ჩვენი საზოგადოების “ისტებად” დაყოფის შესახებ

ჩვენი საზოგადოების ,,ისტებად” დაყოფა პირდაპირ მეტყველებს გაუნათლებლობაზე და დაბალ სულიერებაზე, თორემ ქრისტიანი (რამხელა პატივია ასეთი დიდებული სახელის ტარება) როგორ შეიძლება იყოს მოკვდავი ადამიანის ,,ისტი”?!

განა სირცხვილი არ არის უდიდესი ისტორიის და კულტურის მქონე ხალხის ,,ქოცებად” და ,,ნაცებად” დაყოფა?!

მართალია, აქა-იქ გაისმის ხოლმე – არც ერთი აღარ გვინდაო, მაგრამ ამ ნათქვამს დამაჯერებლობა აკლია და რაც მთავარია, ბრძოლის სურვილი საკუთარი ფეხქვეშ გათელილი ეროვნული ინტერესების დასაცავად. ნდომით ყველას უნდა, ხვალ თავისი ქვეყნის სათავეში სულიერ-ზნეობრივად გაწონასწორებული კომპეტენტური მამულიშვილები იხილოს, მაგრამ, დამეთანხმებით, რომ ულოცველად, უბრძოლველად და უშრომელად მიღწეულ კეთილდღეობაზე ოცნებაც კი უხერხულია…

საკუთარი უმოქმედობის გასამართლებლად ხშირად იტყვიან ხოლმე: ,,პოლიტიკა ბინძური საქმეა”… არადა, პოლიტიკა ბინძური საქმე კი არა – პატიოსან მამულიშვილთა საზოგადო ასპარეზია, ღირსეული სფეროა მოღვაწეობისა და, თუ საპირისპიროს ვხედავთ, ეს მხოლოდ სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტის მიმანიშნებელია…

„არსებობს როგორც ქრისტიანული, ისე არაქრისტიანული პოლიტიკაც” – ამბობს წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი.

დროა, ყველამ უარი ვუთხრათ არაქრისტიანულ და მონურ პოლიტიკას. მაგრამ, როგორც ჩვენი მსოფლიო დონის დიდი მეცნიერი ბრძანებს: “ქართველს აკლია დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ. პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდისა. იშვიათია ჩვენში ადამიანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს.

პატარა საქმეები ჩვენს გულს არ აღანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის; დიდი საქმეები კი აგვაფეთქებენ ხოლმე, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევს და დაწყებული საქმე წყდება. ამიტომ არის, რომ მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით…
საკუთარ საქმეს გამბედაობა და ინიციატივა ესაჭიროება, აქტიური ხასიათი, ძლიერი ნება – აი, რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული.

ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ, და თუ რამ გვჭირდება, უწინარეს ყოვლისა, აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო”.

ლევან ჩაჩუა

გაზიარება: