ქართული ეროვნული იდეის სულიერი არსისთვის

ცრუ-მესია ანტიქრისტე, თავდაპირველად მოვა როგორც ეროვნული ლიდერი, კონსერვატორი და ტრადიციონალისტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მედროშის მსგავსად. სწორედ ისე, რასაც ქრისტესგან ითხოვდნენ მისი ჯვარმცმელები და რის გამოც მოაკვდინეს იგი, რის გამოც გამოითხოვენ ცრუ-მესიას. წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს, რომ ანტიქრისტეს გამოთხოვა მოხდება მაშინ, როდესაც კაცობრიობის სული ანტიქრისტესას დაუნათესავდება, ანუ მაშინ როდესაც სრულად აღიხოცება მადლი ადამიანთა მოდგმისგან, მოიცავს მათ ყველანაირი ცოდვა, უკეთურება და მიწიერი, ჰედონისტური გახდება უპირატესი (რისი სიმბოლოცაა “მხეცის რიცხვი” ანუ 666).

ამ ანტიქრისტეს სტანდარტების დამკვიდრებას უნდა აღუდგეს წინ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ამ სტანდარტების დამკვიდრებას (რაც ადამიანებს სულიერად ანათესავებს ანტიქრისტესთან) უნდა ებრძოდეს და უპირისპირდებოდეს ღვთისმშობლის წილხვედრი ქართველი ერი. სწორედ ამისთვისაა მოწოდებული საქართველო. არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) წერს: “საქართველოს მფარველი ანგელოზი თვით ზეციერი დედოფალია. ეს უდიდესი წყალობაა, მაგრამ მიწიერ სიბრტყეზე ეს არის საღმრთო მოწოდება ღვაწლისა და თავდადებისაკენ”.

აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ეროვნული, კონსერვატიული მოძრაობები საქართველოში (და არა მარტო) მართლმადიდებლური ფუნდამენტის გარეშე, ქრისტიანული სულიერების გარეშე, წარმოდგენს ანტიქრიასტეს მომყვანებელი იდეოლოგიის სულიერ ნათესავ იდეოლოგიებს და ადამიანებისთვის ძალიან დიდი საცთურია, მით უფრო დღევდელი ღვთისგან საყოველთაო განდგომილების ეპოქაში!

ასეთი იდეოლოგიით ცდუნებული და მოხიბლული ადამიანები ჭეშმარიტ ორიენტირებს კარგავენ და ივიწყებენ უმთავრესს, რის გამოც მათი შრომა მითიური ზიზიფეს შრომის მსგავსად უნაყოფოა. როგორც სიზიფეს უგორდება ლოდი მწვერვალზე ყოველი ატანისას, ასე უშედეგოდ ჩაივლის ყველა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და აქტივობა, ღვთის ჭეშმარიტი სარწმუნოებით თუ არ იქნება ინსპირირებული და ზერციური კურთხევით განმტკიცებული!

ქართული ეროვნული იდეა არის მთლიანად ქრისტიანული იდეა, რომლის საფუძველია სულის უკვდავების რწმენა. ეროვნული მოღვაწეები საქართველოში სწორედ ამას ეფუძნებოდნენ ყოველთვის. (მაგ. მერაბ კოსტავა შენიშნავდა ამას და აქვს ვრცელი პუბლიკაციები დაწერილი)

ადამიანის ღმერთთან მარადიული მყოფობის, ღვთის სუფევის დედამიწაზე დამკვიდრების იდეა არის ქართული ეროვნული იდეა.

საუფლო ლოცვა “მამაო ჩვენო” სწორედ ამ საზრისის გამომხატველია სულიერი შინაარსით, ისაა სწრაფვა და თხოვნა უზენაესისადმი რომ მოვიდეს და დაემკვიდროს, აღსრულდეს მისი სუფევა (მეფობვა) მიწაზე (“მოვედინ სუფევა შენი…ქვეყანასა ზედა”…).

ეს არის ქართული ეროვნული იდეოლოგიის არსი, ღვთის სუფევის მიწაზე დამკვიდრებისთვის ბრძოლა, ღვთისა და კაცის ნების ერთობა (სინერგია) და ქრისტეს მეუფება (მეფობა).

ეს არის საქართველოს სულიერი მისია და ამას უნდა ემსახურებოდეს ქართული ეროვნული იდეა, იდეოლოგია და ამას უნდა ემსახუროს მისი (ამ იდეის) მატარებელი ქართველი ადამიანი.

გეგა ხვედელიძე

გაზიარება: