ქართული იდეის შესახებ

რა არის ჩვენი იდეა და რაში ვლინდება იგი?

ეს შეიძლება გამოვთქვათ ერთი ყოვლისმომცველი სიტყვით – ჭეშმარიტების მსახურება, რაც, პირველ რიგში, გამოიხატა უფლისადმი ჩვენს უდიდეს სიყვარულში, მისდამი ერთგულებასა და თავგანწირვაში.

დიახ, უზენაესი ჭეშმარიტებისადმი თავდადება არის ქართული იდეა, ამიტომაც გვიანდერძა წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალმა: “ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსა!” და მართლაც, ჩვენი ერი ჯვარს ეცვა ჯვარცმული ღვთისთვის. პეტრიწონის (ბულგარეთი) ქართული მონასტრის წარწერაც ამაზე მიგვანიშნებს: “ქართველნი ვართ ნათესავნი მხნენი და მარადის ჭირვეულსა ცხოვრებასა ჩვეულნი”.

ქართული იდეის განვრცობის არეალი გიორგი მერჩულემ ასე განსაზღვრა: ქართლად ფრიადი ქუეყანა აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღესრულების”, ხოლო, ენასა ამას შინა “ყოველი საიდუმლო დამარხულ არს” (იოანე-ზოსიმე). აქ, არ იგულისხმება ენა, როგორც მხოლოდ მეტყველების საშუალება, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ერის მსოფლმხედველობის გამოვლინება, რომელიც თავისი მრავალფეროვნების მიუხედავად, არის ერთი და ერთიანი. ქართველისათვის პატრიოტიზმიც ღვთისმსახურებაა. იგი სამშობლოს პატრონობს და საკუთარი სისხლის ფასად იცავს, რადგან ამაში ხედავს ღვთის მიერ დაკისრებულ პასუხისმგებლობას. მას სხვისი არაფერი უნდა, მაგრამ დროებით დაკარგულ თავის ტერიტორიებსა და ხალხს კი ყოველთვის თავისად მიიჩნევს. ჩვენი სულისკვეთება კარგად ჩანს ამ სიტყვებში: “სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება”. დიახ, ქართული იდეისთვის უცხოა ექსპანსია და აგრესია. ამიტომაცაა მთელი ჩვენი ისტორია უანგარობის, გულწრფელობის, ვაჟკაცობისა და ზნეობრიობის გამოხატულება.

ქართულ იდეაში ასევე სრული სისავსით არის განხორციელებული ქრისტიანული მცნება მოყვასის სიყვარულისა. ჩვენ სისხლში გვაქვს გამჯდარი ეს დამოკიდებულება: “ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული – გზად და ხიდად” (რუსთაველი), რაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჭეშმარიტებისა და სიკეთის მსახურებას გულისხმობს. ბოროტ საქმეში მეგობრობა და ერთგულება კი ეშმაკთან თანაზიარებაა. ქართულმა იდეამ საუკუნეთა მანძილზე ჩამოაყალიბა ჩვენი ხასიათი, ჩვენი კულტურა და ყოფა.

ქართული იდეა არის იმ ჭეშმარიტი ღვთისმსახურების გაგრძელება, რომელიც უფალმა დაუდგინა ადამს, ნოეს, აბრაამს, მოსეს… ოღონდ ეს არის ახალ ისრაელად სახელდებული ერის მსახურება (ცხოვრების წესი) ზეციური იერუსალიმის დასამკვიდრებლად. ასეთია ჩვენი წინაპრების მიერ არჩეული გზა; გზა ძნელი, მაგრამ საამაყო, ვიწრო, მაგრამ გადამრჩენელი, დროებითი ტკივილით დამძიმებული, მაგრამ ქრისტესმიერი მარადიული სიხარულით სავსე. სწორედ ამ სულისკვეთების მქონე პიროვნებები ქმნიან ღვთისმშობლის წილხვედრ ქართველ ერს, ხოლო ის ქართველები, რომლნიც ასეთი წესით არ ცხოვრობდნენ და არ ცხოვრობენ, თავისთავად განეშორებიან ან უპირისპირდებიან მის წიაღს და ქართული იდეის ნაწილად ვერ მიიჩნევიან. ისინი არიან ვაზის ნასხლავნი, რომელთა შორის სიცოცხლე არ არის. ხაზგასმით უნდა ითქვას ისიც, რომ ქართული იდეისათვის მარტო გენეტიკურ ნიშანს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. გავიხსენოთ მეფე ლუარსაბ დიდის ერთ-ერთი შვილი დავითი და მეფე თეიმურაზ I. ეგოისტური და ანგარებიანი ინტერესებიდან გამომდინარე, დავითი ღვიძლ ძმასაც დაუპირისპირდა და საქართველოსაც, სარწმუნოებაც შეიცვალა და დაუდ-ხანად ქცეული მტრის ინტერესების დამცველი და მათი იდეის განმხორციელებელი გახდა. მაშინ, როდესაც თეიმურაზ I რწმენისა და მამულის დაცვას დედაც და შვილებიც შესწირა და თავისი ცხოვრებაც მუდმივ ბრძოლასა და ტანჯვა-წამებაში გაატარა, ბოლოს კი ბერობაში აღესრულა; მისი ცხოვრება ხალხისთვის მისაბაძ მაგალითად იქცა.

ასე რომ, ქართული სამყარო, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ერის წიაღი, მხოლოდ გენეტიკური ნიშნით არ შემოიფარგლება. სწორედ ეს აზრია ჩადებული ფარისევლებისადმი თქმულ მაცხოვრის ამ სიტყვებში: “უწყი, რამეთუ ნათესავნი აბრაჰამისნი ხართ…, სიტყუაი ჩემი ვერ დაეტევის თქუენ შორის…, უკეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთაცა აბრაჰამისთა იქმოდეთ…, თქვენ მამისა ეშმაკისანი ხართ და გულისთქმათა მამისა თქუენისათა გნებავს ყოფად; რომელი ღმრთისაგან არს, სიტყუათა ღმრთისათა ისმენს. ამისთვის არა ისმენთ თქუენ, რამეთუ არა ხართ ღმრთისაგან” (იოანე 8, 37,39,44,47). აღვნიშნავთ იმასაც, რომ ქართული იდეის შემოქმედნი იყვნენ არაქართველნიც. მაგალითად, სპარსი რაჟდენ პირველმოწამე და ევსტათი მცხეთელი, ტომით სომეხი დიდებულის ასული შუშანიკ დედოფალი, არაბი აბო, ასურელი წმიდა მამები და სხვანი.

სწორედ ქართული იდეიდან მომდინარეობს ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტობაც, რაც იყო საფუძველი აქ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მხრიდან ჩვენი ჭირ-ვარამის გაზიარებისა და საქართველოსთვის მსახურებისა. საუკუნეთა განმავლობაში სხვებთან ერთად, ქართული იდეის და ქართული სახელმწიფოს თანაშემოქმედნი იყვნენ აფხაზები. ქართული სამყაროს შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი ყოველთვის იყო აფხაზეთი. ამაზე მეტყველებს აქ არსებული უძველესი ქრისტიანული ტაძრები და წარწერები, ქართველ მეფეთა ტიტულატურა. ამაზე მეტყველებს აფხაზეთში, ბედიის მონასტერში დაკრძალული ერთიანი საქართველოს პირველი მონარქის, – ბაგრატ III-ის საფლავი. ამაზე მეტყველებს ჩვენს შორის არსებული სისხლისმიერი ნათესაობა და ნათელ-მირონობა…

უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

გაზიარება: