ბათუმში ღამის კლუბიდან 4 ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს – 22 წლის ბიჭი დაიღუპა

19 აგვისტოს, გამთენიისას, სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ოთხი ახალგაზრდა გადაიყვანა ბათუმის ბულვარში მდებარე ერთ-ერთი ღამის კლუბიდან საავადმყოფოებში მსგავსი სიმპტომებით.

მათგან ერთი, 22 წლის ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა.

„პაციენტი გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. ანამნეზის საფუძველზე დაისვა დიაგნოზი, დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიური ეფექტი. პაციენტს ჩაუტარდა პირველადი შესაბამისი მკურნალობა, გადაუღეს კომპიუტერული ტომოგრაფიაც, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სიკვდილის მიზეზი იყო გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა“, – უთხრეს „ბათუმელებს“ კლინიკა „მედცენტრში“.

იმავე კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კლუბიდან ორი გოგო გადაიყვანა. ისინი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

მეოთხე პირი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში ამბობენ, რომ მათ ოთხი ახალგაზრდა გადაიყვანეს კლუბიდან, „თუმცა გვითხრეს, რომ ჩვენს გარეშეც არიან გადაყვანილები“ – ამბობენ სასწრაფოში.

22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებაზე შს სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით – თვითმკვლელობამდე მიყვანა, დაიწყო.

ინფორმაცია ფაქტის შესახებ პირველად TV 25-მა გაავრცელა.

გაზიარება: