მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) – ეროვნული ეკლესია

„ქედმოდრეკილა ნაღვლით საწყალი,
რომ მისი ტრფობა თქვენში შემწყდარა“
ილია მართალი. „აჩრდილი“

ჩვენს ერს აქვს შინაგანი, ღრმა, გულისგულში დაფარული სიყვარული დედა-ეკლესიისადმი, მაგრამ ეს ტრფობა ჩვენს არსში ქვეცნობიერად დევს, ის წინაპართაგანაა ნაანდერძევი, ძველთაგან გადმოცემული, ამდენად მილევადია და მიმქრალი, რამეთუ არაა განმტკიცებული ახალი ცოდნით, სწავლებით, საზოგადოებრივი დამოკიდებულებით, ავტორიტეტით, მიბაძვით, მაგალითით.

უფრო მეტიც, არაიშვიათად ჩვენი ხალხისაგან ისმის საყვედურები, განსაკუთრებით მათგან, რომელთაც უკვე გაიცნეს სექტანტური მიმდინარეობები და უჩნდებათ კითხვები ეკლესიისადმი თავიანთი გულგრილობის გასამართლებლად: რატომ იყიდება სანთელი ეკლესიაში? რატომაა ძვირი? რატომ იღებს მღვდელი ფულს ნათლობასა და სხვა წესების შესრულებაში? რატომ არაა მუდმივი, უწყვეტი ქადაგება ეკლესიებში, როცა იქ შესულ თუნდაც ერთადერთ ადამიანს მღვდელი ხვდება და ესაუბრება? რატომ არა გაქვთ სასულიერო ლიტერატურა, რაცა გაქვთ, რატომ ყიდით მას და არ არიგებთ უფასოდ, როგორც სხვები? ყველაფრით ვაჭრობა და გაყიდვა შეიძლება? სახარებისაც? რატომ არ არის ეკლესიებში ისეთივე სისუფთავე, როგორიცაა ვთქვათ არაქართულ ეკლესიებში, მით უმეტეს უცხოეთში? რატომაა მომსახურეობა თქვენთან დაბალი დონისა?.. და სხვა მრავალი.

განსაკუთრებით საყურადღებოა სიმართლითა და ზრუნვით გამოთქმული გულისტკივილი: ჩვენს სოფელში ეკლესიაა, მღვდელს ვითხოვთ წლების მანძილზედ, არ გვიგზავნიან, მთელ რაიონში ერთი ღვთისმსახურიც არა გვყავს, უყურადღებობის გამო სარწმუნოებრივად უცოდინარ ჩვენს ხალხს სექტანტები იბირებენ თავისკენ…

ახლახან საბერძნეთიდან ჩამოსული ერთი ადამიანი აღტაცებით ლაპარაკობდა ბერძნულ ეკლესიებში მრევლისადმი ყურადღების შესახებ, რომ იქ სანთელი არ იყიდება, სუფთაა და არა ისეთი, როგორიც ჩვენთან (ძვირი და უხარისხო), რომ ბერძენი მღვდლები პირადად იცნობენ მრევლის ოჯახის თითოეულ წევრს, წარმოადგენენ ოჯახის უდიდეს მრჩეველს და თანამდგომს ჭირსა თუ ლხინში, რომ ბავშვობიდან ვიდრე სიბერემდე იქაური ადამიანები სამღვდელოების სულიერი მზრუნველობით არიან გარემოცულნი. მსგავსადვე ლაპარაკობენ უცხოეთიდან ჩამოსული სხვა ადამიანებიც.

დიახ, რა თქმა უნდა, ასე უნდა იყოს – სამღვდელოება და მისი სამწყსო ერთ მთლიანობას, ერთიან სულიერ ორგანიზმს უნდა წარმოადგენდეს, რომელსაც ეწოდება კიდეც ეკლესია. ვინც საქართველოს წარსულ საეკლესიო ცხოვრებას იცნობს, დაგვეთანხმება, რომ ჩვენშიც ასევე იყო ძველად.

რა ვუპასუხოთ ზემოთ მოყვანილ კითხვებს, მათ პასუხი უნდა გაეცეთ, როგორი მწარეც არ უნდა იყოს ის. საბედნიეროდ, ვინც ჩვენი ეკლესიის შინაგან ცხოვრებას იცნობს, დაგვეთანხმება, რომ ჩვენი სამღვდელოება, შეიძლება ითქვას, გმირული თავდადებით ასრულებს მასზე დაკისრებულ უზენაეს ვალდებულებას, ესაა – მსახურება ღვთისა და ერისა. როგორ? – იკითხავს მკითხველი, მაშ ვის ეხება გამოთქმული საყვედურები? ისინი ბუმერანგივითაა. საქმე ისაა, რომ ჩვენი დედა საქართველოს სამოციქულო (მართლმადიდებლური) ეკლესია – მართალია, ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში, მაგრამ, სამწუხაროდ, ერთ-ერთი უღარიბესიცაა. არავითარი მუდმივი შემოსავალი, უცვლელი საარსებო წყარო არც სამღვდელოებასა და არც ეკლესიას არ გააჩნია. აქ იგულისხმება ის, რომ არც ჩვენი სამღვდელოება და არც ეკლესია არ იღებს საზოგადოებისაგან – სახელმწიფოსაგან დოტაციას, საარსებო სახსრებს, არ არსებობს ხელფასები, სოციალური დახმარება. სამღვდელოება არსებობს შემთხვევიდან-შემთხვევამდე, მათი ოჯახების კეთილდღეობა, სოციალური ყოფა დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომელთაც ემსახურებიან ნათლობითა და სხვა წესების შესრულებით, მათთვის უცნობია სახელმწიფოს მიერ გაცემული ბინები, პენსიები, სხვა შეღავათები, რითაც არსებობენ საქართველოს მოქალაქენი, სამღვდელოების გამოკლებით. ხოლო ჩვენი ეკლესიების შეკეთების, გუნდების, მომსახურე პერსონალის, დიაკვნების, მედავითნეების, სასულიერი სასწავლებლების სტუდენტების, პედაგოგებისა და სხვათა ხელფასები და სტიპენდიები გაიცემა ეკლესიებში სანთლის გაყიდვით შემოსული თანხისაგან. საოცარი ისაა, კიდევ როგორ ახერხებს ჩვენი ეკლესია ფეხზე დგომას და თავისი თავის ღირსეულად წარმოჩენას მსოფლიოსა და მრავალი ჩამოსული სტუმრის წინაშე.

თუ როგორი იყო ჩვენი ეკლესიის ყოფა ძველად, ამას ქვემოთ შევეხებით, მანამდე კი განვიხილოთ უცხოეთის ქვეყნებში ეკლესიათა თანამედროვე ყოფა, რა წარმოადგენს მათ საარსებო წყაროს – ეკლესიაში სანთლის გაყიდვით, ნათლობითა და სხვა წესების შესრულებით მიღებული თანხები?!

მსოფლიოს უძველეს მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის საბერძნეთის ეკლესია ერთ-ერთი უძველესია და დღითი დღე უფრო ძლიერდება, თანდათანობით იჭერს თავის კუთვნილ, წამყვან ადგილს საერთაშორისო ასპარეზზე. ამის მიზეზი გახლავთ საბერძნეთის სახელმწიფოსა და ხალხის დამოკიდებულება თავისი ეკლესიისადმი. კონსტანტინეპოლის დაცემის (1453) შემდგომ ელადა ოსმალებმა დაიპყრეს. ბერძნებმა ეროვნული სახელმწიფოებრიობა არც თუ დიდი ხნის წინ, XIX ს-ის II ნახევარში აღიდგინეს. ოსმალებისაგან საბერძნეთის განთავისუფლებას ხელს უწყობდა მაშინდელი მთელი კულტურული მსოფლიო, გამოჩენილი ადამიანები პირადად მონაწილეობდნენ (ბაირონმა სიცოცხლეც არ დაიშურა) ამ საქმეში, მაგრამ მრავალ პიროვნებას ეეჭვებოდა, რომ თითქმის 400 წლოვანი მონობის შემდგომ ბერძნები შეძლებდნენ ეროვნული თავისთავადობის ანუ იმ ძველი „ბერძნობის“ დაბრუნებას, რომელსაც ასე სცემდა თაყვანს კაცობრიობა. საბედნიეროდ, ბერძნებმა შეძლეს ეროვნული ხასიათის, ეროვნულ ჩვეულებათა აღდგენა. მათ იცოდნენ, რომ ნაციონალურ თვისებათა დვრიტას ბერძნული ეკლესია წარმოადგენდა. საუკუნეთა მანძილზე ბერძნობა და ქრისტიანობა, ბერძნობა და მართლმადიდებლობა, ბერძნობა და ეკლესია გაერთმნიშვნელოვანდა. ვისაც „ბერძნობის“ აღორძინება სურდა, მას უნდა ეზრუნა კიდეც ეროვნული ეკლესიის აღორძინებისათვის, და, მართლაც, XIX ს-ის II ნახევარშივე, ახლად წარმოქმნილმა საბერძნეთის სახელმწიფომ ბერძნული ეკლესია გამოაცხადა ეროვნულ ეკლესიად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ თავის თავზე აიღო ბერძნული ეკლესიის ყოველგვარი სოციალურ-ეკონომიკური საკითხის გადაჭრა, სამღვდელოებას დაენიშნა ხელფასები I კატეგორიის სახელმწიფო მოხელეთა თანაბრად, ბიუჯეტი ითვალისწინებს სახსრებს სამღვდელოების პენსიების, სოც-უზრუნველყოფის, ბინების, კომუნალური მომსახურებისა და სხვა საჭიროებისათვის, მხოლოდ ერთი მოვალეობა დაეკისრა სამღვდელოებას – შეასრულოს თავისი სულიერი ვალდებულება – აღზარდოს ახალი თაობა, ზნეობრივად განამტკიცოს და გააჯანსაღოს ერი.

ჩვენ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საბერძნეთში მართლმადიდებლური სარწმუნოება არის სახელმწიფო რელიგია, უფრო მეტიც, სახელმწიფო კანონმდებლობის ზოგიერთი ნაწილი დაფუძნებულია საეკლესიო სამართლის პრინციპებზე.

ვინც ძველი საქართველოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებასაა გაცნობილი, დამემოწმება, რომ ჩვენშიც ჩვენი ეროვნული ეკლესია წარმოადგენდა სახელმწიფო ეკლესიას. სახელმწიფოსა და ეკლესიის მჭიდრო ურთიერთობის ძველებური სახე უცვლელადაა შემონახული ევროპისა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში რომელიმე ქრისტიანული მიმდინარეობა წარმოადგენს ან სახელმწიფო ან ოფიციალურ რელიგიას (ეროვნულ, გაბატონებულ, პრივილეგირებულ), სახელმწიფოს განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ მყოფ ეკლესიებს. მათი ასეთი მდგომარეობა არანაირად არ არღვევს დემოკრატიის პრინციპებს და აღმსარებლობის (სინდისის) თავისუფლებას.

მაგალითად, დემოკრატიის ისეთ ბურჯში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, არის ორი სახელმწიფო ეკლესია. ინგლისში ანგლიკანური ეკლესიაა, ხოლო შოტლანდიაში 1952 წლიდან – პრესვიტერიანული. ანგლიკანური ეკლესიის მღვდელმთავრების (ეპისკოპოსებისა და მთავარეპისკოპოსების) დიდი ნაწილი ლორდთა პალატის წევრია. სამღვდელოება სრულებით არის უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მიერ, ანუ სამღვდელოების ხელფასებს, პენსიებს, სოც-დახმარებებს და სხვა საეკლესიო გასავალ თანხებს სრულიად იძლევა სახელმწიფო.

ასევე შვეიცარიაში, ევანგელიკურ-ლუთერანული ეკლესია თავისი სტატუსით არის სახელმწიფო ეკლესია.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის ეკლესიის მიმართ იტალიის სახელმწიფოს დამოკიდებულება. 1947 წლის იტალიის კონსტიტუციამ გამოაცხადა სინდისის (აღმსარებლობის) თავისუფლება, მაგრამ კათოლიკობა გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად. სამოქალაქო კანონმდებლობის ფუნდამენტად გამოყენებულია კანონიკური სამართალი. ჩვენთვის უაღრესად საყურადღებოა, რომ კანონმდებლობის თანახმად სახელმწიფო და კერძო სასწავლებლებში სავალდებულოა საღმრთო რჯულისა და თეოლოგიური საგნების სწავლება. კათოლიკური ეკლესია განთავისუფლებულია გადასახადებისაგან.

ირლანდიაში კათოლიკურ ეკლესიას განსაკუთრებით პრივილეგირებული მდგომარეობა უკავია, მას დიდი ავტორიტეტი გააჩნია საზოგადოებაში. 1937 წლის კონსტიტუციამ კათოლიკურ ეკლესიას განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭა. ჩვენთვის საყურადღებოა, რომ ევროპის ამ ქვეყანაში ეკლესია აკონტროლებს განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემას; დიდი გავლენა აქვს პოლიტიკურ სტრუქტურებზე, აკრძალულია განქორწინებანი, აბორტები და კონტრაცეპტიური საშუალებების გაყიდვა, თანახმად კანონისა.

ბელგიაში კათოლიკურ ეკლესიას გაბატონებული მდგომარეობა უკავია. 1831 წლის კონსტიტუციით მას აქვს ფართო რელიგიური პროპაგანდის უფლება. კათოლიკურად არის ჩამოყალიბებული განათლების ყველა საფეხური. ცნობილია ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, რომელიც რამდენიმე რომის პაპმა დაამთავრა.

ავსტრიაში კათოლიკობა არის გაბატონებული კონფესია და ის დაფიქსირებულია შესაბამისი კანონმდებლობით. კერძოდ, კონკორდატით ავსტრიასა და ვატიკანს შორის, რომელიც 1933 წელს დაიდო და 1957 წელს განახლდა.

პორტუგალიაში კათოლიკური ეკლესია პრივილეგირებული კონფესიაა. 1940 წელს დადებულმა კონკორდატმა ვატიკანსა და პორტუგალიას შორის კათოლიკურ ეკლესიას ფართო უფლებები მიანიჭა.

გერმანიაში ორი მიმდინარეობა არის გაბატონებული და ეს პრივილეგირებული მდგომარეობა დაფიქსირებულია შესაბამისი კანონმდებლობით. ეს კონფესიებია კათოლიციზმი და ლუთერანობა (ევანგელიკური ეკლესია).

დანიაში კანონმდებლობის შესაბამისად არსებობს სახელმწიფო რელიგია, რომელსაც ეწოდება „დანიის სახალხო ეკლესია“ (ევანგელიკურ-ლუთერანული), მისი ფორმალური მეთაური არის მეფე.

ისლანდიაში, ასევე კანონმდებლობის თანახმად სახელმწიფო რელიგიას წარმოადგენს – „ისლანდიის სახალხო ეკლესია“ (დგას ევანგელიკურ-ლუთერანულ პოზიციებზე), სახელმწიფო მხარს უჭერს და ეკონომიკურად ეხმარება მას.

ნორვეგიაში სახელმწიფო რელიგია არის ევანგელიკურ-ლუთერანული ეკლესია. მისი ფორმალური მეთაური არის მეფე.

ფინეთში სახელმწიფო ეკლესიის სტატუსი აქვს ევანგელიკურ-ლუთერანულ ეკლესიას. ეკლესიის შესახებ კანონების მიღება ხდება ერთობლივად ეკლესიისა და სახელმწიფოს მიერ. საკანონმდებლო ინიციატივის უფლება საეკლესიო კრებას ეკუთვნის.

ესპანეთში სახელმწიფო რელიგია არის კათოლიციზმი.

ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებიც ბოლო წლებში განთავისუფლდნენ კომუნიზმისაგან, მიღებულია ახალი კანონმდებლობანი ეკლესიის მიმართ. ჩეხეთად და სლოვაკეთად გაყოფამდე ჩეხოსლოვაკიის კონსტიტუციის თანახმადაც არც მართლმადიდებელი და არც კათოლიკური ეკლესიები არ იყვნენ გამოყოფილი სახელმწიფოსაგან. სახელმწიფო ეკონომიკურად ეხმარებოდა მათ.

უნგრეთში ორი გავლენიანი კონფესიაა, რაც დაფიქსირებულია შესაბამისი კანონმდებლობით – კათოლიკობა და უნგრეთის ევანგელიკურ-რეფორმატული ეკლესია.

პოლონეთში მიიღეს ცალკე კანონმდებლობა კათოლიკური ეკლესიის შესახებ.

ასეთია სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება ეკლესიისადმი ევროპულ ქვეყნებში, რომელნიც მიიჩნევიან მსოფლიო დემოკრატიის უდიდეს ბურჯებად, მაგრამ უფრო ღრმაა ეს დამოკიდებულება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ლათინურ ამერიკასა და სხვა ქვეყნებში. ბოლივიაში კათოლიციზმი სახელმწიფო სარწმუნოებას წარმოადგენს, საერთოდ, ლათინური ამერიკის ქვეყნებში სახელმწიფო განსაკუთრებით მფარველობს კათოლიკურ ეკლესიას (პატრონატის უფლება). ასეთი ქვეყნებია არგენტინა, ვენესუელა, ჰაიტი, დომინიკანური რესპუბლიკა, კოლუმბია, კოსტა-რიკა, პარაგვაი, პერუ. ამ ქვეყნებში კათოლიკურ ეკლესიას ეწოდება – „ეროვნული ეკლესია“.

კოლუმბიაში კათოლიკურ ეკლესიას აქვს ფართო იურიდიული და სამოქალაქო უფლებები. გამოცხადებულია სინდისის (აღმსარებლობის) თავისუფლება, მაგრამ კათოლიკობა აღიარებულია ერის (ნაციის) რელიგიად და „ქვეყანაში ერთიანობისა და საზოგადოებრივი მოწესრიგების ერთ-ერთ ფუნდამენტად“, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა.

ბრაზილიაში კათოლიკურ ეკლესიას პრივილეგირებული მდგომარეობა უკავია, ის იძლევა ეროვნულ პროგრამებს ეკონომიკური განვითარებისა, აგრარული რეფორმებისა, განათლებისა და სხვადასხვა კანონმდებლობებისა.

საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში სახელმწიფო რელიგია შეტანილია 43 ქვეყნის კონსტიტუციაში, თუ არას ვიტყვით ისლამურ და სხვა ქვეყნებზე.

ზემოთ მოყვანილი მაგალითები ცხადყოფს, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს მჭიდრო ურთიერთობა, მოსახლეობის უმრავლესობის სარწმუნოების ეროვნულად აღიარება და ეროვნული ეკლესიის სახელმწიფოებრივი სტატუსი არ არღვევს დემოკრატიის პრინციპებს, აღმსარებლობის თავისუფლებას.

შევადაროთ უცხოეთის ეკლესიათა და სამღვდელოების ყოფა ჩვენსას, იქ სახელმწიფო უვლის, აშენებს, პატრონობს მოქმედ ეკლესიათა შენობა-ნაგებობებს, სამღვდელოებას უხდის ხელფასს, პენსიებს, განათლებისა და ჯანმრთელობის სისტემები ეკლესიის კონტროლის ქვეშაა, სასულიერო წოდებას ღირსეული ადგილი უჭირავს საზოგადოებაში, ჩვენი სამღვდელოება კი, მიუხედავად კომუნისტური წყობის დაშლისა, ფაქტიურად ყოველგვარ სამოქალაქო უფლებასაა მოკლებული, თუნდაც ის რად ღირს, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე შრომის შემდეგ სახელმწიფო ღვთისმსახურს არ აძლევს პენსიას, თუ არას ვიტყვით ბინასა და სოციალურ დახმარებებზე, ამჟამადაც სახელმწიფო ქონების პრივატიზირებისას სამღვდელოებას არ შეხვდა ქონების არავითარი ნაწილი, რამეთუ ფაბრიკა-ქარხნებისა და მსგავსთა განსახელმწიფოებრიობაში ეკლესიას არ უდევს არავითარი წილი, თუმცა ყოველივე ზემოთ თქმული წარმოუდგენელ ფუფუნებად ჩანს იმ ფონზე, რომ სამღვდელოება სახელმწიფოსაგან არ იღებს ხელფასს, მაშინ როცა ჩვენი საზოგადოების ყოველ ფენას სახელმწიფო უხდის ხელფასს, მიუხედავად იმისა, ადამიანები სამსახურში დადიან თუ არა.

ჩვენი სამღვდელოება ყოველდღიურ ზრუნვასა და ჯაფაშია, რომ როგორმე მოიპოვოს საარსებო სახსარი ოჯახის გამოსაკვებად, ქველი საქმის აღსასრულებლად, სხვათა დასახმარებლად, ამ სახსრებს კი თავისი პირადი შრომით მოიპოვებს – ნათლობითა და სხვა წესების შესრულებით; საბედნიეროდ, მიუხედავად ასეთი ჯაფისა, ჩვენს სამღვდელოებას კიდევ ყოფნის ენერგია, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მრევლის სულიერი აღზრდისა და უცხო სექტების საწინააღმდეგო ღვაწლში. ხოლო საეკლესიო შენობა-ნაგებობათა, გუნდების, მომსახურე პერსონალისა და სხვათა შესანახი სახსრები, როგორც აღინიშნა, მიიღება იმ მცირეოდენი თანხების შეგროვებით, რომლებიც სანთლის გაყიდვისაგან შემოდის, ჭეშმარიტად, რომ სახელმწიფოს ზურგი აქვს შექცეული ჩვენი ეკლესიის მიმართ და მერე რომლისა, იმ ეკლესიისა, რომელმაც ავად თუ კარგად ჩვენს ერს – ერობა შეუნარჩუნა, ჩვენს ხალხს – ქართველობა. ჩვენს სამშობლოს კი – ქრისტიანული ქვეყნის სახელი. ძველი ქართული კულტურა, ხელოვნება, ლიტერატურა, მუსიკა, მხატვრობა და უმეტესი იმისა, რითაც ჩვენი ერი ამაყობს, ნაღვაწია ჩვენს ეკლესია-მონასტრებში, უფრო მეტიც, საუკუნეთა მანძილზე ჩვენს ეროვნულ თვალთახედვაში ქრისტიანობა და ქართველობა გაერთმნიშვნელოვანდა, სინონიმებად იქცა, ამიტომაც იყო, რომ თუ, რაღაც მიზეზების გამო, ქართველი მართმადიდებლობას უარყოფდა და გრიგორიანობას მიიღებდა, მას ქართველს კი აღარ უწოდებდნენ, არამედ „სომეხს“, თუ ქართველი კათოლიკობას მიიღებდა – „ფრანგს“ უწოდებდნენ, მაჰმადიანს – „თათარს“ ან „თურქს“, ხოლო ბერძნულ ეკლესიას მიკედლებულ ქართველს – „ბერძენს“, ე.ი. „ქართველი“ მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრს ეწოდებოდა.

ჩვენი ქართველობა – ჩვენმა დედა ეკლესიამ შეგვინარჩუნა, ამიტომაც იყო, რომ ჩვენი ძველი სახელმწიფო მეთაურები, მეფეები, პოლიტიკური მოღვაწეები, მთავრები განსაკუთრებულ პრივილეგიებს ანიჭებდნენ საქართველოს ეკლესიას, აძლევდნენ ქონებას, მამულებს, შეღავათებს, სახსრებს, შეწირულობებს, სოფლებს, ჩვენი ეკლესია მონაწილეობდა ქვეყნის მართვა-გამგეობაში, ხელმწიფის კარზე (ჩვენი ქვეყნის ერთიანობისას) იმყოფებოდა უპირველესი ვეზირი ანუ პრემიერ-მინისტრი ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსის წოდებით, იქვე იმყოფებოდნენ სხვა ეპისკოპოსები, მოძღვართმოძღვარი, კათალიკოსები. მათ ხელში იყო არა მხოლოდ საეკლესიო და სახელმწიფო დაწესებულებების (მაგალითად – „სააჯო კარის“ – უზენაესი სასამართლოს) მართვა, არამედ ზოგჯერ ლაშქრის ხელმძღვანელობაც კი. საქართველოს დასუსტება-დაშლისას სადროშოებს, ანუ სამხედრო ოლქებს (მაგალითად კახეთში), ეპისკოპოსები მეთაურობდნენ.

ეკლესიას ყოველთვის დიდი ქონება ჰქონდა, ამიტომაც სამღვდელოება დაუბრკოლებლად აღასრულებდა თავის უშუალო მოვალეობას – ერის ზნეობრივ აღზრდას.

ქართული ეკლესიის დღევანდელ სავალალო ყოფას საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნეში. საერთოდ ერისათვის ყველაზე დიდი უბედურებაა ეროვნული სახელმწიფოებრიობის მოშლა. ქართული სახელმწიფო ერთეულების გაუქმებას თან მოჰყვა ეროვნული ეკლესიის გაქრობაც. რუსეთის ადმინისტრაციამ და იმპერიამ ქართულ ეკლესიას ჩამოართვა უზარმაზარი ქონება – შეფასებული 150 მილიონ ოქროს მანეთად, ამაში შედიოდა მამულები, სოფლები, ფაბრიკა-ქარხნები, სამღებროები, წისქვილები, ბაღები, სარეწაო და შემოსავლიანი ადგილები და სხვა მრავალი, არას ვიტყვით შენობა-ნაგებობებზე და იმ საეკლესიო გადასახადებზე, რომლითაც დაბეგრილი იყო მთელი მოსახლეობა. ამ 150 მილიონი მანეთის ყოველწლიური მოგების 1-3%25-ს მთავრობა ხელფასების სახით აძლევდა მართლმადიდებელ სამღვდელოებას, არა მხოლოდ საქართველოსას, არამედ მთელი ამიერკავკასიისას (ბაქოსა, დღევანდელ განჯასა და სხვაგან გაიხსნა მართლმადიდებლური ეკლესიები). ასე რომ, საქართველოს ეკლესიის ქონების პროცენტებით გასული საუკუნის მანძილზე არსებობდა ამიერკავკასიის რუსულ-ბერძნულ-ქართული სამღვდელოება. XX საუკუნეში კი ახლად აღორძინებულ ქართულ ეკლესიას ათეისტურ-კომუნისტურმა სახელმწიფომ ჩამოართვა როგორც ამბობენ 20.000 მოქმედი ეკლესია-მონასტერი, თუ არას ვიტყვით საეკლესიო განძსა, მამულებსა და სხვა უდიდეს დანაკლისზე. საერთოდ, ქართული ათასწლობით ნაგროვები ეროვნული განძი ეკლესია-მონასტრებში იყო დაცული უძვირფასესი ხატების, ჯვრებისა და სხვა ნივთების სახით. ყველა ისინი სახელმწიფომ მოიხმარა. რა დარჩა დღეს სახელმწიფოს მიერ ქონებაჩამორთმეულ ქართულ ეკლესიას? იმედი იმისა, რომ ახალი ქართული სახელმწიფო თავის ჭეშმარიტ ეროვნულობას საფუძველს ჩაუყრიდა ქართული ეკლესიის განმტკიცებითა და აღორძინებისათვის ზრუნვით, ჯერჯერობით გაცრუებულია.

ჩვენთვის განსაკუთრებით აუნაზღაურებელია ის მორალურ-ზნეობრივი დანაკლისი, რომელიც განვიცადეთ ათეისტების ბატონობისას, მათ განუწყვეტელი, მუდმივი და ყოველდღიური პროპაგანდით, პრესით, რადიო-ტელევიზიით, ლიტერატურით მოახერხეს სამღვდელოების, დედა-ეკლესიისა და ეროვნული სარწმუნოების სახელის შებღალვა. მართალია, ხალხს არ სწამდა კომუნისტებისა, მაგრამ ათეისტურმა, ანტიეკლესიურმა აღზრდამ, ბავშვობიდან ვიდრე სიბერემდე, დაღი დაასვა ადამიანთა შეხედულებებს, რომელიც თანდათან დაილექა ადამიანთა შემეცნებასა და გულებში. სწორედ ამიტომ ეკლესიას უნდა მიეცეს უფლება აქტიური პროპაგანდისა, ისე როგორც ბელგიის კანონმდებლობითაა გათვალისწინებული, ე.ი. მიეცეს რადიო და ტელე ქადაგებებისა და სწავლებისათვის დიდი დრო, პრესაში დაეთმოს მნიშვნელოვანი ადგილი, გადაეცეს გამომცემლობა, გადაიღოს ფილმები და მსგავსი, ყოველივე ეს უნდა დაფინანსდეს სახელმწიფოს მიერ, ისევე, როგორც სახელმწიფო აფინანსებდა მსგავსი საშუალებებით ათეისტურ პროპაგანდას. ეს ჩვენი მორალურ-ზნეობრივი დანაკარგების კომპენსაციაც იქნებოდა.

ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ, რომ ქართველი ხალხისა და საქართველოს მოსახლეობის ეროვნული ერთობის საძირკველს სარწმუნოებრივი ერთობა წარმოადგენდა, ახლაც სასურველია თუ ხალხი ერთ რელიგიას აღიარებს, ექნება ერთი ეკლესია. ესაა საფუძველი სახელმწიფოს სიმტკიცისა; ასევე ესმით ეს საკითხი უცხოეთშიც, ამიტომაცაა, რომ, მაგალითად, კოლუმბიაში, როგორც აღინიშნა, კათოლიკობა აღიარებულია ერის (ნაციის) რელიგიად და „ქვეყანაში ერთიანობისა და საზოგადოებრივი მოწესრიგების ერთ-ერთ ფუნდამენტად“. საბედნიეროდ, ჩვენ ამ მხრივ არ გვესაჭიროება რაიმე ხელოვნური ქმედების განხორციელება, ძველთაგანვე მოციქულთა მიერ ნაანდერძევი მართლმადიდებლობა ჩვენი ერის (ნაციის) რელიგიას წარმოადგენს, ამასთანავე ეს სარწმუნოება იყო და არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის სარწმუნოება, ამიტომაც თამამად შეუძლიათ ჩვენს კანონმდებლებს განაცხადონ, რომ საქართველოში მართლმადიდებლობა წარმოადგენს ქვეყნის ერთიანობისა და საზოგადოებრივი მოწესრიგების ერთ-ერთ ფუნდამენტს. მართლაც, ჩვენივე ისტორიული გამოცდილებით ვიცით, რომ მთელი ჯგუფები ჩვენი ერისა, მთელი ნაწილები ჩამოშორდა ქართველ ხალხსა და საქართველოს მართლმადიდებლობისა და ეროვნული ეკლესიის უარყოფის შემდეგ. როგორც აღინიშნა, ქართველი მოსახლეობის საკმაო ნაწილის არმენიზაცია, გათათრება, გაფრანგება, გაბერძნება და მსგავსი, შედეგი იყო ჩვენი ეროვნული სარწმუნოების უარყოფისა, უცხო აღმსარებლობის აღიარებისა, მსგავსადვე ჩამოშორდება ქართველ ერს (თუმცა ჩვენ არ ვისურვებდით ამას) დღევანდელი ქართველი იეღოველების, ბაპტისტების, ორმოცდაათიანელებისა და სხვა სექტანტების შთამომავლები, ყოველივე ეს კი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფოს ერთიანობა-მთლიანობას, დაშლის ჩვენს საზოგადოებას, ჩვენმა კანონმდებლებმა ეს უნდა გაითვალისწინონ.

XVII საუკუნეში, როცა ჩვენმა მტრებმა მოშალეს ეროვნულ-ქრისტიანული სახელმწიფოებრიობა და საქართველოს მაჰმადიანი მეფე-ხანები მართავდნენ, დაეცა ეროვნული ზნეობა, მოიშალა ეროვნული საძირკვლები. ამის გამოსასწორებლად ვახტანგ VI-მ დიდად იღვაწა, დიდი მუშაობა გასწია სამართლისა და სახელმწიფო წეს-წყობილების მოსაწესრიგებლად, შექმნა სახელმწიფო კანონების სახელმძღვანელო წიგნი – დასტურლამალი, რომელშიც საპატიო ადგილი უჭირავს საეკლესიო სამართალს. ამჟამადაც ჩვენმა კანონმდებლებმა უნდა იზრუნონ, რათა სამოქალაქო კანონმდებლობის ფუნდამენტად გამოყენებულ იქნეს კანონიკური სამართალი, როგორც ესაა ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

ჩვენშიც ეკლესიას უნდა დაეკისროს განათლების სისტემის კონტროლი – ევროპის მრავალ სახელმწიფოთა დარად. ყველა ის უბედურება, რაც თავს დაატყდა საქართველოს ბოლო წლებში – ძმათა მკვლელი სამოქალაქო ომი – უთუოდ შედეგია ხალხის ათეისტური აღზრდისა, ანუ მასობრივად დაცემული ზნეობისა.

საქართველოში მოხდა სამოქალაქო ომი, ომი, რომელიც ჩვენი ხალხისათვის უცნობი იყო ათასწლეულთა მანძილზე, ქართველებმა დახოცეს ქართველები, გადაწვეს საკუთარი დედაქალაქი, გამოდიოდნენ ქუჩებში აღგზნებული ადამიანები აბსურდული და ყოვლად წარმოუდგენელი ლოზუნგებით – საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის მოსპობა და საკუთარი სახელმწიფოს დასუსტება თუ მოყვებოდა ამ მოთხოვნებს შედეგად და არა სხვა რაიმე. აფეთქებდნენ საკუთარი ქვეყნის ხიდებს, გვირაბებს, რკინიგზებს, სასიცოცხლო მაგისტრალებს, ელექტრო-გადამცემ ხაზებს, ანადგურებდნენ და ძარცვავდნენ კეთილმოწყობილ შენობებს, სასტუმროებს, ცენტრებს, ფაბრიკა-ქარხნებს, მილიონობით მანეთად ღირებულ დაზგა-დანადგარებიდან იღებდნენ და ახლაც იღებენ სპილენძსა და ძვირფას შენადნობებს, გააქვთ საზღვარგარეთ და კაპიკებზე ყიდიან, ზოგიერთი ქალი ნებაყოფლობით გადიოდა უცხოეთში ამორალური საქციელით კაპიკების მოსახვეჭად, მაშინ, როცა ამის იძულება არ იყო და უმრავლესობას ჰქონდა საკუთარი კეთილმოწყობილი ოჯახი, სახლ-კარი, მანქანები და ფუფუნებაც კი, მაგრამ, რადგანაც შემთხვევა მიეცათ, არ დაზოგეს სამშობლო, ეროვნული ქონება და ყოვლად უზნეოდ გაანიავეს. ყოველივე ეს შედეგია მასობრივი სულიერი გაუნათლებლობისა – უღმერთობისა. უზნეობა სუფევს ჩვენს საზოგადოებაში. სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ განათლების სისტემა იმყოფებოდეს ეკლესიის მეთვალყურეობისა და ზედამხედველობის ქვეშ, როგორც ესაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სასკოლო სისტემამ ეკლესიის უშუალო მონაწილეობით უნდა აღზარდოს ახალი ქართველი ერი, ზნეობრივი, ღმერთისა, სამშობლოსა და ერის ჭეშმარიტად და არა ყალბად, ზედაპირულად მოყვარული.

ალბათ მალე განსახილველად გამოიტანენ ახალ ქართულ კონსტიტუციას, რომელშიც ჩვენმა კანონმდებლებმა სასურველია გაითვალისწინონ ჩვენი ფუნდამენტური მიზანი:

– საქართველოს სამოციქულო (მართლმადიდებელი) ეკლესია აღიარებული უნდა იქნეს ეროვნულ ეკლესიად საქართველოს რესპუბლიკაში. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკლესიას მიენიჭება სტატუსი სახელმწიფო ეკლესიისა (სახელმწიფო ეკლესიად საქართველოს რესპუბლიკაში აღიარებული იქნება საქართველოს სამოციქულო ეკლესია). ამ სტატუსიდან გამომდინარე, ყველა თავისი შედეგით, რაც ზემოთ იყო ჩამოთვლილი, მაგალითად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების გაღება ჩვენი ეკლესიის ხარჯების დასაფარავად (ესაა პირველ რიგში ხელფასები, სოც. უზრუნველყოფა, პენსიები).

ეროვნულ ეკლესიად ქართული ეკლესიის გამოცხადება არ შეზღუდავს საქართველოს რესპუბლიკაში სინდისის (აღმსარებლობის) თავისუფლებას, რაც აღიარებული იქნება კანონით. საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკებს, თავიანთი კონსტიტუციის შესაბამისად, ცხადია შეუზღუდველად შეეძლებათ ზემოთ აღნიშნული კანონის განვრცობა. დედა – ქართული ეკლესიის ეროვნულ ეკლესიად გამოცხადება განამტკიცებს ჩვენი სახელმწიფოს საძირკვლებს, ჭეშმარიტად რომ მომავალში განაბრწყინებს საქართველოს.

მანგლისი, 12 იანვარი, 1995 .
გაზ. „მადლი“, №2, 1995.

გაზიარება: