პარადოქსი

დღეს უცნაური პარადოქსის წინაშე ვდგავართ. ეროვნულ-კონსერვატორი ებრძვის ლიბერალიზმს, ცოდვისადმი კი ლიბერალურ დამოკიდებულებას ემხრობა. ანუ, ლიბერალის მსგავსად ცოდვის დამღუპველ მნიშვნელობას და მოსალოდნელი შედეგის სიმძიმეს ამარტივებს და უმნიშვნელოდ მიიჩნევს. შედეგად, ქრისტიანობისადმი ლიბერალური დამოკიდებულება მათთვის მისაღები ხდება. ანუ, ორი ბატონის მსახური გამოდის. ამ მიზეზითვე იწყებს ეკლესიის პოზიციის კრიტიკას და ზოგიერთი მართლმკვეთელი სასულიერო პირის ლანძღვას. მათი აზრით ხომ ეკლესია “მუშტის გულზე მრტყმელთა ” სამსახურში უნდა იდგეს. რადგან თვლიან, რომ ჭეშმარიტებას მხოლოდ ისინი ფლობენ და სამშობლო თურმე მხოლოდ მაგათ უყვართ.

სამწუხაროდ, ეკლესიისადმი ასეთი ლიბერალურ- ქრისტიანული დამოკიდებულება და საკუთარი თავის “გაპრავების” პოზიცია, ბუმერანგივით უბრუნდება ეროვნულ-კონსერვატორს და ანგრევს მას ისე, რომ აზრზეც ვერ მოდის რა ხდება.

მცდარია შეხედულება, თითქოს ეკლესიურ ლიბერალიზმსა და პოლიტიკურ-იდეოლოგიურ ლიბერალიზმს შორის კავშირი არ არსებობს. ეს ერთი და იგივე სულისკვეთებაა. ამას ჩვენი ქვეყნის ისტორიაც ადასტურებს.

ამიტომ ვამბობთ, რომ ლიბერალიზმი სულიერი პრობლემაა და სწორი მართლმადიდებლური ცხოვრების წესის გარეშე და მართლმადიდებლობის შეუსწავლებლად მას ვერ დავამარცხებთ. საუკეთესო შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ მის ტრანსფორმაციას მივიღებთ, სამწუხაროდ არა დადებითი მიმართულებით. რადგან, ორი ბატონის მსახურება დაუშვებელია!

დავით ჯინჭარაძე

გაზიარება: