იდეა პერსონებზე მაღლა დგას

ცალკეულ ფიგურას, ცხადია, დიდი როლი აქვს, მაგრამ სახარებისეული მორალიდან გამომდინარე, ადამიანმა, საზოგადოებამ იმედი კაცზე, კონკრეტულ ძლიერ პერსონაზე არ უნდა დაამყაროს, რადგან ღვთის ნების გარეშე თმის ღერი არავის ჩამოუვარდება და იმედი, მხოლოდ ღმერთზე უნდა დამყარდეს. მართალია ცალკეული ინდივიდების უზარმაზარი ღვაწლი კაცობრიობის ისტორიაში უდიდესია და ბევრი კეთილ მწყემსად გვევლინება, მაგრამ თუნდაც მათ დიდ ფიგურებად მარადიული, წმინდა იდეები აქცევს.

იდეის მარადიულობაზე, მის არსზე მსჯელობა არ არის მორიგი კვაზიფილოსოფიური ახირება, ყმაწვილური გართობის მომდევნო მცდელობა. ,,ეიდოს’’ ბერძნულად წარმოდგენას ნიშნავს. როგორიცაა ჩვენი წარმოდგენები, შეხედულებები, აზრობრივი კონცეპტების ერთობლიობა სამყაროზე, ისეთივეა ჩვენი ცხოვრება, რადგან მოქმედების საფუძველი საკუთრივ აზრი, იდეა, ნაფიქრალია. ფიქრი ქმედების საწყისია, საუბრის დაწყება კი, ქმედების საფუძველს ბადებს, სწორედ ამიტომაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ერის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჯანსაღ იდეებზე დაეფუძნოს პოლიტიკური მოძრაობის იდეოლოგია თუ სამოქმედო გეგმა. თითოეული ნაბიჯი წმინდა, უცვეთი იდეის წიაღიდან უნდა ამოიზარდოს, სხვაგვარად, ქაოტური გადაწყვეტილებების, სვლების მოწმენი გავხდებით.

ქართული პოლიტიკა, რომელიც აღსავსეა ამაზრზენი ინტრიგებით, ერთმანეთის ზიზღსა და შურისგებაზე დაფუძნებული ქიშპით, ასპარეზს არ უთმობს იდეებს. უდავოა, რომ გონიერი ადამიანი კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ქმედებებს, ნააზრევს უნდა აფასებდეს და არ ამახვილებდეს ყურადღებას პერსონებზე. ცხადია, პერსონას საკუთარი იმიჯი, ბიოგრაფია აქვს, მაგრამ თუ ამ ყველაფერს ჭეშმარიტად ფილოსოფიურ ჭრილში გავიაზრებთ, კეთილგონიერების წყალობით დავინახავთ, რომ მთავარია არა პერსონა, არამედ იდეა. თვით საძულველი პერსონებიც კი დგამენ ზოგიერთ შემთხვევაში სასიკეთო ნაბიჯებს, ან პირიქით, ავტორიტეტული ფიგურები სცოდავენ, ცდებიან. სწორედ ეს ფაქტორი ზრდის იდეის არსისადმი მიზიდულობას და გვაშორებს კერპთაყვანისმცემლობას, რომელიც სამწუხაროდ, მსოფლიოს არაერთ ერს ახასიათებს. კერპები იქმნებიან და იმსხვრევიან, ისინი ვერ უძლებენ დროთა დინებას, იდეები კი, მარადიულია. ამ მსჯელობის საფუძველზე ვიხსენებთ, რომ გენიოსების იდეებმა საფუძველი დაუდეს დიდ პოლიტიკურ ცვლილებებს, თუმც თავად არ იყვნენ პოლიტიკური აქტორები. აქტორობა მეორეხარისხოვანია, იდეა კი, ცალკეული პერსონის აბსოლუტური კუთვნილება არ არის, ის მზითვია ერისა და კაცობრიობის საგანძურში.

საგულისხმოა, რომ განსაკუთრებით კავკასიაში, უფრო კონკრეტულად კი საქართველოში, ფაქტობრივად, პოლიტიკური მოძრაობები ცალკეულ დიდ ფიგურებზეა დამოკიდებული. მოძრაობების უმეტესობა იქმნება არა იდეების, არამედ კონკრეტული ავტორიტეტული პერსონების გარშემო. ბუნებრივია, არ მსურს დავაკნინო ავტორიტეტული, გავლენიანი პერსონის მნიშვნელობა, მაგრამ როგორც ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალებისთანავე იწყო დიდმა იმპერიამ ნგრევა, ასევე იშლება პოლიტიკური მოძრაობები მისი ლიდერის დამარცხების ან სხვა მიზეზის (მაგალითად, ლიდერის გარდაცვალება, ტრაგიკული აღსასრული და სხვ) გამო.

ქართული პოლიტიკური დღის წესრიგით, რომელიც ღრმად მწამს, პასუხობს ცივილიზებული საზოგადოების დაკვეთას, სოციალურ-პოლიტიკური თუ სხვა ტიპის ორიენტირები მიმართულია ევროპული ფასეულობებისა და კულტურისაკენ. საკუთრივ ევროპული კულტურის მონაპოვარი, ცხადია, მხოლოდ ბებერ კონტინენტზე განლაგებული სახელმწიფოებისა თუ ერების კუთვნილება არ არის, ის მსოფლიო ფენომენია. ჩემი ღრმა რწმენით, ქართული კულტურა ევროპული და აზიური კულტურების შერწყმისა და საკუთარი ფენომენალური თვითმყოფადობის საფუძველზე ჩამოყალიბდა, თუმცაღა, როცა არჩევანი დგება კონკრეტულად პოლიტიკურ სისტემებზე, ვირჩევთ ევროპულ პოლიტიკურ სისტემას. და რაკიღა ამ არჩევანს გაბედულად ვაკეთებთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ ზემოთხსენებული მსჯელობის მთავარი ამოსავალი წერტილი: იდეა დგას პერსონაზე მაღლა. სწორედ ეს პრინციპი ედება საფუძვლად ევროპაში პოლიტიკური მოძრაობების ფორმირებას. ისევდაისევ აღვნიშნავ, რომ ევროპული პარტიებისა და მოძრაობების მესაჭეები თავიანთი მკვეთრად გამოკვეთილი ინდივიდუალობით დიდი ლიდერები იყვნენ, მაგრამ მეტწილად, ევროპაში პოლიტიკური მოძრაობების ქვაკუთხედი საერთო ფასეულობები, ორიენტირებია. მეტიც, უნდა აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო ორგანოების დაკომპლექტებისას თუ ცალკეული პოლიტიკური მოძრაობა უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, პოლიტიკური პარტიები ცდილობენ გამონახონ საერთო ენა, გამერთიანებელი იდეები და მიუხედავად იდეურ-მსოფლმხედველობრივი განსხვავებისა მოიძიონ მაკონსოლიდირებელი ელემენტები.

ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობას პრეტენზია აქვს, რომ ევროპული ყაიდის აქტორები არიან, თუმცაღა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს ქართული პოლიტიკური კულტურის მდარე ხარისხი, ქართველ პოლიტიკოსთა დაბალი სტანდარტები პოლიტიკურ სინამდვილეში.

აღსანიშნავია ელექტორატის ფუნქცია და მისი რაგვარობა. როგორც სხვა სახელმწიფოებში, ჩვენთანაც მრავალფეროვანი ამომრჩეველია, თუმცაღა, მათ ერთი რამ აერთიანებთ: ისევდაისევ დამოკიდებულება პერსონებისადმი. ამომრჩეველთა უმეტესი ნაწილი ხმას აძლევს არა იდეებს, არამედ ფიგურებს. ბევრმა ეს შეიძლება სადავოდ მიიჩნიოს, მაგრამ მერწმუნეთ, თუ ჩატარდება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი კვლევა, ის ცხადყოფს, რომ საარჩევნო ყუთთან მდგომები უპირატესობას ანიჭებენ ავტორიტეტს, ლიდერს და არა ფასეულობებსა და იდეებს. აღნიშნულის თქმის საფუძველს პირადი გამოცდილება, პირადი დაკვირვება მაძლევს, ვბედავ და განვაზოგადებ ჩემს შთაბეჭდილებას, რადგან დაკვირვების ლუპის ქვეშ მრავალი განსხვავებული ამომრჩეველი ყოფილა.

ამრიგად, საკუთრივ ამომრჩეველმა უნდა გააცნობიეროს, რომ იდეები დგას პერსონებზე მაღლა. განსაკუთრებით კარგად უნდა ახსოვდეთ ქრისტიანებს, რომ დაუშვებელია ცალკეულ კაცზე იმედის დამყარება, ზურგი არ უნდა ვაქციოთ სახარებისეულ სწავლებას და როცა არჩევანის გაკეთებას დავაპირებთ, კარგად გავიაზროთ რას გვთავაზობს ესა თუ ის ავტორიტეტული ფიგურა.

პატივისცემით,
თორნიკე კივილაძე

გაზიარება: