„არ შეგვიძლია ნატოში მივიღოთ ახალი წევრი, თუ ეს დაძაბულობას გაზრდის“ – ჯეიმს აპატურაი

ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ახალი წევრი, თუ ეს გამოიწვევს დაძაბულობის ზრდას და დააზარალებს ნატოს ახალ წევრს, ნატოს, სამეზობლოს – ამის შესახებ ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრისას ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა.

„ნატოს წევრმა ქვეყნებმა საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღეს და თქვეს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. კითხვაა – როდის. უნდა გავაგრძელოთ რეფორმები და ვიმუშაოთ გეოპოლიტიკურ ასპექტებზე. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები მოწმობს, რომ რუსეთს არ სურს საქართველოს ნატოში გაწევრიანება. დიახ, ნამდვილად არის სირთულეები. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ამ სირთულეებს.

გასათვალისწინებელია, რომ რუსეთს არც მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება სურდა. რუსეთს არ სურდა ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებაც ალიანსში. რუსეთს არ სურდა არც ბალტიისპირეთის ქვეყნების ნატოში გაერთიანება. საქართველოსთან მიმართებაში, მათ საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება დაამტკიცეს არამარტო სიტყვებით – ნათელია, რაც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“, რაც არის ნაწილი მათი სურვილის, გააკონტროლონ საქართველოს მიერ არჩეული მიმართულება. ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით.

ნატო გაფართოებას ასე უდგება. ნატო უნდა იყოს მზად ახალი წევრის მისაღებად, რაც ნიშნავს წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსს. პარტნიორი ქვეყანა უნდა იყოს მზად ალიანში გასაერთიანებლად. პირველ რიგში, უნდა სურდეს და მერე დააკმაყოფილოს საჭირო სტანდარტები. ასევე, უნდა შევხედოთ უფრო ფართო ჭრილში ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ახალი წევრი, თუ ეს გამოიწვევს დაძაბულობის ზრდას და დააზარალებს ნატოს ახალ წევრს, ნატოს, სამეზობლოს. ჩვენ უნდა გადავხედოთ ამ ფაქტორებს და ეს ნორმალურია, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ ნატო თავად იღებდა და მომავალშიც თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. ასპირანტი ქვეყანაც თავად მიიღებს გადაწყვეტილებას და არ მივცემთ უფლებას მესამე მხარეს, ჩაერიოს ან გადაწყვიტოს“, – განაცხადა აპატურაიმ.

მისივე თქმით, რუსეთის აღქმა რეალობის საპირისპიროა – არა ნატო მიდის რუსეთის საზღვრებთან ახლოს, არამედ რუსეთის საზღვრებთან ახლოს მყოფი ქვეყნებს სურთ ნატოსთან დაახლოება და ალიანსში გაწევრიანება.

„ისტორიას თუ გადავხედავთ, არ ვფიქრობ საუკუნეების მანძილზე რუსეთს საქართველოსთან პოზიტიური ურთიერთობების დემონსტრირება მოეხდინოს და ეს იმის მიუხედავად, იყო თუ არა მაგიდაზე ნატოში საქართველოს მომავალი წევრობის საკითხი. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ საფრთხეებს ხელი არ შეუშლია არც საქართველოსთვის და არც ნატოსთვის გაეგრძელებინათ, გაეღრმავებინათ ურთიერთობები, თანამშრომლობა, დასახული მიზნისკენ სწრაფვა, სვლა მომავალი ინტეგრაციისკენ, მხარდაჭერა საქართველოს რეფორმების გზაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, – აღნიშნავს სპეციალური წარმომადგენელი.

წყარო: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/113030/apaturai-ar-shegvidzlia-akhali-tsevris-migeba-tu-es-dadzabulobas-gazrdis?fbclid=IwAR2bY8266pS6shiNmXnEFBqNSFsdS5uvvSsiDTiegAo-nQ8sEsdDSFBgDHU

გაზიარება: