საქართველო განვითარების ბუნებრივ კალაპოტში უნდა ჩადგეს!

საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ ბიზანტიის იმპერიის დაცემა ასი წლით გადაიდო, როდესაც პალამისტური მოძრაობა აღორძინდა, ერმა და ბერმა ისწავლა იესოს ლოცვა.

ისტორიიდან ცნობილია, რომ მცირე აზიის სახელმწიფოები შემუსრა და გაანადგურა თემურ ლენგმა და თემურიდებმა. სოდომი და გომორი ზეციური ცეცხლით დაიწვა – როდესაც უბილწესმა ცოდვამ მოიცვა მთელი ერი.

ბიზანტიაში კი ხალხი მოექცა, გაკეთილშობილდა, იესოს ლოცვა დაიწყო და ერთი საუკუნით გადაიდო მისი დაქცევა.

“კაცობრიობა მოითხოვს ანტიქრისტეს, რადგან მათი სული ანტიქრისტეს სულს ენათესევება, ასე რომ კაცობრიობის უმეტესობა ანტიქრისტეს შეხვდება უდიდესი სიხარულით”-ო, ეგნატე ბრიანჩანინოვი წინასწარმეტყველებდა. ის ამბობდა, რომ თავად კაცობრიობა გამოითხოვს ანტიქრისტეს, როგორც სარეცელს მიჯაჭვული მომაკვდავი ადამიანი, რომელიც ძალიან წუხს და სასიკვდილო თასის შესმას მოითხოვს.

ანუ ესაა კაცობრიობის სულიერი მდგომარეობის გამოძახილი. ყოველგვარი მიწიერი ბოროტების და დაცემულობის კვინტენსენცია იქნება ანტიქრისტე, მისი წყურვილი გაჩნდება კაცობირობაში და ისიც მოვა, არ დააყოვნებს.

ყველაფერი (კეთილდღეობა მიწაზე) ადამიანებზეა დამოკიდებული. ქრისტიანთა ღვაწლი მოიხვეჭს მადლს, რომლითაც ხდება არსებობის გახანგრძლივება და ქვეყანაზე მშვიდობა ისადგურებს.

საქართველოს ბედი არა პოლიტიკურ-ეკონომიკური ფორმაციული ცვლილებებით, არამედ ქართველი ადამიანის სულიერი მდგომარეობის გაჯანსაღებითა და გაკეთილშობილებით გამოსწორდება.

ერთადერთი სახელი არსებობს ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, უფალი იესუ ქრისტეს სახელი, რომელსაც ნებისმიერი ბოროტების შეჩერება შეუძლია, როგორც გლობალური ასევე ლოკალური თვალსაზრისით.

როგორც ანტიქრისტე იქნება კაცობრიობის სულიერი დაცემულობის კვინტენსენცია, ასეა დღევანდელი საქართველოსი ბიძინა ივანიშვილია და მის ირგვლივ შემოკრებილი ნეო-სოდომისტური გუნდი.

თუ ქართველი ერი გაჯანსაღდება და სულიერად სწორად წარემართება, მის წიაღში მოგვარდება ის პრობლემები და გადაიჭრება საკითხები, რაც ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა საქართველოს შემდგომი არსებობისა და განვითარებისთვის.

ისტორიულად ქართული ეროვნული იდეის ონტოლოგია სულის უკვდავება იყო, სასუფევლის ძიება და მარტვილობა, ჯვარცმა ქრისტესთვის. ქართველი ადამიანის ყოფიერებას ზეციური სასუფევლის ხსოვნა განსაზღვრავდა და არა მიწერ კეთილდღეობაზე ოცნება. ამიტომ გვყავს მსოფლიოში არნახული რადენობის წმ. მოწამეები, რომლებმაც საკუთარი სისხლით დაამოწმეს ჭეშმარიტება…

მთელი ნათელღებული საქართველოს ისტორია “ქრისტესთვის ჯვარცმად” (წმ. ილია მართალი) იწოდება. სწორედ ეს არის ქართველი ერის ბუნებრივი მდგომარეობა და არა ის წინასაარჩევნო დაპირებები და ფუჭი იდეოლოგიური ნარატივები, რაც ტელევიზორში ისმის პერიოდულად!

თუ ერი თავის ბუნებრივი განვითარების კალაპოტში არ ჩადგება, აუცილებლად დადგება მისი ყოფნა-არყოფნის დილემა.

გეგა ხვედელიძე

გაზიარება: