ემიგრანტის ძალა

პატივცემულო თანამემამულენო, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფნო ძვირფასო ემიგრანტებო, მოგესალმებით სამშობლოდან 26 წლის ახალგაზრდა თორნიკე კივილაძე. ვფიქრობდი ამ მომართვისთვის როგორი სათაური შემერჩია. მარტივი, თუმცა მრავლისმთქმელი სახელწოდება – ,,ემიგრანტის ძალა’’ შევარჩიე, რადგან უდავოდ, ემიგრანტებს მძიმე ხვედრის საპირწონედ დიდი ძალა აქვთ.

დიდხანს არ შეგაწყენთ თავს იმაზე საუბრით, თუ რაოდენ მძიმე ვითარებაა შექმნილი ქვეყანაში, რადგან თქვენ ყოველდღიურად განიცდით ამ ტვირთის სიმძიმეს საკუთარ მხრებზე. მრავალჯერ გაგვიცრუვდა იმედი, თუმცა  სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ, საკუთარი წილი ჯვარი ვიტვირთოთ და ქვეყანა გადავარჩინოთ. დიახ, ბატონებო და ქალბატონებო, ქვეყანას შველა სჭირდება, მშველელი კი ქართველი ხალხია. ამ ბრძოლაში დიდი წვლილი სწორედ თქვენ უნდა შეიტანოთ.

ზემოთხსენებული მსჯელობის საფუძველზე მოგახსენებთ, რომ საქართველოში მყოფი ყოველი ქართველი, განსაკუთრებით საშუალო და შედარებით დაბალი ფენის წარმომადგენელი პოტენციური ემიგრანტია დუხჭირი ცხოვრების გამო. განსაკუთრებით მტკივნეულია ხელჩაქნეული ახალგაზრდა თაობის ხილვა, რომელიც ხსნას საზღვარგარეთ წასვლასა და იქ დროებით თუ სამუდამო დამკვიდრებაში ხედავს. შეიძლება ითქვას, მეც პოტენციური ემიგრანტი ვარ. არ მაქვს სამსახური, თავს კერძო პედაგოგიური საქმიანობით ვირჩენ. ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს მეც მომიწიოს გაჭირვების გამო ქვეყნიდან აბარგება. იმედია, ეს ასე არ მოხდება, რადგან ჩვენ აუცილებლად უნდა გადავდგათ დიდი ნაბიჯები ნამდვილად საკვირველი, გასაოცარი გამარჯვებისთვის.

ჰეგელი წერდა: ,,ისტორია არა ფაქტების უსარგებლო გროვა, არამედ აზრიანი პროცესია’’. მატიანე ჩვენი მასწავლებელია. არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ საქართველოს თუ სხვა ქვეყნის ისტორიიდან თუ როგორ ეხმარებოდნენ ემიგრანტები სამშობლოს. გავიხსენოთ რამხელა წვლილი შეიტანეს ემიგრანტებმა ..წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების’’ დაფინანსების, განვითარების საქმეში. რაღა შორს წავიდეთ, საქართველოს უახლესი ისტორია, რომელიც სწორედ ემიგრანტების ოფლზე, სისხლსა და ცრემლებზე დგას, ივსება ოქროს ფურცლებით ქართველ ემიგრანტთა ნამოქმედარით. თქვენ საქართველო მხრებზე შეიდგით და გადაარჩინეთ. ათასობით ოჯახი გამოკვებეთ, შიმშილისგან იხსენით, შვილებს მართალია მშობლის სითბო მოაკლდათ, მაგრამ არ დაკლებიათ ჩაცმა-დახურვა, განათლება და ელემენტარული პირობები, სწორედ, თქვენი დამსახურებით.

თქვენი ნებართვით, ჩემო ძვირფასო ემიგრანტებო, ზემოთხსენებული ნააზრევის უკეთ ილუსტრირების მიზნით, მინდა ირლანდიის მე-20 საუკუნის ისტორიიდან გიამბოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთი.ამბავი. როცა ირლანდიაში ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ფეხი აიდგა და დაისახა მიზნები ირლანდიის დამოუკიდებელი რესპუბლიკის შესაქმნელად, მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ლიდერი იმონ დე ვალერა, რომელიც მოგვიანებით დამოუკიდებელი ირლანდიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი გახლდათ, შეერთებულ შტატებს ეწვია, სადაც შიმშილსა და დუხჭირ ცხოვრებას თავდაღწეული ირლანდიელი ემიგრანტები სახლობდნენ. მოძრაობის განსავითარებლად საჭირო იყო მცირედი ფულადი რესურსი. თვით იმ ირლანდიელმა ემიგრანტებმაც კი, რომელთაც ხელში, ხატოვნად რომ ვთქვათ, ბარი და ფიწალი ეკავათ და უმძიმეს სამუშაოს ასრულებდნენ, გაიღეს მინიმალური შემოწირულობა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დასაფინანსებლად. სწორედ ირლანდიელმა ემიგრანტებმა დაუდეს სათავე ირლანდიის დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნას. გავიდა 100 წელზე მეტი. ირლანდიის რესპუბლიკა დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი განვითარებული, ძლიერი სახელმწიფოა. ეს მაგალითი ჩვენთვის სახელმძღვანელო ორიენტირად უნდა იქცეს, რათა თავად ვშვათ ახალი ისტორია.

პატივცემულო ემიგრანტებო, ახლოვდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. იმ პირობებში, როცა სატელევიზიო არხების კარი ჩაკეტილია, პოლიტიკურ მოძრაობებს კი არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობები ღირსეული მეტოქეობა გაუწიონ ქვეყნის სათავეში მოქცეულ ანტისახელმწიფოებრივ ძალებს, რომლებიც თავიანთი ხელებით ძირს უთხრიან საქართველოს, ქართველმა ხალხმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა საკუთარი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად. 2020 წლისთვის უნდა მოვახერხოთ ეროვნულად მოაზროვნე ხალხის შეყვანა პარლამენტში. მცირე საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური მოძრაობების საერთო პრინციპებით დარაზმვა. ეს პრინციპები უცვლელია: მამული, ენა, სარწმუნოება… ღმერთი, სამშობლო, ადამიანი… აქვე, დავამატებდი: განვითარებული წარმოება და ეკონომიკა, მძლავრი განათლების სისტემა და მეცნიერება, დაცული ეკოსისტემა, კულტურაზე ზრუნვა, თავდაცვითი პოტენციალის ზრდა, ხელმისაწვდომი, ხარისხიანი ჯანდაცვა, აღორძინებული სოფლის მეურნეობა და ა.შ ეს ყველაფერი როდია შეუძლებელი. ,,შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელ არს ღვთისათვის’’. თუ რწმენით აღვივსებით, კონკრეტული სამოქმედო გეგმის მიხედვით გონივრულად ვიმოქმედებთ და გავერთიანდებით საერთო ფასეულობებისა და მიზნების გარშემო, აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ჩვენო ძვირფასო ემიგრანტებო, თქვენი თანხმობით უახლეს მომავალში ფეისბუქზე შეიქმნება სპეციალური ჯგუფი ემიგრანტებისთვის, რომლებიც მხარს დაუჭერენ ეროვნული ძალების მოსვლას ხელისუფლებაში. ჯგუფში გაწევრიანდებიან ადამიანები, რომლებიც ამ მოძრაობას დაეხმარებიან ხმებით ან მცირედი შემოწირულობით. შემოწირულობის განკარგვის პროცესი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე. შემოსული თანხებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეიქმნება მოძრაობის ოფისები, დაიბეჭდება პლაკატები და პროკლამაციები.

გახსოვდეთ, დებო და ძმებო, მამანო და დედანო, თუ ღვთისა და ადამიანის ნება ერთმანეთს დაემთხვევა და იშვება სინერგია, ბოროტი აუცილებლად დამარცხდება.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

პატივისცემით, თორნიკე კივილაძე

გაზიარება: