მძლავრი კონსერვატიული ძალის შექმნის აუცილებლობა

იმ პირობებში, როცა ქართველის ერის უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს ტრადიციების, სიწმინდის დაცვას, ერის მამად აღიარებს ილია ჭავჭავაძეს და თამამად აცხადებს, რომ ილიას გზის გაგრძელება სურს, ცხადია, პოლიტიკურ სარბიელზე აუცილებელია არსებობდეს კონსერვატიული ძალა, რომელიც ტრადიციონალისტური ხასიათითა და საღი აზრების ერთგულებით იქნება გამორჩეული.

სამწუხაროდ, დღეს მეტისმეტად ბევრი ნეოლიბერალური პოლიტიკური გაერთიანებაა საქართველოში. თითქოს ეს ძალები დაპირისპირებულ ბანაკებად არიან დაყოფილნი, მაგრამ სინამდვილეში, როცა სასწორის პინებზე დაიდება ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი, ისინი ნეოლიბერალური დროშის ქვეშ მოიყრიან თავს და ერთობლივი ძალებით შეუტევენ ტრადიციულად მოაზროვნე ძალებს.

ქართული ნეოლიბერალური ძალები, რომლებიც თავისი არსით არ არიან ქართულნი, მეტწილად გარე ძალების მიერ ფინანსდებიან და ცხადია, მათ დაკვეთას ასრულებენ. მაკიაველი ნაშრომში ,,მთავარი’’ წერს, რომ იმპერიები დაპყრობილ ქვეყნებში აძლიერებენ სუსტებს, რათა სწორედ მათ მოიპოვონ ძალაუფლება და იმპერიის ერთგულ მარიონეტებად იქცნენ. ბუნებრივია, სუსტში მოიაზრება ხარბი, მერკანტილურ ინტერესებს დაქვემდებარებული, უნებისყოფო, უპრინციპო ადამიანთა ჯგუფი, რომელთა მართვაც ძალიან იოლია. ისტორია მეორდება, დღესაც ამგვარი ვითარებაა შექმნილი და ამ მძიმე სურათის საპირწონედ დღის წესრიგში დგება საკითხი მძლავრი კონსერვატიული ძალის ფორმირებასთან დაკავშირებით.

სასურველია აღნიშნულ ძალაში თავი მოიყარონ კომპეტენტურმა, ტრადიციულად მოაზროვნე პოლიტიკოსებმა, საზოგადო მოღვაწეებმა, რიგითმა ერისკაცებმა. მძლავრი კონსერვატიული ძალის ფორმირებისთვის, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო ურთიერთობა სამეცნიერო წრეებთან მრავალ სფეროში, რათა გამოჩენილმა, ღვაწლმოსილმა მეცნიერებმა მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. მათ ნამდვილად დიდი პოტენციალი გააჩნიათ და უდავოდ, საგულისხმოა მათი ანგარიშგასაწევი ძალის სრულყოფილად გამოყენება, მათი უშუალოდ ჩართვა პოლიტიკურ პროცესში.

ჩნდება კითხვა მოქალაქეთა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაერთიანება ,,ქართულ იდეასთან დაკავშირებით’’, კერძოდ: რა პოზიციას დაიკავებს აღნიშნული მოძრაობა? დამოუკიდებლად იბრძოლებს, თუ სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად ეცდება კოალიციის შექმნას. ამ კითხვაზე ,,ქართული იდეას’’ პოლიტსაბჭოსა და რიგით წევრებს ძალიან მკაფიო პასუხი გვაქვს, სახელდობრ: მოძრაობის დაფუძნების დღიდანვე, გაერთიანების ლიდერებისა და რიგითი წევრების მიზანი მსგავსი, მონათესავე მოძრაობების ხელმძღვანელობასთან შეთანხმების მიღწევა და გაერთიანებაა, ვინაიდან კონსერვატიულ ფლანგზე ძალები ერთი მიზნით უნდა დაირაზმონ. კონსერვატორებს ერთი საერთო მტერი ჰყავთ: ნეოლიბერალური ინტერნაციონალი და მათი მოსყიდული ადგილობრივი გარნიზონი. დიახ, სწორედ რომ გარნიზონი, ვინაიდან გლობალური ცვლილებების შედეგად, კერძოდ, მას შემდეგ რაც ევროპისა და შეერთებული შტატების სათავეში კონსერვატიული ძალები მოდიან, მცირდება ნეოლიბერალური ჯგუფების ლობისტების ძალა და გავლენა. განსადევნია ქვეყანაში ჩამდგარი უკანასკნელი ნეოლიბერალური გარნიზონები. ამრიგად, შექმნილ ვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მძლავრი კონსერვატიული ძალის შექმნას.

იმ შემთხვევაში, თუ გარკვეულ მიზეზთა გამო ერთიანი ძალის ფორმირება ვერ მოხერხდება, რაც უდავოდ, სამწუხარო ფაქტი იქნება, ცხადია, ,,ქართული იდეა’’ ფარ-ხმალს არ დაყრის და ბრძოლას საკუთარი ძალებით გააგრძელებს, თუმცა ცხადია, მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობით უმძიმესი, უთანასოწორო ბრძოლა მოგველის, სწორედ ამიტომ, ახლაც და ახლო მომავალშიც ვაპირებთ კონსულტაციებს ყველა ნორმალურ კონსერვატიულ პოლიტიკურ ჯგუფთან.

სახელმწიფოში პოლიტიკური კრიზისი მძვინვარებს. ე.წ 0-პროცენტიანი ბარიერის დაწესების შემდეგ დგება საფრთხე ახალი სატელიტი პარტიების შექმნისა, რომლებიც ეცდებიან სხვადასხვა პოლიტიკური ნიშა დაიკავონ: ზოგი ზომიერად ლიბერალური, ზოგი ულტრალიბერალური, ნაწილი კი, შესაძლოა, კონსერვატიული იდეოლოგიის მატარებელიც იყოს. თუმცაღა, 0-პროცენტიან ბარიერს აქვს ძალიან ბევრი დადებითი მხარე, კერძოდ, პროპორციული არჩევნების პირობებში, არ დაიკარგება ელექტორატის ხმები და ყველა პოლიტიკური გაერთიანება ჯანსაღი კონკურენციის პირობებში შეძლებს საკანონმდებლო ორგანოს ღირსეული კადრებით დაკომპლექტებას.

უაღრესად მნიშვნელოვანია კონსერვატიულმა ძალებმა საერთო ენა გამონახონ, პირად ამბიციებსა და ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგნენ, რადგან უთანასწორო ბრძოლაში ვართ ჩაბმულნი. ნეოლიბერალურ ძალებს, განსხვავებით კონსერვატიული ჯგუფებისგან, საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი აქვთ, ხოლო მმართველი გუნდი ფინანსური რესურსის გარდა, ადმინისტრაციულ ძალასაც იბევებს და საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. იმისათვის რათა არ გაიყოს ხმები, ელექტორატის კონსერვატიული ნაწილი არ დაიბნეს, საჭიროა ერთიანი, ძლიერი ძალის ფორმირება, რომელიც კონსერვატიულ ფლანგზე ანგარიშგასაწევ ძალად იქცევა და ამომრჩეველს ერთი დროშის ქვეშ დარაზმავს.

მოახლოებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ერთ-ერთი გარდამტეხი მოვლენა საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ერთმანეთთან კარგად გამოწრთობილი სპარინგ-პარტნიორები ,,ქართული ოცნება’’ და ,,ნაციონალური მოძრაობა’’, რომელსაც ახლა ნაცმოძრაობის კიდევ ერთი დაჯგუფება ,,ევროპული საქართველო’’ დაემატა, კვლავაც გააგრძლებენ მომაბეზრებელი, გულისამრევი სპექტაკლების გათამაშებას, ქვეყანა მორიგ 4 წელს დაკარგავს, თანამედროვე ეპოქაში კი, რომელშიც განვითარება უდიდესი ტემპით მიმდინარეობას, მნიშვნელოვანია გაირღვეს ეს ერთი შეხედვით მოჯადოებული წრე და ღირსეულმა პოლიტიკურმა ძალებმა დაიცვან ჭეშმარიტად ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესები. არ მისცენ ამოსუნთქვის საშუალება ერთმანეთთან გარიგებულ სპარინგ-პარტნიორებს და ნეოლიბერალური ძალების საბოლოოდ განდევნის პროცესში გადამწყვეტი როლი შეასრულონ.

პატივისცემით,
თორნიკე კივილაძე

გაზიარება: