ლგბტ დრაგ შოუს გაკრიტიკებისთვის ვანდალებმა ეკლესიაზე სატანისტური სიმბოლოები დახატეს

კალიფორნიის შტატში ეკლესიის მიმართ ვანდალური აქტი განხორციელდა მას შემდეგ, რაც მისმა პასტორმა და მრევლმა ადგილობრივი ბიბლიოთეკის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, დრაგ შოუების სახელით ცნობილი ლგბტ მსახიობების წარმოდგენისთვის ემასპინძლა.

კალიფორნიის ქალაქ ჩულა ვისტაში მდებარე ორმოცდაათიანელთა ეკლესიამ ქალაქის ბიბლიოთეკის გადაწყვეტილება, რომელიც ბავშვებისთვის განკუთვნილი დრაგ ღონისძიების მასპინძლობაზე დათანხმდა, ღიად გააკრიტიკა. მალევე ორმა ეჭვმიტანილმა ეკლესიის შენობაზე ვანდალური აქტი განახორციელა – მათ კედლებზე სატანისტური სიმბოლოების გრაფიტები დახატეს და მიაწერეს „სატანა“, „ლუციფერი“ და „ჯოჯოხეთის მბრძანებელი“.

ეკლესიის პასტორმა ამადო ჰუიზარმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ მას ეჭვიც კი არ ეპარება, მისი ეკლესია დრაგ წარმოდგენის წინააღმდეგ წასვლის გამო გახდა ვანდალების სამიზნე. პასტორმა ისიც აღნიშნა, რომ ღონისძიება ბავშვებისთვის შეუფერებელია და ის გადასახადების გადამხდელების მიერ დაფინანსებულ სივრცეში არ უნდა იმართებოდეს,

ამჟამად პოლიცია სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს იძიებს.

ევროპასა და ამერიკაში პოპულარული ე.წ. დრაგ შოუები, სადაც უმეტესწილად საპირისპირო სქესის ტანსაცმელში გამოწყობილი ლგბტ მსახიობები მონაწილეობენ, გენდერის შესახებ ტრადიციული შეხედულებების რღვევას ისახავს მიზნად. „დრაგ მეფე“ და „დრაგ დედოფალი“ შოუს მთავარ მოქმედ გმირებს ჰქვიათ. ხშირად ასეთი წარმოდგენები, წიგნის  მხატვრული კითხვის ან ამბების გადმოცემის სახით, ბავშვებისთვის საჯარო ბიბლიოთეკებში იმართება.

წყარო: https://www.christianpost.com/news/church-vandalized-satanic-graffiti-pastor-protests-drag-queen-story-hour.html?fbclid=IwAR0JdpKt-dQQ1CfR2k30xaajIAmr91zyj5MR6X5YeloeBBCo3f5UTd8OxQc

გაზიარება: