პოლიტიკური კრიზისი

ქართველი ხალხის უმრავლესობა ხშირად ამბობს, ყველაზე მეტად პოლიტიკოსებში არ გაგვიმართლაო. მართლაც ასეა, საუკუნის მეოთხედზე მეტი გავიდა და ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო ეროვნული პოლიტიკის გატარება. ანდაც ეს როგორ უნდა მოეხერხებინათ, მაშინ როცა მათი უმეტესი ნაწილი პირადად იღებდა მონაწილეობას ეროვნული ხელისუფლების დამხობის პროცესში.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი მძვინვარებს. ეს აისახება ნებისმიერ სფეროზე. პოლიტიკური ფილოსოფია და ეკონომიკა ქვეყნის ბაზისია, ყველა სხვა მიმართულება, სფერო – ზედნაშენი. თუკი ბაზისი არ წარმოადგენს მყარ ფუნდამენტს, ცხადია, ვერც ერთი სფერო ვერ განვითარდება.

საქართველოს რეალურად აქვს ეკონომიკის განვითარების წინაპირობა, მაგრამ ამას ეღობება კორუფცია, მძლავრი, კეთილგონივრული პოლიტიკური ნების არარსებობა. საზოგადოებაში ხშირად გაისმის, რომ მმართველ ელიტას არ სურს ჰყავდეს დაპურებული, წელში გამართული მოქალაქე, რადგან ის მაღალ მატერიებზე იწყებს ფიქრს, ბევრად უფრო პრეტენზიული ხდება და აქვს კონკრეტული შენიშვნები ხელისუფლების მიმართ. სამწუხაროდ, საქართველოში ხელისუფლებაში მოკალათების იდეამ გადაწონა ხალხის მსახურების წმინდა საზრისი. დღეს ხელისუფლებაში მოსვლა ასოცირდება პირადი კომფორტის შექმნასთან. პატრიოტიზმი ნამდვილად გადაიქცა ვიგინდარების უკანასკნელ თავშესაფრად. კარგად გამოკაზმული ლოზუნგების მიღმა დგას კონფორმისტული, ოპორტუნისტული ჩანაფიქრები. ცხადია, ასეთ ვითარებაში ისევდაისევ სახელმწიფო ზარალდება, მოქალაქე ღატაკდება და უუფლებო რჩება. თავმოყვარე საზოგადოებამ ხმა უნდა აღიმაღლოს, რათა იმავე მოჯადოებულ წრეზე სრბოლა არ გაგრძელდეს.

,,ქართული ოცნების’’ დამფუძნებელი და ლიდერი, ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი თავის გამოსვლებში ამბობდა, რომ შუა უნდა გაეკრიფათ. ცხადია, ,,ქართული ოცნებისთვის’’ სასურველ მეტოქეს წარმოადგენს დისკრედიტირებული ,,ნაციონალური მოძრაობა’’. ხშირად წამოაძახებენ წარსულ ცოდვებს, ჯალათებს ედრებიან უტიფრად, თავად კი არანაკლებ ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან, ფაქტობრივად, ანადგურებენ სახელმწიფოს და ხალხს უკლავენ მომავლის პერსპექტივას.

ივანიშვილის რეჟიმის დამყარებას ბევრი პოლიტიკანისა თუ პოლიტიკური ფსევდოძალის სრული ლუსტრაცია მოჰყვა. მართლაც გაიკრიფა შუა, ასპარეზზე 2 ძირითადი პოლიტიკური პარტია დარჩა, რომლებიც შეხმატკბილებულად განაგრძობენ საკუთარი ინტერესების გატარებასა და მსახურებას, შედეგად კი, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დადგა და რეალურად, ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი ალტერნატივა ახალი, რეალური პოლიტიკური ძალის შექმნაა, რომელიც საზოგადოების ღირსეული წევრებით უნდა დაკომპლექტდეს.

ცხადია, როცა პოლიტიკურ კრიზისზე ვსაუბრობთ, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ქვეყნის ხერხემალი – ეკონომიკა. პოლიტიკურ კრიზისთან ერთად, ქვეყანაში გაუსაძლისი ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს. 1 აშშ დოლარის ღირებულებამ თითქმის 3 ლარს მიაღწია. ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობა ქვეითდება და ნაცვლად იმისა ეს კრიზისული ვითარება ობიექტურად შეფასდეს, ზოგიერთი უტიფარი ფსევდოპოლიტიკოსი გამოდის და ამბობს, ვისაც ხელფასი დოლარში აქვს, უფრო მეტი ლარი მოუვაო. ეს არის საზოგადოების უტიფრად მასხრად აგდება და ამას წერტილი უნდა დაესვას!

ქვეყანა წერტილის დამსმელის მოლოდინშია. მაშინ როცა მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არჩევნებზე არ დადის, საპარლამენტო უმრავლესობასა და მთავარი ოპოზიციური ძალის პოზიციას ,,ქართული ოცნება’’, ,,ნაციონალური მოძრაობა’’ და მისი დესანტები, განაყოფები ინაწილებენ. ხალხი ელოდება რეალურ ძალას, რომელიც ქვეყანას პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანს.

მთავრობის ჩავარდნა კიდევ ერთხელ თვალნათლივ გამოჩნდა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ. ,,ნაციონალურმა მოძრაობამ’’ და მისმა განაყოფებმა კვლავაც სცადეს რევოლუციური სცენარის გათამაშება, მებაირახტრის როლი მოირგეს, მაგრამ ხალხის გულწრფელმა პროტესტმა ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა. პოლიტიკანებს წარსული გაუხსენეს და თავში ბოთლები უთავაზეს.

ე.წ ,,გავრილოვის ინციდენტს’’ ეკონომიკური პრობლემებიც მოჰყვა. რუსეთმა გაატარა სანქციები საქართველოს წინააღმდეგ. ტურიზმის იმედად მყოფ ქვეყანას, განსაკუთრებით, რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას უზარმაზარი დაბრკოლებები შეექმნათ. ბევრს ბანკის ვალი ჰქონდათ აღებული ბინების კეთილმოსაწყობად. ქვეყნის მოსახლეობამ უმძიმესი დარტყმები მიიღო.

ისევდაისევ, ასეთ კრიზისულ ვითარებაში წინა პლანზე უნდა დადგეს მძლავრი კონსერვატიული, ეროვნული ძალის შექმნა, რომელიც წინ აღუდგება აღნიშნულ პროცესს, თავდაპირველად მცირე ორთაბრძოლას მოუგებს ერთი-მეორესთან გარიგებულ ძალებს, შემდეგ კი ეცდება საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.

კრიზისულ ვითარებაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. საზოგადოებაში უკვე მომწიფებულია აზრი, რომ ,,ქართული ოცნება’’ მართვის სადავეებს უნდა ჩამოსცილდეს. ამავდროულად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს ,,ნაციონალურ მოძრაობასა’’ და მის განაყოფებს ხელისუფლებაში მობრუნების შესაძლებლობა. ფაქტობრივად, ერის უმრავლესობა მზად არის ახალი რეალური პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად, რომელიც არსებულ პოლიტიკურ რეჟიმს დაასრულებს, გადადგამს რეალურ ნაბიჯებს ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსაყვანად.

ნიჰილიზმის დრო უნდა დასრულდეს. საზოგადოება ერთი წმინდა მიზნის გარშემო უნდა გაერთიანდეს და პირადად მე, ღრმად მწამს, რომ სავსებით შესაძლებელია მოცემული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა ხალხის კონსოლიდაციის შემთხვევაში.

პატივისცემით,
თორნიკე კივილაძე

გაზიარება: