რას გვასწავლის წმინდა წერილი და რას – თანამედროვე ევროპა [წმ. ნიკოლოზ სერბი]

“იცხოვრებენ კი შვილები კარგად, თუკი ისინი შეურაცყოფენ მამას და დაშორდებიან მას? მიმოიხედე ირგვლივ და დაინახავ, ჰკითხე მოხუცებს და გაიგებ, რომ უმადურებს ყოველთვის უარესი ემართებოდათ. ის შვილები, რომლებიც შეინანებდნენ და მას დაუბრუნდებოდნენ, კიდევ იტოვებდნენ გადარჩენის შანსს, მაშინ როცა ისინი, რომლებიც ჯიუტად აგრძელებდნენ თავისას, უცხოობაში ტიროდნენ და წინაპრების საფლავებიდან სადღაც შორს ხვდებოდნენ აღსასრულს. ამას გვასწავლის წმინდა წერილი.

კიდევ რას გვასწავლის წმინდა წერილი? იგი გვასწავლის, რომ თუ გვინდა ცხოვრების მთავარი არსი გავიაზროთ და მსოფლიო მოვლენები ჩვენთვის გასაგები გახდეს, უნდა ვიცხოვროთ, ვიაზროვნოთ, ვისუნთქოთ, ვიმოძრაოთ და ვიმზიროთ – ქრისტეს მიერ. ვაკეთოთ ის, რაც სწორია და, რაც ჩვენი ყოფის მთავარ მიზანს პასუხობს. ერთი სიტყვით, ამ წუთისოფელში უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც ცხოვრობს და შრომობს მღვიძარე ადამიანი. წმინდა წერილი ასეთებს უწოდებს ღვთის შვილებს – შვილებს დღისა და ნათლისა. ხოლო მათ, ვინც ღვთის ნათელს მოკლებული, წყვდიადში ხელის ცეცებით მიიკვლევენ გზას, წმინდა წერილი უწოდებს – შვილებს ღამისა და წყვდიადისა.

ჩვენს დროში ადამის შვილთა უმრავლესობას არ სურს ადამიანობა, ღვთის შვილობა. ისინი დაშორდნენ თავიანთ შემოქმედს და საკუთარი მრუდე გზებით წალასლადნენ. ზეციურ მამას მათ მხოლოდ ეკლესიებისა და მონასტრების ცარიელი კედლები დაუტოვეს, ხოლო თავისთვის მიითვისეს ტახტები, ძალაუფლება, ბატონობა, ხელისუფლება, არმია, მიწები, წიაღისეული, მედია, ყველა მიწიერი საშუალება და თვითმპყრობელობა.

უნდა ითქვას რომ მშობლებისგან დაშორება – ეს უდიდესი ცოდვაა, მაგრამ შემოქმედისგან თანამედროვეთა დაშორება – ეს უკვე საშინელი უსამართლობაა. თუმცა კი მამა ყველაფერი გააკეთა, ყველაფერი ააშენა და მოაწესრიგა, უმადურმა შვილებმა მას მხოლოდ საკუთარი მამულის განაპირას უწყალობეს პატარა მიწა ფიცრულით, ხოლო თავისთვის მიითვისეს დარბაზები, სიმდიდრე და ამა სოფლის მთელი მშვენება. ასეთი შვილები ჭეშმარიტად ვერც მზეს იხილავენ თავს ზემოთ, ვერც სიხარულს საკუთარ სახლში, არამედ იქნებიან წყვდიადში, სიცივეში, ტკივილსა და სასოწარკვეთაში.

წმინდა წერილი – ესაა საღვთო მოწოდება ყველა ერის მიმართ, რათა მოვიდნენ და ისრაელის ისტორიის მაგალითზე ისწავლონ. კეთილდღეობის ჟამს ეს ერი ისე იყო ჩაბღაუჭებული ღვთის კალთას, როგორც ჩვილი საკუთარ მშობელს და თავისი ღვთისა და შემოქმედის სახელის ხსენების გარეშე არ შეეძლო – არც ლაპარაკი, არც წერა, არც სიარული, არც სუნთქვა, არც ხვნა და არც ბრძოლა. მაგრამ ხშირად ეს ერი თავის შემოქმედს ჩამოსცილდებოდა ხოლმე, საკუთარი გულისთქმის მიხედვით დაადგებოდა უკეთურ გზას და მიეცემოდა სიძვას, ეცემოდა, მონობაში იტანჯებოდა და დამცირებას განიცდიდა. ამისთვის მეტყველებს ღმერთი თავისი გვირგვინოსანი წინასწარმეტყველის მიერ: „ისმინე, ერო ჩემო, და გიწამო შენ, ისრაელო! ო, ნეტავ გესმინა ჩემი! . . . მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან აღმოგიყვანე შენ ქვეყანით ეგვიპტით . . . და ერმან ჩემმან არა ისმინა ხმისა ჩემისა და ისრაელი არ დამემოჩილა. ამისთვის განვავლინენ იგინი საქმეთაებრ გულთა მათთაისა, რაითა ვიდოდენ საქმეთა შინა მათთა. ო, ერო ჩემო, ნეტავ, გესმინა ჩემი და უკეთუ ისრაელს ჩემი გზებით ევლო, მსწრაფლ დამემდაბლებინა მტერნი მისნი მის წინაშე და მაჭირვებელთა მათთა ზედა და-მცა-მედგა ხელი ჩემი. მტერნი უფლისანი დამემონებინა მათთვის და ყოფილიყო ჟამი მისი საუკუნოდ. გამომეკვება ისინი სიპოხისაგან იფქლისა და კლდისაგან თაფლისა განმეძღო იგინი“ (შედარ. ფს. 80, 9 – 17).

ოჰ, ჩემო ძმებო! ნუთუ ეს ყოველივე თანამედროვე ევროპაზე არ არის ნაწინასწარმეტყველები? ნუთუ ეს სერბეთსაც არ ეხება? (ან საქართველოს? – ავტ.) ქრისტეს სერბეთი ევროპას გაჰყვა, დაადგა მის მოლიპულ გზას და მასთან ერთად გადაიჩეხა. ნეტავ სერბ ერს, ღვთის სათნოყოფისთვის ასწლეულების მანძილზე მოწამეობრივი ცეცხლით ტანჯულს, თავისი წმინდა წინაპრების , უფლის გზით ევლო. მაშინ ღმერთი იქნებოდა მასთან და ყოველი უსჯულო მტრისაგან გარეშეზღუდავდა, ბეჭთსაშუალითა მისითა დაიფარავდა მას და კეთილდღეობით და ბედნიერად აცხოვრებდა.

მაგრამ ევროპა თავისი ფილოსოფოსების ცრუ მოსაზრებები გზას დაადგა და მისივე მაცდუნებელი გულისთქმის მორევში ჩაიძირა. სერბეთისთვის ასეთი ევროპა უფრო მიმზიდველი გახდა, როგორც თიხის ქოთანი ქვაზე და სერბეთის შვილებსაც საკუთარი სიმძიმით გახსნილი ნაიარებივიდან ისე დასდინდათ სისხლი, როგორც ბასრი ქვებით მოფენილ კლდეზე დაცურებისას გადმოიღვრებოდა.

ასეთი მეცნიერება ძვირი დაგვიჯდა. რას მოგვიტანს იგი, ამას მომავალი გვიჩვენებს. უფალო ღმერთო, რა მკაცრად ვისჯებით! – შეგვიწყალენ ჩვენ! მოგვეც ჩვენ სიბრძნე და ძალა, რათა გულისხმავყოთ ძვირად მიღებული გამოცდილებიდან. ნუ მიგვატოვებ, უფალო, და ნუ განმეშორები ჩვენგან! ქება და დიდება შენ უკუნითი უკუნისამდე – ამინ!

თარგმნა ლევან ჩაჩუამ

გაზიარება: