ევროპული სახელმწიფოები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში რუსეთ-თურქეთის ომების დროს

(საქართველოს ისტორიულ-გეოპოლიტიკური გამოცდილება)

პეტრე I-მა 1696 წელს თურქებს წაართვა მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი დონის შესართავთან _ აზოვის ციხე, საიდანაც თურქები რუსეთის სამხრეთ სამფლობელოებს და კავკასიას ემუქრებოდნენ, ამასთან აზოვის ზღვაზე რუსეთის ფლოტს ჩაუყარა საფუძველი. ამრიგად, XVII ს. მიწურულისათვის რუსეთის ხელში იყო ვოლგისა და დონის ქვემო წელი. ვინც მათ ფლობდა, ჩრდ. კავკასიაში პოლიტიკური ჰეგემონი ხდებოდა. ამიერიდან რუსეთის წინაშე ახალი პერსპექტივები გადაიშალა – კავკასია და ახლო აღმოსავლეთის რეგიონი.
XVIII ს. II ნახევარში რუსეთის ინტერესები კავკასიისადმი კიდევ უფრო გაიზარდა. რუსეთის მმართველ წრეებს კარგად ესმოდათ ქვეყნისათვის ამ რეგიონის მნიშვნელობა. გარდა იმისა, რომ რუსეთს სავაჭრო-ეკონომიკური ინტერესები ჰქონდა კავკასიაში, მისი მიზანი იყო შავ ზღვაზე გასვლა, შუა აზიასა და მახლობელ აღმოსავლეთზე გამავალი სავაჭრო გზების ხელში ჩაგდება და ეკონომიკურ-პოლიტიკური გაბატონება ახლო აღმოსავლეთში.
1763 წ. რუსებმა თერგის მარცხენა ნაპირზე ციხე-ქალაქი მოზდოკი დააარსეს და აქ კაზაკთა გარნიზონი ჩააყენეს. 1783 წლის აპრილში რუსეთმა ყირიმის სახანო შეიერთა, რამაც საგრძნობლად შეასუსტა თურქეთის პოზიციები კავკასიაში.
იმავე წლის ივლისში ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის მფარველობაში შევიდა და ამ ქვეყანასთან სათანადო კავშირურთიერთობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს სამხედრო გზის მშენებლობა დაიწყო. მის დასაცავად, თერგის ზემო წელზე, რუსებმა რამდენიმე სიმაგრე ააგეს, მათ შორის ვლადიკავკაზი (1784წ.), რომელსაც გასაღების როლი უნდა შეესრულებინა ამიერკავკასიაში გაბატონებისათვის. თერგის ზემო წელზე რუსული სიმაგრეების აგებით, ფაქტობრივად, ოსეთი რუსეთის მფარველობაში აღმოჩნდა.
XVIII ს. ბოლოსათვის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა მთელი ჩრდილოეთი შავიზღვისპირეთი მდინარე დნესტრის შესართავიდან ტამანის ნ/კ-მდე, მათ შორის ყირიმი და ყუბანისპირეთის სტეპები.
XVIII ს. მიწურულს თერგისა და მდ. ყუბანის გაყოლებაზე აგებული რუსული სიმაგრეებისა და კაზაკთა სტანიცების ჯაჭვი გადაიჭიმა კასპიის ზღვიდან შავ და აზოვის ზღვებამდე. შეიქმნა კავკასიის გამაგრებული «საკორდონო ხაზი», რომელიც მდ. თერგის მარცხენა ნაპირსა და მდ. ყუბანის მარჯვენა ნაპირზე გადიოდა და მათ შორის ტერიტორიასაც მოიცავდა. კავკასიის ხაზს ჰქონდა თავდაცვითი დანიშნულება _ რუსეთის სამფლობელოების დაცვა კავკასიელ მუსლიმ მთიელთა თავდასხმებისაგან.
1801 წ. ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ამ შეერთებით რუსეთმა ხელში ჩაიგდო მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატეგიული პლაცდარმი, საიდანაც ახლო აღმოსავლეთში გაბატონების პერსპექტივა კიდევ უფრო რეალური ჩანდა.
აღმ. საქართველოს შეერთების შემდეგ დღის წესრიგში დადგა დას. საქართველოს პოლიტიკური ერთეულების შეერთების საკითხი. დას. საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა აშკარად გამოჩნდა უკვე 1802 წელს, როცა საქართველოს მთავარსარდალსა და კავკასიის მთავარმართებელს, გენერალ პ. ციციანოვს (პავლე დიმიტრის ძე ციციშვილი) დაევალა ყველა ღონე ეხმარა დას. საქართველოს სამეფო-სამთავროების რუსეთთან მიერთებისა და შავი ზღვის კავკასიის სანაპიროზე განმტკიცებისათვის.
აქ გაბატონებას რუსეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებისაკენ გზის გაკვალვას უკავშირებდა. რუსეთის საგარეო უწყების ყოფილი უფროსი გრაფი თ. როსტოპჩინი პ. ციციანოვს წერდა: „შენ თუ წარმატებას მიაღწევ რუსეთის ქვეშევრდომად იმერეთის შემოყვანაში, ამით არსებით და მნიშვნელოვან სარგებლობას მოუტან როგორც რუსეთს, ისე საქართველოს… ეს გზა შეიძლება უფრო საიმედოც კი იქნეს, ვიდრე… თავრიდაზე (ყირიმი) გაკვალული გზა ცარგრადისაკენ“ (კონსტანტინოპოლი).
გარკვეული მიზეზების გამო, რუსეთის ხელისუფლება დას. საქართველოში ფრთხილად მოქმედებდა და აღმ. საქართველოსაგან განსხვავებით ქვეყნის უშუალოდ შეერთებისაგან თავს იკავებდა. მაგრამ პ. ციციანოვის მეცადინეობით მოხერხდა დას. საქართველოს სამეფო-სამთავროების რუსეთთან ფაქტობრივი მიერთება. 1803 წ. დეკემბერში, სამეგრელოს სამთავრო შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შეზღუდული ავტონომიის უფლებით. სამეგრელოს სამთავროს შეერთებით რუსეთი გზას იკაფავდა შავი ზღვის სანაპიროსაკენ. 1804 წლის 25 აპრილს, რუსეთის ადმინისტრაციის ზეწოლით, იმერეთის მეფე სოლომონ II (1789-1810) იძულებული გახდა რუსეთის მთავრობის მიერ ნაკარნახევი სამფარველო პირობები მიეღო. 25 აპრილის ელაზნაურის სამფარველო ხელშეკრულება გურიის სამთავროზეც ვრცელდებოდა, რადგან გურია იმერეთის სამეფოს შემადგენელ სამთავროდ ცხადდებოდა.
რუსეთის ხელისუფლებას განსაკუთრებით აინტერესებდა შავი ზღვის კავკასიის სანაპირო. რუსეთთან შეერთებამდე საქართველო ამ რეგიონში მხოლოდ მცირე მონაკვეთს ფლობდა _ მდ. ენგურის მარცხენა ნაპირიდან, (ანაკლიის ციხიდან) რიონის შესართავამდე, ერთადერთი სიმაგრით – ყულევი. შავი ზღვის ვრცელი სანაპირო ზოლი კი, მთლიანად თურქეთის მფლობელობაში იყო. დაწყებული ანაპის ციხიდან მდ. ენგურის შესართავამდე და რიონის მარცხენა ნაპირიდან. მათ შორის სოხუმ-კალეს ციხე, ისგაურის, ანაკლიის, ფოთის, ბათუმისა და გონიოს ციხეები.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბარონი ბუდბერგი კავკასიის მთავარმართებელსა და კავკასიის ჯარების სარდალს, გენერალ ი. გუდოვიჩს 1806 წლის 25 სექტემბრის წერილში წერდა: „ეს ციხეები უძველესი დროიდან საქართველოს სამეფოს ეკუთვნოდა, ამიტომ არ შეიძლება არ გვსურდეს ყველა ამ ადგილის შემოერთება, რათა ამით კიდევ უფრო უზრუნველვყოთ საქართველოს შეერთება და მთის ხალხების, ყუბანს იქით მცხოვრები მუსლიმი ტომების დამორჩილება, რომლებიც თავშესაფარს პოულობენ ანაპისა და სხვა თურქულ ციხეებში“
ამ მიზნის მიღწევა შეიძლებოდა დას. საქართველოში განმტკიცებით, მაგრამ რუსეთის პოლიტიკური ინტერესების განხორციელებას აქ იმერეთის მეფე სოლომონ II უშლიდა ხელს. 1810 წ. თებერვალში რუსეთის ხელისუფლებამ იმერეთის სამეფო გააუქმა და რუსული მმართველობა შემოიღო. იმერეთის სამეფოს გაუქმებასთან ერთად დღის წესრიგში დადგა უშუალოდ გურიის სამთავროსთან მფარველობითი ხელშეკრულების გაფორმება, რაც 1810 წ. ივნისში განხორციელდა კიდეც. გურიის სამთავრო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა შეზღუდული ავტონომიის უფლებით.
რუსეთი დიდად იყო დაინტერესებული აფხაზეთის შეერთებითაც, მაგრამ ამას ხელს ის უშლიდა, რომ აფხაზეთიც, ისევე როგორც საქართველოს ძირძველი სხვა ტერიტორიები თურქეთის ხელში იყო. ამ საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელი გახდა რუსეთ-თურქეთის 1806-1812 წწ. ომის პერიოდში. 1809 წ. ივნისში ალექსანდრე I-მა აფხაზეთის სამთავრო ტახტის მემკვიდრის გიორგი შარვაშიძის „სათხოვარი პუნქტები“ დაამტკიცა, რაც რუსეთის მფარველობაში მის მიღებას ნიშნავდა. მაგრამ ეს იყო ფორმალური აქტი. საჭირო იყო იქედან თურქების განდევნა.
1810 წ. 10 ივლისს რუსეთის საზღვაო დესანტმა ძლიერი ბრძოლის შემდეგ დაამარცხა სოხუმში მყოფი თურქთა გარნიზონი და ციხე აიღო. იმავე წლის ოქტომბერში გიორგი შარვაშიძეს საზეიმოდ გადაეცა სამთავრო ნიშნები, რითაც გაფორმდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში აფხაზეთის სამთავროს ავტონომიური უფლებით შესვლა. 1810 წ. 6 აგვისტოს კავკასიის მთავარმართებელი, გენერალი ა. ტორმასოვი (1809-1811) აღფრთოვანებით ულოცავდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, გრაფ ნ. რუმიანცევს „სოხუმის ციხის აღებას, რომელიც ბატონობს მთელ აფხაზ ხალხზე“.
რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის დროისათვის, აფხაზეთის სამთავროს ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი მდ. ბზიფზე გადიოდა, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ აფხაზეთის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი გაგრის ვიწროებიდან მდ. ბზიფამდე ჯიქებს ჰქონდათ მიტაცებული. სამხრეთ-აღმოსავლეთით მისი საზღვარი მდ. ღალიძგაზე გადიოდა, სადაც მას სამეგრელოს სამთავრო ესაზღვრებოდა; დასავლეთით _ შავი ზღვა ეკვროდა, ხოლო ჩრდილოეთით საზღვარი ნომინალურად კავკასიონის მთავარ ქედზე გადიოდა.
იმავე 1810 წელს, აფხაზეთის მთავრის გავლენითა და სამეგრელოს დედოფლის ნინო დადიანის დიდი მცდელობით, ჯიქების ცანთა თემის თავადი ლევან ცანუბაია (ცანბა) თავისი ქვეშევრდომებით (500 ოჯახით), რუსეთის მფარველობაში შევიდა და აფხაზეთის მთავარზე თავისი დამოკიდებულების ნიშნად მას მძევლები მისცა.
აფხაზეთის თურქთაგან განთავისუფლების და სოხუმის ციხეში რუსეთის სამხედრო ნაწილების ჩადგომის მიუხედავად მოსახლეობის დიდი ნაწილი არათუ რუსეთის, არამედ აფხაზეთის მთავრის ხელისუფლებასაც არ ცნობდა. მთავრის ხელისუფლება სუსტი იყო და ის მთლიანად რუსეთის სამხედრო ძალას ეყრდნობოდა. რუსეთის სარდლობას, აფხაზეთის მთავრის არაერთგზისი თხოვნის მიუხედავად ვერ გადაეწყვიტა ქვეყნის სიღრმეში შესვლა და ურჩი მთიანი მხარეების _ ფსხუ, წებელდა, დალი, _ დამორჩილება. ამ პერიოდში რუსეთი ცდილობდა განმტკიცებულიყო შავი ზღვის სანაპიროზე და, ფაქტობრივად, ქვეყნის მართვაში არ ერეოდა. ამასთან, აფხაზეთში არსებობდა მძლავრი პროთურქული ბანაკი, რომელსაც მთავრის ძმა ასლანბეი შარვაშიძე ედგა სათავეში. ამ უკანასკნელს ხალხში მნიშვნელოვანი დასაყრდენი ჰყავდა ანტირუსულად განწყობილი მუსლიმი ძალების სახით.
XIX ს. დასაწყისში რუსეთის პოზიციები კავკასიაში ჯერ კიდევ სუსტი იყო. რუსეთის დამკვიდრებას კავკასიაში გააფთრებით ეწინააღმდეგებოდნენ თურქეთი და ირანი, რომელთაც ეს მხარე საკუთარი გავლენის სფეროებად ჰქონდათ დაყოფილი. ამასთან, თურქეთსა და ირანს რუსეთის წინააღმდეგ აქეზებდნენ ინგლისი და საფრანგეთი, რომელთაც არ სურდათ რუსეთის გაძლიერება და მისი კავკასიაში გაბატონება, ისინი არაპირდაპირი გზით თავად ცდილობდნენ ამ რეგიონში გავლენის მოეპოვებას.
1804-1813 წწ. ირანთან ომში გამარჯვებამ მნიშვნელოვნად განამტკიცა რუსეთის პოზიციები ამიერკავკასიაში. რუსეთს შეუერთდა განჯის, ყარაბაღის, შაქის, დერბენტის, ყუბის, ბაქოს, თალიშის სახანოები; ირანმა ცნო დაღესტანი და საქართველო რუსეთის შემადგენლობაში. ამასთან, რუსეთმა მიიღო კასპიის ზღვაზე სავაჭრო ნაოსნობისა და სამხედრო ფლოტის ყოლის უფლება.
რუსეთ-თურქეთის 1806-1812 წწ. ომში გამარჯვების შედეგად კი, 1812 წ. ბუქარესტის ზავით, რუსეთის ხელში გადავიდა შავი ზღვის სანაპირო მდ. ბზიფიდან მდ. ჩოლოქამდე. ოსმალეთმა რუსეთის შემადგენლობაში ცნო სამეგრელო, იმერეთი, გურია და აფხაზეთი, როგორც ნებაყოფლობით შეერთებული ქვეყნები, თუმცა თურქეთი ითხოვდა რუსეთს დაებრუნებინა მისთვის იარაღის ძალით დაპყრობილი ციხეები: ანაპა, ახალქალაქი და ფოთი.
თურქეთი არც სოხუმს ცნობდა რუსეთის შემადგენლობაში, როგორც იარაღით დაპყრობილს, თუმცა რუსეთის დიპლომატია ხაზს უსვამდა, რომ სოხუმი აფხაზეთის შემადგენლობაში მყოფი ციხე-ქალაქი იყო, ხოლო აფხაზეთი ნებაყოფლობით შეუერთდა რუსეთს.
ბუქარესტის ზავმა მნიშვნელოვნად განამტკიცა რუსეთის სტრატეგიული პოზიციები და პოლიტიკური გავლენა კავკასიაში. ოსმალეთს არ სურდა შერიგებოდა თავისი კავკასიური სამფლობელოების დაკარგვას და ევროპული სახელმწიფოების მხარდაჭერით ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების გადასინჯვას ცდილობდა იმ ნაწილში, რომელიც კავკასიაში რუსეთისა და თურქეთის სამფლობელოების გამიჯვნის საკითხს ეხებოდა. ინგლისი ყოველმხრივ ცდილობდა ხელი შეეშალა რუსეთის დამკვიდრებისათვის შავი ზღვის კავკასიის სანაპიროზე და ყოველნაირად მხარს უჭერდა თურქეთის მისწრაფებებს ძირძველი ქართული მიწების თურქებისთვის გადაცემას.
ირანთან და ოსმალეთ-ევროპულ კოალიციასთან ზავების შემდეგ რუსეთმა მათი დასაყრდნობი დაუმორჩილებელი მთიელი მუსლიმებით დასახლებული კავკასიური სამფლობელოების შემომტკიცებას მიაპყრო მთელი ყურადღება. დღის წესრიგში დადგა ყუბანი-თერგის „საკორდონო ხაზის“ სამხრეთით მდებარე მიწა-წყლის დაპყრობა. სანამ ეს საკითხი არ გადაწყდებოდა, მანამდე რუსეთის მტრებს კავკასიაში დასაყრდენი ყოველთვის ექნებოდათ. ამიტომ ნაპოლეონთან საომარი კამპანიის დამთავრებისთანავე რუსეთი ჩრდილოკავკასიის საბოლოო დამორჩილებისთვის მზადებას შეუდგა.
1815 წელს ამიერკავკასიაში განლაგებული რუსეთის ჯარის ნაწილებისაგან ცალკე ქართული კორპუსი შეიქმნა. 1816 წ. კავკასიის მთავარმართებლად და ქართული კორპუსის სარდლად გენერალი ა. პ. ერმოლოვი (1816-1827) დაინიშნა.
ერმოლოვი თავისი წინამორბედებისგან განსხვავებით, რომლებიც ჩრდ. კავკასიელ მუსლიმთა წინააღმდეგ ცალკეულ სადამსჯელო ექსპედიციებს ატარებდნენ, ჩეჩნეთისა და მთიანი დაღესტნის სიღრმეში გეგმაზომიერ შეტევაზე გადავიდა. 1817 წელს რუსეთის სარდლობამ კავკასიის ხაზის მარცხენა ფრთა მდ. თერგიდან მდ. სუნჯაზე გადაიტანა. ეს ფაქტი მთიელთა ტერიტორიების სიღრმეში რუსების გეგმაზომიერი წინსვლის დაწყების მომასწავებელი გახდა. რუსები აუქმებდნენ მთიელთა აულებს, კაფავდნენ ტყეებს, გაჰყავდათ გზები, აგებდნენ ციხე-სიმაგრეებს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდნენ მთების სიღრმეში.
მთიან დაღესტანსა და ჩეჩნეთში ანტირუსული წინააღმდეგობა ისლამის დროშით წარიმართა. მუსლიმთა სასულიერო წრემ მთიელთა გაერთიანებისათვის მიურიდიზმის რელიგიური სწავლება გამოიყენა, რომელიც ქადაგებდა ღაზავათს _ საღვთო ომს „ურჯულო“ რუსებთან. პირველი შეიარაღებული გამოსვლა მიურიდიზმის დროშით 1824 წელს მოხდა. ეს იყო ჩეჩნეთის აჯანყება.
იმის გამო, რომ დასავლეთ კავკასიის მთიელები შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროებიდან ამყარებდნენ კომუნიკაციას მოკავშირეებთან (თურქეთი და ინგლისი სწორედ ამ მიმართულებიდან ამარაგებდნენ იარაღითა და ტყვია-წამლით კავკასიელ მუსლიმებს) რუსეთის სარდლობამ ყურადღება ამ კუთხითაც გაამახვილა. აფხაზთა 1821 და 1824 წლების ანტირუსული გამოსვლების დროს, თურქეთი შეეცადა ასლანბეი შარვაშიძის მეშვეობით კონტროლი დაემყარებინა აფხაზეთზე, მაგრამ რუსეთმა აფხაზთა აჯანყებები სასტიკად ჩაახშო. ამის შემდეგ რუსეთი აფხაზეთში მტკიცედ დამკვიდრებას შეეცადა. აფხაზეთის დაუფლება საშუალებას მისცემდა რუსეთს მჭიდროდ მიახლოებოდა დას. კავკასიის მთის ტომებს, რომლებიც შავი ზღვის სანაპირო ზოლს ფლობდნენ. აფხაზეთში რუსების მფლობელობაში ფაქტობრივად მხოლოდ სოხუმის ციხე იყო, სადაც მათი გარნიზონი იდგა. მის გალავანს მიღმა კი რუს ჯარისკაცებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე საფრთხე ემუქრებოდათ.
კავკასიის რუსული ადმინისტრაცია სოხუმში ჩაყენებული ჯარის მეშვეობით კონტროლს უწევდა მთავრის ხელისუფლებას და მკაცრი ღონისძიებებით ცდილობდა აფხაზეთის დამორჩილებას. აფხაზეთის მთავრისა და რუსეთის პოლიტიკური ბატონობის სისუსტე აფხაზეთში იმაშიც ჩანდა, რომ ქვეყანა ხშირად განიცდიდა ჯიქების, უბიხებისა და სხვა კავკასიელი მუსლიმი ტომების თავდასხმებს, რომლებიც ყოველწლიურად, მთებით, ან შავი ზღვის სანაპირო ზოლით გადმოდიოდნენ მდ. ბზიფზე, იჭრებოდნენ აფხაზეთში, ძარცვავდნენ სოფლებს, მიერეკებოდნენ საქონელს და ტყვეებს. მიუხედავად იმისა, რომ მთიელთა მარბიელი ლაშქრობები ყოველთვის წარმატებით არ მთავრდებოდა, მაინც დიდ ზიანს აყენებდა ქვეყანას. 1825 წ. ზაფხულში უბიხების ათასკაციანი რაზმი საჰათქერი ადაგვას ძე ბერზეკის მეთაურობით მთის ბილიკებით აფხაზეთში გადმოვიდა, მაგრამ მწყემსებმა შენიშნეს და ხალხს შეატყობინეს. აფხაზებმა უბიხებს უკანდასახევი გზები მოუჭრეს და მთლიანად ამოწყვიტეს. მათი წინამძღოლიც შეტაკებისას დაიღუპა. ამის შემდეგ უბიხები მხოლოდ ზამთარში, იანვარ-თებერვალში ესხმოდნენ თავს აფხაზეთს.
დასავლეთ კავკასიელ მთიელთა თავდასხმებმა აიძულა აფხაზეთის მთავარი მიხეილ შარვაშიძე დაჟინებით მოეთხოვა გაგრის დაკავება, რათა ბოლო მოღებოდა ჯიქებისა და უბიხების თავდასხმებს, ამასთან შევრაშიძე მისი პირადი დაცვისათვის რაზმის გამოგზავნასაც ითხოვდა.
XIX ს. 20-იან წლებში რუსეთმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია კავკასიაში. 1826-1828 წწ. რუსეთ-ირანის ომში გამარჯვებამ რუსეთს აღმოსავლეთ ამიერკავკასია საბოლოოდ მოუპოვა. რუსეთის წარმატებამ, მისმა გაძლიერებამ აღმოსავლეთში შეაშფოთა ინგლისი, რომელიც ცდილობდა ირანი ძლიერ ბუფერულ სახელმწიფოდ გადაექცია და მისი საშუალებით ჩაეკეტა რუსეთისათვის ინდოეთისაკენ გზა. ამასთან «ნისლიანი ალბიონი» ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა მოესპო რუსეთის ბატონობა კავკასიაში. ირანთან ომის დამთავრებისთანავე რუსეთ-თურქეთის ახალი ომი (1828-1829 წწ.) დაიწყო. ამ ომში რუსეთის გამარჯვებამ საბოლოოდ გადაწყვიტა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს საკითხი. ადრიანოპოლის ზავით (1829 წ. 14 სექტემბერი) რუსეთის ხელში გადავიდა ახალციხის საფაშო სამცხე-ჯავახეთის ძველი ქართული ქალაქებით: ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა, აწყური და სხვ. აგრეთვე შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო მდ. ყუბანის შესართავიდან მდ. ჩოლოქამდე ქალაქებით: ანაპა და ფოთი. თურქეთი უარს ამბობდა ყოველგვარ პრეტენზიაზე რუსეთ-თურქეთის ახალი საზღვრის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიებზე და მათ «რუსეთის იმპერიის სამუდამო მფლობელობაში» ცნობდა. ამ ტერიტორიებში შედიოდა დასავლეთი კავკასიაც, რომელიც, მართალია, თურქეთის მფლობელობაში არ იყო, მაგრამ მასზე ოსმალეთის პოლიტიკური გავლენა ვრცელდებოდა. სულთანი ითვლებოდა ყველა მუსლიმანის, მათ შორის კავკასიელი მთიელების უზენაეს მფარველად და მბრძანებლად და ეს ტომებიც ცნობდნენ სულთნის უზენაესობას. ამდენად, თუმცა თურქეთმა დასავლეთი კავკასია რუსეთის მფლობელობაში აღიარა, ეს მხარე რუსეთს ჯერ კიდევ დასამორჩილებელი ჰქონდა.
სანამ რუსეთი ჩრდ. კავკასიას, მათ შორის, ყუბანის მხარეს არ დაიპყრობდა, მისი ბატონობა სამხრეთ კავკასიაში მტკიცე ვერ იქნებოდა. ამიტომ რუსეთი ამ საკითხის გადაწყვეტისათვის ზრუნვას შეუდგა. როცა ნიკოლოზ I კავკასიის მთავარმართებელსა და ჯარების სარდალს ი. პასკევიჩს (1827-1831) რუსეთ-თურქეთის ომში გამარჯვებას ულოცავდა, წერდა: «…кончив таким образом, одно славное дело, предстоит вам другое, в моих глазах столь же славное, а в рассуждении прямых польз гораздо важнейшее – усмирение навсегда горских народов или истребление непокорных».
ირანთან და თურქეთთან ომებში გამარჯვების შემდეგ, XIX ს. 30-იანი წლების დასაწყისში რუსეთის ჯარებმა გაააქტიურეს მოქმედება ჩრდ. კავკასიაში, მათ შორის შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ნიკოლოზ I-ის დირექტივის რეალიზების მიზნით ი. პასკევიჩმა შეიმუშავა კავკასიის მთის ხალხების სწრაფი დამორჩილების გეგმა, რომელიც იმპერატორმა 1829 წ. ოქტომბერში დაამტკიცა.
ამ გეგმის რეალიზაციისათვის შეიქმნა «აფხაზეთის ექსპედიცია», რომლის მიზანი იყო სოხუმიდან ანაპამდე სანაპირო ზოლის დაკავება, გამაგრებული სანაპირო ხაზის შექმნა და სიმაგრეებს შორის სახმელეთო მიმოსვლის უზრუნველყოფა.
1830 წ. 8 ივლისს რუსთა დესანტი სოხუმიდან ზღვით გაგრაში გადავიდა. ამ ცნობის მიღების შემდეგ «აფხაზეთის ექსპედიცია», რომლის უშუალო მეთაურად დანიშნული იყო გენერალი გესე, სოხუმიდან გავიდა და 16 ივლისს ბომბორა დაიკავა. აქვე, ექსპედიციას ლიხნიდან აფხაზეთის მთავარი მიხეილ შარვაშიძე შეუერთდა. შემდეგ ექსპედიციამ წინსვლა განაგრძო და 19 ივლისს ბიჭვინთა დაიკავა. მიუხედავად თავდაპირველი წარმატებისა, გაგრის ჩრდილო-დასავლეთით რუსულ-აფხაზური ჯარის წინსვლა შეფერხდა ჯიქებისა და უბიხების მედგარი წინააღმდეგობის გამო. «აფხაზეთის ექსპედიციის» მოქმედების პარალელურად ი. პასკევიჩმა მდ. ყუბანი გადალახა და შაფსუღების რამდენიმე აული გაანადგურა, ამასთან მდ. ყუბანზე რამდენიმე სიმაგრე ააგო. ამდენად, სრულად ვერ იქნა მიღწეული ის, რაც ექსპედიციის მიზანს შეადგენდა. აფხაზეთის სანაპირო ზოლში (ბომბორა, ბიჭვინთა, გაგრა) რუსები სიმაგრეების აგებას შეუდგნენ. ბომბორაში დაბინავდა «აფხაზეთის ექსპედიციის» შტაბიც. ამ სიმაგრეებს ჯიქებისა და უბიხებისათვის უნდა გადაეკეტათ ის სანაპირო გზა, რომლითაც ისინი აფხაზეთში იჭრებოდნენ.
1828-1829 წწ. რუსეთ-თურქეთის ომის დროს, როცა რუსეთის ჯარებმა ქ. ახალციხე აიღეს (1828 წ. 15 აგვისტო) და სამცხე-ჯავახეთის დიდ ნაწილი შემოიერთეს, ადგილობრივი მაჰმადიანები თურქეთში გადასახლდნენ. კავკასიის ომის უკანასკნელ ეტაპზე, 1859-1864 წლებში, დაუმორჩილებელი კავკასიელი მთიელებიც ასევე თურქეთში გაასახლეს. ეს პროცესი ცნობილია მუჰაჯირობის სახელით.
1859 წელს, რუსების მიერ ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის დაპყრობის შემდეგ ჩეჩნები, დაღესტნელები და ოსები თურქეთისაკენ დაიძრნენ. შემდეგი გადასახლების პროცესმა მოიცვა დასავლეთ კავკასია, სადაც კულმინაციას 1863-1864 წწ. მიაღწია. დას. კავკასიის ტომები: მრავალრიცხოვანი ადიღეელები (ჩერქეზები), უბიხები, აბაზები, ყუბანისპირელი ნოღაელები, ყარაჩაელები თურქეთში გადასახლდნენ. აღსანიშნავია, რომ ოსები, ყაბარდოელები და ბალყარელები რუსეთის წინააღმდეგ ომში არ მონაწილეობდნენ. რაც შეეხება დას. კავკასიის სხვა ტომებს, ზოგიერთი მათგანი (უბიხები) მთლიანად აიყარა და თურქეთში გადასახლდა.
მუჰაჯირობის პროცესმა აფხაზეთიც მოიცვა. 1867 წელს განხორციელდა მუსლიმ აფხაზთა პირველი მასობრივი გადასახლება თურქეთში. ზოგიერთი აფხაზი მკვლევარი შეგნებულად აზვიადებს აფხაზ მუჰაჯირთა რაოდენობას. როგორც ირკვევა, აფხაზთა პირველი მასობრივი გადასახლება თურქეთში 1867 წელს მოხდა. მაშინ სამშობლო 20 ათასამდე აფხაზმა დატოვა. აფხაზთა გადასახლების მეორე ტალღა 1877 წელს იყო, როცა თურქეთში დაახლ. 30 ათასი აფხაზი გადასახლდა. მთლიანობაში დაახლოებით 50 000 სული.

1853 წელს რუსეთს ომი გამოუცხადეს ოსმალეთმა და მისმა მოკავშირეებმა: ინგლისმა, საფრანგეთმა და იმდროინდელმა სარდინიის სამეფომ.
იმის გამო, რომ საბრძოლო ოპერაციები ძირითადად რუსეთის სამხრეთ ტერიტორიებზე – ყირიმში მიმდინარებოდა, ამ ომს ყირიმის ომს უწოდებენ. თუმცა, თურქეთმა და მისმა მოკავშირეებმა საბრძოლო ოპერაციები ყირიმის გარდა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის კავკასიაშიც გააჩაღეს.
ყირიმის ომის (1853-1856) დაწყების წინ კავკასიელ მუსლიმთა ბრძოლა შამილის მეთაურობით უმაღლეს ფაზაში შევიდა. შამილი რუსეთის წინააღმდეგ ოსმალეთისა და მისი მოკავშირე ევროპული სახელმწიფოების ბრძოლას შეუერთდა. ერთმორწმუნე თურქებს შამილი ომის დაწყებამდე წინასწარ მოელაპარაკა და 1853 წლის აგვისტოს 15-ათასიანი ჯარით ზაქათალას სიმაგრეთა ხაზის გარღვევა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. იმავე დროს ადიღეელებმაც სცადეს სიმაგრეთა ხაზების გარღვევა და ზუსტად ამ პერიოდში თურქეთმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა ომი გამოუცხადეს რუსეთს. კავკასიის ფრონტზე კოალიციურმა ჯარებმა 3 მიმართულებით დაიწყეს შეტევა. ძირითადი ძალები (40 ათასი კაცი) ალექსანდროპოლისაკენ გაემართნენ, ხოლო 20-ათასიანი ჯარი ახალციხეში შევიდა და ბორჯომის ხეობით თბილისისაკენ დაიძრა. ოსმალთა ჯარის მე-3 ნაწილმა ფოთის წმინდა ნიკილოზის სახელობის პორტი აიღო.
1853 წლის 15 ოქტომბერს ღამით თურქთა სამხედრო რაზმი თავს დაესხა გურიის საგუშაგოს შეკვეთილთან. მათ ამოწყვიტეს შეკვეთილის გარნიზონი და გურიას შეესივნენ. თურქეთის მიზანს წარმოადგენდა ასევე ახალციხის ხელში ჩაგდება და იქ საფაშოს აღდგენა. ოსმალებმა ახალციხეში მდგომ გარნიზონსაც შეუტიეს.
14 ნოემბერს ახალციხესთან ბრძოლაში გენერალ ივანე ანდრონიკაშვილმა 5-ათასიანი რაზმით დაამარცხა 4-ჯერ მეტი ოსმალთა 20-ათასიანი ჯარი, ხოლო 19 ნოემბერს ბაშკადიკლართან გენერალმა ვასილ ბებუთოვმა ოსმალთა ძირითადი ძალები გაანადგურა. თურქებმა არდაგანისკენ დაიხიეს. რუსებისა და ქართველების ლაშქარს დიდძალი ალაფი დარჩა. წარუმატებლად დამთავრდა თურქეთის საომარი ოპერაციები ალექსანდროპოლის მიმართულებითაც.
მიუხედავად მარცხისა, თურქები განაგრძობდნენ ახალი ძალების თავმოყრას სამხრეთ საქართველოსა და შავი ზღვისპირა ქართული ტერიტორიების მისატაცებლად. მათ საზღვაო დესანტები გადმოსხეს ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიასა და სოხუმში. თურქთა მრავალრიცხოვან არმიას სელიმ ფაშა ხელმძღვანელობდა. თურქებმა ოზურგეთი დაიკავეს. ქართულმა მილიციამ მალაქია გურიელის მეთაურობით პარტიზანული ბრძოლა გააჩაღა და თურქებს მოსვენებას არაძლევდა.
საქართველოში თურქთა შემოსევამ მოსახლეობა ფეხზე დააყენა. ისტორიული მტრის წინააღმდეგ ქართველობა უმალ დაირაზმა. დგებოდა მოხალისეთა რაზმები და ფრონტისკენ მიეშურებოდა. ქართველ მოლაშქრეებს სათავეში ედგნენ ნაცადი მხედრები დავით ჯანდიერი, ნიკო ჭავჭავაძე, დავით ვახვახიშვილი, გიორგი ერისთავი, ქაიხოსრო მიქელაძე და სხვები. 75 წლის ქაიხოსრო მიქელაძემ მოგვარე თავადთაგან მთელი ასეული შეადგინა და ფიცი დადო, რომ უკანასკნელ გასროლამდე თავდადებით იბრძოლებდა.
1854 წლის მაისში თურქები კვლავ გადმოვიდნენ შეტევაზე. ქართველი მოლაშქრეები რუსულ ჯარს შეუერთდნენ და ი. ანდრონიკაშვილის სარდლობით ერთად შეუტიეს სელიმ ფაშას არმიას. 27 მაისს სოფელ ნიგოეთთან რუსთა და ქართველთა 3 ათას კაციანმა ლაშქარმა უკუაქცია მოწინააღმდეგის 12 ათასიანი ჯარი, ხოლო 4 ივნისს მდინარე ჩოლოქზე გენერალმა ანდრონიკაშვილმა 13 ათასი კაცით თურქთა 34 ათასიანი არმია გაანადგურა.
19 ივლისს რუსეთის ჯარმა ბაიაზიდი აიღო. ამ დროს შამილის არმიამ შეძლო სიმაგრეთა ხაზის გადმოლახვა და საქართველოში შემოიჭრა. იგი კახეთის სოფელ წინანდლამდეც კი მივიდა, მაგრამ აქ შეაჩერეს და უკუაქციეს. შამილის წინააღმდეგ ბრძოლაში თავი ისახელა ქართველთა ლაშქარმა. 24 ივლისს ქურუქ-დართან ბრძოლაში ოსმალთა 60-ათასიანი არმია დამარცხდა.
თურქეთის, ინგლისის, საფრანგეთის და სარდინიის გაერთიანებულმა ჯარებმა ვერც სხვა მიმართულებით მიაღწიეს წარმატებას. მიუხედავად ამისა, 1854 წლის განმავლობაში აგრძელებდნენ საომარ მოქმედებას ახალ-ახალი სადესანტო ძალებით. ეს დაფანტული საბრძოლო ოპერაციები მიზნად ისახავდა ყარსის ციხე-სიმაგრეზე რუსთა საიერიშო ძალების შესუსტებას.
თურქეთი ვერ ურიგდებოდა საქართველოს ტერიტორიებიდან განდევნას და ცდილობდა დაებრუნებინა ადრე მიტაცებული მიწა-წყალი. ამ მხრივ მას მოკავშირეებიც აქეზებდნენ, რომელთა მიზან-დასახულობას შეადგენდა რუსეთისათვის ფეხი ამოეკვეთათ სომხეთსა და საქართველოში.
ყარსის ციხე-სიმაგრის გადასარჩენად კოალიციურმა ძალებმა დაგეგმეს დიდი საბრძოლო ოპერაცია, რომლის განხორციელება გენერალ ომერ-ფაშას დაეკისრა. საგანგებო მომზადების შემდეგ, ომერ ფაშამ სამხედრო ძალები 1855 წლის სექტემბრის დამდეგს გადმოსხა ბათუმში, სოხუმში და შავი-ზღვისპირა სხვა ნავსადგურებში. ომერ ფაშას გადაწყვეტილი ქონდა საქართველოს გავლით ყარსამდე ჩაეღწია და ციხის გარნიზონს ალყის გარღვევაში დახმარებოდა. აფხაზეთის ტერიტორიის დაკავების შემდეგ ომერ ფაშას ძირითადი ნაწილები სამეგრელოსკენ დაიძრნენ. მდინარე ენგურთან მათ გზა გადაუღობა რუს-ქართველთა შერეულმა ლაშქარმა გენერალ ივანე მუხრან-ბატონის სარდლობით. საუბედუროდ, ბრძოლაში წარმატება თურქ სარდალს ხვდა წილად და იგი სამეგრელოში შევიდა.
ომერ ფაშას ეგონა, რომ ქართველებს გადმოიბირებდა და მოთაფლულ წერილებს სწერდა სამეგრელოს მთავარ ეკატერინე დადიანს. კეთილდღეობასა და ქვეყნის დამოუკიდებლობას აღუთქვამდა. მაგრამ ქართველების მეხსიერებაში ჯერ კიდევ ცოცხლობდა თურქ დამპყრობთა გამანადგურებელი შემოსევების სისხლიანი ქრონიკები. ამიტომ იყო, რომ მთელი სამეგრელო ფეხზე დადგა და პარტიზანული ომებით მტერს დიდ ზიანს აყენებდა. სამეგრელოში ხელმოცარულმა ომერ-ფაშამ კურსი ქუთაისისკენ აიღო, მაგრამ ცხენის წყლის გადალახვა ვერ გაბედა, რადგან იქითა ნაპირზე ქართული ლაშქრის განლაგებას წააწყდა და უკან დაიხია.
დასავლეთ საქართველოში პარტიზანული ბრძოლა გაჩაღდა. 1855 წლის 16 ნოემბერს რუსეთის ჯარს, გენერალ ნ. მურავიოვის ხელმძღვანელობით ყარსის თურქული გარნიზონი დანებდა. რუსთა მაშველი ჯარებისა და საქართველოს მოსახლეობის პარტიზანული ბრძოლებით შევიწროებულმა ომარ-ფაშამ უკან დაიხია. ხოლო 1856 წლის თებერვალს იგი სოხუმზე გავლით, ზღვით ტრაპიზონისაკენ გაიქცა.
ინგლისს, საფრანგეთსა და სარდინიის სამეფოს ავსტრიაც მიემხრო და რუსეთს ბალკანეთის დატოვება მოსთხოვა.
რუსეთი იზოლირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მან დაკარგა სტამბულისკენ წასასვლელი გზები. ამავე დროს ევროპული კოალიციის ფლოტი შავ ზღვაში შემოვიდა, ყირიმში დიდი არმია გადასხა და სევასტოპოლს ალყა შემოარტყა. რუსეთმა ვეღარ შეძლო ასეთი დიდი ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და სევასტოპოლის დაცვა.
მიუხედავად კავკასიის ფრონტზე მიღწეული გამარჯვებებისა ყირიმის ომი რუსეთის მარცხით დასრულდა, რომელიც პარიზის საზავო ხელშეკრულებით გაფორმდა. ევროპულ-თურქული კოალიციის მიერ დამარცხებული რუსეთი იძულებული გახდა დაეთმო ყარსის ციხე, რათა ყირიმის ნახევარკუნძული შეენარჩუნებინა.
რუსეთმა დაკარგა დუნაის შესართავი და ბესარაბია, ჩამოერთვა შავ ზღვაზე სამხედრო ფლოტის ყოლის უფლება. შავ ზღვაზე რუსეთს ციხესიმაგრეები უნდა დაენგრია. შავი ზღვა ყველა გემისთვის ღია ზღვად ცხადდებოდა. სერბია, ვლახეთი და მოლდოვა კოალიციის ჰეგემონობის ქვეშ მოექცა.

1875 წელს ოსმალეთის მძიმე უღლის გადასაგდებად ბალკანეთში აჯანყება დაიწყო, რომლის ჩასახშობად თურქებმა უსასტიკეს სადამსჯელო ზომებს მიმართეს. ერთმორწმუნე სერბებს რუსეთის იმპერიამ თანადგომის ხელი გაუწოდა და 1877 წლის 24 აპრილს თურქეთს ომი გამოუცხადა. საბრძოლო ოპერაციები გაჩაღდა ბალკანეთის და კავკასია-ანატოლიის ფრონტებზე.
ქართული საზოგადოებრიობა იმის მიუხედავად რომ ცარიზმისადმი მტრულად იყო განწყობილი, ამ ომში მის მხარეზე იდგა. ომში ქართველი ხალხი მოელოდა თურქ დამპყრობელთაგან ადრე მიტაცებული თავისი სამხრეთ მიწა-წყლის გათავისუფლებას. აჭარის იძულებით გამაჰმადიანებული მოსახლეობაც სულითა და გულით დედასამშობლოსაკენ მოისწრაფვოდა. თურქეთის მიერ მიტაცებულ ქართულ პროვინციებში ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე გაჩაღდა ანტითურქული აჯანყებები.
ომის დაწყებისთანავე საქართველოში დაიწყო მოხალისე მოლაშქრეთა (მილიციის) რაზმების ჩამოყალიბება.. რუსეთის ჯარმა ქართველ მოლაშქრეებთან ერთად გადალახა თურქეთის საზღვარი და ბრძოლა მის ტერიტორიაზე გადაიტანა. 1877 წლის 30 აპრილს მათ დაიკავეს ქ. ბაიაზეთი, შემდეგ ქ. არტაანი. აქ ბრძოლებში თავი ისახელეს მუსხელიშვილის და მ. ამირეჯიბის სამხედრო ნაწილებმა. არტაანის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ არტანუჯისა და ართვინის გავლით გზა ბათუმისკენ იხსნებოდა, მაგრამ კავკასიის არმიის სარდლობამ პირველი რიგის ამოცანად დასახა ყარსის ციხე-სიმაგრის დაკავება და შეტევა ამ მიმართულებით განახორციელა.
ბათუმზე შეტევა ოზურგეთის მხრიდან მიმდინარებოდა, აღებულ იქნა მუხაესტატე და ხუცუბანი. ივნისში დიდი ბრძოლა გაიმართა ციხისძირთან, მაგრამ აქ გამარჯვება თურქებს დარჩათ. თურქეთმა ამავე პერიოდში შავი ზღვით დესანტი გადმოსხა გუდაუთაში და სოხუმს შეუტია. ოქუმის მიდამოებში მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა. აქ მტერი დაამარცხა გენერალმა ალხაზიშვილმა რუს-ქართველთა ჯარით. თურქებისაგან მან მალე გაწმინდა აფხაზეთის მთელი ტერიტორია.
1877 წლის 17-18 ნოემბერს კავკასიის ფრონტის ჯარებმა თურქებს გამოსტაცეს ყარსის ციხე-სიმაგრე. ეს იყო დიდმნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელიც არსებითად წყვეტდა ამ ფრონტის ბედ-იღბალს, მით უმეტეს, რომ შეტევა წარმოებდა ერზერუმის მიმართულებითაც.
ბათუმისათვის სამხედრო ოპერაციები ცვალებადი წარმატებით მიმდინარებოდა. დეკემბერში კავკასიის არმიის ნაწილები შეიჭრნენ შავშეთში, 16 დეკემბერს დაკავებულ იქნა არტანუჯი.
ომის საბოლოო ბედი ბალკანეთის ფრონტმა გადაწყვიტა. პლევნას ციხე-სიმაგრის აღების შემდეგ რუსეთის ჯარებმა გადალახეს ბალკანეთის მთები და საომარი ოპერაციები გააჩაღეს ბულგარეთის ტერიტორიაზე. თურქთა არმიებმა სასტიკი მარცხი განიცადეს. რუსეთის არმია კონსტანტინეპოლს მიუახლოვდა. 1877 წლის 3 მარტს მეომარ მხარეთ შორის სან-სტეფანოში გაფორმდა საზავო ხელშეკრულება.
ევროპული სახელმწიფოების ჩარევით სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება საქართველოს საზიანოდ ზოგიერთი ცვლილებით დაადასტურა ბერლინის საერთაშორისო კონგრესმა, რომელიც 1878 წლის ივნისში შეიკრიბა. 13 ივლისს ხელმოწერილი, ე.წ. “ბერლინის ტრაქტატით” ევროპულმა სახელმწიფოებმა ომის დროს თურქებისგან გამოხსნილი ტაო-კლარჯეთის ტერიტორიებიდან რუსეთის მფლობელობაში მხოლოდ ბათუმი, ყარსი, და არდაგანი აღიარეს. მართალია, ოსმალთა მფლობელობისაგან საბოლოოდ გათავისუფლდა აჭარა-ქობულების მიწა-წყალი, თუმცა საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი კვლავაც ოსმალეთს დარჩა. ზავზე ხელმოწერის მომენტში ბათუმი ისევ თურქთა ჯარს ეკავა. გულმოდგინედ მუშაობდნენ თურქეთის აგენტები, რათა აჭარის მუსლიმ მოსახლეობასა და ქართველებს შორის შუღლი გაეღვივებინათ, მაგრამ ამ მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა. აჭარის მოსახლეობამ გამათავისუფლებელ არმიას სრული სოლიდარობა გამოუცხადა.
1878 წლის 25 აგვისტოს კავკასიელი მოლაშქრენი ბათუმში შევიდნენ. ბათუმის ნავსადგური რუსეთის საბრძოლო ხომადლებმა დაიკავეს. ეს დღე ბათუმში დიდი ზეიმით აღინიშნა.
ქართული საზოგადოებრიობა მხურვალედ მიესალმა თურქთა უღელისაგან აჭარის გათავისუფლებას. იაკობ გოგებაშვილი გაზ. “დროებაში” სიხარულით წერდა: „ჩვენი ძმები, ჩვენი სისხლხორცი, ჩვენთან ერთად მებრძოლი შავი ბედისა, ჩვენი გმირების ბუდე, ჩვენის უწინდელის განათლების და სწავლის აკვანი, ჩვენი ძველი საქართველო დღეს ჩვენ შემოგვიერთდა”.
ქალაქებისა თუ სოფლების მოსახლეობა არ ზოგავდა სახსრებს, რომ აჭარელ ძმებსა და დებს მიშველებოდა. თბილისსა და სხვა ქალაქებში გროვდებოდა დიდძალი შეწირულობანი. გახარებული ილია ჭავჭავაძე “ივერიის” ფურცლებიდან მოუწოდებდა ქართველობას: – “აბა ქართველობავ, ახლა შენ იცი როგორ დაანახებ თავს შენს ახლად შემოერთებულ ძმებსა! ახლა შენ იცი, როგორ დაუმტკიცებ ქვეყანას მამა-პაპით ანდერძს: ძმა ძმისთვინა და შავი დღისთვისაო!” ამ ნიშნით ჩატარდა თბილისში გათავისუფლებული აჭარის თავკაცთა სტუმრობა. შეხვედრაზე მხურვალე პატრიოტული სიტყვა წარმოთქვა გრიგოლ ორბელიანმა.

ნაშრომი მოამზადა ლევან ჩაჩუამ.
გამოყენებული მასალა: „საქართველოს ისტორია”, გამომცემლობა “თბილისი”, 1992 წ; http://www.dzeglebi.ge/statiebi/…/ruset_turqetis_omi_da.html საქართველოს ისტორია XIX-XX საუკუნეებში ტომი III.

გაზიარება: