ქრისტიანები, უნდა ვიყოთ ორგანიზებულნი და გულხელდაკრეფილებმა არ მივიღოთ ის ანტიქრისტიანული მორალი, რომელსაც ჩვენ გვთავაზობენ

ერთხელ ერთმა დეპუტატმა დამირეკა და მთხოვა ბერთან მისვლა. – ჰკითხე, – მითხრა მან – შეიძლება თუ არა სათათბიროში აბორტის კანონის აკრძალვის მოთხოვნა დავაყენო? როგორია მისი აზრი? გთხოვ, გადმომცე მისი პასუხი, რათა ვიცოდე, როგორ მოვიქცე.

მივედი ბერთან და კეთილმორწმუნე დეპუტატის კითხვა გავუმეორე. მან მიპასუხა: – მინახავს, მამაო, რომ ზოგიერთი დეპუტატი და მათი უმრავლესობაც კი ცდილობს სათათბიროში შესატანი თემის გამონახვას, ტკივილითა და კეთილშობილებით კი არა, არამედ იმისთვის, რომ აჩვენოს, თითქოსდა, თავისი ღვწა სიკეთისათვის. და ესენი სწორედ ის დეპუტატები არიან, ვინც რამდენიმე წლის წინ, როცა იღებდნენ ამ უსჯულო კანონს, არ შეეწინააღმდეგნენ და სიტყვაც არ დაუძრავთ მის საწინააღმდეგოდ. მე არ მაკმაყოფილებს ის ხერხი, რომლითაც ზოგიერთი ცდილობს წინ აღუდგეს შექმნილ მდგომარეობას. ხედავ? ისინი, ვისაც სურს ცუდი კანონის გატანა, ორგანიზებულად და დროულად იწყებს მზადებას: წერენ, საუბრობენ ტელევიზიით… ნუთუ არ გახსოვს, ერთმა ქალმა რამდენიმე ქალი რომ შეკრიბა, პლაკატებით რომ გამოვიდნენ ქუჩაში და გაჰყვიროდნენ: დაე, იყოს კანონი; მაშინ მილიონობით ბერძენ ქალთაგან მხოლოდ ხუთასი მოვიდა იქ. გამოვიდა აივანზე პრემიერ-მინისტრი და თქვა: – „მე იძულებული ვარ ქალების გამო აბორტის შესახებ კანონი მივიღო“.

მათ საქმე ისე მოაწყვეს, თითქოსდა ხალხის ზეწოლის გამო ხელისუფლება იძულებული გახდა მიეღო ეს კანონი. სინამდვილეში კი საუბარია კარგად დადგმულ და ორგანიზებულ გეგმაზე.

ასე რომ, გადაეცი დეპუტატს, არ წამოაყენოს მოთხოვნა, რადგანაც იგი უარყოფილი იქნება. თუმცა საჭიროა იმოქმედო ასე: დააკვირდი ყველა სხვა პარტიიდან ვინ არის კეთილშეგნებული ქრისტიანი, ისეთი, რომელიც დაგთანხმდება შეთანხმებულად მოქმედებაზე, რადგანაც ქრისტიანებს ვერ დაყოფენ პოლიტიკური პარტიები, რადგანაც ქრისტიანებს ქრისტე აერთიანებთ. როდესაც ყველა დათანხმდება, თითოეული დეპუტატი თავის ნომში (ბერძნული ადმინისტრაციული ერთეული) წავიდეს, აუწყოს მიტროპოლიტს, რომ ისინი მოთხოვნის წაყენებას აპირებენ და მათი დახმარება ითხოვოს. ეპისკოპოსებმა მაშინვე უნდა მოახდინონ რეაგირება და მას შემდეგ, როცა ეს ყველაფერი სინოდში გადაწყდება, დაწერონ გაზეთებში და მოითხოვონ კანონის აკრძალვა, რომელიც გვევლინება, როგორც ანტიქრისტიანულ, ასევე ანტიკონსტიტუციურ ქმედებად, რადგანაც ჩვენი კონსტიტუცია განმტკიცებულია წმინდა სამების სახელით.

ასეთივე რეაქცია უნდა აჩვენონ ქრისტიანმა ექიმებმაც და ყველამ ერთად უნდა გამოაცხადოს პრესის საშუალებით, რომ აბორტი არის მკვლელობა, ამცნონ ქალებს, რომ მეცნიერებამ დაადგინა: ქალების 95%, რომლებსაც აბორტი აქვთ გაკეთებული იტანჯება საშვილოსნოს, საკვერცხეების, მკერდის და ა.შ. კიბოთი. ორგანიზმი, როდესაც იგი ორსულდება, ეწყობა ისე, რომ ყველაფერი მზადყოფნაში მოჰყავს ჩვილის განვითარებისათვის. მაგალითად, მკერდი რძის შესაქმნელად ემზადება, ჰორმონები იცვლება და ა.შ. მაგრამ, როდესაც ქალი აბორტს იკეთებს, ორგანიზმის ეს პროცესები ერთბაშად წყდება და იქმნება განსაზღვრული ფიზიოლოგიური შედებები, ისეთი, როგორიცაა სიმსივნე. მაშ ასე, ექიმებმა უნდა ახსნან თუ რა ხდება აბორტის დროს.

ასევე, პოლიტიკოსებმა წერონ და ილაპარაკონ ხალხში შობადობის შემცირების პრობლემაზე. ქრისტიანებს ერთი შვილი ჰყავთ მაშინ, როცა მუსულმანებს ათი, და მალე ჩვენ ისეთ პრობლემას წავაწყდებით, რომელიც ნათლად აჩვენებს ჩვენს უსჯულოებას და ქრისტეს მცნებების არდაცვას. ჩვენს წინაშე სხვები დამნაშავენი არ არიან: ნაციონალურმა უმცირესობამ საბერძნეთში პრობლემები მას შემდეგ შექმნა, რაც ბერძენმა ქალებმა ომის გარეშე, შობამდე დაიწყეს საკუთარი შვილების ხოცვა.

მაშ ასე, როდესაც ყველა ეს ძალა და სხვადასხვა ავტორიტეტული პირი ამოძრავდება, მას შემდეგ, რაც სათათბიროში დაინიშნება მოსმენის დღე, ეპისკოპოსებმა ეკლესიებიდან ხალხთან ერთად უნდა მოაწყონ სვლა პროტესტის ნიშნად, რათა შეცვალონ კანონი. ჩვენ, როგორც ქრისტიანებს, არ გვსურს ქრისტეს კანონის დარღვევა. თუმცა მათაც უნდა სცენ პატივი ქრისტიანი მოქალაქის თავისუფლებას. იმ წუთიდან, როცა გამოდის სახელმწიფოებრივი კანონი, თითოეული ბერძენი მოქალაქე ვალდებულია იგი დაიცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი სახელმწიფოს მიერ დაისჯება. მაგრამ იგი თავისუფლებას ართმევს ქრისტიან ექიმებს. ექიმ-ქრისტიანს აქვს ღვთისა და საკუთარი სინდისის კანონი, რომელიც ამბობს: „არა კაც კლა“. თუმცა, მას არ სურს, მაგრამ იძულებულია შესცოდოს, ანდა დატოვოს ადგილი და დარჩეს უმუშევარი.

როდესაც სახელმწიფო კანონი გამოდის, მაშინ შედეგი თითოეულ მოქალაქეს აწვება, რადგანაც ღმერთი მთელ ერს სჯის, მაგრამ როდესაც არ არის სახელმწიფოს კანონი, მაშინ სასჯელი მხოლოდ იმ პირზე გადადის, რომელმაც უშუალოდ შესცოდა.

ეს ყოველივე დეპუტატს ვუამბე. აქვე უნდა აღვნიშნოთ ბერის სურვილი, რომ ჩვენ, ქრისტიანები, უნდა ვიყოთ ორგანიზებულნი და გულხელდაკრეფილებმა არ მივიღოთ ის ანტიქრისტიანული მორალი, რომელსაც ჩვენ გვთავაზობენ.

ღირსი პაისი მთაწმინდელის დარიგებებიდან

გაზიარება: