირსეული დაბრუნების ორგანიზება. ვერც ეკონომიკური კრიზისი, ვერც ნებისმიერი სხვა გამოწვევა ვერ ჩაანაცვლებს დღის წესრიგის უმთავრეს საკითხს – საქართველოს გამთლიანებას.

მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიზნითა და კეთილგონივრული პოლიტიკის გატარების კონტექსტში, უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ეკოსისტემის დაცვა. ვუპირისპირდებით ჰესების მშენებლობას, რამაც დიდი ალბათობით, შესაძლოა ბუნებრივ კატასტროფამდე მიგვიყვანოს. გარემოს დაცვა ,,ქართული იდეის’’ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

მოძრაობა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს კონცეფციაზე, რომელიც ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებას ისახავს მიზნად. ჩვენი უმთავრესი, ურთულესი ამოცანაა შევქმნათ ღირსეული, ჯანსაღი გარემო, რომელშიც მოქალაქეები თავს დაცულად იგრძნობენ. სწორედ ამ მიზნით ვერთიანდებით, რათა უზრუნველვყოთ ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება და ამის პარალელურად როგორმე შევაჩეროთ ქვეყნიდან ინტელექტუალური რესურსისა თუ ზოგადად, ადამიანური კაპიტალის გადინების დამღუპველი პროცესი.

ალბათ, ბროშურა, წიგნი დაიწერებოდა იმ საკითხებზე, რომელზეც ვმუშაობთ. უამრავი პრობლემაა ჩვენ წინაშე, უმძიმესი გამოწვევები, სწორედ ამიტომ მიმართვის დასასრულს, მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს მხარი დაუჭირონ ,,ქართული იდეის’’ გუნდს, რომელიც კონსულტაციებს მართავს ახალი, ეროვნული მოძრაობის ფორმირების მიზნით.

მადლობას გიხდით თანაგუნდელებო და მხარდამჭერებო. ერთობით გავიმარჯვებთ!

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

პატივისცემით,
თორნიკე კივილაძე

გაზიარება: